“მესტალიაზე” “ვალენსიას” განადგურებისას (0-5) სათადარიგოთა სკამზე როდრი ერნანდესის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა ესპანურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ‘El Día Después’-ისა და Movistar-ის კამერებმა დააფიქსირეს ეპიზოდი, სადაც პაუ კუბარსისთან კერძო საუბარში როდრი მეტოქის სუსტი თამაშით გაკვირვებული დარჩა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე “ძალიან მოშვებული” და “ძალიან სუსტი” იყო.
სიტყვების სატელევიზიო ეთერში გავრცელებამ 30 წლის ნახევარმცველი შეაწუხა, რადგან მისი მიზანი “ვალენსიას” შეურაცხყოფა არ ყოფილა. როგორც ვალენსიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ‘À Punt’ იტყობინებოდა, როდრიმ დაუყოვნებლივ დაურეკა “ვალენსიას” კაპიტანსა და ესპანეთის ნაკრებში თავის მეგობარ ხოსე ლუის გაიას, რათა სიტუაცია აეხსნა, ბოდიში მოეხადა და ეთხოვა, მისი პოზიცია გასახდელისთვისაც გადაეცა.
ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენოორდის” დამარცხების (5-1) შემდეგ კი, როდრიმ თავად მოითხოვა მედიასთან საუბარი, რათა საჯარო განმარტება გაეკეთებინა:
“მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ჩემმა სიტყვებმა შეურაცხყოფა მიაყენა – როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს. ჩემს მეგობარ გაიას უკვე ველაპარაკე და ბოდიში მოვუხადე. ეს უბრალოდ გაკვირვების რეაქცია იყო. ვიმედოვნებ, ‘ვალენსია’ იქ დაბრუნდება, სად ყოფნასაც ნამდვილად იმსახურებს.”
“ფეიენორდის” დამარცხება და პედრისთან პარტნიორობა
როტერდამელებთან გამარჯვებაზე საუბრისას როდრიმ გუნდის ამბიციებს გაუსვა ხაზი:
“სენსაციური სამუშაო გავწიეთ. ეს გამარჯვება აჩვენებს ამ გუნდის უდიდეს მადასა და ჟინს, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს. ეს შემართება გასახდელში გარედანაც იგრძნობოდა და ‘ბარსელონაში’ გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. აქ დასახმარებლად მოვედი.”
ნახევარმცველმა ზედიზედ მეორედ ითამაშა სასტარტოში პედრის გვერდით და კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ხმები, თითქოს მათ მოედანზე შეუთავსებლობის პრობლემა აქვთ:
“გულწრფელად გითხრათ, ამ საუბრების არ მესმის. პედრის გვერდით თამაში და მასთან შეთამაშება ძალიან მარტივია. ადაპტაცია გჭირდება არა პედრისთან, არამედ საყრდენის ზონაში ახალ ტაქტიკურ მექანიზმებთან. პედრისნაირ ფეხბურთელებთან თამაში ყველაფერს ამარტივებს და არა ართულებს. ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ, რომ ერთმანეთს ვერ ვეწყობით – შესანიშნავად გვესმის ერთმანეთის, ნაკრებშიც დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ.”
ესპანელმა საყრდენმა დასძინა, რომ გულშემატკივრებისგან დიდ სითბოს გრძნობს და მზადაა, გუნდს სიმშვიდე შემატოს:
“ასე ყველაფერი გაცილებით მარტივია. აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი დონე დავამტკიცო, მოლოდინები გავამართლო და თანაგუნდელებს ზრდაში დავეხმარო. სეზონი ძალიან გრძელია და ჩემი მიზანი ამ სიმშვიდისა და სტაბილურობის გადაცემაა.”
forum კომენტარები (0)