“ბარსელონა” სეზონის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებისთვის ვალენსიაში მიემგზავრება. ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა ლა ლიგის საწყის სამ ტურში მაქსიმალური 9 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. კარლოს კორბერანის გუნდს კი საპირისპირო ამოცანა აქვს: “ვალენსია” პირველი გამარჯვების მოლოდინშია და ერთი ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.
კატალონიელებისთვის დამატებითი მოტივაცია “რეალ მადრიდის” წარუმატებლობაა: მადრიდელები “ბეტისთან” 0-1 დამარცხდნენ, ამიტომ “მესტალიაზე” გამარჯვებით ჰანსი ფლიკის გუნდი უშუალო კონკურენტთან სამქულიან უპირატესობას მოიპოვებს.
შეხვედრას ისტორიული ფონიც ახლავს. თუ ახალი სტადიონის პროექტი დაგეგმილი ვადებით დასრულდება და “ვალენსია” 2027/28 წლების სეზონიდან “ნოუ მესტალიაზე” გადავა, ეს “ბარსელონას” ბოლო მატჩი იქნება ძველ “მესტალიაზე”. სწორედ აქ დაიწყო ფლიკის ოფიციალური ბარსელონური ისტორია: 2024 წლის აგვისტოში მისმა გუნდმა მასპინძლებს 2-1 მოუგო.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონას” სეზონის დასაწყისში შედეგიანობა არ აკლია. ფლიკის გუნდმა “ელჩეს” სტუმრად ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა, შემდეგ ბილბაოს “ატლეტიკი” 2-0 დაამარცხა, წინა ტურში კი “რაიო ვალიეკანოს” 5-2 მოუგო. სამი შეხვედრის ჯამია 12 გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული გოლი.
შეტევაში განსაკუთრებით გამორჩეულია რაფინია, რომელმაც უკვე ხუთჯერ გაიტანა. ბრაზილიელს გოლი სამივე ტურში აქვს გატანილი; თუ სერიას ვალენსიაშიც გააგრძელებს, სეზონის პირველ ოთხ ლიგის შეხვედრაში გატანით კუბალას, კაიეტანო რესა და სესკ ფაბრეგასის მიღწევას გაიმეორებს.
“ვალენსიას” მდგომარეობა გაცილებით რთულია. კორბერანის გუნდმა სეზონი “სელტასთან” უგოლო ფრით გახსნა, შემდეგ შინ “ბეტისთან” წააგო, გასულ ტურში კი ლა-კორუნიაში “დეპორტივოსთან” 1-3 დამარცხდა. სამი ტურის შემდეგ მასპინძლებს მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გატანილი, საკუთარ მოედანზე კი ჯერ საერთოდ არ გაუტანიათ.
ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მატჩის მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა “ვალენსია” კატალონიელთა შეტევის შეჩერებას ისე, რომ თავადაც შექმნას საფრთხე. “ბარსელონასთვის” სასურველი სცენარი ბურთის სწრაფი მოძრაობით მასპინძელთა დაცვის გაწელვა და ადრეული გოლი იქნება; კორბერანის გუნდისთვის კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ბურთის მოპოვების შემდეგ შეტევაში სწრაფად გადასვლა.
დანაკლისი
“ბარსელონა”
ფრენკი დე იონგი მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება რუნი ბარდჯისაც, რომელსაც წინა ჯვარედინი მყესი აქვს დაზიანებული.
მთავარი გაურკვევლობა ლამინ იამალს უკავშირდება. ახალგაზრდა შემტევმა დარტყმა მიიღო და შაბათს ცალკე ივარჯიშა, თუმცა გუნდთან ერთად ვალენსიაში გაემგზავრა. ფლიკი იმედოვნებს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება. გაბრიელ ჟეზუსი ჯერ სრულ მზადყოფნაში არაა, მაგრამ მწვრთნელის თქმით, გარკვეული დროის სათამაშოდ მზად არის და შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს.
კარგი ამბავი გავის დაბრუნებაა: ნახევარმცველი ოფიციალურ განაცხადშია. ტრავმირებუია ახალგაზრდა ჯესი ბისივუ, რომელსაც ბარძაყის პრობლემა აქვს.
“ვალენსია”
მასპინძლებს დანაკლისი თითქმის ყველა ხაზში აქვთ:
ჯასტინ დე ჰაასი, სერჟი კანოსი, ხოსე კოპეტე, დიეგო ლოპესი, გვიდო როდრიგესი, უმარ სადიკი.
მათ შესაძლოა დაემატონ ლუის რიოხა და დიმიტრი ფულკიე. კორბერანმა უშუალოდ მატჩის წინ დაადასტურა, რომ რიოხამ გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ შეძლო, ფულკიე კი ბოლო ვარჯიშზე დაშავდა. მწვრთნელის თქმით, სადიკი რამდენიმე კვირას გამოტოვებს, გვიდო როდრიგესი და დე ჰაასი კი აღდგენას აგრძელებენ.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ერთმანეთთან აქამდე 232-ჯერ უთამაშიათ. უპირატესობა “ბარსელონას” მხარესაა: 115 გამარჯვება, 57 ფრე და 60 მარცხი. გოლების შეფარდება კატალონიელთა სასარგებლოდ 462-335-ია.
| შეხვედრების კატეგორია | მატჩი | ბარსელონას მოგება | ფრე | ვალენსიას მოგება |
|---|---|---|---|---|
| ყველა ტურნირი | 232 | 115 | 57 | 60 |
| ლა ლიგა | 182 | 92 | 46 | 44 |
| ვალენსიაში | 115 | 43 | 30 | 42 |
| ვალენსიაში, ლა ლიგა | 91 | 37 | 23 | 31 |
ლა ლიგაში გოლების საერთო შეფარდება “ბარსელონას” სასარგებლოდ 356-251-ია. “მესტალიაზე” ჩატარებულ ლიგის მატჩებში კი გოლების მხრივ სრული თანაფარდობაა: 145-145
ბოლო პერიოდში უპირატესობა აშკარად კატალონიელთა მხარესაა, თუმცა ბოლო შეხვედრა სწორედ “ვალენსიამ” მოიგო:
| თარიღი | ტურნირი | შეხვედრა | ანგარიში |
|---|---|---|---|
| 23.05.2026 | ლა ლიგა | ვალენსია – ბარსელონა | 3-1 |
| 14.09.2025 | ლა ლიგა | ბარსელონა – ვალენსია | 6-0 |
| 06.02.2025 | ესპანეთის თასი | ვალენსია – ბარსელონა | 0-5 |
| 26.01.2025 | ლა ლიგა | ბარსელონა – ვალენსია | 7-1 |
| 17.08.2024 | ლა ლიგა | ვალენსია – ბარსელონა | 1-2 |
ამ ხუთ შეხვედრაში ფლიკის გუნდს ოთხი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს, გოლების ჯამური შეფარდება კი 21-5-ია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მაისის მარცხამდე მოპოვებული ოთხი გამარჯვება, რომლებშიც “ბარსელონამ” მეტოქეს 20 გოლი გაუტანა და მხოლოდ ორი გაუშვა.
უფრო ფართო ჭრილშიც იგივე ტენდენცია ჩანს: ბოლო ათ შეხვედრაში “ბარსელონას” რვა მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვს. თუმცა მაისის 1-3 შეხსენებაა, რომ “მესტალიაზე” უპირატესობის მოედანზე დამტკიცება მაინც საჭიროა.
მსაჯი
შეხვედრას ისიდრო დიას დე მერა ესკუდეროსი განსჯის, VAR-ზე კი ალეხანდრო მუნის რუისი იმუშავებს.
37 წლის დიას დე მერა ლა ლიგაში 2020 წლიდან მსაჯობს. მანამდე მუშაობდა სეგუნდა B-სა და სეგუნდაში; უმაღლეს დივიზიონში მისი დებიუტი 2020 წლის 12 სექტემბერს შედგა.
მისი სტატისტიკა ასეთია:
| მაჩვენებელი | ლა ლიგა, სეგუნდა, სეგუნდა B და ესპანეთის თასი | მხოლოდ ლა ლიგა |
|---|---|---|
| მატჩები | 245 | 115 |
| ყვითელი ბარათები | 1 359 | 597 |
| ყვითელი ბარათი თამაშში | 5,55 | 5,19 |
| გაძევებები | 79 | 35 |
| გაძევება თამაშში | 0,32 | 0,30 |
| მასპინძლის გამარჯვება | 43,27% | 38,26% |
| სტუმრის გამარჯვება | 29,80% | 33,91% |
| ფრე | 26,94% | 27,83% |
რაც შეეხება თერთმეტმეტრიანებს – ეს მსაჯი თამაშში საშუალოდ 0.34 პენალტს ნიშნავს.
დიას დე მერასთან გუნდების შედეგები ასეთია:
| მაჩვენებელი | ბარსელონა | ვალენსია |
|---|---|---|
| თამაში | 9 | 9 |
| მოგება | 7 | 4 |
| ფრე | 0 | 2 |
| წაგება | 2 | 3 |
| მოგებების % | 77,78% | 44,44% |
| მიღებული ყვითელი ბარათები | 11 | 28 |
| ყვითელი ბარათი თამაშში | 1,22 | 3,11 |
| მეორე ყვითლით გაძევება | 0 | 2 |
| პირდაპირი წითელი ბარათი | 0 | 1 |
| გუნდის სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 1 | 0 |
მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები
ჰანსი ფლიკი
“რთული მატჩი იქნება. მოგება გვინდა და ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება.”
ფლიკმა ყურადღება კონცენტრაციის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვარჯიშებზე გუნდის ხარისხი პრესინგში, პასებსა და კონკურენციაში კარგად ჩანს. გერმანელი იამალის თამაშის იმედს ინარჩუნებს, გაბრიელ ჟეზუსის შემთხვევაში კი გარკვეული წუთების მიცემას განიხილავს.
კარლოს კორბერანი
“გულშემატკივარს გუნდის ბრძოლა სურს, ფეხბურთელებს კი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. ეს სურვილი ხვალ “მესტალიაზე” უნდა ვაჩვენოთ.”
“ვალენსიას” მწვრთნელმა მეტოქის შესაძლებლობები და შემადგენლობის სიღრმე გამოყო, თუმცა ხაზი საკუთარ გუნდზე მუშაობას გაუსვა. მისი თქმით, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დასრულდა და არსებული ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღებაა საჭირო. დანაკლისის ფონზე კორბერანი დარჩენილი მოთამაშეებისგან მეტ პასუხისმგებლობასა და წინ გადადგმულ ნაბიჯს ელის.
სავარაუდო შემადგენლობები
Mundo Deportivo
ვალენსია (3-5-2): სტოლე დიმიტრიევსკი; პაბლო მაფეო, სესარ ტარეგა, მუქტარ დიახაბი; არნაუ მარტინესი, ფილიპ უგრინიჩი, პეპელუ, სატო, ხესუს ვასკესი; ხავი გერა, არნაუტ დანჯუმა.
ბარსელონა (4-2-3-1): ჟოან გარსია; ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ჩავი ესპარტი; პედრი, მარკ ბერნალი; ლამინ იამალი, ფერმინ ლოპესი, ენტონი გორდონი; რაფინია.
Marca
ბარსელონა: ჟოან გარსია; ერიკ გარსია ან ჟიულ კუნდე, პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟოაუ კანსელუ ან ჩავი ესპარტი; როდრი ან მარკ ბერნალი, პედრი, ფერმინ ლოპესი; ლამინ იამალი, რაფინია, ენტონი გორდონი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sportsmole: 1-3
- Goal: 0-3
- Mundo Deportivo: 1-3
- Sports Illustrated: 0-3
ბარსას განაღდებული, რომ არ ქონოდა ჩემპიონობა იმ ბოლო თამაშსაც არ წააგებდა