ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაფინია სანაკრებო შეკრებას არ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო სინგაპურის წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს.
როგორც Mundo Deportivo იუწყება, ბრაზილიის ნაკრების აღმასრულებელმა დირექტორმა როდრიგუ კაეტანუმ იაპონიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაფინიას ბარსელონაში ნაადრევად დაბრუნება არ იგეგმება.
“რაფინია ჩვენთან დარჩება. მის გათავისუფლებას აზრი არ აქვს, რადგან ის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია. მშვიდად გადავწყვეტთ, ვინ შეძლებს მომდევნო მატჩში გუნდის საუკეთესოდ წარმოდგენას”, – განაცხადა კაეტანუმ.
რაფინიამ იაპონიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 71 წუთი ითამაშა. ბრაზილიის ნაკრები ანგარიშით 2-3 დამარცხდა, ხოლო “ბარსელონას” ფეხბურთელმა წითელი ბარათი სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას მიიღო. ის მატჩის მიწურულს იაპონელთა გამარჯვების გოლამდე მომხდარ ეპიზოდს აპროტესტებდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რაფინიამ გაძევებისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა მსაჯის მუშაობა მკაცრად გააკრიტიკა.
“გაძევებისთვის ბოდიშის მოხდა მინდა, მაგრამ მსაჯზე საუბრისგან თავის შეკავება ძალიან რთულია. რთულია, როდესაც მსაჯის წინააღმდეგაც გიწევს თამაში. ეს ყველაფერს ართულებს. არ ვამბობ, რომ ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი და ამას გავაკეთებთ, მაგრამ დღევანდელ მსაჯობას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ”.
წითელი ბარათის გამო ბრაზილიელი შემტევი 17 ნოემბერს სინგაპურის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ ფეხბურთელს ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ და ის “ბარსელონაში” დროზე ადრე დაბრუნდებოდა, თუმცა CBF-ის გადაწყვეტილებით რაფინია სანაკრებო შეკრებაზე დარჩება.
“ბარსელონა” მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს “ვილიარეალის” წინააღმდეგ ჩაატარებს.




forum კომენტარები (0)