workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ალავესთან მატჩის შემდეგ: ძალიან მომეწონა ის, რაც ვნახე

ჰანსი ფლიკი ალავესთან მატჩის შემდეგ: ძალიან მომეწონა ის, რაც ვნახე

bolt მოკლედ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ალავესთან" 6-1 გამარჯვება შეაფასა, ფეხბურთელების თამაში შეაქო და ტრავმირებულთა მდგომარეობაზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა კატალონიური კლუბის სათავეში მე-100 გამარჯვებაც იზეიმა.

ჰანსი ფლიკმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 გამარჯვება იზეიმა. გერმანელმა სპეციალისტმა ამ ნიშნულს 131 მატჩში მიაღწია. კლუბის ისტორიაში მსგავსი შედეგი უფრო სწრაფად მხოლოდ ლუის ენრიკემ დააფიქსირა, რომელსაც 100 გამარჯვებისთვის 126 შეხვედრა დასჭირდა. ჯეკ გრინველს იგივე შედეგის მისაღწევად 136 მატჩი დასჭირდა, პეპ გვარდიოლას – 139, ხოლო ელენიო ერერას – 142.

ფლიკი “ბარსელონას” უკვე მესამე სეზონია ხელმძღვანელობს და ამ დროის განმავლობაში 5 ტიტული მოიგო: ორი ესპანეთის ჩემპიონატი, ერთი ესპანეთის თასი და ორი ესპანეთის სუპერ თასი.

გერმანელმა მწვრთნელმა საიუბილეო გამარჯვება “ალავესის” 6-1 დამარცხებით აღნიშნა. ეს სწორედ ის რეაქცია იყო, რომელსაც ფლიკი ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენთან” (2-4) და ლა ლიგაში “რეალ მადრიდთან” (1-2) განცდილი მარცხების შემდეგ გუნდისგან ელოდა.

“უაღრესად კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში ვდომინირებდით და თავისუფალი სივრცეების გამოყენებით საგოლე მომენტებს ვქმნიდით. ძალიან მომეწონა ის, რაც ვნახე. კარგად ვითამაშეთ”.

ფლიკი ელოდა, რომ მეტოქე დაცვაში კომპაქტურად ითამაშებდა. ამიტომ განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა იმით, თუ როგორ გაუმკლავდა მისი გუნდი ამ გამოწვევას.

“ალავესი” ძალიან კარგად იცავდა თავს, უკან ბევრი ფეხბურთელი ჰყავდათ. ვიცოდით, რომ დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადასვლებს შეეცდებოდნენ, მაგრამ მატჩს ვაკონტროლებდით. შევძელით იმ მცირე სივრცეების გამოყენება, რომლებსაც მეტოქე გვიტოვებდა და ეს ძალიან კარგი იყო”.

დე იონგისა და ფარინიასის თამაში

ჟურნალისტებმა ფლიკს ფრენკი დე იონგის ცენტრალურ მცველად თამაშის შესახებ ჰკითხეს და დაინტერესდნენ, შესაძლებელი იქნება თუ არა მისი ამ პოზიციაზე კვლავ გამოყენება.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დაცვაში ბევრი ფეხბურთელი აკლია და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდებიან ისინი.

ფლიკმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბრიან ფარინიასსაც, რომელმაც პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა.

“ფრენკისა და ბრიანს ვკითხე, შეეძლოთ თუ არა ამ პოზიციებზე თამაში. მადლობელი ვარ მათი გაწეული სამუშაოსთვის. ბრიანმა თამაშის შესაძლებლობა ვარჯიშებზე პროფესიონალური დამოკიდებულებით დაიმსახურა. მან მაღალ დონეზე ითამაშა და ლამინთან შესანიშნავი ურთიერთგაგება გამოავლინა”.

ფლიკი ლამინ იამალის, ფერმინისა და რაფინიას შესახებ

“ალავესთან” შეხვედრაში ორი გოლის ავტორ ლამინ იამალზე საუბრისას ფლიკმა აღნიშნა, რომ მას პირველი ტაიმის შემდეგ ესაუბრა.

მწვრთნელი განსაკუთრებით კმაყოფილია იმით, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაშისას თავდაჯერება დაიბრუნა.

“მნიშვნელოვანი იყო, რომ ლამინს ცოტათი დაესვენა. მან ფანტასტიკურად ითამაშა. სწორედ ამის ხილვა მინდოდა, ისევე როგორც ფერმინისა და რაფინიას კარგი თამაშის, ორი მარცხის შემდეგ”.

მე-100 გამარჯვება და საყვარელი ელ კლასიკო

როდესაც ფლიკს “ბარსელონაში” მოპოვებული 100 გამარჯვების შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხეს, გერმანელმა სპეციალისტმა გაიღიმა, თუმცა წარსულზე დიდხანს საუბარი არ ისურვა.

“ჩვეულებრივ, წარსულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. საუკეთესო მატჩი? მადრიდში პირველი ელ კლასიკოს მოგება შესანიშნავი იყო. ის შეხვედრა ძალიან კარგად მახსენდება და ეს განცდა მომდევნო კვირებისთვისაც სასარგებლო იქნება”.

რატომ შეცვალა პედრი და რატომ არ ითამაშა გავიმ?

ფლიკმა განმარტა, რატომ შეცვალა პედრი შესვენებისას.

“პედრი იმიტომ შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა და გარისკვა არ ღირდა”.

რაც შეეხება როდრის მიერ სრულად ჩატარებულ შეხვედრასა და გავის უთამაშებლობას, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თავდაპირველი გეგმა მატჩის მიმდინარეობისას შეიცვალა.

“თავდაპირველად როდრის, ფრენკისა და ფერმინის შეცვლას ვგეგმავდით, მაგრამ შემდეგ სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ”.

წინ ასტონ ვილა და ატლეტიკოა

მიმდინარე კვირაში “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან”, შემდეგ კი ლა ლიგაში “ატლეტიკოსთან” შეხვედრები ელის.

ფლიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდი ამ ეტაპზე მხოლოდ უახლოეს მატჩზეა კონცენტრირებული.

“პირველ რიგში, ასტონ ვილას უნდა შევხვდეთ. საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ, ჩემპიონთა ლიგა კი ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირია, თავისი უნიკალური ხასიათით. დღევანდელი მატჩის შემდეგ აღსადგენად მხოლოდ ორი დღე გვაქვს. ამიტომ ახლა მთელი ჩვენი ყურადღება ფეხბურთელების ძალების აღდგენაზეა მიმართული, შემდეგ კი ასტონ ვილასთან მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ”.

კუნდეს, ერიკ გარსიასა და კრისტენსენის მდგომარეობა

ფლიკს ჰკითხეს, შეძლებენ თუ არა ჟიულ კუნდე, ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი მომდევნო კვირის შეხვედრებში მონაწილეობას.

გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ტრავმირებულთა მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მათი დაბრუნების ზუსტი ვადები ჯერ უცნობია.

“ჯერჯერობით არაფერი ვიცით. გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ორ მატჩს. იმედი მაქვს, ერთი ან ორი მათგანის დაბრუნებას შევძლებთ. კრისტენსენი გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებასთან ახლოსაა, მაგრამ შემდეგ სანაკრებო პაუზაა და არ გავრისკავთ, რადგან ეს ფეხბურთელები სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის გვჭირდება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 01 ნოე 2026, 13:51

    ფლიკი ისეთი კაცია ამის ნათქვამის სისწორეს ვერ გაიგებ, დიპლომატივით ლაპარაკობს სულ, მოვიგეთ დიდი ანგარიშით? იტყვის კარგი იყოვო, წაბაგებთ? სულ რომ ერთმა ფეხბურთელმა იკისროს მთელი კრახი იმაზე სიტყვა არ დაცდება და იტყვის შეცდომებს გამოვასწორებთ მომავალშიო. იმის თქმა მინდა რომ ამ კომენტარებით მე ვერაფერი გავიგე, ვერ და არ უნდა იყოს ალავესთან ასეთი მოგებით კმაყოფილი. დაცვაში ალავესმაც კი გვიპოვა დირკა და მაგ გოლის მომენტში ეწერა სახეზე ზუსტად რა “გადარეულიც” იყო გუნდის თამაშით. მშრალად კარის შენახვა სანატრელი აქვთ უკვე. მეორე საკითხი კიდევ, რომელსაც არაერთხელ გაესვა ხაზი და ბევრმა ანალიტიკოსმაც მიუთითა, ცვლილებებს არ აკეთებს სწორად არაფრით. არაა ფლიკი ის მწვრთნელი ცვლილებებით რომ იგებს თამაშებს, აი მოურინიომ აჩვენა მაგის მასტერკლასი ბოლო კლასიკოში, გასაგებია ეს მაგას ვერ იზამს და სტილიდან გამომდინარე არც უნდა ჭირდებოდეს, ფლიკმა უფრო უნდა ისწავლოს ენრიკესგან, როცა ამხელა რესურსი გაქვს სწორად უნდა გაანაწილო სათამაშო დროც, არანაირი საჭიროება არ იყო გუშინ რომ პედრის დაეწყო ძირითადიდან, ან თუნდაც ფერმინს თუმცა ისე ითამაშა მაგაზე ვერაფერს ვიტყვი, გავის უჟმოტავს ძალიან ეს კაცი სათამაშო დროს, ძალიან მაგარი პრეასისიტი ქონდა პედრის გუშინ და კიდე არაერთი პასი დახატა, თუმცა ალავესთან არ უნდა გვჭირდებოდეს პედრის დონის ტალანტის გამოწურვა როცა გვყავს არააკლები დონის ნახევარმცველი სკამზე, რომელსაც სათამაშო დრო ძალიან სჭირდება რომ სასურველ ფორმას დაუბრუნდეს, ან ეს ჟეზუსის შემოყვანა ბოლო 10 წუთში რამე დოგმაა? ჯოკერში წააგო მაგასთან? ჰამზა რომელიც უდიდეს ტალანტად ითვლება, რომელმაც პრესეზონზე დაგლიჯა, ლალიგაში სულ 12 წუთი აქვს ნათამაშები 11 მატჩის შემდეგ, კაი გაიტანა ამ ჟეზუსმა რამდენი შანსიც მიიღო, გუშინ ასისტიც გააკეთა და მართლა კარგი სკამია, მაგრამ იმ ბავშვმა რა დააშავა დავიჯერო ვარჯიშებზე ეგრე ჩა*მული დარბის რო 12 წუთზე მეტი ვერ დაიმსახურა? ან თუნდაც ორივე ერთად შემოვიდნენ თუ მაინცდამაინც, რა გაფუჭდება იმ ბავშს ობი მაინც არ მოეკიდება სკამზე, ბალდესაც ძალიან უსამართლოდ არ აძლევს საკმარის დროს, ახლა კი დაიწყო მარა დავუშვათ ბეტისთანაც თავიდანვე დაეყენებინა ერთ მცველს მაინც გადაარჩენდა დამტვრევას. არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს ფლიკის ლანძღვა მინდა და უკვე კარგს ვერაფერს ვხედავ, გუნდს ხასიათი აქვს მაინც, იციან და ყველამ იცის გოლს გავიტანთ და მერე აქეთ გაგვიტანენ მაგრამ არავისთან არ ხრიან ქედს და ბედს არ ემორჩილებიან, შეტევაში უმაღლეს კლასს ვაჩვენებთ, ნახევარდაცვაც კარგია, მაგრამ ამ დაცვას არაფერი ეშველება და ფლიკსაც მიშვებული აქვს ინერციულ დინებაზე. მინდა რომ არ ფიქრობდეს ფლიკი ასე პოზიტიურად, ალავესს 6 გავუტანეთ და აი ატლეტიკოს ან თუნდაც ასტონვილასაც ერთი 5 მაინც გავუტანთო არ ეგონოს, მინდა რომ ეს შეფასება თითქოს აღფრთოვანებულია გუნდით იყოს მხოლოდ დიპლომატიური ტყუილი და რეალურად სხვა გეგმას ხარშავდეს დიდი მატჩებისთვის, ანუ გააზრებული ქონდეს თავისი შეცდომები და სხვა გადაწყვეტილებები ვნახოთ მნიშვნელოვან თამაშებში, ყოფილა და არის თანამედროვე ფეხბურთში ასეთი მაგალითები, ვერ გექნება ყველა რგოლი ერთნაირად ძლიერი გუნდში მაგრამ ტაქტიკური გადამზადების ფონზე უნდა გადაფარო ეს სისუსტეები რომ გადამწყვეტ თამაშებში კარგ შედეგს მიაღწიო, გავიგეთ რომ არ ყოფნით კლასი დაცვის თითქმის არცერთ ფეხბურთელს მაგრამ მთავარია ფლიკის მონდომება დავინახოთ რომ როგორმე მოახერხოს და სწორად დაგეგმოს დაცვის თამაში, მერე ინდივიდუალური შეცდომები თუ ექნებათ ჯანდაბას, მოვა აგერ ზამთარი და მოიყვანენ ვინმეს, არ მგონია მცველის გარეშე გაატარონ ეს ფანჯარა როცა ამხელა იმედები მყარდება ამ სეზონზე. მოკლედ ჰასნ დროულად მოიფიქრე ახალი გეგმა და იმოქმედე!