“ბარსელონამ” 2026/27 წლების სეზონი ისტორიული შედეგიანობით დაიწყო. ჰანსი ფლიკის გუნდმა პირველ 15 ოფიციალურ მატჩში 60 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ შეხვედრაში 4 გოლს ნიშნავს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კატალონიელებს მსგავსი შედეგი 100 წელია არ ჰქონიათ.
შედეგიანობის ეს მაჩვენებელი “ასტონ ვილასთან” ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში გამართული შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა. “ბარსელონამ” ინგლისური გუნდი 3-0 დაამარცხა. ერთი გოლი ლამინ იამალმა გაიტანა, რაფინიამ კი დუბლი შეასრულა.
ბოლოს უკეთესი შედეგი 1926/27 წლების სეზონში დაფიქსირდა
ანალოგიური შედეგიანობის საპოვნელად ერთი საუკუნით უკან დაბრუნებაა საჭირო. 1926/27 წლების სეზონში “ბარსელონამ” პირველ 15 ოფიციალურ შეხვედრაში 69 გოლი გაიტანა.
იმ პერიოდში ლა ლიგა ჯერ არ არსებობდა. კატალონიური კლუბი კატალონიის ჩემპიონატსა და ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობდა, რომელიც მოგვიანებით ესპანეთის თასის წინამორბედი გახდა.
“ბარსელონამ” კატალონიის ჩემპიონატის 14 მატჩსა და ესპანეთის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ჯამში 69 გოლი გაიტანა. გუნდს თავდაპირველად ჯეკ დომბი წვრთნიდა, მოგვიანებით კი რომა ფორნსი ხელმძღვანელობდა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო რამდენიმე მატჩის შედეგი. “ბარსელონამ” “გრასია” 10-2 დაამარცხა, “საბადელს” 7-0 მოუგო, ხოლო სტუმრად “ტერასა” 9-0 გაანადგურა.
იმდროინდელი “ბარსელონას” შეტევაში ჟოზეპ სამიტიერი, სასტრე და საგი-ბარბა გამოირჩეოდნენ. 100 წლის შემდეგ კი გუნდის შედეგიან თამაშში მნიშვნელოვანი წვლილი ლამინ იამალს, რაფინიასა და ფერმინ ლოპესს შეაქვთ.
საუკუნის წინანდელ ფეხბურთსა და დღევანდელ თამაშს შორის ბევრი განსხვავებაა, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება – “ბარსელონას” შეტევა კვლავ ისტორიულ შედეგებს აფიქსირებს.

forum კომენტარები (0)