workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის კომენტარი ვალენსიასთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ვალენსიასთან მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 6 სექტემბერი, 18:15

ლა ლიგის მეოთხე ტურში “ვალენსიასთან” გასამართი შეხვედრის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდში არსებულ ვითარებაზე, საკადრო საკითხებსა და “მესტალიაზე” მოსალოდნელ სირთულეებზე ვრცლად ისაუბრა.

ლამინ იამალის მდგომარეობა

ლამინ იამალმა შაბათს თანაგუნდელებთან ერთად სრული ვარჯიში არ ჩაატარა, რის შესახებაც ფლიკმა განმარტება გააკეთა:

“მან დარტყმა მიიღო და ტკივილს გრძნობდა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ინდივიდუალურად ვარჯიში სჯობდა. ვარჯიშის შემდეგ მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა. ის ჩვენთან ერთად იმგზავრებს და იმედი გვაქვს, რომ თამაშს შეძლებს.

ლამინთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, სჯობს თუ არა მისი დასვენება. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც სირბილზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წინა შეხვედრაში შინ 90 წუთი ეთამაშა საკუთარი დონისა და განწყობის დასაბრუნებლად, რადგან მისთვის 90 წუთის ჩატარება და მომდევნო დღეს აღდგენა უკეთესია.”

გაბრიელ ჟეზუსის პირველი განაცხადი და დებიუტის შანსი

“ბარსელონას” ახალწვეული პირველად მოხვდება სამატჩო განაცხადში და მწვრთნელმა მისი სადებიუტო წუთები არ გამორიცხა:

“ძალიან მომეწონა ის, რაც ვნახე. 100%-ით მზად ჯერ არ არის, მაგრამ რამდენიმე წუთის სათამაშოდ მზადაა. კარის წინ ძალიან მშვიდია. ხვალ მეორე ტაიმში, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ის ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.”

კაპიტნების არჩევანი

ფლიკმა დეტალურად ახსნა, თუ რატომ შეარჩია ორი კაპიტანი პირადად და რატომ მიანდო დანარჩენი სამის არჩევა გუნდს:

“კლუბში უკვე ორი წელია ვართ და გუნდს გაცილებით უკეთ ვიცნობ. როდესაც შემადგენლობასა და მოთამაშეების გავლენას ვუყურებ, ვხედავ რაფინიასა და პედრის. ისინი სასტარტო თერთმეტეულის უცვლელი წევრები არიან, ამიტომ მათი პირადად არჩევა მარტივი გადაწყვეტილება იყო. წინა სეზონებში გვყავდა კაპიტნები, მაგალითად მარკი, არაუხო თუ ფრენკი, რომლებიც ხშირად ვერ თამაშობდნენ.

დანარჩენ სამზე არჩევანის გაკეთება არ მსურდა და გუნდს მივანდე. კენჭისყრით ერიკი, ფრენკი და ლამინი აირჩიეს. ამ ხუთეულით ძალიან კმაყოფილი ვარ – ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას იღებენ.”

რაფინია “ცხრიანის” პოზიციაზე

მწვრთნელმა ხაზი გაუსვა ბრაზილიელის ბრწყინვალე ფორმას ცენტრფორვარდის როლში:

“რაფა ფლანგზე ყოფნის დროსაც კი ყოველთვის ცენტრისკენ იწევდა. ახლა ის ‘ცხრიანზე’ საოცრად თამაშობს – პრესინგისა და სისწრაფის გამო ამ მომენტში ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია.”

შემადგენლობის ხარისხი, როტაცია და კუნდე

“როდესაც ვარჯიშებს ვუყურებ, მუდმივად ვფიქრობ, რომ გუნდს ძალიან მაღალი ხარისხი აქვს – როგორ ვახორციელებთ პრესინგს, როგორ ვაკეთებთ პასს და როგორ ვიბრძვით. შემადგენლობა უმაღლესი დონისაა, თუმცა ბარსელონაში მთავარი ტიტულების მოგებაა.

ჟიულ კუნდე უდიდესი პროფესიონალია. ამ სეზონში ის ძირითადში თამაშს არ იწყებს, მაგრამ ეს მისთვის გამოწვევაა. ვიცი, რომ მას ცენტრშიც შეუძლია თამაში, თუმცა ფლანგს ანიჭებს უპირატესობას, სადაც ჩვენს პირველ სეზონში უმაღლეს დონეზე იასპარეზა. ჩვენ ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამოვდივართ.

რაც შეეხება ახალგაზრდების წასვლას – ტრანსფერები დეკუსთან ერთად გადავწყვიტეთ. ჩემთვის მარტივი არაა ‘ლა მასიას’ მოთამაშეების გაშვება და მათთვის იმის თქმა, რომ პროგრესისთვის სხვაგან უნდა წავიდნენ, რადგან მესმის, რომ მათი ოცნება ‘ბარსელონაში’ თამაშია. თუმცა ჩვენ გვსურს ტიტულების მოგება და გუნდის დონის გაზრდა. ცვლილებები ფეხბურთში ნორმალურია.”

მატჩი “ვალენსიასთან” და “რეალ მადრიდის” მარცხი

“რეალ მადრიდმაც” კარგად ითამაშა და ბევრი მომენტი შექმნა. თუმცა ჩვენთვის მთავარი საკუთარ თავზე და ჩვენს სტილზე კონცენტრირებაა.

16:15 საათზე თამაში რთული იქნება, მაგრამ გამართლებებს არ ვეძებთ. ‘მესტალიაზე’ თამაში მარტივი არასდროსაა. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Moriarti
    Moriarti გულშემატკივარი
    schedule 05 სექ 2026, 17:46
    #1

    კარგია იამალი რო კარგათაა