ლუიშ ფიგუმ ლამინ იამალის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა და ისიც კი აღიარა, რომ მასთან ერთად თამაშის შემთხვევაში, შესაძლოა, პოზიციის შეცვლა თავად დასჭირვებოდა.
“ერთად რომ გვეთამაშა, ალბათ, მარცხენა ფლანგზე გადასვლა და პოზიციის შეცვლა მე მომიწევდა”, – განაცხადა ფიგუმ Betfair-თან საუბრისას.
“თუმცა მეც წარმოუდგენელი ნიჭი მქონდა, იცით?” – განაგრძო ფიგუმ. “დღეს სხვა დროა. როდესაც “ბარსელონაში” მივედი, მხოლოდ 22 წლის ვიყავი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამ უცხოელს შეეძლო თამაში. ამიტომ თავიდან ბევრი არ მითამაშია. მაშინ სხვა დრო იყო”.
“თუმცა ვფიქრობ, ორივე გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიქნებოდი. რომელიმე მათგანის მწვრთნელი რომ ვიყო, საკუთარ თავს ძირითადში დავაყენებდი. სხვას ვერაფერს ვიტყვი… მე თუ არ ვიტყვი, სხვა ვინ იტყვის?” – იხუმრა პორტუგალიელმა.
ფიგუმ ასევე გააანალიზა ჟოზე მოურინიოს შესაძლო გეგმა ლამინ იამალის შესაჩერებლად.
“ვფიქრობ, მოედანზე პერსონალური მეურვეობა სულ უფრო იშვიათად გვხვდება. ბუნებრივია, ყურადღებას იმ ფეხბურთელზე ამახვილებ, რომელიც ყველაზე ხშირად შენს ზონაში ხვდება. ამ შემთხვევაში საუბარია მარცხენა მცველზე. იამალის მთელ მოედანზე პერსონალურად დევნა სიგიჟე იქნებოდა”.
“უფრო მარტივია, კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინო, ამ შემთხვევაში ლამინის მიმართ, როდესაც ის შენს პოზიციასთან ახლოს იმყოფება. ასეთ მომენტში მეტი კონცენტრაცია გჭირდება, ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ მას მთელ მოედანზე პერსონალურად ეთამაშო”, – განმარტა ფიგუმ.
ფიგუ თანაბარ დაპირისპირებას ელოდება და მატჩის სავარაუდო ანგარიშიც დაასახელა.
“ჩემი პროგნოზი? ვიტყვი, რომ 2-2 დასრულდება. “ბარსელონას” მხრიდან გოლებს რაფინია და ლამინი გაიტანენ, “რეალ მადრიდის” მხრიდან კი ბელინგემი და მბაპე”.
“ბარსა” შემტევი გუნდია და ყოველთვის გააქვს გოლები. “რეალ მადრიდს”, სავარაუდოდ, კონტრშეტევებზე ექნება შანსები, მბაპე კი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც წინ თავისუფალი სივრცეების არსებობა ხელს აძლევს. რადგან “ბარსელონა” ყოველთვის მაღალი პოზიციებიდან ცდილობს შეტევების ორგანიზებას, ვფიქრობ, მას ასეთი სივრცეები ექნება. ბელინგემმაც კარგად იცის შეტევაში მეორე ხაზიდან ჩართვა”, – აღნიშნა მან.
ლუიშ ფიგუ “ბარსელონაში” ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობდა და მიიჩნევს, რომ “რეალ მადრიდის” ამჟამინდელი მწვრთნელი კატალონიურ გუნდსაც კარგად გაწვრთნიდა.
“მასზე ჯერ კიდევ გვარდიოლას დანიშვნამდე საუბრობდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, “ბარსელონას” გაწვრთნისთვის საჭირო თვისებები ჰქონდა”, – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.
“შესაძლოა, როდესაც მასთან ერთად ვმუშაობდი, ჯერ საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც შემდეგ მოიგო, დარწმუნებული ვარ, “ბარსელონას” კარგი მწვრთნელი იქნებოდა. მას ამის უნარი და ცოდნა ჰქონდა. დაბრუნების შემთხვევაში მას კლუბის ფილოსოფია და გუნდი კარგად ეცოდინებოდა…”
“ფიგუს მსგავსი შემთხვევა? გამოსასყიდი თანხები დღეს წარმოუდგენელია”
პორტუგალიელი ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ დღეს ძალიან რთული იქნება ისეთი ტრანსფერის განხორციელება, როგორიც მის შემთხვევაში იყო – “ბარსელონადან” “რეალ მადრიდში” გადასვლა.
“ალბათ ძალიან რთული იქნება, რომ ფეხბურთელი კვლავ გადავიდეს “რეალ მადრიდიდან” “ბარსელონაში” ან პირიქით, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა”, – განაცხადა ფიგუმ.
“დღეს გამოსასყიდი თანხები ძალიან მაღალია. კონტრაქტებში წარმოუდგენელი თანხები იწერება. არ ვამბობ, რომ ჩემი ტრანსფერის მსგავსი რამ შეუძლებელია, მაგრამ ორივე კლუბისთვის ამის განხორციელება ძალიან რთულია. მაგალითად, ამჟამად “ბარსელონას” არ შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს, ტრანსფერებში ასეთი დიდი თანხები გადაიხადოს. ვფიქრობ, ეს ძალიან რთულია”, – დასძინა მან.
სხვა საკითხია, როდესაც “რეალ მადრიდი” და “ბარსელონა” ერთი და იმავე ფეხბურთელის შეძენისთვის იბრძვიან, როგორც ეს როდრის შემთხვევაში მოხდა.
“როდრი “ბარსელონას” ძალიან კარგად მოერგებოდა მისი ფილოსოფიისა და სათამაშო სისტემის გათვალისწინებით. თუმცა თავისი მაღალი კლასის წყალობით, ის “რეალ მადრიდშიც” შესანიშნავად ჩაჯდებოდა”, – აღნიშნა ფიგუმ.
ბოლოს პორტუგალიელმა ისაუბრა იმაზეც, თუ რომელ მატჩში ისურვებდა კლასიკოებში გატანილი ოთხი გოლიდან ერთ-ერთის გადატანას.
ფიგუს თქმით, სავარაუდოდ, 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრას აირჩევდა.
“ბარსელონაში” ის მატჩი არ მითამაშია, რადგან ტრავმირებული ვიყავი. მაგრამ იმ დროს ორმატჩიან დაპირისპირებაში სტუმრად გატანილ გოლს ორმაგი ფასი ჰქონდა. თუ ჩემი გოლებიდან ერთ-ერთის სხვა მატჩში გადატანა მომიწევდა, შესაძლოა, სწორედ ის შეხვედრა ამერჩია, სტუმრად გატანილი გოლის მნიშვნელობის გამო”.
“თუმცა კარიერის თითოეულ მომენტში ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. გამიმართლა, რომ კლასიკოებში გოლების გატანა შევძელი, ამიტომ, სინამდვილეში, არაფერს შევცვლიდი”, – დაასრულა ფიგუმ.
forum კომენტარები (0)