workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას რთული ნოემბერი: 5 მატჩი, ჩემპიონთა ლიგა და ბრძოლა ლიდერობისთვის

ბარსას რთული ნოემბერი: 5 მატჩი, ჩემპიონთა ლიგა და ბრძოლა ლიდერობისთვის

bolt მოკლედ
ნოემბერში "ბარსელონას" ხუთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე "ასტონ ვილასთან" და ლა ლიგაში "ატლეტიკოსთან". ჰანსი ფლიკის გუნდი სანაკრებო პაუზამდე და მის შემდეგაც რთული მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშებს.

“ბარსელონამ” ოქტომბერი “ალავესთან” დამაჯერებელი გამარჯვებით (6-1) დაასრულა, თუმცა კატალონიურ გუნდს წინ არანაკლებ რთული ნოემბერი ელის.

ჰანსი ფლიკის შეგირდები ნოემბერში ხუთ მატჩს ჩაატარებენ – სამს ლა ლიგაში, ორს კი ჩემპიონთა ლიგაზე. ამ შეხვედრებს შორის წლის ბოლო სანაკრებო პაუზაც იქნება.

3 ნოემბერი – ბარსელონა vs ასტონ ვილა

“ბარსელონა” ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩით დაიწყებს. 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, კატალონიელები “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ასტონ ვილას” უმასპინძლებენ.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ეს მეოთხე ტურის შეხვედრა იქნება. “პარი სენ-ჟერმენთან” წაგების შემდეგ ფლიკის გუნდი ევროპულ ტურნირზე გამარჯვების გზაზე დაბრუნებას შეეცდება.

მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. უნაი ემერის გაწვრთნილმა “ასტონ ვილამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში სამივე მატჩი მოიგო და “ბარსელონასთანაც” სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

8 ნოემბერი – ატლეტიკო vs ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან ხუთ დღეში “ბარსელონას” კიდევ უფრო რთული გამოცდა ელის. 8 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, კატალონიელები მადრიდში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდებიან.

ლა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრა “მეტროპოლიტანოზე” გაიმართება და სატურნირო ცხრილში ლიდერობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი იქნება.

“ატლეტიკო” ამჟამად მეორე ადგილზეა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მადრიდელებს ბოლო შვიდი მატჩი მოგებული აქვთ, რაც “ბარსელონასთვის” დამატებითი გამოწვევაა.

22 ნოემბერი – ბარსელონა vs ვილიარეალი

მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება. “ბარსელონა” მოედანს 22 ნოემბერს დაუბრუნდება, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალს” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

“ვილიარეალი” სეზონის საწყის მონაკვეთში საუკეთესო ფორმაში არ არის. გუნდმა ლა ლიგის პირველ 11 ტურში მხოლოდ 12 ქულა მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, მეტოქის შემადგენლობაში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელია და “ბარსელონას” იოლი შეხვედრა ნამდვილად არ ელის.

25 ნოემბერი – საბაჰი vs ბარსელონა

25 ნოემბერს კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე უჩვეულო გასვლა ელით. ჰანსი ფლიკის გუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ “საბაჰს” დაუპირისპირდება.

შეხვედრა ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

“საბაჰი” საკმაოდ ახალგაზრდა კლუბია. ის 2017 წელს დაარსდა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს. აზერბაიჯანულმა გუნდმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც პრაღის “სლავია” 2-0 დაამარცხა.

29 ნოემბერი – დეპორტივო vs ბარსელონა

“ბარსელონა” ნოემბერს ლა ლიგის კიდევ ერთი გასვლითი მატჩით დაასრულებს. კატალონიელები ლა კორუნიაში ჩავლენ, სადაც ადგილობრივ “დეპორტივოს” ისტორიულ “რიასორის” სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ოფიციალური კალენდრით, შეხვედრა 29 ნოემბერს არის დაგეგმილი, თუმცა დაწყების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” “რიასორზე” 2018 წლის 29 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ კატალონიელებმა მასპინძლები 4-2 დაამარცხეს, ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა. “დეპორტივო” კი იმავე შეხვედრის შედეგად ლა ლიგიდან გავარდა.

ამრიგად, ნოემბერში “ბარსელონას” ხუთი განსხვავებული გამოწვევა ელის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება “ასტონ ვილასა” და “ატლეტიკოსთან” მატჩები, რომლებშიც ფლიკის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე პოზიციების გაუმჯობესებისა და ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობის გამყარების შესაძლებლობა ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი