ბილბაოს “ატლეტიკთან” წაგების მიუხედავად, “ბარსელონამ” ლა ლიგის ერთი რეკორდი მაინც გაიმეორა. კატალონიური გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს უკვე 53 ტურია ლიდერობს. ამაზე უკეთესი შედეგი არასდროს არავის ჰქონია.
2012-13 წლების სეზონში, ლა ლიგის პირველ ტურში, ტიტო ვილანოვას გუნდმა “რეალ სოსიედადი” 5:1 გაანადგურა და ლიდერობა მოიპოვა. იმ სეზონში, კატალონიელებმა პირველობა ბოლო ტურამდე შეინარჩუნეს.
მიმდინარე სეზონი “ბარსამ” კიდევ უფრო კარგად დაიწყო. კატალონიელებმა “ლევანტეს” 7:0 სძლიეს და ბუნებრივია, ლიდერობა პირველივე ტურში მოიპოვეს. მას შემდეგ, რამდენიმე ტურის განმავლობაში, “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ქულების თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ კატალონიელები წინ დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით იყვნენ. ასეა ამჯერადაც – “ბარსა” კონკურენტს ბურთების შეფარდებით ჯობნის.
თუ ლა ლიგის მომდევნო ტურში “ბარსელონამ” “ატლეტიკოზე” ცუდი შედეგი არ აჩვენა, კატალონიელები ლიდერობას ზედიზედ 54-ე ტურში შეინარჩუნებენ და რეკორდის ერთპიროვნული მფლობელები გახდებიან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ორივე გუნდმა მოიგო, “ბარსამ” “ვილიარეალს” იმაზე ორით ნაკლები გოლი არ უნდა გაუტანოს, ვიდრე “ატლეტიკო” “ვალენსიას” გაუტანს.