“ბარსელონას” სანაკრებო პაუზის წინ ბოლო გამოცდა ელის. კატალონიელები “რამონ სანჩეს პისხუანზე” ითამაშებენ და ეცდებიან, სეზონის დასაწყისში აღებული ტემპი შეინარჩუნონ.
ფლიკის გუნდმა ლა ლიგაში ექვსივე შეხვედრა მოიგო და 18 ქულით ლიდერობს. “სევილიას” 13 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ლუის გარსია პლასას გუნდმა საწყის ექვს ტურში მხოლოდ ერთხელ წააგო და ლიდერთან დაპირისპირებას ზედიზედ ორი გამარჯვებით ხვდება.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონა” გოლების გატანას შთამბეჭდავი სიხშირით აგრძელებს. გუნდმა ლა ლიგის ექვს შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა, ჩემპიონთა ლიგაზე კი “ფეიენორდი” 5-1 დაამარცხა. ჯამში ეს შვიდ მატჩში შვიდი გამარჯვება და ბურთების შეფარდება 33-7-ია.
ბოლო ტურში “ბარსამ” “რასინგს” 7-2 მოუგო, მანამდე კი სტუმრად “ლევანტე” 4-2 დაამარცხა. ექვს ტურში გატანილი 28 გოლი კლუბის რეკორდია. განსაკუთრებით შედეგიანები რაფინია და ლამინ იამალი არიან: ბრაზილიელს ჩემპიონატში 9 გოლი აქვს, იამალს – 7. ერთად მათ გუნდის გოლების ნახევარზე მეტი გაიტანეს.
“სევილიის” ბოლო გამარჯვებები უფრო მოკრძალებულია, თუმცა თავდაჯერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ანდალუსიელებმა ჯერ შინ “ვალენსიას” მოუგეს 1-0, შემდეგ კი იმავე ანგარიშით სტუმრად “დეპორტივო” დაამარცხეს. ამას წინ უძღოდა “ესპანიოლთან” გასვლითი ფრე – 1-1. ბოლო სამ ტურში აღებული 7 ქულა და ზედიზედ ორი მშრალად შენახული კარი აჩვენებს, რომ “ბარსას” ორგანიზებული მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
ამ შედეგების გათვალისწინებით, მატჩის ერთ-ერთი მთავარი საკითხი “ბარსელონას” ბურთის დაკარგვის შემდეგ მოქმედება იქნება. შეტევაში ასეთი ეფექტიანობა ფლიკის გუნდს დიდ უპირატესობას აძლევს, თუმცა “ლევანტესა” და “რასინგთან” გაშვებული ოთხი გოლი დაცვაში მეტი სიზუსტის საჭიროებაზეც მიანიშნებს.
დანაკლისი
“ბარსელონას” ჟოან გარსია ვერ დაეხმარება. მეკარემ “რასინგთან” მარჯვენა მუხლში დისკომფორტი იგრძნო და შესვენებაზე შეცვალეს. კლუბის ცნობით, მისი დაბრუნება გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული; ფლიკმა კი დაადასტურა, რომ სევილიაში მას დაასვენებს. კარში ვოიცეხ შჩესნის გამოჩენაა მოსალოდნელი, თუმცა მწვრთნელს არჩევანი საჯაროდ არ დაუდასტურებია.
ტრავმების გამო კვლავ ვერ ითამაშებენ ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი. დე იონგს მუხლის იოგის დაზიანება აქვს, ბარდჯის კი ჯვარედინი იოგის ტრავმის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება.
“სევილიას” რუბენ ვარგასი და ლუკას სტასინი აკლია. კიკე სალასი განაცხადშია, თუმცა მისი მზადყოფნა საბოლოოდ დღეს შეფასდება. სამაგიეროდ, არუნა სანგანტემ კოჭის ტრავმის შემდეგ დაბრუნება შეძლო და მწვრთნელს მისი გამოყენება შეუძლია.
გიორგი ქოჩორაშვილი
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი “სევილიის” 25-კაციან განაცხადშია. სავარაუდო შემადგენლობებში ქართველი სათადარიგოთა შორისაა, ამიტომ მისი სასტარტოში გამოჩენა გადაწყვეტილი არ არის.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “სევილიას” 204 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. კატალონიელებმა 119 მოიგეს, 39 ფრედ დასრულდა, 46-ში კი ანდალუსიელებმა გაიმარჯვეს. ბურთების შეფარდებაც “ბარსას” სასარგებლოდაა – 430-250.
ლა ლიგაში გამართული 164 მატჩიდან “ბარსელონამ” 92 მოიგო, “სევილიამ” – 37, ხოლო 35 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ ტურნირზე კატალონიელებს მეტოქის კარში 341 გოლი აქვთ გატანილი, 202-ის წინააღმდეგ.
“სევილიის” მასპინძლობით ჩატარებულ 99 ოფიციალურ შეხვედრაში მცირე უპირატესობა ანდალუსიელებს აქვთ: 38 მოგება, 25 ფრე და 36 მარცხი. მხოლოდ ლა ლიგის 82 საშინაო მატჩში მათი ბალანსი 31 გამარჯვება, 23 ფრე და 28 წაგებაა.
ბოლო ათ ურთიერთშეხვედრაში “ბარსელონამ” რვაჯერ გაიმარჯვა, ერთხელ ითამაშა ფრე და ერთხელ დამარცხდა. სწორედ ეს ერთადერთი მარცხი განიცადა გუნდმა სევილიაში ბოლო სტუმრობისას: 2025 წლის 5 ოქტომბერს კატალონიელებმა 1-4 წააგეს. მომდევნო დაპირისპირება, 2026 წლის 15 მარტს, “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა – 5-2. ბოლო ხუთივე შეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა.
მსაჯი
შეხვედრას ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის. ვიდეოასისტენტი რაულ მარტინ გონსალეს ფრანსესი იქნება.
მარტინეს მუნუერა 44 წლისაა. ის 1982 წლის 13 ივლისს ბენიდორმში დაიბადა. 2006 წლიდან სეგუნდა B-ში მუშაობდა, 2010 წელს სეგუნდაში დაწინაურდა, 2013 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს. ფიფას კატეგორიის არბიტრი 2015 წელს გახდა.
საკლუბო დონეზე აღრიცხულ 444 მატჩში მას 2057 ყვითელი და 93 წითელი ბარათი აქვს ნაჩვენები – საშუალოდ 4.63 ყვითელი და 0.21 წითელი ერთ შეხვედრაში. მის მიერ განსჯილი მატჩების 45.3% მასპინძლებმა მოიგეს, 30.0% – სტუმრებმა, ხოლო 24.8% ფრედ დასრულდა.
მარტინეს მუნუერას მსაჯობით “ბარსელონამ” 39 მატჩი ჩაატარა: 26 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. ამ შეხვედრებში კატალონიელებმა 85 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს. “სევილიის” ბალანსიც 39 მატჩს მოიცავს: 20 გამარჯვება, 7 ფრე და 12 მარცხი, 103 ყვითელი და 2 წითელი ბარათი.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებასაც მარტინეს მუნუერა უძღვებოდა – მარტში “ბარსელონამ” შინ 5-2 გაიმარჯვა.
მწვრთნელები მატჩის წინ
ჰანსი ფლიკი:
“ერთი წლის წინანდელთან შედარებით სხვა დონეზე ვართ და ყველა თამაში 0-0-დან იწყება.”
გერმანელმა მწვრთნელმა მეტოქის საშინაო სიძლიერეს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მისი გუნდი საკუთარ თამაშზეა კონცენტრირებული. ფლიკმა სასტარტოში პაუ კუბარსის დაბრუნება და შემადგენლობაში ცვლილებები დაადასტურა. მან რაფინიას პრესინგში მუშაობაც გამოარჩია: ბრაზილიელის ინტენსივობა დანარჩენ მოთამაშეებსაც გადაეცემათ. ფლიკის კომენტარი სრულად.
ლუის გარსია პლასა:
“ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერი შესაძლებელია.”
“სევილიის” მწვრთნელი “ბარსელონას” შეტევით ძალას აღიარებს, თუმცა საკუთარი გუნდის კარგ ფორმასა და თავდაჯერებაზეც საუბრობს. მისი აზრით, მეტოქის ტემპის გასაძლებად განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მზადყოფნაა საჭირო, ქულების მოსაპოვებლად კი გუნდმა თითქმის უშეცდომოდ უნდა ითამაშოს. გარსია პლასას კომენტარი სრულად.
სავარაუდო შემადგენლობები
AS
სევილია (4-3-3): ვლახოდიმოსი – იგლესიასი, კასტრინი, სალასი, სუასო – გურიდი, აგუმე, ფოფანა – სიერა, ურე, კორეია.
ბარსელონა (4-3-3): შჩესნი – ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ესპარტი – ფერმინი, როდრი, პედრი – იამალი, რაფინია, გორდონი.
Mundo Deportivo
სევილია (4-3-3): ვლახოდიმოსი – იგლესიასი, კასტრინი, სალასი, სუასო – გურიდი, აგუმე, ფოფანა – სიერა, ურე, კორეია.
ბარსელონა (4-3-3): შჩესნი – ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ესპარტი – ფერმინი, როდრი, პედრი – იამალი, რაფინია, გორდონი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sportskeeda: 1-3
- Sports Mole: 1-2
- Mundo Deportivo: 1-3
- Sports Illustrated: 1-4
forum კომენტარები (0)