“ბარსელონამ” “ალავესთან” 6-1 გამარჯვების შემდეგ, 1 ნოემბერს, ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ კომპლექსში აღდგენითი ვარჯიში გამართა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა აღდგენითი სამუშაოები სავარჯიშო დარბაზში შეასრულეს, ხოლო დანარჩენმა მოთამაშეებმა “ტიტო ვილანოვას” მოედანზე ივარჯიშეს.
კრისტენსენი გუნდურ ვარჯიშს ნაწილობრივ დაუბრუნდა
ჰანსი ფლიკისთვის მთავარი სიახლე ანდრეას კრისტენსენის დაბრუნება იყო. დანიელმა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებს, ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად შეასრულა.
კრისტენსენმა ტრავმა 19 სექტემბერს, “სევილიასთან” გამართულ გასვლით შეხვედრაში მიიღო. ფეხბურთელი მას შემდეგ მოედანზე დაბრუნებისთვის ემზადება.
პირველი გუნდის ვარჯიშში “ბარსა ატლეტიკის” ოთხი ფეხბურთელიც მონაწილეობდა: ალექს კამპოსი, გილემ ვიქტორი, ებრიმა ტუნკარა და ჰამზა აბდელკარიმი.
მზადება ასტონ ვილასთან მატჩისთვის
ორშაბათიდან, 2 ნოემბრიდან, “ბარსელონა” ყურადღებას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეოთხე ტურის შეხვედრაზე გადაიტანს, რომელშიც კატალონიელები “ასტონ ვილას” დაუპირისპირდებიან.
გუნდის მომდევნო ვარჯიში თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. მისი პირველი 15 წუთი პირდაპირ ეთერში “ბარსელონას” ოფიციალურ პლატფორმა Barça Play-სა და კლუბის YouTube-არხზე გადაიცემა.
ამის შემდეგ, თბილისის დროით 16:00 საათზე, მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც ჰანსი ფლიკი და “ბარსელონას” ერთ-ერთი ფეხბურთელი მიიღებენ მონაწილეობას.

forum კომენტარები (0)