“ატლეტიკოსთან” გამართული თამაშის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელები დაფიქსირებული შედეგით (0:0) კმაყოფილნი იყვნენ. ყველა მათგანი ხაზს მადრიდული გუნდის კარგ გარჯას უსვამდა.
სესკ ფაბრეგასი: “დღეს, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. “ატლეტიკო” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავდა. შეხვედრის ბოლოს მეტოქე საკუთარ საჯარიმოში გამოვკეტეთ. კარგი თამაში ჩავატარეთ. მოგება გვინდოდა, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვთამაშობდით.
ვიცოდით, რომ ლამაზი თამაში არ გამოვიდოდა და მოედნის ცენტრში სივრცე არ იქნებოდა. ეს გარემარბებისა და განაპირა მცველების თამაში იყო.”
ჩავი ერნანდესი: “ატლეტიკო” ძალიან შეკრული გუნდია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
შეხვედრას ვაკონტროლებდით, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა ვერ მოვახერხეთ. ძალიან ინტენსიური თამში გამოვიდა. ბოლო 15 წუთში გატანა შეგვეძლო, მაგრამ “ატლეტიკომ” გვიჩვენა, რომ კარგი გუნდია.
“ატლეტიკომ” ჩვენგან განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ეს კარგად გააკეთა. მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ის თავისუფალ სივრცეს არ გვიტოვებდა და ასეთ პირობებში სახიფათო მომენტის შექმნა ძნელია.
მესი და ნეიმარი კარგად ვარჯიშობენ. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იქნებიან.”
სერხიო ბუსკეტსი: “ფრით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან “ბარსელონა” ვართ და ყოველთვის მოგება გვინდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა მოედანზე, ფრე სამართლიანი შედეგია. კარად ვითამაშეთ. მხოლოდ გოლი დაგვაკლდა.
“ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაში ძნელია. მეტოქე სივრცეებს გვიზღუდავდა და დაცვითი თამაში გამოვიდა.
ძალიან ინტენსიური თამაში იყო. 3 ქულის აღება გვინდოდა, მაგრამ ბევრი მომენტის შექმნა ვერ მოვახერხეთ.”
ხერარდ პიკე: “ამ სტადიონზე თამაში რთულია და ვინაიდან ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით, შედეგი დამაკმაყოფილებელია.
ცუდად არ გვითამაშია. ბურთს ჩვენ ვფლობდით. ბევრი სახიფათო მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ მეტოქეს კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მივეცით. მომენტების შექმნა ძნელია მაშინ, როდესაც “ატლეტიკოს” დონის გუნდს ხვდები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე ასეთ ფორმაშია.”
პედრო როდრიგესი: “გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.
“ვისენტე კალდერონი” ძალიან რთული სტადიონია. გულშემატკივრები თამაშში ჩართულები არიან, რაც “ატლეტიკოს” ეხმარება.
მწვრთნელი ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს მაძლევს და თავს კარგად ვგრძნობ.”