“ბარსელონას” განცხადებით, მომავალი სეზონიდან, მამაკაცთა და ქალთა პირველი საფეხბურთო გუნდები ყველა ოფიციალურ ტურნირზე მაისურის ზურგზე “ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდის ლოგოს ატარებენ.
ეროვნული და საერთაშორისო ფეხბურთის მთავარ სცენებზე, რომლებსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს, “ბარსელონა” თავის ყველაზე კეთილშობილურ არსს წარმოაჩენს: “ბარსელონას” ფონდს, რომელიც კატალონიასა და მთელ მსოფლიოში ათასობით ბავშვისა და ახალგაზრდის ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუშაობს. სიმბოლიზმით სავსე ეს გადაწყვეტილება სპორტულ სფეროს სცდება და საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის გადაწყვეტილებასთან ერთად, “მეტი, ვიდრე კლუბი” – ამ დევიზის ყოველდღიურად რეალობად ქცევით, მთელი მსოფლიოს წინაშე კლუბის ყველაზე ნამდვილ არსს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, “ბარსელონას” მაისური უბრალო სპორტულ ფორმაზე ბევრად მეტი იყო. ის პრინციპების მანიფესტს წარმოადგენდა. ეს გახლდათ სივრცე, რომელიც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან მიზნებს ახმოვანებდა და ფეხბურთს ჩვენი დროის უდიდეს სოციალურ გამოწვევებთან აკავშირებდა.
2006 წელს, მაისურის წინა მხარის იუნისეფისთვის (UNICEF) პირველად დათმობით, კლუბმა მთელი მსოფლიო გააოცა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გლობალურ ეტალონად იქცა. წლების შემდეგ, ეს პარტნიორობა მაისურის ზურგზე გაგრძელდა, რითაც ყველაზე მოწყვლადი ბავშვების მიმართ ვალდებულება შენარჩუნდა.
მოგვიანებით, 2022 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოსთან (UNHCR/ACNUR) თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის მაისურზე განთავსებამაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მილიონობით გულშემატკივარს მსოფლიოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეალობის შესახებ ცნობიერება აუმაღლა.
ახლა კი, ამ მოგზაურობაში “ბარსელონა” ახალ ფურცელს წერს. ეს ბუნებრივი, მაგრამ ღრმად მრავლისმეტყველი ნაბიჯი გახლავთ. რადგან სოციალური პასუხისმგებლობა გარე ორგანიზაციებთან მხოლოდ ალიანსად აღარ რჩება და სიამაყით ისეთ ადგილობრივ ინიციატივად იქცევა, რომელიც მთელ მსოფლიოში კლუბის სოლიდარულ მუშაობას წარმოადგენს.
“ბარსელონას” ფონდი: დევიზის “მეტი, ვიდრე კლუბი” ყველაზე ავთენტური გამოხატულება
მამაკაცთა და ქალთა პირველი გუნდების მაისურების ზურგზე “ბარსელონას” ფონდის ლოგოს დატანა უნიკალური მოდელის ევოლუციას განასახიერებს. ეს იმის დასტურია, რომ ღირებულებები ლურჯ-ბროწეულისფერთა იდენტობის მხოლოდ დამატება კი არა, მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი გახლავთ.
ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის თითოეული მატჩი გამძლეობის, შესაძლებლობებისა და იმედის ისტორიების გასაზიარებლად მსოფლიოსკენ გაჭრილი ფანჯარა გახდება. ამ ლოგოს მიღმა იმ ათასობით ადამიანის სახე, ოჯახი და საზოგადოება დგას, რომლებმაც ფონდის მუშაობის წყალობით მხარდაჭერა იპოვეს.
კომენტარები (0)