workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ”კამპ ნოუ”

ბარსელონა ”კამპ ნოუ”

”საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,” – ზუსტად 50 წელიწადია მანელ ვიჩი ასე ხვდება ”კამპ ნოუზე” მისულ ”ბარსელონას” გულშემატკვირებს.

აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა ის სტადიონის დიქტორია და ამ შესანიშნავ სარბიელზე არაერთი დიდებული მოთამაშე უნახავს: ”მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ”ბარსელონას” არასდროს აკლდა და მათი თამაშით კვირიდან კვირამდე ტკბებოდი. მეტოქეებიც ისეთი გვყავდა, ვარსკვლავების ნაკლებობას არ განიცდიდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალფრედო დი სტეფანომ და პელემ მოახდინეს.”

ალფრედი დი სტეფაბი ”ბარსელონას” სარბიელს მადრიდის ”რეალის” შემადგენლობაში ხშირად სტუმრობდა, ფეხბურთის მეფემ კი ამ ბრწყინვალე სტადიონზე ერთადერთხეხლ, 1959 წლის 28 ივნისს ითამაშა: ევროპულ ტურნეში მყოფი ”სანტოსი” კატალონიის დედაქალაქს ესტუმრა და მასპინძლებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა – 5:1…

”კამპ ნოუ”, ”ბარსელონას” ლეგენდარული სტადიონი 1957 წლის 24 სექტემბერს, სამწლიანი მშენებლობის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა და მას შემდეგ არაერთ შესანიშნავ მოთამაშეს და დაუვიწყარ მატჩს უმასპინძლა. იმ დღეს კატალონიის სიამაყის მეტოქე პოლონეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი ”ლეგია” იყო.

”ბარსელონამ” 4:2 გაიმარჯვა, ”კამპ ნოუზე” პირველი გოლი კი ეულოხიო მარტინესმა გაიტანა მე-11 წუთზე. მას შემდეგ ”ბარსელონას” გულშემატკივრებმა კიდევ მრავალჯერ გაიხარეს…

ახალ სტადიონზე გადასვლამდე ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა რამდენიმე სარბიელი გამოიცვალა:

1899 წლის 8 დეკემბერს ”ბარსელონამ” ისტორიაში პირველი მატჩი ”ველოდრომო დელა ბონანოვაზე” ჩაატარა. მომდევნო წელს კატალონიელებმა ”ესტადიო კასანოვაზე” გადაინაცვლეს, ხოლო 1901-1905 წლებში მეტოქეებს ”ესტადიო დელს ორტაზე” მასპინძლობდნენ. 1905-1909 წლებში ”ბარსელონას” ოფიციალური სადიონი ”კამპო დე მუნტანერი” იყო. რის შემდეგაც პირველად ისტორიაში, კლუბი საკუთარ სარბიელზე – ”ესტადიო დელა ინდუსტრიაზე” გადავიდა. ამ სტადიონმა ”ბარსელონას” პირველ მატჩს 1909 წლის 14 მარტს უმასპინძლა.

1922 წლიდან ”კამპ ნოუს” აგებამდე, ანუ 1957 წლამდე, ”ბარსელონა” 25 ათასიან ”ესტადიო დე ლეს კორტსზე” თამაშობდა, რომლის ტევადობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ახალი სარბიელის დაბადებამდე ამ მაჩვენებელმა 60 ათასს მიაღწია.

1954 წლის 28 მარტს, ”კამპ ნოუს” საძირკველში პირველი ქვა ჩაიდო – ცერემონიალს 60 ატასი კატალონიელი დაესწრო. არქიტექტორები ფრანსესკ მიტხანს მირო, ლორენსო გარსია ბარბონი და ხოსეპ სოდერას მაური ქომაგებს დაპირდნენ, რომ სამ წელიწადში მათ საყვარელ გუნდს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი ექნებოდა და 1957 წლის შემოდგომით სიტყვა საქმედ აქციეს. როგორც ”ბარსელონას” საკლუბო ენციკლოპედია გვამცნობს, სტადიონის ასაგებად კლუბმა 288 მილიონის პესეტა, ანუ 925 ათასი გირვანქა დახარჯა. 50 – იანი წლების მიწურულს ეს ძალიან დიდი თანხა იყო.

”კამპ ნოუ” – ეს სახელწოდება სტადიონს ოფიციალურად მხოლოდ 200-2001 წლების სეზონის დაწყებამდე მიენიჭა, მანამდე კი ”ესტადი დელ ბარსელონა” ანუ ”ბარსელონას” სტადიონი ერქვა. იმ ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” წევრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა და უმრავლესობამ სტადიონისთვის სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა. ასე იქცა ”ესტადი დელ ბარსელონა” ”კამპ ნოუდ”.

”ლეგიასთან” პირველ მატჩს 90 ატასი გულშემატკივარი დაესწრო, 70-იანი წლებიდან კი ”ბარსელონას” საშინაო მატჩებზე სტადიონი 120 ათასამდე ქომაგს იტევდა: რამდენიმე ტრიბუნა მხოლოდ ფეხზე მდგომი მაყურებლებისთვის იყო განკუთვნილი და შესაბამისად, ქომაგთა რაოდენობაც იზრდებოდა.

90-იანი წლების მიწურულს, რეკონსტრუქცია დაიწყო, ყველა ტრიბუნაზე ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა და დღეს ”კამპ ნოუ” ოფიციალურად 98.772 მაყურებელს იტევს და აქედან 2.9000 ადგილი VIP ლოჟას ეკუთვნის. 1999 წელს უეფა-მ სტადიონს 5 ვარსკვლავი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ სარბიელი უმაღლესი დონისააა და ძალუძს პირველი რანგის შეხვედრებს უმასპინძლოს.

”კამპ ნოუ” მთავარი სარბიელის გარდა ”მინი ესტადის” აერთიანებს, რომელიც 16 ათასს მაყურებელს იტევს და სადაც ” ბარსელონას” მერე შემადგენლობა თამაშობს.

სტადიონზევეა საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” მუზეუმი – ”ელ მუზეუ დელ ბარსა”, რომელიც ესპანეთში მეხუთე ადგილზეა ტურისტების სტუმრიანობის თვალსაზრისით. მუზეუმს, რომელიც ”ბარსელონას” ისტორიის ამსახველ 1.420 ექსპონატს, მათ შორის 420 თასს ითვლის, ყოველწლიურად მილიონ 200 ათასი დამვალიერებელი სტუმრობს. ”ელ მუზეუ დელ ბარსა”, კლუბის მაშინდელი პრეზიდენტის ხოსეპ ლუის ნუნიესის ინიციატივით, 1984 წელს გაიხსნა.

ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთმა შესანიშნავმა არქიტექტურულმა ძეგლმა არაერთ დაუვიწყარ მატჩს უმასპინძლა, მათ შორის ევროპის საკლუბო ტურნირების რამდენიმე ფინალს.

1964 წელს, აქ გაიმართა ბაზრობათა ტასის გათამაშების გადამწყვეტი მატჩი ”სარაგოსას” და ”ვალენსიას” შორის.

1972 წელს, შოტლანდიის ”გლაზგო რეინჯერსმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, მოსკოვის ”დინამოს” სძლია.

1982 წელს, ”ბარსელონამ” მშობლიურ სარბიელზე მეორედ აღმართა ტასების მფლობელთა თასი – ფინალში ლიეჟის ”სტანდარტს” 2:1 მოუგო, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში თბილისის ”დინამო” შეაცერა. იმავე წლის 13 ივნისს, ”ბარსას” არენაზე ბელგია-არგენტინის თამაშით მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა.

1989 წელს, ჩემპიონთა თასის გათამაშების გადამწყვეტ მატჩში, ”მილანმა” 4:0 გაანადგურა ”სტიაუა”.

1992 წელს, ოლიმპიური თამაშების ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ოქროს მედლები პოლონელებს არ დაანება (3:2).

1999 წელს კი, ”კამპ ნოუმ” ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მატჩს უმასპინძლა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინგლისის ”მანჩესტერ იუნაიტედმა” და მიუნხენის ”ბაიერნს” 2:1 სძლია. მსაჯის მიერ დამატებულ დრომდე გერმანელები 1:0 იგებდნენ, თუმცა ჯერ ტედი შერინგემმა, შემდეგ კი ოლე გუნარ სოსლკიაერმა ორჯერ შეარხიეს ოლივერ კანის კარის ბადე და…

ფეხბურთი ფეხბურთად, მაგრამ დიდის სტადიონები ხშირად ქცეულან არა მარტო სპორტულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენების მასპინძლად და ამ მხრივ გამონაკლისი არც ”კამპ ნოუა”.
სხვადასხვა დროს ”ბარსელონას’ სტადიონმა უმასპინძლა ისეთი ცნობილი ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტებს, როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი, ბრიუს სპრინგსტინი, ხულიო იგლესიასი, ხოსე კარერასი, U2, PINK FLOYD, ტრეისი ჩემპენი, პიტერ გებრიელი, სტინგი, სამი ტენორი (ლუჩანო პავაროტი, ხოსე კარერასი, პლასიდო დომინგო) და ა.შ.

1982 წლის 17 ნოემბერს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, აწ განსვენებულმა რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ ამ სტადიონზე ჩაატარა მესა, რომელსაც 120 ატასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

2007 წლის 22 სექტემბერს ”ბარსელონა” – ”სევილისის” მატჩის წინ, ”კამპ ნოუს” ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღინიშნა. ფრანკ რაიკაარდის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის წინ გამართულ საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდაცნობილი ინგლისელი არქიტექტორი სერ ნორმან ფოსტერი, რომლის კომპანიამ ” კამპ ნოუს” სარეკონტრუქციო სამუშაოები უნდა განახარციელოს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბარსელონას სარბიელს რეკონსტრუქცია 2009-2012 წელებში მოხდება. ტრიბუნები მთლიანად გადაიხურება, სტადიონის ტევადობა კი 104 ათასამდე გაიზრდება. წინასწარი გათვლით, მთლიანი პროექტი 290 მილიონი ევრო ღირს.

”ჩვენი კლუბი საუკეთესოა მსოფლიოში და უმაღლესი დონის სტადიონს იმსახურებს. მჯერა, 5 წელიწადში ”ბარსელონას” მსოფლიოში საუკეთესო სარბიელი ექნება!” – ბარსელონას აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ხოან ლაპორტა.

”ახლა მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხარათ: ახალი სტადიონი არა მარტო ქალაქს, მთლიანად ესპანეთს დაამშვენებს. აიგება სარბიელი, რომელიც არქიტექტურული ნოვაციებით იქნება სავსე. ჩვენ ანტონიო გაუდიმ შთაგვაგონა!” – სერ ნორმან ფოსტერი.

წყარო: fc.barcelona.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward