“ბარსელონა” სევილიისკენ მიემართება, სადაც დღეს საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “რამონ სანჩეს-პისხუანზე” სეზონის სტარტზე დაწყებული გამარჯვებების სერიის გახანგრძლივებას შეეცდება. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა სამატჩო განაცხადი დაასახელა. სიაში მოსალოდნელი დანაკლისია: მარჯვენა მუხლში არსებული დისკომფორტის გამო გუნდს ჟოან გარსია დააკლდა, ტრავმირებულები რჩებიან ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯიც.
ჟოან გარსიას არყოფნამ ფლიკს იძულებითი ნაბიჯი გადაადგმევინა – ოფიციალურ შეხვედრაში პირველად უხმო 18 წლის მეკარე იკერ როდრიგესს. საბადელელი კიპერი პირველი გუნდის განაცხადში სადებიუტო გამოძახებას აღნიშნავს და მეკარეთა სამეულს ვოიცეხ შჩესნისთან და დომინიკ ლივაკოვიჩთან ერთად შეავსებს.
განაცხადში ვერ მოხვდა ბრიან ფარინიასი, რომელიც “რასინგთან” მატჩისთვისაც სიის მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, პირველი გუნდის დინამიკაში რჩება ჰამზა აბდელკარიმი. მისგან განსხვავებით, მთავარ გუნდთან ერთად არ იმყოფება ჯესი ბისივუ – ის კვირას, თბილისის დროით 19:30 საათზე, “ბარბასტროს” წინააღმდეგ “ბარსა ატლეტიკის” რიგებში ითამაშებს.
“ბარსელონას” სრული განაცხადი: ვოიცეხ შჩესნი, დომინიკ ლივაკოვიჩი, იკერ როდრიგესი, ჟოაუ კანსელუ, ალეხანდრო ბალდე, პაუ კუბარსი, გავი, ფერმინ ლოპესი, პედრი, გაბრიელ ჟეზუსი, ლამინ იამალი, რაფინია, ჩავი ესპარტი, კარიმ ადეიემი, ანდრეას კრისტენსენი, როდრი, ენტონი გორდონი, ჟერარ მარტინი, დანი ოლმო, მარკ ბერნალი, ჟიულ კუნდე, ერიკ გარსია, ჰამზა აბდელკარიმი.
forum კომენტარები (0)