“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დელეგატ წევრთა რიგით გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც გასულ სატრანსფერო ფანჯარაში ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერის გარშემო “ატლეტიკო მადრიდთან” გამართულ დაძაბულ მოლაპარაკებებზე დაუსვეს შეკითხვა, ამ საკითხზე საკმაოდ თამამად ისაუბრა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელი მადრიდული მხარის პოზიციას მკაცრად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესის გამო მეტოქემ თავი უსაფუძვლოდ “შეურაცხყოფილად” გაასაღა.
“თავი შეურაცხყოფილად იმიტომ წარმოაჩინეს, რომ საკუთარი ქცევის გამართლების არანაირი გზა არ ჰქონდათ. ბოლოს ნიღაბი ჩამოიხსნეს და აღიარეს, რომ ფეხბურთელს ნებისმიერ კლუბში გაუშვებდნენ, ‘ბარსას’ გარდა.”
ასამბლეის კითხვა-პასუხის ბლოკში ლაპორტამ მადრიდელთა და მათი ხელმძღვანელების რეაქციას სრულიად უადგილო უწოდა. მან განმარტა, რომ უშუალო კონტაქტი ჰქონდა “ატლეტიკოს” გენერალურ დირექტორ მიგელ ანხელ ხილ მარინთან, რომელმაც თავდაპირველად უარის მიზეზად სათანადო შემცვლელის არყოლა დაასახელა. თუმცა საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ერთადერთი რეალური დაბრკოლება პირდაპირი კონკურენტის გაძლიერების შიში იყო. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ “ბარსელონამ” მოლაპარაკებები სრული კანონიერების ფარგლებში აწარმოა.
ამასთან, ლაპორტამ აღნიშნა, რომ ეს თემა უკვე წარსულს ჩაბარდა და კატალონიელთა შემადგენლობა სრულად დაკომპლექტებულია:
“თითოეულ პოზიციაზე ორი ან სამი მოთამაშე გვყავს. მწვრთნელი ძალიან კმაყოფილია იმ რესურსით, რაც გააჩნია. ახლა მას მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ. გუნდი უაღრესად მოტივირებულია.”
სოსიოების კიდევ ერთ შეკითხვაზე პასუხისას ლაპორტამ მომავალი სანაკრებო პაუზის გამოც გამოთქვა უკმაყოფილება, რომლის დროსაც ზოგიერთ ნაკრებს ოთხი შეხვედრის ჩატარება უწევს:
“ფლიკმა მითხრა, რომ ეს პაუზა უდიდეს ზიანს გვაყენებს, რადგან საქმე უკვე ერთ თამაშს კი არა, ოთხმატჩიან შესვენებას ეხება. ეს წაგებული ბრძოლა არ არის და ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. მესმის ნაკრებების ტურნირების არსებობის აუცილებლობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათი რაოდენობა გადამეტებულია.”
პრეზიდენტის თქმით, “ბარსელონას” ახლა გაცილებით ძლიერი წარმომადგენლობა აქვს უეფაში, სადაც ასეთი საკითხები წყდება, რათა კალენდრის ამ გადატვირთულ დინამიკაზე გავლენა მოახდინოს და ცვლილებებს მიაღწიოს.
თხოვნა ავტორთან ! სტატია დადეთ მთლიანი, ძაან უაზრობაა ეს ნაწყვეტების დადება და გაშინაარსება.
ოთხი სანაკრებო თამაში ზედიზედ რა უბედურება იყო 🙁 მართალია ფლიკი
მეზიზღება ეს სანაკრებო პაუზები.