მარკ კასადოსთვის სრულიად ნათელია, რომ “ბარსელონა” მასზე იმედებს არ ამყარებს და თუ “ბლაუგრანაში” დარჩება, სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ექნება. 2025-26 წლების სეზონში მას გუნდში ისედაც მცირე დატვირთვა ჰქონდა და მომდევნო სეზონშიც მსგავსი სურათია მოსალოდნელი. ნახევარმცველმა ეს კარგად იცის, რის გამოც კატალონიური კლუბის დასატოვებლად მზადაა. მის ირგვლივ არსებული ვითარებით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა. ერთ-ერთი ევროპული კლუბი, რომელიც ესპანელი ნახევარმცველით ინტერესდება, “მანჩესტერ იუნაიტედია”, თუმცა ინგლისელებს ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.
კასადო “წითელი ეშმაკების” რადარზე დიდი ხანია, იმყოფება. იანვარში, პრემიერ ლიგის კლუბმა 22 წლის ნახევარმცველის მდგომარეობა უკვე შეისწავლა, მაგრამ კონკრეტული არაფერი მომხდარა. იმ დროს არც თავად კატალონიელ ფეხბურთელს სურდა კლუბის დატოვება. ახლა კი, ისეთი სეზონის შემდეგ, სადაც ის უფრო მეტ სათამაშო წუთებს ელოდა (ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, აქედან 15 ძირითადში და 1 397 წუთი ითამაშა), ის მზადაა “სპოტიფაი კამპ ნოუდან” წასვლა განიხილოს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს იჯარა იქნება თუ სრულფასოვანი ტრანსფერი – ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის შეთავაზებები იქნება და რა მოთხოვნები ექნებათ დაინტერესებულ კლუბებს.
პრემიერ ლიგა და კონკრეტულად “მანჩესტერ იუნაიტედი” კასადოსთვის საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტია. თუმცა, ინგლისურ გუნდს ნახევარმცველის თაობაზე წინადადება ჯერ არ წარმოუდგენია. შეგახსენებთ, რომ მოთამაშეს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.
მენდეში და დეკუს გეგმები
“ბარსელონას” სპორტული დირექტორის მიზანია, რომ საყრდენის წასვლის საკითხი 30 ივნისამდე მოაგვაროს, რათა ფინანსური ანგარიშების დაბალანსება შეძლოს. თუმცა, დღეები გადის, მნიშვნელოვანი წინსვლა არ შეიმჩნევა და ოფიციალური წინადადებებიც არ ჩანს. ამიტომ, “ბარსელონას” ოფისში უკვე აცნობიერებენ, რომ ამ თვეში მისი ტრანსფერის დახურვა რთული იქნება. გარდა ამისა, ფეხბურთელი ამჟამად შვებულებაშია. მისი აგენტი ჟორჟე მენდეში გახლავთ (რომელიც ასევე ანსუ ფატის წარმოადგენს). პორტუგალიელი აგენტი უახლოეს დღეებში ბარსელონაში ჩასვლას და “მონაკოში” თავდამსხმელის ტრანსფერის დასრულებას გეგმავს. სწორედ ამ ვიზიტისას განიხილება მარკ კასადოს მომავალიც.
საუდის არაბეთის ვარიანტი
“მანჩესტერ იუნაიტედი” ერთადერთი გუნდი არაა, ვინც კატალონიელთა შუახაზელით დაინტერესდა. როგორც რამდენიმე დღის წინ გერმანულმა მედიამ დაწერა, ის “ბაიერ ლევერკუზენის” დღის წესრიგშიც არის. ასევე არის ინტერესი ლა ლიგის კლუბებიდან, მაგალითად, “ბეტისიდან”, თუმცა ყველაზე მყარი და სერიოზული გამოხმაურება საუდის არაბეთის გუნდებიდან მოდის. გასული სეზონიდან მოყოლებული, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე კლუბი მას ძალიან ახლოდან აკვირდება და ზოგიერთ მატჩს სტადიონიდანაც დაესწრნენ. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ბაზარი “ლა მასიას” აღზრდილისთვის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველია, რადგან კარიერის გაგრძელება უფრო ამბიციურ და კონკურენტულ ევროპულ ლიგებში ურჩევნია.
არ არის ჩვენი საშველი, და რაშფორდში გაცვლა არ მოსულა?