დიდი ნაბიჯი გადაიდგა ჩემპიონობისკენ. წინ რვა ტურია და ბარსას შეუძლია ხუთ ტურში ოფიციალურად გაჩემპიონდეს. მანამდე ქულები არ უნდა დაკარგოს და მერე “რეალ მადრიდი” უნდა დაამარცხოს სახლში. ეს უკვე საკმარისია ჩემპიონობისთვის. ფლიკის დუბლისთვის, მისმა გუნდმა ამ ორ სეზონში უკვე სამასი გოლი შეაგდო. ფლიკის ბარსა უკვე ისტორიის ნაწილია. გაიხსენებენ როდის დაიწყო “ბარსელონას” გამოღვიძება დიდი ჩავარდნის შემდეგ და ნიშნული ჰანსი ფლიკის მოსვლა იქნება.
უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს ბარსა და “ატლეტიკო”. ორი მატჩიც წინ არის. ორი მთავარი მატჩი. გზა ლიგის ნახევარფინალისკენ. ის სულ სხვა მატჩები იქნება. ომი იქნება მოედანზე და სწორედ ამ დროს არ გვეყოლება მთავარი მებრძოლი, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი – რაფინია. ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ გუშინ გვაჩვენა ბარსამ რომ მის გარეშეც შეუძლიათ “ატლეტიკოს” დამარცხება.
აბა ვნახოთ რა იქნება.
მოთხოვნა გათვალისწინებულია
თასის ნახევარფინალში “ატლეტიკომ” ბარსას გადაუარა, მეტწილად მაღლა ამოწეული დაცვის ხაზის გამო, ყველა გადაგდებული ბურთი საფრთხე იყო ბარსას კართან, ახლა კი ფლიკმა ფეხბურთელებისა და კრიტიკოსების მოთხოვნა გაითვალისწინა და დაცვის ხაზი საშუალო ზონამდე ამოწია. “ატლეტიკოს” მაინც დარჩა სივრცე მცველებს ზურგსუკან, გოლიც ხომ სწორედ ასე შეაგდეს?! სიმეონეს ღვთაებრივი პირველი შეხება ჰქონდა, ბურთი ისე გაიჩერა რომ გოლი გარდაუვალი გახდა. მაინც მოძებნეს “ათლეტებმა” სივრცე მეკარესა და ცენტრალურ მცველებს შორის, მაგრამ, დისტანცია მაინც მაქსიმალურად იყო შემცირებული, ეს ფლიკის მაქსიმუმია, ამაზე მეტად ეგ აღარ გამოვა, ეს უკვე იყო დათმობაზე წასვლა და ჩემპიონთა ლიგაზეც სავარაუდოდ ასეთი სურათი გვექნება.
დიდად სწრაფი კი ვერ არის ვერც კუბარსი და ვერც ჟერარ მარტინი. არაუხოს ნდობა არ შეიძლება, კანსელუ კი გადასარევ ფორმაშია, მაგრამ სისწრაფე მასაც დაკარგული აქვს. ამიტომ, მთავარი საფრთხე ისევ ეს გადაკიდებული ბურთები იქნება მცველებს ზურგსუკან.
შემადგენლობაც საინტერესო იყო:
არაუხო მარჯვენა მცველად – იმიტომ, რომ კუნდე მხოლოდ ახლა დაბრუნდა;
ერიკ გარსია საყრდენად – იმიტომ, რომ დე იონგს ისევ ტრავმა აქვს;
რაშფორდი გარემარბად – იმიტომ, რომ რაფინია დავკარგეთ;
ოლმო ცრუ ცხრიანზე – იმიტომ, რომ ლევანდოვსკის ლიგისთვის ინახავს, ფერანის იმედი კი მამამისსაც აღარ აქვს;
ასეა თუ ისე, გაამართლა. მარკუსი ძალიან აქტიური იყო, მაგრამ სწორი გაგრძელების პოვნა უჭირდა, ხშირად კარგავს ხოლმე ბურთს, ტაიმის ბოლოს შეძლო სწორი პასის გაკეთება და დაუბრუნდა კიდეც ერთი-ერთზე. ასე გათანაბრდა ანგარიში. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად დაარტყა, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო.
ტაიმის ბოლოს კი იამალი გაიქცა და გონსალესი გავიდა, თამაშიდან გავიდა. ვეღარ გაუძლო, ვეღარ გაქაჩა და გააწითლეს. აბა კარგად ჯიგარო!
ვერშემდგარი შედევრები
ლამინეს ჰქონდა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი, ბრწყინავდა კანსელუც, კარგი იყო პედრიც, მაგრამ ლამინემ საერთოდ სხვა დონეზე ითამაშა. თავიდანვე თუ წაუვიდა თამაში მერე ბოლომდე ერთობა და ახლაც ასე იყო, მისი ყველა შეხება ბურთთან ზეიმის საბაბი ხდებოდა, დააბრუნა რონალდინიოს ეფექტი “ბარსელონაში”. სამწუხაროდ შედევრები ვერ ვნახეთ, ცოტა აკლდებოდა, მაგალითად, მცველს შეურაცხყოფა მიაყენა ფლანგზე და მერე თავისი საფირმო ეფეთი ერთი-ერთზე გაიყვანა ფერმინი, რომელმაც ვერ შეირგო ეს პასი, ვერ დადგა მყარად ფეხზე და დარტყმაც აღარ გამოუვიდა. არადა… ზღაპარი იქნებოდა ამის შეგდება.
იყო იდეალური “მესამეზე პასი”, რომლის მერე იამალი ერთი-ერთზე დარჩა და თავზეც თითქოს იდეალურად გადაუგდო მეკარეს, მაგრამ ძელს მოხვდა ბურთი. ძალიან ლამაზი იქნებოდა კარის ბადეში, მაგრამ არ გამოვიდა. მერე იყო და ოთხი მცველი მიაწყო ერთმანეთს, აქ უფრო ნეიმარს ჰგავდა, ისედაც ხომ ყველა მოძრაობით ჰგავს, ფაქტობრივად ცაცია ნეიმარია. სამწუხაროდ არც ეს მომენტი დასრულდა გოლით, ესეც შედევრი იქნებოდა.
ულამაზესი იყო ოლმოსა და ფერანის კომბინაციაც, ძალიან სწრაფი, სწორი, იდეალური, ჰგავდა მესისა და ალვეშის თავბრუდამხვევ რეიდს, არც ეს გავიდა, ფერანი ურტყამდა და მეკარემ აჯობა. ესე იგი, ბარსას უამრავი მომენტი ჰქონდა, ძალიან ლამაზი და კარგი მომენტი, იმსახურებდა მოგებას და მოიგო კიდეც, სათქმელი კი ის არის, რომ გოლები რთულად გადის, იმიტომ, რომ კარგი შემდგები არც ფერანია და არც რაშფორდი, (მიუხედავად იმისა, რომ შეაგდო) და არც იამალია გოლეადორი. ლევანდოვსკი კიდევ დაგვიბერდა. ასე რომ, რთული იქნება ლიგაზე ბარიერების გადალახვა, რთული, მაგრამ შესაძლებელი.
გამარჯვების გოლი პოლონელმა შეაგდო, რა თქმა უნდა, ეს რეაქცია იყო, უბრალოდ არ მოხვედრია ბურთი. კანსელუმ “ატლეტიკოს” მცველი ისე აწვალა ფლანგზე ამის შემხედვარე ტრიბუნა დაცარიელდა, ხალხს გული შეუწუხდა, ცოტაც რომ გაგრძელებულიყო მიწაზე ფორთხიალი თეთრ ნაჭერსაც გადმოაგდებდნენ მოედანზე, მაგრამ სწრაფად მოხდა ყველაფერი, მიაგდო მცველი საჯარიმოში და კარშიც დაარტყა, ის ხომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს, მეკარემ წინ მოიგერია და წინ ყოველთვის ლევანდოვსკია. ეგეც მეორე. ბარსამ მოიგო. დიდი ალბათობით ჩემპიონობაც მოიგო.
იყო თუ არა წითელი?
ჩემი აზრით იყო. მარტინი უნდა გაეგდოთ. გასაგებია, რომ ჯერ ბურთზე ითამაშა და ჩათვალეს, რომ უბრალოდ თავი ვეღარ შეიმაგრა, მაგრამ ჩემთვის ეგ წითელი ბარათია.
წინ რა გველის?
წინ გველის “კამპ ნოუ” და ისევ “ატლეტიკო”. საჭირო იქნება დიდი ანგარიშით მოგება.
მივესალმები მაგ ლოგიკასაც, უბრალოდ ბარსას პერსპექტივიდან რომ ვუყურებ ტალანტებს შორის მიქაუტაძე ალბათ ყველაზე ახლო სტრაიკერია ჩვენს სტილთან და სხვა მეტი ესეთი არ მახსენდება, თუმცა თუ არის მსგავსი სტილის, ნიჭიერი, სადღაც 20-21 წლის ბიჭი ბაზარზე, მაქს 25 მილიონად მაშინ მიქაუტაძის გაფუჭებას მეც მირჩევნია რომ სხვა ბიჭი მოვიყვანოთ.
იდეაში ეს ფისნიკიც მომეწონა, რეალურად ინტერესდებიან და მაგისმა აგენტმაც დაადასტურა, უბრალოდ ეგ ჰალანდის მსგავსი აღნაგობისა და სტილის ფეხბურთელია და მე პირადად ბარსასთვის მიქაუტაძე-ალვარესის სტილის რომ მომწონს ამიტომ მაინც მიქაუტაძისკენ გადავიხარე, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ამ ფისნიკმა უფრო გაამართლოს. ფიზიკურად დიდი ხოა, თან ძალიან კარგი ხედვა აქვს, ღორი არაა, პოზიციას სწორად არჩევს და მაგის გამო ბევრი ტაპინი გააქვს, შორიდანაც უბრახუნებს ხოლმე და რავი.. ტალანტი აქვს აშკარად, უბრალოდ გააჩნია რა დაჯდება.. თუკი 25ში გამოგვატანენ, იდეალური იქნება.
გაიხარე მეგობარო, საღად აზროვნებ და კარგი ხედვა გაქვს ფეხბურთის! სამწუხაროდ ფისნიკის თამაშები არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი რამდენად პრესპექტიულია, ჰაილაითებში თითქმის ყველა მაგარია და ვერ განვსაზღვრავ, ბევრს მოსწონს და იმედია კარგი არჩევანი იქნება