“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა პოდკასტში Solo Para Culés ლეო მესის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და არგენტინელი ვარსკვლავის მისამართით საკმაოდ მძაფრი გზავნილები გააჟღერა. გასპარმა ლეგენდარული ათიანის “კამპ ნოუზე” შესაძლო გამოსამშვიდობებელ მატჩზე გაამახვილა ყურადღება და მკაფიოდ აღნიშნა, რომ ფეხბურთელი გულშემატკივრებთან დასამშვიდობებლად აუცილებლად უნდა დაბრუნდეს იმის მიუხედავად, თუ ვინ უდგას სათავეში კლუბს.
გასპარს მესისთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს – სწორედ ის იყო “ბარსელონას” პრეზიდენტი, როდესაც 13 წლის ლეო კატალონიურ გრანდში ჩაირიცხა. სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ყოფილმა ფუნქციონერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პოზიცია არგენტინელის ისტორიულ სიდიადეს ოდნავადაც არ აკნინებს, თუმცა პირადი წყენების კლუბზე წინ დაყენება მიუღებელია.
ისტორიული სიყვარული და გაფრთხილება
გასპარმა თავისი ემოციური დამოკიდებულება ასე განმარტა:
“ამას ვამბობ იმ ისტორიული სიყვარულით, რომელიც იმ ფეხბურთელის მიმართ გამაჩნია, რომელიც 13 წლის ასაკში პირადად მე დავიმატე, როდესაც ‘ბარსელონას’ პრეზიდენტი ვიყავი. თუმცა ფრთხილად იყოს: ‘ბარსელონა’ მის პიროვნებაზე მაღლა დგას”.
ლაპორტას ფაქტორი და გასპარის შესაძლო ბოიკოტი
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მესისა და მოქმედ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა იყო. გასპარის აზრით, ლაპორტას პრეზიდენტობა არ უნდა გახდეს დაბრკოლება იმისთვის, რომ არგენტინელი “კამპ ნოუზე” დაბრუნდეს და კულეებისგან დამსახურებული აღიარება მიიღოს:
“ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მოვიდეს და ‘ბარსას’ დაემშვიდობოს”.
ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ უფრო კატეგორიული განცხადება გააკეთა იმ სავარაუდო სცენარზე, თუ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩი ლაპორტას პოსტიდან წასვლას დაუკავშირდება:
“თუ ლეო მესი გამოსამშვიდობებლად მოვა, მაგრამ არ მოვა იმიტომ, რომ ლაპორტაა პრეზიდენტი, და მოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც ლაპორტა აღარ იქნება – პირადად მე ამ გაცილებაზე არ მივალ!”
გასპარმა თავისი ინტერვიუ მკვეთრი და ემოციური ფრაზით დაასრულა, რომელმაც კლუბთან მიმართებით მისი პრინციპული პოზიცია შეაჯამა:
“თავი ვინ ჰგონია?!”
თვითონ ამას ვინ გონია თავი? 🤣 ჯერ კიდევ აპირებს ლეო თამაშს და დარწმუნებული ვარ სანამ კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, კამპ ნოუს დაუბრუნდება და ისე იზამს ამას 🙏🏽 ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი. თუმცა ლაპორტასგან ინიციატივის გამოჩენა აუცილებელი მგონია ასევე.