“ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩია, სხვა არაფერი” – თქვა სკალონიმ ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, როცა მომავალ მეტოქეზე ჰკითხეს. თავი აარიდა ზედმეტ ხმაურსა და გაზრდილ წნეხს. პრესკონფერენციები ხომ ის ადგილია სადაც ყველაზე მეტ ტყუილს მოისმენს ადამიანი, თანაც ისე რომ წარბსაც არავინ შეიხრის. რას იტყოდა კამერებს მიღმა, ფეხბურთელებთან? დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ – “ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩი არ არის, და არც არასდროს ყოფილა“.
მოდი, გავიხსენოთ რამდენიმე სურათი ისტორიიდან, რომელიც უკეთ შეგვიქმნის წარმოდგენას თუ რასთან გვაქვს საქმე.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი – რატინი აუთ!
უკვე ჰქონდათ ნათამაშები 1962 წლის მუნდიალზე, სადაც ინგლისმა 3:1 იმარჯვა, ჩარლტონის, გრივზისა და ფლოუერსის გოლებით, უკეთესი გუნდიც ჰყავდათ. ეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპი იყო, ოთხი წლის მერე კი მეოთხედფინალში შეხვდნენ, ’66 წლის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა და მოგეხსენებათ, მოიგეს კიდეც. ინგლისს თანავარსკვლავედი ჰყავდა, არგენტინას კი მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი – ანტონიო რატინი! დიეგო მარადონას კერპი. ინგლისელების შემადგენლობაში სულ მცირე ოთხი ფეხბურთელია, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ნაკრებში მოხვდებოდა – ბენკსი, ბობი მური, ბობი ჩარლტონი, და ჯიმი გრივზი – უალაპარაკოდ. არგენტინელთა შემადგენლობაში კი ალბათ რატინიც ვერ შეძლებდა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელებში მოხვედრას.
მოკლედ, დაძაბული მატჩი გამოდგა და რატინი 35-ე წუთზე გააძევეს.
გერმანელი მსაჯი ამბობდა მე ეგ ენა არ ვიცი, მაგრამ მის სახეზე ამოვიკითხე რომ მლანძღავდაო. რატინი კი ამბობდა სანამ თარჯიმანს არ მოიყვანთ და არ ამიხსნით რის გამო მაძევებთ, მე მოედნიდან გამსვლელი არა ვარო. წავიდა და ჩამოჯდა წითელ ხალიჩაზე, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ს დაუგეს. ესეც თავხედობად მიიჩნიეს, რა საკვრველია.
საბოლოოდ, დაცვამ გაათრია. კუთხურის ალამს ინგლისის დროშა მოგლიჯა, ამის დანახვაზე ხალხმა შოკოლადები დაუშინა, რატინიმ კი ის შოკოლადიც გასინჯა, “არ მომეწონა და უკან გადავუყარეო” – მოგვიანებით იხსენებდა.
78-ე წუთზე ჯეფ ჰერსტმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
1980 – მეკარეც უნდა მოგეტყუებინა, დიეგო
მას შემდეგ გუნდებმა სამჯერ ითამაშეს, სანამ ისევ მუნდიალზე გადაიკვეთებოდნენ. სამივეჯერ ამხანაგურად, 1974, 1977 და 1980 წლებში. ორი მატჩი ფრედ დასრულდა, მესამე კი ინგლისმა 3:1 მოიგო, მაგრამ ამ მატჩის მთავარი მომენტი მაინც არგენტინას და 19 წლის არგენტინელს უკავშირდება. ჯერ კიდევ 0:0 იყო ანგარიში, როცა დიეგო მარადონამ ხუთი ინგლისელი მოატყუა, ერთი-ერთზე გავიდა, ბუცის წვერით კუთხეში გაგზავნა ბურთი და მცირედით ააცილა. მატჩის მერე მისი ძმა ეტყვის – “შეცდომა დაუშვი, მეკარეც უნდა მოგეტყუებინა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაიტანდიო“, – დაამახსოვრდა დიეგოს და ექვსი წლის მერე ძმის დარიგება აბსოლუტურად გაითვალისწინა.
ეს მატჩი კი ინგლისმა 3:1 მოიგო, დევიდ ჯონსონმა დუბლი შეასრულა, მესამე კევინ კიგანმა შეაგდო. საპასუხოდ, მარადონას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი პასარელამ ზუსტად დაარტყა.
1986 – ჩვენების დაღვრილ სისხლს არავის შევარჩენთ!
სისხლი დაიღვარა ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე. ომი არგენტინასა და ინგლისს შორის 74 დღე გაგრძელდა და ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა. 700-მდე არგენტინელი დაიღუპა, 1’600 დაიჭრა, ბევრი ტყვედ ჩავარდა. 1982 წელს მოხდა ეს ამბავი და რა თქმა უნდა, მას მერე გუნდებს ამხანაგურად არ უთამაშიათ, რომელ ამხანაგობაზეა საუბარი. მხოლოდ მუნდიალზე თუ გადაეყრებოდნენ ერთმანეთს და მოხდა კიდეც ასე, მექსიკაში, “აცტეკაზე”. რა ხდებოდა გასახდელში? დიეგო მარადონა ისეთ ხმაზე ლანძღავდა ინგლისელებს, რომ არათუ გვერდზე ოთახში, არამედ ვიპ ლოჟებშიც ისმოდა. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა – “ანგელოზი და დემონი” – გამოჩნდა მომდევნო დღით ეკიპის გარეკანზე. დიეგომ დემონურ გოლს “ღმერთის ხელი” დაარქვა, აქაოდა, ღმერთმა დაგსაჯათ ჩათლახობისთვის, იმპერიალიზმისთვის და სისხლისღვრისთვისო. თავის ღვთაებრივ გოლზე კი არაფერი უთქვამს, რადგან ამ გოლზე მის ნაცვლად მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, და ლაპარაკობს დღემდე.
შილტონს ცხოვრების ბოლომდე არ უპატიებია დიეგოსთვის, ხელით გამიტანა, ყველაზე დაუმსახურებელი ჩემპიონობა იყოო, სწუხდა ინგლისელი მეკარე. დიეგო კი ჩვეულად პასუხობდა – “შე დედამო….. , მეორე როგორ გაგიტანე იმას რატომ არ ყვებიო”.
1998 – ერთი სულელი ბიჭი
10 მეომარი და ერთი სულელი ბიჭი – ასე დაასათაურეს ინგლისელებმა ’98 წლის მატჩი. მერვედფინალში შირერის ინგლისი ბატისტუტას არგენტინას შეხვდა. ის ერთი სულელი ბიჭი დევიდ ბექემი იყო, რომელიც სიმეონეს პროვოკაციას წამოეგო და წითელი ბარათი უჩვენეს. დააღალატა გუნდი, რასაც ძალიან დიდხანს არავინ პატიობდა, და მხოლოდ წლების მერე ეპატია, როცა საბერძნეთს გადამწყვეტი ჯარიმა გაუტანა და ინგლისი ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
დიდებული მატჩი გამოდგა, ცხრიანებმა მალევე გაცვალეს გოლები – აქეთ შირერმა შეაგდო, იქეთ ბატისტუტამ. მერე კიდევ მაიკლ ოუენმა ისეთი გოლი შეაგდო ინგლისელებს ათქმევინა ჩვენც გვყავს ჩვენი მარადონაო (მაშინ ოუენისგან ელოდნენ, რომ ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი გახდებოდა). 45-ეზე ძანეტიმ გაათანაბრა, (ასევე ძალიან დასამახსოვრებელი გოლი) და 47-ეზე ბექემი გააგდეს. ინგლისელებმა მოახერხეს და პენალტებამდე მიიყვანეს მატჩი, ამიტომაც უწოდეს მეომრები, დაიმსახურეს ეს შექება, მაგრამ პენალტებში არასდროს ყოფილან ძლიერები. გადამწყვეტი დარტყმა დევიდ ბატიმ გააფუჭა.
არგენტინა გავიდა მეოთხედფინალში სადაც დენის ბერხკამპმა დაასამარა მათი ოცნებები. მაგრამ დიდად არავის მოუწყენია, არაფერში გვჭირდება თქვენი თასი, ინგლისელებს ხომ გავუმწარეთ ცხოვრებაო – ისმოდა ასე ბუენოს აირესში.
2002 – ბექემის შურისძიება
გახსოვთ 2001/02 წლების ბექემი? დიდებული იყო ბექზი. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ფერგის “მანჩესტერი” ირურეტას “დეპორს” შეხვდა, ამ დროისთვის უკვე ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები, ინგლისი არგენტინასთან მოხვდა.
გასვლაზე ბექემმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, საერთოდ, მთელი მატჩი საუკეთესო იყო, ბოლო წუთებზე კი დიეგო ტრისტანმა ტრავმა მიაყენა, გაბრაზებულმა ჩაარტყა და ბექზი კოჭლობით გაიყვანეს. მერე ამოისუნთქეს, გადარჩა, არაფერი აწუხებს და მეორე მატჩში ითამაშებსო. გამოვიდა “ოლდ ტრაფორდზე” სათამაშოდ და ალდო დუშემ ფეხი მოტეხა, ბექზი ამჯერად საკაცით გაიყვანეს და მისთვის სეზონი დასრულდა. მატჩის მერე არგენტინელმა დუშემ თქვა – “ინგლისი ჩვენთან ერთად არის ჯგუფში და აწი ბექემის გარეშე მოუწევთ თამაშიო”. ოოო, დიდი ხმაური მოჰყვა ამ ამბავს. და ხმაური გაძლიერდა მაშინ, როცა ბექემმა მომჯობინება მოასწრო და მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდა. შეხვდა არგენტინას და გადამწყვეტი გოლიც გაუტანა – ასე ამოიღო სიმეონესა და დუშეს ბოღმა. ასე ამოიღო მთელი ინგლისის გულისტკივილი და განსაკუთრებით სასიამოვნო გამოდგა ის ამბავი, რომ არგენტინა ჯგუფში ჩარჩა. ინგლისი კი მეოთხედფინალიდან ბრაზილიამ გააგდო. თუმცა, დიდად გული არავის დასწყვეტია, მთავარია არგენტინა ჩატოვეს.
2005 – ის ოქროს თაობა
ამხანაგური მატჩი ჟენევაში, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ამხანაგურს. ამათ შორის ამხანაგობა და მეგობრობა ზღაპარია.
ეს იყო ერთადერთი მატჩი ისტორიაში, რომელიც ინგლისის ოქროს თაობამ დიდებულად ჩაატარა. აბსოლუტურად ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო – რუნი, ოუენი (მატჩის გმირი) ბექემი, ჯერარდი, ლამპარდი, ფერდინანდი, ტერი, ისე ითამაშეს იფიქრებდი, რომ 2006 წლის ჩემპიონატზე ინგლისის მომგები არავინ იქნებოდა, მაგრამ ეს ხომ ინგლისია… ისევ რაღაც აირია და ოქროს თაობის საუკეთესო მატჩი “ამხანაგური” გამოდგა.
არგენტინას 3:2 მოუგეს. ეს უნდა ნახოთ. ყველგან იპოვით, და არ დაგავიწყდებათ.
რას ველით ნახევარფინალში? მე ველი დრამას, მე ველი სიგიჟეს!
მე ველი მესის ფინალში გასვლას.