2026 წლის ზაფხულში ხულიან ალვარესის “ატლეტიკოდან” “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლა ერთ-ერთ ყველაზე განხილულ სატრანსფერო თემად იქცა. Mundo Deportivo-მ ამ ისტორიის ქრონოლოგია გამოაქვეყნა, რომელიც მარტში დაიწყო და ოქტომბერში არგენტინელი თავდამსხმელის საჯარო ბოდიშით დასრულდა.
ყველაფერი 1 მარტს დაიწყო, როდესაც ალვარესმა “ატლეტიკოში” დარჩენის საკითხზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა. იმ პერიოდში “ბარსელონასა” და მადრიდულ კლუბს ერთმანეთთან რამდენიმე დაპირისპირება ელოდათ ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე.
საკუთარ მომავალზე საუბრისას ფეხბურთელმა განაცხადა:
“შეიძლება კი, შეიძლება არა.”
იმ დროისთვის ალვარესმა უკვე იცოდა “ბარსელონას” ინტერესის შესახებ, მისი აგენტი ფერნანდო იდალგო კი ტრანსფერზე მუშაობდა.
ფეხბურთელი “ატლეტიკოს” გენერალურ დირექტორს, მიგელ ანხელ ხილ მარინს ესაუბრა. კლუბის ხელმძღვანელი მას წასვლაში დახმარებას დაჰპირდა, თუ 20 ივნისამდე 150 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებდა. თუმცა მოთხოვნილი თანხა არცერთ კლუბს არ გადაუხდია.
მოგვიანებით, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ალვარესმა საჯაროდ გამოხატა კლუბის დატოვების სურვილი:
“ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი ტრანსფერია. მინდა, ჩემი ოცნება ავისრულო.”
ხულიან ალვარესის სატრანსფერო ისტორიის ქრონოლოგია
- 1 მარტი: ალვარესი “ატლეტიკოში” დარჩენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
- მარტი: ხილ მარინი ფეხბურთელს წასვლაში დახმარებას ჰპირდება, თუ 20 ივნისამდე 150 მილიონი ევროს შეთავაზება იქნება.
- მაისის ბოლო: “ბარსელონა” 100 მილიონ ევროს სთავაზობს, თანხის სამი წლის განმავლობაში გადახდის პირობით. ამის შესახებ მოგვიანებით დეკუმ RAC1-თან ინტერვიუში ისაუბრა.
- 29 მაისი: “ატლეტიკო” სოციალურ ქსელებში “ბარსელონას” აკრიტიკებს.
- 20 ივნისი: იწურება ხილ მარინის მიერ დაწესებული ვადა.
- 23 ივნისი: ალვარესი საჯაროდ აცხადებს, რომ კლუბიდან წასვლა სურს.
- 30 ივნისი: “ატლეტიკო” “ბარსელონას” წინააღმდეგ ფიფაში საჩივარს წარადგენს.
- 1 ივლისი: ჟოან ლაპორტა ალვარესის მიმართ ინტერესს ოფიციალურად ადასტურებს.
- 18 ივლისი: ლაპორტა აცხადებს, რომ “ბარსელონას” შეთავაზება ივლისის ბოლოს დაკარგავს ძალას.
- 11 აგვისტო: ალვარესი “ატლეტიკოს” ვარჯიშებს უბრუნდება.
- 24 აგვისტო: “ატლეტიკო” ფეხბურთელის პრემიერ ლიგაში გაშვების შესაძლებლობას განიხილავს.
- 30 აგვისტო: “ბარსელონა” გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერზე შეთანხმებას აღწევს. ტრანსფერი ოფიციალურად 1 სექტემბერს ფორმდება.
- 24 ოქტომბერი: ალვარესი “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს საჯაროდ უხდის ბოდიშს.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” აგვისტოშიც ცდილობდა არგენტინელის შეძენას, ტრანსფერი არ შედგა. კატალონიელებმა საბოლოოდ “არსენალიდან” გაბრიელ ჟეზუსი დაიმატეს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ალვარესს კი მადრიდში დარჩენა მოუწია. ზაფხულის მოვლენების შემდეგ მას “ატლეტიკოს” გულშემატკივრების უკმაყოფილებასთან გამკლავებაც დასჭირდა.
24 ოქტომბერს, “დეპორტივოსთან” მატჩში გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ, არგენტინელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში:
“პირველ რიგში, მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის დროს ნათქვამი სიტყვებისთვის ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემი შეცდომა იყო, როგორც ფორმის, ისე დროის შერჩევის თვალსაზრისით. მესმის მათი გაბრაზება. გულშემატკივარი რომ ვყოფილიყავი, მეც გავბრაზდებოდი.”
ამგვარად, ხულიან ალვარესის “ბარსელონაში” გადასვლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, კვირას კი ამ სატრანსფერო საგის შემდეგ ის “ბლაუგრანას” წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.




forum კომენტარები (0)