ნათელი იყო, რომ ეს ტრანსფერი ჩემს სასიკეთოდ გაკეთდა, რადგან მწვრთნელების აზრით, მაღალ დონეზე ვთამაშობდი და ერთი კატეგორიით მაღალ გუნდში ადაპტაციის გავლა არ გამიჭირდებოდა. მე ასე არ ვთვლიდი.
თავდაპირველად, კაპიტნის წოდებას დავემშვიდობე და მიჰყვა და მიჰყვა. პირველი სამი თვე ჩემოდნებზე ვიჯექი. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა დავძლიე სტრესი და არსებულ რეალობასთან დავიწყე შეგუება. სადებიუტო სეზონში ის ხალხი გავიცანი, რომელთა მხარდამხარაც დუბლებში გადასვლამდე ვბურთაობდი – ბერმუდო, იდალგო, პრატსი.
“ინფანტილ В”-ს მწვრთნელი მაშინ მანუელ ლობო გახლდათ, ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი იყო, მაგრამ ამასთანავე გამოცდილი და განსწავლული. ყოველთვის მოჰყავდა იმის მაგალითები თუ როგორი არ უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი.
თავის დროზე ლობო ძალიან ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა, მაგრამ ახალგაზრდული თავქარიანობის გამო, დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია. ბლაუგრანას მთავარ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოახერხა, ისიც გარკვეულ გარემოებათა წყალობით. საქმე იმაში გახლავთ, რომ 1984 წლის სექტემბერში პროფესიონალი ფეხბურთელები გაიფიცნენ და კლუბები იძულებულნი გახდნენ ჩემპიონატში სამოყვარულო შემადგენლობებით ეთამაშათ.
ლობოს ერთი შანსი მიეცა, რომელიც ვერ გამოიყენა. სპორტული ენით რომ ვთქვათ, იმ ტურში “ბარსელონამ” “სარაგოსას” მოუგო 4:0 და ლობომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, ისიც პენალტის ნიშნულიდან.
ლობო გვეუბნეოდა, მიბაძვის სუბიექტად ვერ გამოვდგები, რადგან თავაშვებული ცხოვრება ძალიან ადრე დავიწყეო: “ყველა ბიჭს უნდა გოგოებთან გართობა, მაგრამ არჩევანის გაკეთება უნდა შეგეძლოს. სწორი გზა უნდა აირჩიო და მშობლებს ყური უგდო”. მისი რჩევები დიდ აზრობრივ დატვირთვას ატარებდა და არა ბავშვებისთვის, არამედ უკვე ნახევრადპროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი.
ლობო ბევრს გვიყვებოდა საკუთარი ახალგაზრდული შეცდომების შესახებ, რათა მათი შემჩნევა და თავიდან აცილება გვესწავლა. ის დაჟინებით გვიმეორებდა: “ფეხბურთში უმაღლესი მწვერვალები რომ დაიპყროთ, ბევრი რამ უნდა დათმოთ და გოგონებთან ერთად დისკოტეკებზე სიარული დაივიწყოთ”. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ ის მართლაც დროსტარების მოყვარული იყო თავის დროზე. ლობოსთან ერთად პრაქტიკული ფეხბურთის კურსი გავიარეთ: ვის უნდა გაექცე და სად.
ამავდროულად, ვარჯიშები უბრალო და გასაგები იყო. სწორედ მასთან მუშაობისას გავეცანი კონცეპტუალურ საფეხბურთო ასპექტებს: ბურთის გადაადგილება, ფლანგებიდან ჩაწოდებები, პასის ხაზი, ის მუდამ მარტივად და გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს. ამ თვალსაზრისით, ის ყოველთვის მაგონებს ფურია როხას თავკაცს, ლუის არაგონესს.
ბლაუგრანაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ბოლომდე თუ გავიხსენებ, ასენსის, კრუიფის მასტერ-კლასისა და განსაკუთრებით ლობოს შემდეგ, ფილიპსის ტოსტერი მახსენდება, რომელიც “ბარსელონაში” აღებული პირველი ხელფასით ვუყიდე დედაჩემს. სინამდვილეში ეს მგზავრობისთვის განკუთვნილი ყოველთვიური თანხა იყო და 4000 პესეტას შეადგენდა. სწორედ ეს ფული მედო ჯიბეში დედისთვის სიურპრიზის გაკეთება რომ გადავწყვიტე.
ელექტროსაქონლის მაღაზიაში წავედით და ვუთხარი, 4000 პესეტას ფარგლებში რაც გინდა აირჩიე თქო. დედამ ფილიპსის მარკის ტოსტერზე შეაჩერა არჩევანი. იმდენად აღელვებული იყო, რომ მაღაზიიდან გამოსვლისას მის თვალებზე ცრემლები შევამჩნიე.
თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი საჩუქარი მაინც “სოსიოს” ბარათი იყო, ტრიბუნაზე დაბრონილი კონკრეტული ადგილით. ვიცოდი, რომ მოეწონებოდა, რადგან სულით-ხორცამდე კულე იყო. ის უკვე იყო “სოსიო”. ჩემამდე ოსკარმა აჩუქა ბარათი, მაგრამ სტადიონზე კონკრეტული ადგილი არ ჰქონია.
ალეხანდრო ეჩევერიას დაველაპარაკე, რომელსაც მეგობრებთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულების გამო ძალიან ვაფასებ. მან მითხრა, რომ ამ ბარათებით დედაჩემს ორი ადგილის დაკავება შეეძლო ტრიბუნაზე. დედასთვის ნახევარი მსოფლიო რომ დაედოთ წინ, მისთვის ესეც კი ვერ გადაფარავდა იმ ორი ბარათის ფასს!