ერიკ გარსია “მეტროპოლიტანოზე” “ატლეტიკოსთან” 2-1 მოგებული შეხვედრის მიწურულს დაბრუნდა მოედანზე, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი “ვილიარეალთან” მატჩი უკვე სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და “ბარსელონას” 3-2 გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მცველმა ტელევიზიებთან საუბრისას მატჩი შეაფასა:
ემოციებით სავსე მატჩი გამოვიდა. ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ 0-2-ის შემდეგ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია. შესვენებამდეც შეგვეძლო გატანა, მეორე ტაიმში კი თამაში მთლიანად ჩვენ ვაკონტროლეთ. სწორედ ასეთი “ბარსელონას” ხილვა გვინდა თითოეულ მატჩში.
ერიკმა მატჩის ცუდი დასაწყისის მიზეზებზეც ისაუბრა:
“ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მათ ორი მომენტი ჰქონდათ და ორივე გოლად აქციეს. თუმცა ამის შემდეგ გამოვფხიზლდით, ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და მეტოქეს ჩვენთვის საფრთხე თითქმის აღარ შეუქმნია. მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც ყოველთვის უნდა ვთამაშობდეთ.
გარსიამ ისიც გაამხილა, რა უთხრა ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელებს შესვენებაზე, როდესაც “ბარსელონა” 0-2 მარცხდებოდა:
გვითხრა, რომ მოედანზე ჩვენი პოზიციები და როლები შეგვენარჩუნებინა. ვიცოდით, რომ როგორც კი ერთ გოლს გავიტანდით, ჩვენი შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა. პირველი გოლი გავიტანეთ, მეორე თითქმის მაშინვე მოჰყვა, ხოლო “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გულშემატკივრების მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი ენერგია შეგვმატა.
ერიკმა “ვილიარეალთან” გამარჯვების მნიშვნელობაც შეაფასა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ “რეალ მადრიდმა” “სელტა” 2-1 დაამარცხა:
ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. “ვილიარეალი” შესანიშნავი გუნდია და სანაკრებო პაუზის შემდეგ ასეთი მატჩის ჩატარება რთული იყო, განსაკუთრებით ქარის გამო. ზოგჯერ ასეთ შეხვედრებს ისე უყურებ, თითქოს მათი მარტივად მოგება გარანტირებული იყოს. მაგრამ დღევანდელმა თამაშმა შეგვახსენა, რომ გარანტირებული არაფერია. ყოველი მატჩისთვის პირველივე წუთიდან ბრძოლაა საჭირო.
მცველმა მოედანზე დაბრუნებით გამოწვეული სიხარულიც გამოხატა:
ძალიან მიხარია, რომ კვლავ ვთამაშობ. იმედი მაქვს, ახლა შევძლებ იმ სტაბილურობის დაბრუნებას, რომელიც ყოველთვის მქონდა და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები.
ბოლოს ერიკ გარსიამ ჩემპიონთა ლიგაში “საბაჰთან” მომავალ შეხვედრასა და “ბარსელონას” მიზნებზეც ისაუბრა:
წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ ამ სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გვინდა, საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდეთ და ეს ჩვენთვის დიდი მიზანია.




ფერმინისთვის წითელი მიუციათ და მინიმუმ 2 მატჩიანი დისსლვალიფიკაციაოო
დეპორტივო არაა მარტივი მეტოქე და მერე 3 ში ატლეტიკო
ჯანდაბა რა
არამგონია 1 მატჩიანია ზოგადად თუმცა მაგას გაასაჩივრებენ