პედრო როდრიგესმა პროფესიონალურ ფეხბურთში თითქმის ორათწლეულიან ეპოქას წერტილი პარასკევს ოფიციალურად დაუსვა. კარიერის დასრულების შესახებ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, კანარელი შემტევი Auditori 1899-ში გამართული ემოციური ცერემონიის მთავარი გმირი გახდა, სადაც ტენერიფედან მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალამდე განვლილი გზა გაიხსენა – გზა, რომელშიც “ბარსელონამ” უმთავრესი როლი ითამაშა.
ღონისძიება ემოციური ვიდეორგოლით დაიწყო, სადაც პედრომ განვლილი წლები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გვერდში ედგა, ასევე თავად ფეხბურთს იმ ყველაფრისთვის, რაც მას აჩუქა.
ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ყოფილი თანაგუნდელების – კარლეს პუიოლის, სერხიო ბუსკეტსის, ჩავი ერნანდესისა და ტიაგო ალკანტარას გარემოცვაში პედრომ უდიდესი მომენტები გაიხსენა და წასვლის მიზეზი ახსნა:
“დასვენების დრო დადგა. მოტივაციის ნაკლებობას ვგრძნობდი და მენტალურად აღარ ვიყავი 100%-ით მზად კონკურენციისთვის. ყოველთვის მებრძოლი ვიყავი, თუმცა ვიგრძენი, რომ ის ნაპერწკალი გაქრა. სწორი ნაბიჯი გვერდზე გადგომა იყო. ჩემი საქმე გავაკეთე და წასვლისთვის შესაფერისი მომენტი სწორედ ახლა დადგა”.
ეს გამორჩეული თავგადასავლის დასასრულია ახალგაზრდა “პედრიტოსთვის”, რომელიც “ბარსაში” 17 წლის ასაკში მოვიდა და დაუღალავი შრომით, სისწრაფით, შეუპოვრობითა და გოლებით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გუნდში დაიმკვიდრა ადგილი. წლების განმავლობაში პედრიტო დიდ პედროდ იქცა, თუმცა არასდროს დაუკარგავს ის თვისებები, რაც მას უნიკალურს ხდიდა: ორივე ფეხით უნაკლო თამაში, ინტელექტუალური გადაადგილება, დაუღალავი პრესინგი და საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნის ალღო.
“აქ ბიჭად მოვედი და ზრდასრულ კაცად ჩამოვყალიბდი. ‘ბარსელონა’ დამეხმარა გავზრდილიყავი როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი… მინდა მადლობა გადავუხადო ჟოან ლაპორტასა და კლუბს, რომ მომცეს საშუალება, ჩემს საოცნებო კლუბში, ჩემი ცხოვრებისა და გულის გუნდში დავმშვიდობებოდი ყველას. ‘ბარსა’ ჩემი სახლია და აქ გაცილება ჩემი კარიერის დასასრულებლად იდეალური გზაა. უზომოდ დაფასებულად ვგრძნობ თავს და ძალიან ვამაყობ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვიყავი”, – აღნიშნა პედრომ.
კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამაც პატივი მიაგო ლეგენდას:
“პედრო ‘ბარსელონას’ ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მას წარმოუდგენელი კარიერა ჰქონდა და ყოველთვის ავლენდა ტალანტსა და თავდადებას. უდიდესი სიხარული იყო მისი ხილვა ‘ბარსაში’, რადგან მან უამრავი ბედნიერება მოგვანიჭა. მას კლუბისა და გულშემატკივრებისგან მარადიული მადლიერება ერგება.
სწორედ პედროსნაირმა მოთამაშეებმა გახადეს ‘ბარსა’ დიადი. ჩვენი მადლიერების ნიშნად, გვსურს, მან ‘ბარსელონა’ – ‘ხეტაფეს’ მატჩში საზეიმო საწყისი დარტყმა შეასრულოს”.
ბიჭი ტენერიფედან, რომელმაც ყველაფერი მოიგო
პედრო როდრიგესის ისტორია კატალონიაში 2004 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც მან ტენერიფეს “სან ისიდრო” დატოვა და “ლა მასიას” შეუერთდა. “ბარსა ც”-სა და “ბარსა ბ”-ს გავლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით მისი დებიუტი პირველ გუნდში 2007/08 წლების სეზონში შედგა.
სრულფასოვნად კი ის პეპ გვარდიოლას ხელში გაიხსნა, რომელთანაც მანამდე სარეზერვო გუნდში მუშაობდა. პედრო იმ ლეგენდარული “ბარსას” შეუცვლელ ელემენტად ჩამოყალიბდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა.
მისი ნამდვილი აფეთქება 2009 წელს მოხდა, როდესაც ისტორიული რეკორდი დაამყარა: ერთ კალენდარულ წელში ექვს სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირზე გაიტანა გოლი (ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი). ეს იყო მისი მთავარი ნიჭის საუკეთესო დემონსტრირება – გადამწყვეტ მომენტებში გუნდის მხსნელად მოვლენა.
პედროს უმნიშვნელოვანესი გოლების გატანის განსაკუთრებული ალღო ჰქონდა: მან გაათანაბრა ანგარიში “ესტუდიანტესთან” 2009 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, რამაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა და კლუბს ტიტული მოუტანა; მანვე გახსნა ანგარიში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “უემბლიზე”.
321 მატჩი, 99 გოლი და ტიტულების სრული კოლექცია
პედრომ “ბარსელონას” პირველ გუნდში რვა სეზონი გაატარა (2008 წლიდან 2015 წლის ზაფხულამდე), ჩაატარა 321 მატჩი და 99 გოლი გაიტანა.
მან “ბლაუგრანასთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო:
- ლა ლიგა (5)
- ჩემპიონთა ლიგა (3)
- კოპა დელ რეი (3)
- ესპანეთის სუპერ თასი (4)
- ევროპის სუპერ თასი (3)
- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2)
ის იყო გვარდიოლას ისტორიული ექვსტიტულიანი გუნდისა და ლუის ენრიკეს 2014/15 წლების ტრებლის მომგები შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. მისი უკანასკნელი გოლი “ბარსას” მაისურით კი იდეალური გამომშვიდობება აღმოჩნდა: 2015 წლის 11 აგვისტოს, თბილისში, უეფას სუპერ თასზე, “სევილიასთან” დრამატულ მატჩში (5-4), პედრომ ექსტრა-ტაიმში საჩემპიონო ბურთი შეაგდო.
ამის შემდეგ მან ლონდონის “ჩელსის” მიაშურა, სადაც პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ევროპა ლიგა მოიგო, მოგვიანებით კი იტალიაში, “რომასა” და “ლაციოში” განაგრძო თამაში. გარდა ამისა, პედრო ესპანეთის ნაკრების ოქროს თაობის წევრი იყო, რომელთან ერთადაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
ახალი თავი
ახლა პედროს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება – მეტი დრო ოჯახთან, თუმცა ფეხბურთი მისგან შორს არასდროს იქნება:
“ფეხბურთიდან ბევრი რამ მომენატრება, მაგრამ ახლა დროა, ჩემი შვილების გაზრდას ვუყურო. მოგვიანებით მინდა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმე ვაკეთო – იქნება ეს სამწვრთნელო საქმიანობა, აგენტობა თუ ლეგენდების მატჩებში მონაწილეობა. რაც არ უნდა მოხდეს, ამ სპორტში დარჩენა მსურს, რადგან ეს ჩემი ვნებაა”.
პედრო ბუცებს ლურსმანზე ჰკიდებს, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელ კვალს ტოვებს. ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს სჭირდებოდა განსხვავების შესაქმნელად. ბიჭი ტენერიფედან, რომელმაც “ბარსელონასთან” ერთად მთელი მსოფლიო დაიპყრო.



ვახხ ავტირდები…. <3 <3 პედრიტოო
ლაპორტამ წონაში დაიკლო თუ მეჩვენება?! ადრე პიჯაკის ღილი გაწყვეტაზე იყო და ახლა არა.
მაგასაც ავარჯიშებს ფლიკი
❤️❤️❤️❤️ლეგენდარულიიი პედრიტოოო