workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცხოვრება სიზმარში – ავტორი რონალდო

ცხოვრება სიზმარში – ავტორი რონალდო

განვაგრძობთ რუბრიკას სადაც “ბარსას” ვეტერანი ვარსკვლავები პირველ პირში გვიყვებიან თავიანთ ამბებს. ამჯერად რონალდოს მოვუსმენთ. მხოლოდ ერთი წელი ითამაშა “ბარსელონაში”, მაგრამ ხალხს ისე შეაყვარა თავი, რომ მისთვის “კამპ ნოუზე” არასდროს დაუსტვენიათ. 

აბა, ვნახოთ რას გვიყვება: 

“როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ პირველი რაც თავში მომდის ფერებია – ლურჯი, მწვანე და ყვითელი. ყველაზე ნათელი ფერები, რომლის წარმოდგენაც შესაძლებელია. ბრაზილიაში ასეთი ტრადიცია გვაქვს, ყოველ ოთხ წელში სანამ მუნდიალი დაიწყება საკუთარი ქუჩების მოხატვას ვიწყებთ, შეჯიბრია ფაქტობრივარ, ვეჯიბრებით ვის უფრო ლამაზი მურალი გამოუვა, მეც ასე მოვხატე ჩემი ქუჩები 1982 წლის მუნდიალის წინ, ყველა მაცხოვრებელი იღებდა მონაწილეობას და მურალებიც ყველგან იყო – ჩიტები, ბრაზილიის დროშები, და რა თქმა უნდა, ნაკრების ფეხბურთელები. 

ხატვის მერე ბატონ რენატოსთან გავრბოდით, ნებას გვრთავდა ფეხბურთისთვის მასთან გვეყურებინა, მე მგონი, თავადაც მოსწონდა მისი სახლი რომ ხალხით ივსებოდა, არ ჰგავდა სხვებს, ჯუჯღუნა მეზობლებიც იყვნენ ჩვენს უბანში, რენატოზე ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის შემორჩა მეხსიერებას, რომ ის უკვე დიდი იყო, მე კი ძალიან პატარა. მფრინავი იყო, მე მგონი.. ასე მახსოვს.. ჩიფსებს და ლიმონათს ყიდულობდა ჩვენთვის, ეს კიდევ დღესასწაულის ტოლფასი იყო – კარტოფილის ჩიფსები, ლიმონათი და ფეხბურთი. სამოთხეა ჩემი უბნის ბავშვებისთვის. სწორედ ამ დროს ყველას ერთი აზრი გვიტრიალებდა თავში – იქნებ მოვიდეს დრო და ჩვენც გავხდეთ ფეხბურთელები? იქნებ ჩვენც ვითამაშოთ ნაკრებში. 

ბენტო რიბეიროზე გავიზარდე, რიოს გარეუბანში. აქ საშუალო კლასის ოჯახები ცხოვრობდნენ, უბანში ბარაკებს ვერ ნახავდით, რასაც ტელევიზორში ხშირად აჩვენებენ ხოლმე, არა, ჩვენ ასეთ ადგილზე არ ვცხოვრობდით, აქ უბრალო სახლები იყო, ჩვეულებრივი, არც მდიდრული, არც ღარიბული. ფეხბურთზე ყველა გიჟდებოდა, დღე არ გავიდოდა ფეხბურთის თამაშის გარეშე. 

სიმართლე გითხრათ, ხუთი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთის თამაში მინდოდა, უცნაურია, არა? ეს ბავშვური განცდა არ ყოფილა, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ წინ მხოლოდ ფეხბურთი მელოდა. არ ჰგავდა ეს ოცნებას, არც მიზანს, ეს უბრალოდ ჩემში იყო და ვგრძნობდი. არ ვიცოდი ფეხბურთი სად წამიყვანდა, ბავშვობაში ეზოს არ გავცილებივარ და კედლებიდან ზიკო გვიყურებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა სწრაფად გავიდოდა დრო, რა სწრაფად იქცეოდა ეს სიზმარივით განცდა რეალობად. ალბათ ამით განვსხვავდებოდი სხვებისგან, ყველას სურდა ფეხბურთელობა, ყველა ოცნებობდა ამაზე, მაგრამ მე არათუ მჯეროდა, არამედ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი ბედისწერა. ახლა მეცინება ამაზე ფიქრისას, რადგან არ ვიცი ეს განცდა სად ავიკიდე, ან როდის გავიფიქრე პირველად. 

ალბათ, როცა პირველად შევეხე ბურთს. 

აი, “ფლამენგოს” პირველი მატჩი არ მახსოვს, უცნაურია, მაგრამ ასეა, წავედით მე და მამა “მარაკანაზე” და არაფერი მახსოვს, სამაგიეროდ მახსოვს პირველი ზედმეტსახელი, ჩემ უფროს ძმებს გოლს გავუტანდი თუ არა, მაშინვე ყვიროდნენ – დადადოოო!!! პატარა რომ ვიყავი ჩემს სახელს ვერ წარმოვთქვამდი, დადადოს ვამბობდი, ჰოდა, ასე.. შემრჩა, დადადო. მთელი დღე ბურთს ვთამაშობდი, ვურტყამდი მარჯვენას, მარცხენას, მარჯვენას.. დიდი სახლი არ გვქონია, როგორც წესი, სავარძელზე მეძინა ხოლმე, მაგრამ ეზო დიდი იყო და სხვა რა მინდოდა?! საკმარისზე დიდი სივრცეც კი მქონდა ფეხბურთის სათამაშოდ, თანაც, ეზოში მანგოს ხეები იყო და დრიბლინგისთვის ვიყენებდი, სწრაფად ვუვლიდი გვერდს და ამ დროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს წინააღმდეგ მოთამაშე მცველები იყვნენ. 

გავცდებოდი მანგოს და ვამბობდი – მე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ! 

მშობლებს სურდათ ცოტა სკოლაზეც მეფიქრა, მაგრამ ფეხბურთის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, ნელ-ნელა მივიწევდი პროფესიონალური ლიგისკენ, და მას შემდეგ, რაც მინი-ფეხბურთი ვითამაშე, ყველაფერი ძალიან სწრაფად მიეწყო, ამ დროს ბევრი ადამიანის ყურადღება მივიქციე, შედეგი შრომამ გამოიღო და იღბალიც წამეხმარა. შემდეგ წელს სან კრისტოვაუში დავიწყე ვარჯიში, ამ დროს 13 წლისა ვიყავი, უკვე ბევრი მოწვევა მქონდა და ბელო ორიზონტეში წავედი, “კრუზეირუში” სათამაშოდ. როცა 15 წლის ვიყავი პირველად მიმიწვიეს ასაკობრივ ნაკრებში სავარჯიშოდ, 16 წლისა გავხდი და პირველად ვითამაშე “კრუზეირუს” შემადგენლობაში. ერთი წელიც და მსოფლიო ჩემპიონი გავხვდი. 

როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, უბრალოდ გავფრინდი. 

ყველა დღე დაბადების დღეს ჰგავდა, ყველა ვარჯიში სურპრიზი იყო, ერთ დღეს სკოლაში, ან ეზოში ვთამაშობდი ფეხბურთს, მეორე დღეს ბებეტოსთან და რომარიოსთან ერთად მოედანზე. 

როგორ აღვწერო 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდი? 

 

მოდი ასე ვთქვათ, ჰარვარდი ამერიკაში მაგარი პონტია, ხო? ამ გუნდში მოხვედრაც ასეთი ამბავი იყო, მე ფეხბურთის ჰარვარდში მოვხვდი, ეს უმაღლესი კლასი იყო. ეს იყო გაკვეთილი არა მხოლოდ იმაზე როგორ მეთამაშა ფეხბურთი, არამედ, როგორ ვყოფილიყავი ფეხბურთელი, როგორ ვყოფილიყავი მსოფლიო ჩემპიონი. ერთი წუთიც არ მითამაშია ამ ჩემპიონატზე, მაგრამ ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, ჩანაწერებსაც ვაკეთებდი, ინფორმაციას ვინახავდი, ვიცოდი, რომ ოთხი წლის მერე უკვე სხვა როლი მექნებოდა. 

’94 წლის ზაფხულმა ჩემი ცხოვრება და კარიერა სამუდამოდ შეცვალა. 

პირველ რიგში, იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს შევხვდი რომარიოს. მის ყურებაში გავიზარდე, მინდოდა მეთამაშა ისე, როგორც ის და ზიკო თამაშობდნენ. აი, ეს არის ფეხბურთელი, აი, ასეთი მინდა ვიყო. ბაზაზე რომ პირველად მივედი რომარიომ დიდი ყურადღება გამოიჩინა, შესაძლოა, იმიტომ, რომ მეც ფორვარდი ვიყავი, შეიძლება ნიჭიც დაინახა ჩემში. არ ვიცი, მაგრამ ყველა ვარჯიშის მერე რჩევებს მაძლევდა, უფრო მეტ დროსაც კი ვუთმობდით სათამაშო სიტუაციების გარჩევას. ამ დროს მივხვდი, რომ ფეხბურთს ერთნაირად ვუყურებდით – ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ, ისევ და ისევ, სანამ საუკეთესო არ გახდები. 

და ამ დროს მითხრა, რომ შემდეგი ნაბიჯი ევროპა უნდა ყოფილიყო. 

რომარიო ამ დროს “ბარსელონაში” თამაშობდა, მანამდე დიდი დრო დაჰყო პსვ-ში. ამინდზეც ბევრი ვისაუბრეთ, ვერ იტანდა ნიდერლანდურ ამინდს, თოვლს და სიცივეს. ორივეს პლაჟი გვერჩივნა. მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომარიოს გზას გავყოლოდი და პსვ-სთან გავაფორმე კონტრაქტი. 

ჟორჟ ვეა, მარკო ვან ბასტენი, პაოლო მალდინი.. ამათ ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი მეც ევროპაში აღმოვჩნდი. მსურდა ყველასთვის მეჩვენებინა რა შემეძლო, სეზონის წინ ვთქვი, რომ 30 გოლს შევაგდებდი და შევაგდე 33, მერე კი ვთქვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გავხდებოდი. მერე რა იყო.. რა ვიცი.. გავყევი რომარიოს ნაბიჯებს, წავედი “ბარსელონაში” და ოქროს ბურთი მოვიგე. 

ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ გოლებისა და ჯილდოების დაანონსება არ მიკადრებია, ეგ სითავხედე მერე მოვიდა, დროთა განმავლობაში კი გავიაზრე რომ ეს მე არ ვარ, ასე საუბარი არ არის საჭირო, ჯობია თამაშმა თქვას თავისი სიტყვა. ვნება არ დამიკარგავს, ისევ ბევრს ვთხოვდი საკუთარ თავს, ისევ ბოლომდე ვიხარჯებოდი, მსურდა კიდევ უფრო უკეთესი გავმხდარიყავი, გონებაში კი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი მიტრიალებდა, მე ხომ ჯერ ერთი წუთიც არ მითამაშია ამ ტურნირზე, ახლა კი ჩემი დროა. 

’98 წლის მუნდიალზე სულ რაღაც 21 წლისა ვიყავი, უკვე მსოფლიო ვარსკვლავი, უკვე ოქროს ბურთის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. ფინალამდე ოთხი გოლი შევაგდე. მერე კი რაღაც ისეთი მოხდა, რასაც ახსნას ვერ ვუძებნი, ძალიან ცუდად გავხდი და კრუნჩხვები დამეწყო, არაფერი მახსოვს, მაგრამ ასე ამბობდნენ. გამოკვლევები ჩავიტარე, ექიმებმა ნებართვა მომცეს და მოედანზეც გავედი, არაფერი გამომივიდა, ფინალი 0:3 წავაგეთ. 

საშინლად განვიცდიდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ, კიდევ რამდენიმე მუნდიალს ვითამაშებ, მაგრამ.. ცხოვრება ასე არ მუშაობს, არა? ფორმაში ვერ შევედი, მიკრო-ტრავმები მაწუხებდა, თავს ისე კარგად ვეღარ ვგრძნობდი, მომდევნო წელს მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე, რამდენიმე თვე ვმკურნალობდი, “ლაციოსთან” მატჩში დავბრუნდი და ისეთი ტრავმა მივიღე, რომ ყველამ ხაზი გადამისვა, ამბობდნენ, რომ ფეხბურთს ვერასდროს ვეღარ ვითამაშებდი, ერთგან კი ამოვიკითხე, რომ არათუ ფეხბურთს, საერთოდ, სიარულსაც ვეღარ შევძლებდი. 

გულახდილად უნდა ვთქვა, არის ფეხბურთში რაღაც, რასაც წყობიდან გამოვყავარ, ეს არის გაუთავებელი მგზავრობა, ეს არის ლოდინი, მაგრამ მოედანი ყველაფერს მავიწყებდა, ამხელა სიხარული ჩემთვის არაფერს მოუტანია. მიხაროდა თამაში პსვ-ში, “ბარსელონასა” და “ინტერში”, მიხაროდა ისე, როგორც ვხარობდი ბავშვობაში. 

ფეხბურთი ჩემი ცხოვრება იყო, მუხლის გამო ფეხბურთი დასრულდა და თითქოს ცხოვრებაც დასრულდა. 

 

ყველაფერი გავაკეთე დასაბრუნებლად, წავედი შტატებში ოპერაციაზე, შევხვდი ექიმებს, ვერავინ დამაიმედებელ პასუხს ვერ მაძლევდა, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს, თითქმის ორი წელი მკურნალობას შევალიე. ვიცოდი, რომ 2002 წლის მუნდიალი ახლოვდებოდა, მაგრამ ამ დროს ვერ ვფიქრობდი გოლებსა და გამარჯვებაზე, მე უბრალოდ თამაში მენატრებოდა, ის სიხარული, რაც მოედანს მოაქვს. 

ოთხი წელი გავიდა წაგებული ფინალიდან. 

ორი წელი გავიდა უმძიმესი ტრავმიდან. 

და მე ნაკრებში ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე. 

 ზუსტად ფინალის წინ საოცარი რამ მოხდა, სკოლარიმ გვითხრა ტელევიზორში რაღაც უნდა გაჩვენოთო, ერთმანეთს გაკვირვებით გადავხედეთ, გასახდელში ტელევიზორი არ არის ხშირი მოვლენა, 

“დაჯექით რა კაცო, უნდა გაჩვენოთ რაღაც”, – ასე გვითხრა, ჯუჯღუნით.  

რაც აქ ჩამოვედით ჩვენი ქვეყნის ხმა არ გაგვიგია, ახლა კი გლობოს ვუყურებდით, თუმცა, ეს არ ყოფილა უბრალო ჩართვა, ისინი თითოეული ჩვენთაგანის უბნებიდან აკეთებდნენ რეპორტაჟებს, ამ დროს ბენტო რიბეიროც გამოჩნდა, ჩემი უბანი, ჩემი ქუჩა, სადაც გავიზარდე, ფეხი ავიდგი, ბურთი შევიყვარე, ბავშვები იდგნენ მურალის წინ, მე დამხატეს ისე, როგორც მე ვხატავდი ზიკოს. 

 

სიმართლეს გეტყვით, ტაქტიკაზე ფაქტობრივარ არ გვილაპარაკია, არც იყო საჭირო, ზუსტად ვიცოდით რაც უნდა გვექნა, ვიცოდით, რომ გოლებს შევაგდებდით და მოვიგებდით. ასე დამიბრუნდა თავდაჯერება, ეს ალბათ იყო საუკეთესო გუნდი, რომელშიც ოდესმე მითამაშია. რამდენიმე კარგი მომენტი გავაფუჭე პირველ ტაიმში, მაგრამ სიმშვიდე არ დამიკარგავს. მერე კი.. 

ხო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლი ორგაზმის ტოლფასია. უფრო მეტისაც. 

მერე მეორეც შევაგდე და ეგ არის, ეს წერტილია, სასტვენი და მორჩება, მაგრამ, 90-ე წუთზე სკოლარიმ შემცვალა, ეს დიდებული საჩუქარი იყო, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა, მაყურებლის აპლოდისმენტებთან ერთად. მიმოვიხედე და პატარა სინათლეები შევნიშნე, თურმე, ტელეფონები ყოფილა, ეს მაშინ ჯერ კიდევ სიახლე იყო. ხალხი ამბობდა რონალდო ვეღარ გაივლისო, ახლა კი მსოფლიო თასს ავწევ ცაში. როდრიგო პიავა იყო ჩემთან, ნაკრების პრეს-ატაშე, ჩემს აღდგენით პროცესს პირველივე დღეებიდან ადევნებდა თვალყურს, ჩემს გვერდით იყო მაშინ, როცა ნაბიჯს ძლივს ვდგამდი, გამახსენდა ეს ყველაფერი და ცრემლი ვერ შევიკავე. არაფერი მსგავსი მანამდე არ გამომიცდია. ეს მომენტი.. ეს საჩუქარია. 

 

დილამდე ვიზეიმეთ, გზაშიც ვიზეიმეთ, სახლში ჩასვლისთანავე ჩემი შვილი ავიტაცე ხელში, მაშინ ორი წლისა იყო და მამაჩემს შევხედე. არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, საერთოდ, იშვიათად ვლაპარაკობდით, მაგრამ ორივემ ვიცოდით რაც მოხდა, ორივემ ვიცოდით რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონობა. რას ნიშნავს ჩვენი ოჯახისთვის, რას ნიშნავს ბრაზილიისთვის. 

და რას ნიშნავს ბენტო რიბეიროსთვის. 

თვითმფრინავი რამდენიმე ქალაქში გაჩერდა, დაუვიწყარი დღეები იყო, ამდენი გახარებული ადამიანი არასდროს მინახავს. ამის მერე კი მიწაზე დავეშვი, მომდევნო ნაბიჯი უნდა გადამედგა, ისევ მაწუხებდა ფიქრი იმაზე სად ვიქნებოდი რომ არა მძიმე ტრავმები, ასე რომ, მომდევნო ნაბიჯი სწორი მიმართულებით უნდა გადამედგა. ვითამაშე “მადრიდში”, მერე “მილანში”, მერე “კორენტიანსში” მერე კი გავჩერდი, რადგან აღარ შემეძლო. 

 

ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. მინდა მჯეროდეს, რომ ახლანდელი თაობაც ისე უყურებს ფეხბურთს, როგორც მე, მაგრამ ბევრი რამ იცვლება, ჩემ დროს ყველგან მოედნები იყო, ახლა ყველგან კორპუსებია, ჩემ დროს ყველა ფეხბურთს თამაშობდა, ახლა ყველა ტელეფონშია. არადა, ფეხბურთი ნარკოტიკს ჰგავდა, ფეხბურთელებისთვის, მაყურებლებისთვის, ამისგან გათავისუფლება შეუძლებელია. 

ჩემთვის მოედანზე დიადი ადგილი არ არსებობს, ეს არის ადგილი სადაც ბავშვი გადის და მომავალს ხედავს. 

მახარებს მესის, რონალდუს, ნეიმარისა და იბრაჰიმოვიჩის სიტყვები, თურმე როგორ შთავაგონე ისინი, ჩემთვის ზიკო იყო შთამაგონებელი. ბედნიერი ვარ რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამდენ ადამიანს ვახარებდი. ულამაზესი ამბავია, საფეხბურთო ამბავია. 

როგორ დავამთავრო ახლა ესა? იცით, წერილის დაწყება ყოველთვის გამომდიოდა, დამთავრება არასდროს. მოდი ასე დავამთავრებ – მე ჩემივე ოცნებაში ვიცხოვრე, აბა, რამდენ ადამიანს შეუძლია ამის თქმა?” 

რაკიტიჩის მონათხრობი 

რონალდინიოს მონათხრობი 

რომარიოს მონათხრობი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 02 ივლ 2025, 17:24

    ციტატა: Levani
    Სიტი დაუფრენია ალ ჰილალს კაროჩე ისე ჩანს რო ბაიერნი პესეჟედან ვინც გავა ტურნირსაც ის მოიგებს


    რეალმა, უფრო სწორად მისმა ფეხბურთელებმა დადეს სიტყვა, რომ უტიტულოდ არ დაამთავრებენ სეზონს და მსოფლიო საკლუბოს აუცილებლად მოიგებენ.

  • Rick Sanchez
    schedule 01 ივლ 2025, 23:35

    აი ძმაო სტატია✍️✍️

  • Bakero
    schedule 01 ივლ 2025, 20:32

    მიუხედავად იმისა რომ რონალდინიო ყველაზე ძალიან მიყვარდა კიჭას დაკარგვას ვერასდროს ვაპატიებ ბარსელონას და ნუნიესს rage ყველა დროის საუკეთესო N9 heart_eyes

  • Levani
    schedule 01 ივლ 2025, 09:41

    Სიტი დაუფრენია ალ ჰილალს კაროჩე ისე ჩანს რო ბაიერნი პესეჟედან ვინც გავა ტურნირსაც ის მოიგებს

  • gruz-in
    schedule 01 ივლ 2025, 07:54

    კიჭა შეჩემა შენს გამო რაზბორკები მქონია ბავშვობაში ისე მაგრად მევასებოდი,ყველაზე მაგარიც იყავი !))