კარგი იქნებოდა პარიზელებთან მატჩის მერე პირდაპირ სანაკრებო პაუზაზე გასვლა. იმ შეხვედრის მერე “ბარსა” ცუდ ხასიათზე დადგა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრად შესუსტებული გუნდისგან დაიჩაგრა, მერე კიდევ ისევ ტრავმა მიიღო ლამინე იამალმა. გვეგონა რომ იამალის შემთხვევაში ავცდებოდით ამას, გვეგონა, რომ გადავურჩებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერა, ყველაფერს თავისი წესი და კანონი აქვს. ეგ გზა პედრიმ უკვე გაიარა, გადაიტანა, გადარჩა და გაძლიერდა. მაგ გზას ჯერ კიდევ გადის გავი, ვერ ვიტყვით, რომ კარგად გადის და ძლიერდება, მაგრამ თითქოს კანონზომიერებაა, ასეთ მცირე ასაკში რომ ასეთ დონეზე თამაშს იწყებ სხვაგვარად არ გამოდის.
ვიტოვებთ იმედს, რომ “მადრიდთან” იქნება. თან რომელი დისციპლინის მოყვარული იამალი გვყავს, თავადვე რომ შეძლოს თავისი თავის მწყობრში მოყვანა, სწორი ვარჯიში და კარგი დასვენება. არადა, ჩვენი დროის უდიდესი ტალანტია, მისი ნახევარიც კი არავინ გამოჩენილა ბოლო წლებში.
ახლა კიდევ “სევილია”. რაც არ უნდა ცუდ დღეში იყოს ეს გუნდი, მათთან გასვლაზე თამაში დიდი თავის ტკივილია. სანამ მესი იყო არ გვეშინოდა, “ატლეტიკოსთან” და “მადრიდთან” ერთად, მესის საყვარელი კლუბი იყო, აწვალებდა სახლშიც და გასვლაზეც, მესის გარეშე კიდევ “სევილია” მაგარი უხერხული გუნდია. თუნდაც, ბებერი სანჩესით.
წაგებული ტაიმი
“ბარსა” ტრავმირებულებს ვერ ცვლის. აბა როგორია, სამი მეკარე გყავს და ორი მთავარი მეკარე დამტვრეულია. მესამე კი ვეტერანი შესნია, რომელიც წინა სეზონშიც გამოადგა გუნდს და ახლაც გამოიჩენს ხოლმე თავს, მაგრამ თუ უთამაშებელია მერე უჭირს ფორმაში შესვლა. აბა გაიხსენეთ წინა სეზონში რამდენი დრო დასჭირდა სანამ მაღალ დონეზე თამაშს დაიწყებდა. არ იყო ფერმინი, რაფინია და იამალი. ეს უკვე შეტევისთვის არის ძალიან დიდი ძალა. ფაქტობრივად, გადამწყვეტი ძალა. რა თქმა უნდა, მათ გარეშე “ბარსა” ძალიან დასუსტდა.
თუმცა, ყველაზე მეტად ის კაცი გვაკლია, რომელიც ვეღარ დაბრუნდება – ინიგო მარტინესი. უკვე ვიცით, რომ ვერავინ შეცვალა და ვერც შეცვლის. კუბარსი მარცხენა ცენტრალურ მცველად ვერ არის ისეთი კარგი, არაუხო კიდევ.. ეჰ, არაუხო.. მეათე წუთზე თავის საჯარიმოში ჯერ კისერში წაავლო ხელი სევილიელს, მერე კიდევ ფეხიც გამოსდო უხერხულად. უტვინოდ ითამაშა, რაც ხშირად სჩვევია ხოლმე. პენალტი ალექსის სანჩესმა გაიტანა და ემოციურად აღნიშნა. ის ხომ დაბოღმილია “ბარსაზე”, მიაჩნდა, რომ შანსი არ მისცეს, მიაჩნდა, რომ მესისთან და ნეიმართან მასაც შეეძლო ლეგენდარული სამხრეთ ამერიკული ტრიოს შექმნა, მაიცა რა ალექსის.. შენი ჭირიმე..
სხვა რა უნდოდა “სევილიას”?! სწრაფი გოლი შეაგდეს, ჩადგნენ დაცვაში, კარგადაც გამაგრდნენ და კონტრშეტევებზე დაიწყეს თამაში, სადღაც რაღაც გააფუჭეს, სადღაც რაღაცას ხელიც გამოკრეს, ჰოდა, ტამის მეორე ნახევარში მეორე გოლიც შეაგდეს, ისეთი კონტრშეტევა იყო თითქოს “ბარსას” დაცვა საერთოდ არ ჰყოლია. ეს საშიში არ არის, ფლიკის გუნდისთვის არა. რამდენჯერ ყოფილა “ბარსა” აგებდა და მოუგია, ფლიკის “ბარსას” ნებისმიერი მატჩის მოტრიალება შეუძლია. ჰოდა, ტაიმის ბოლოსკენ ეს იმედი კიდევ ერთხელ გაგვიცოცხლდა, პედრის გადასარევი პასის მერე რაშფორდმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, ლამაზი გოლი შეაგდო, მიწაზე დაუშვებლად დასცხო ბურთს და ანგარიში შეამცირა. რაშფორდი კიდევ უღიმღამო “ბარსაში” ლამის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
აბა რას აკეთებთ?!
დაიქოქა ფლიკის გუნდი და მეორე ტაიმი როგორც მოსალოდნელი იყო გაცილებით უკეთესად დაიწყეს, ცოცხლად და აგრესიულად. არაუხოს ნაცვლად გარსია შემოვიდა, მარტინის ნაცვლად ახლადგამოჯანმრთელებული ბალდე. ორივე ცვლილებამ გაამართლა დასაწყისში, განსაკუთრებით ბალდეს აქტიურობამ, რაშფორდს მაგრად წაეხმარა და ისე გაამწვავეს თამაში რომ მალე პენალტიც მოიპოვეს. ბალდე წააქციეს. ფლიკი კიდევ ერთ მატჩს ატრიალებდა, მაგრამ ვერ მოხდა ეგ ამბავი, ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გაიტანა, წახტა დარტმის წინ ჩვეულად, მაგრამ ვერც მეკარე მოატყუა და ვერც კარში მოარტყა. 2019-შიც ვერ გაუტანა პენალტი ოდისეასს, მაგრამ მაშინ ჰეთთრიქი შეასრულა. ახლა კი უგოლოდ დარჩა. უხერხულია ამის გამო ბებერი ვეძახოთ, ეს ხომ პენალტია?! ადრეც გაუფუჭებია.
ეს წახტომები კიდევ არ მომწონს, სულ მგონია, რომ გააფუჭებს, თან ისეთ ასაკშია, ამ ასაკის კაცი რომ ახტება, შეიძლება ვეღარც ჩამოხტეს.
თითქოს აქ გაწყდა, აქ უნდა შეცვლილიყო ყველაფერი და არ შეიცვალა, მაგრამ “ბარსა” მაინც უტევდა და გულწრფელად მეგონა, რომ მოატრიალებდა მაინც ამ შეხვედრას. რუნი გამოვიდა, თითქოს კარგად ითამაშა, საწყის ეტაპებზე კარგად, მაგრამ ისე ამთავრებდა მომენტებს, რომ ცუდი მოგონებები უფრო შემოგვრჩა. ორიდან ერთი აუცილებლად უნდა გაეტანა. განსაკუთრებით ის გიჟური მომენტი, როცა ლევანდოვსკიმ ქუსლით ულამაზესი პასი გააკეთა, ან ფინტი გააკეთა და მერე რუნიმ ჩაავლო ამ ბურთს, მცველებისგან მესის სტილში გათავისუფლდა და მესივით აპირებდა დასრულებას, მაგრამ გაგვახსენა რომ ეს მესი არ არის, ეს რუნია, თან უეინ რუნი არა, ეს ბადრიჯან რუნია, ბარდგჯი, ბარდაგჯი, როგორც არის, აშკარად ნიჭიერი ბიჭია და მომწონს მისი თამაში, მაგრამ ასეთ მომენტებს უნდა იყენებდეს, აბა, რა უნდა “ბარსელონაში”?!
მეორე მომენტიც გააფუჭა, ასევე კარგი კომბინაციის მერე, მეკარემ აჯობა, ისევ, წამოვიდა კონტრშეტევა და “სევილიამ” მესამე შეაგდო. შესნიმ ნახტომის დროს ერთი ზედმეტი ნაბიჯი გააკეთა, ვეღარ გადაეწყო და ცოტა სულელური გოლი გაუშვა. დაბერდნენ პოლონელები.
მერე მეოთხეც გავიდა..
როგორც წესი, ფლიკი იგებს ხოლმე ასეთ თამაშებს. დიდი ანგარიშით, რიცხვები რომ გატყუებს, რეალობას რომ არ ასახავს. ახლა პირიქით მოხდა. მატჩის მერე საბრძოლოდ იყო განწყობილი, ეს მხოლოდ გაგვაძლიერებსო, ამბობდა. ეგრე იყოს. გაგვაძლიეროს. ოღონდ, თავს მიხედეთ, თორე, სათითაოდ გვაკლდება ყველა, სტადიონი კიდე ისედაც არა გვაქვს.
აბა, გავედით პაუზაზე.
პენალტის დარტყმა არაა ლევანას საქმე თავისი იფიოტური გამორბენით.
ნეტავ ფლიკი კიდევ ფიქრობს რო არაუხო საჭირო ფეხბურთელია?
ერიკ გარსია, კუბარსი, კუნდე და ბალდე არიან დღეს ბარსას საუკეთესო ოთხი მცველი. ეს ლიგის მომგები გუნდის დაცვას ჰგავს?
ჩავარდნა გვაქვს