მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” შემადგენლობაში საკმაოდ დიდი ცვლილებები ამ ზაფხულს მაინც და მაინც არ იგეგმება, ალბათ თითოეულ თქვენთაგანს, ისევე როგორც მე ძალიან გაინტერესებთ როგორი შემადგენლობით იასპარეზებს “ბარსელონა” 2013/2014 წლების სეზონში. აღსანიშნავი ის ფაქტი გახლავთ, რომ კატალონიელებმა ერთი მეგა-ტრანსფერი უკვე განახორციელეს, ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის სახით, რომელიც რა საკვირველია დიდი ალბათობით დაიკავებს ძირითად შემადგენლობაში ადგილს.
ეჭვგარეშეა ის ფაქტიც, რომ ტიტოს ხელმძღვანელობით “ბარსელონა” კვლავ გააგრძელებს საკუთარი ტაქტიკით თამაშს, რომელიც 4-3-3 სქემა გახლავთ. ეს ბოლო წლების განმავლობაში უცვლელი ტაქტიკაა “ბარსელონაში”. მაგრამ საინტერესო ის გახლავთ, თუ ვინ უკეთ მოერგება ამ სათამაშო სქემას მომდევნო სეზონში. ესპანური გრანდის ხელმძღვანელები კვლავ გეგმავენ მინიმუმ ერთი ფეხბურთელის გუნდში მოყვანას. ამჟამად მათთვის პრიორიტეტული პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა გახლავთ, რომელიც მთავარი კანდიდატია დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად და რომლის ტრანსფერის შანსიც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში დღითიდღე იზრდება. ამჟამად წარმოგიდგენთ იმ თერთმეტეულის ფოტოს, რომლებიც სავარაუდოდ მუდმივად იასპარეზებენ ძირითად შემადგენლობაში. აქ ჩემს მიერ არის ჩამატებული ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა რომელიც ჯერ ჯერობით “ბარსელონაში” არ გადამობარგებულა, თუმცა ამის შანსი ძალიან დიდია. მისი ტრანსფერის კრახით დასრულების შემთხვევაში ამ პოზიციაზე ადგილს თავისუფლად დაიკავებენ კარლეს პუიოლი, ხავიერ მაშერანო, ალექს სონგი და მარკ ბარტრა. ასევე დაცვის ცენტრში თამაშს არ უჩივის, სერხიო ბუსკეტსიც.

ასევე კიდევ ერთი თერთმეტეულის ფოტო, რომელიც მომავალ სეზონში ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მსგავსი შემადგენლობის ხილვის შანსი მაინც არსებობს. აღნიშნულ სურათში კარგად შეამჩნევთ, რომ მარჯვენა მხარეს თავდასხმის ხაზში, სანჩესის ადგილს არგენტინელი თავდამსხმელი, კუნ აგუერო იკავებს, ხოლო ნახევარდაცვაში ინიესტასთან ტიაგო ალკანტარაა შეწყვილებული.

მორიგი შემადგენლობა კვლავ საკმაოდ რეალური გახლავთ, რომელიც უფრო მეტად საინტერესო იმით გახლავთ, რომ კატალონიელთა მოედნის წინა ხაზში, უეინ რუნი დგას, რომლის შეძენითაც დიდი ხანია უკვე ინტერესდება “ბარსელონა”. დაცვის ცენტრში კი “ჩელსის” ამჟამინდელი მცველი დავიდ ლუიზი დგას, რომლის მიმართაც ასევე იჩენს ინტერესს “ბარსელონა”. ხოლო გუნდის ვიცე-კაპიტანი, ჩავი ერნანდესი სესკ ფაბრეგასს ჰყავს ჩანაცვლებული.

კატალონიელთა მომდევნო შემადგენლობას, დაცვის ბრწყინვალე ცენტრი ამშვენებს, რომელიც ლუიზისა და სილვას სახით არის დაკომპლექტებული. ბრაზილიური დუეტის ხილვის შანსი საკმაოდ მცირეა, თუმცა არა არარეალური. ასევე შეტევაში ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი ამჟამად უკვე პედრო როდრიგესით არის ჩანაცვლებული.

მორიგ თერთმეტკაციანთა სიაში, ჩემს მიერ უკვე არაერთხელ ნახსენები, ტიაგო სილვაც იკავებს ადგილს, რომელიც ხერარდ პიკეს უწყვილდება დაცვის ცენტრში, ხოლო ვიქტორ ვალდესის ადგილს “გლადბახის” ამჟამინდელი მეკარე, ტერ შტეგენი იკავებს, რომლის შეძენითაც “ბარსელონა” სერიოზულად არის დაინტერესებული და დიდი შანსია იგი სულ მალე “კამპ ნოუზეც” ვიხილოთ.

“ბარსელონას” კიდევ ერთი, ოდნავ შეცვლილი შემადგენლობა, ლუიზის, შტეგენისა და ფაბრეგასის სახით არის. ჩემს მიერ უკვე ნახსენები ლუიზიც და შტეგენიც ისევ იკავებენ იმავე პოზიციებს, ხოლო განსვავებულ ამპულაში სესკ ფაბრეგასია, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე იმყოფება, ხოლო არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი რომელიც დიდი ხანია უკვე ამ პოზიციაზე ასპარეზობს, კვლავ უბრუნდება საკუთარ მარჯვენა ფლანგს.

ალბათ ასევე გიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ არ იმყოფებიან სხვა დანარჩენი ფეხბურთელები ამ თერთმეტკაციანთა სიაში. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს სტატია ლოგიკურად არის შექმნილი და არ შედიან ამ სიაში ის ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან დიდი ალბათობით არ იქნებიან ძირითად შემადგენლობაში. თუმცაღა ასევე მე სპეციალურად შევქმენი კიდევ ერთი თერთმეტეული, რომელიც სხვა დანარჩენი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და რომელიც ნაკლებად სავარაუდონი არიან სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ გამორიცხული მაინც უნდა ვთქვათ, რომ არაფერი არ არის.

გეტყვით, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს არ კარგავენ ამ შემთხვევაში მესი და ნეიმარი, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან თერთმეტკაციანთა სიაში, რაც რა საკვირველია ლოგიკურია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს შემადგენლობები გათვალისწინებულია იმისდა მიხედვით, თუ რომელი ფეხბურთელით არის “ბარსელონა” სერიოზულად დაინტერესებული და ასევე, რომელი ფეხბურთელის ხილვა სურთ კატალონიური კლუბის ქომაგებს “ბარსელონას” შემადგენლობაში, ამა თუ იმ პოზიციაზე.