მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ლა მასიას ალმასები

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ლა მასიას ალმასები

   სეზონის მიწურულს, ნახევარფინალში უკეთეს სანახაობას ვერც ვინატრებდით, “ბარსამ” კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ნებისმიერი თამაშის მოტრიალება შეუძლია, ფლიკის მოსვლის მერე რაც ყველაზე ნიშანდობლივი გახდა სწორედ ეს არის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ბურთს უშვებენ, “ბარსა” ყოველთვის ბრუნდება თამაშში. ფლიკმა კლუბის მენტალობა აბსოლუტურად შეცვალა, ეს ლაწირაკი ბავშვი კიდევ ამ მენტალობით იზრდება, “მადრიდთან” ნახევარფინალის წინ თავად ეუბნებოდა თანაგუნდელებს რამდენიც არ უნდა გაგვიტანონ მაინც ვერ მოგვიგებენო, ამან არც “მადრიდი” იცის, არც “ინტერი”, არც მოწიწება აქვს, არც რამის დამთმობია, როგორც ეზოში ისე თამაშობს, ჩვიდმეტი წლის არის და “პრაიმ” ნეიმარივით დააბიჯებს მოედანზე, ზღვარი სად აქვს ჯერ კაცმა არ იცის, არც თავად იცის, არავინ იცის, იამალის სახით ჩვენ ვხედავთ იმას რაც ნეიმარი შეიძლებოდა ყოფილიყო “ლა მასიაში” რომ აღზრდილიყო, თავისი ნიჭისთვის ტაქტიკური განსწავლულობა და დისციპლინაც რომ დაემატებინა, მეტი ტვინი რომ ჰქონოდა და ცაცია ყოფილიყო. 

რაღაც არანორმალურს ვადევნებთ თვალყურს. ეს ბიჭი “ლა მასიას” მორიგი გენიოსია. ადრე თუ გვიან, გახდება ისტორიაში მეორე ესპანელი, რომელიც ოქროს ბურთს მოიგებს. 

მახსოვს რამდენიმე სათამაშო ეპიზოდი, რომელიც გოლით ვერ დასრულდა და ვიფიქრე რომ ეს დანაშაული იყო ფეხბურთის წინაშე. შედევრამდე რომ მილიმეტრები დააკლდა, საფეხბურთო ისტორიას რომ მაგრად შეაზანზარებდა, მაგრამ არ გავიდა.. პირველი ჩემს გონებაში ასეთია 1998 წლის მატჩი – “ბარსა” vs “მანჩესტერი”, ანგარიში უკვე 3:3 ია, “ბარსას” მოგება სჭირდება რომ ჯგუფიდან გავიდეს, რივალდოს ანგარიშზე უკვე დუბლია, ერთი ჯარიმა შეაგდო, მეორე მაკრატელა, ბოლო წუთებზე დაახლოებით 30 მეტრიდან გაისწორა და ისეთი ძალით დაარტყა თვალს ვერც გააყოლებდი, ხარიხა შეაზანზარა, არ გავიდა, განმეორებაზე გამოჩნდა რომ სულ მცირე შეხება ჰქონდა შმეიხელს. თითები წაარტყა და კინაღამ წაამტვრია. 

მეორე რაც მახსოვს რონალდინიოს დრიბლინგია “ბილბაოსთან”, ღვთაებრივი, მარცხენა ფლანგზე სამი მცველი მიაწყო, ულამაზესი მოძრაობებით, ძალიან მახვილი კუთხიდან მეკარეს თავზე გადაუგდო და აქაც ხარიხა, განმეორებაზე გამოჩნდა რომ მეკარემ რეაგირება მოასწრო, წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერის საუკეთესო გოლს შეაგდებდა. არის მომენტები, როცა ვერ ხვდები, ვერ გაგიგია, როგორ შეიძლება იღბალი გვერდზე გადგეს და შორიდან უყუროს ამ უსამართლობას, ასეთი შედევრები რომ იქმნება, ყველამ და ყველაფერმა უნდა შეუწყოს ხელი რომ ლოგიკური წერტილით, ესე იგი, გოლით დასრულდეს. მაგრამ ხანდახან სასტიკია განგება. 

დღეს გამისამდა – ან ერთი, ან მეორე, იამალის მომენტებიდან ერთიც შედევრი იქნებოდა და მეორეც. რომელიმე მაინც გასულიყო, რომელიმე მაინც დარჩენოდა გოლად ისტორიას. როგორც ის მომენტები არ ამომდის თავიდან, ისე გამყვება ესეც მთელი ცხოვრება. 

ეს რა ვნახეთ 

მცირე შოკით დაიწყო, პირველ გოლს არ ვგულისხმობ, ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ავნერვიულდით, იამალმა გახურებისას ფეხი იტკინა და მოედანი დატოვაო, ასეთი ამბავი გავრცელდა და ცხოვრებაში პირველად წნევის აპარატს გავხედე. მერე კიდევ დავინახეთ ფორმაში და ამოვისუნთქეთ. ჩვიდმეტი წლის ბავშვი რომ ამდენს გიწყვეტს ეს უკვე განსაკუთრებული ამბავია. თუ გახსოვთ, შუა სეზონში დავსვით კითხვა – იმის გასაგებად რა მოვლენაა ლამინე იამალი, ამისათვის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფები გამოგვადგება, ამაზე დიდი საზომი არ არსებობს. ჰოდა, რა მოვლენაა მაინც იამალი? რასთან გვაქვს საქმე? 

დაიწყო მატჩი და რამდენიმე წამში გაიხსნა ანგარიში. ულამაზესი გოლი შეაგდო ტურამმა. ლილიანის შვილმა, ყოფილი “ბარსელონელის” შვილმა. ფლიკს დაცვაში არჩევანი უნდა გაეკეთებინა, “მადრიდთან” გამოჩნდა რომ ჟერარ მარტინს ამ დონეზე თამაში უჭირს, სიზუსტისა და სისწრაფის პრობლემა აქვს, რაც განაპირა მცველისთვის დამღუპველია. ფლიკი ენდო. შესვენებაზე შეცვალა, ესე იგი, უკმაყოფილო დარჩა. აღიარა, რომ შეეშალა. ცუდი ამბავი კი კუნდეს ტრავმაა. ჯერ არ ვიცით რამდენი გაუცდება. “ბარსა” განაპირა მცველების გარეშეა დარჩენილი. გავიდა წუთები და “ინტერმა” მეორე გოლი შეაგდო, ესეც ულამაზესი, დუმფრისმა აკრობატულ ნახტომში გაიტანა, თითქოს მატჩის დაწყებამდე ნათელი იყო რომ სტანდარტულებიდან დიდი საფრთხე იქნებოდა, ასე იქნება მილანშიც, ყველა სტანდარტი პენალტივით არის. “ინტერი” კი ძალიან ჰგავდა ჟოზე მოურინიუს “ჩელსის”, 2004/05 წლების სეზონში, ფიზიკურად ძლიერი, პრაგმატული, სწრაფი კონტრშეტევებით, მაგრამ ისეთი ვარსკვლავები ამ “ინტერს” ნამდვილად არ ჰყავს. 

თითქოს მოამთავრეს საქმე, გასვლაზე ორი ბურთით დაწინაურება დიდი ამბავია, მაგრამ გუნდი არ გატეხილა. მხოლოდ იამალში არ არის საქმე, მთლიანად გუნდი არ მოშლილა, ისევ ისე გააგრძელეს თამაში, გერმანელებს სჩვევიათ ასე, უკვე “ბარსელონასაც” სჩვევია, თითქოს გენეტიკური უნდა იყოს, მაგრამ ფლიკმა შეძლო და ასწავლა სხვადასხვა ეროვნების მქონე ფეხბურთელებს. ეს მისი გუნდია, მისი მანქანაა, თან რა ლამაზი მანქანაა! ისე იქოქება დაგბურძგლავს ადამიანს. 

იამალის გოლი შედევრია! ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში. ორი კაცი მოატყუა და მეკარის წინ მდგომ მცველებს მოატარა ბურთი, ის კაცი კარში არც განძრეულა, თვალი გააყოლა ბურთს და მხოლოდ ბადეში შეძლო შეხებოდა. დაუჯერებელი ტალანტია! გადის მცირე დრო და იმ მომენტს ქმნის იამალი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ისევ ორ კაცს ატყუებს და მახვილი კუთხიდან ძლიერად ურტყამს, “ინტერი” ხარიხამ გადაარჩინა, განმეორებაზე გამოჩნდა, რომ ზომერმა იხსნა გუნდი. კუთხური არ დანიშნულა, არც მოუთხოვიათ, ვერც მიხვდნენ რომ მეკარის “სეივი” იყო. 

უკვე ჩანდა რომ ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდებოდა, კიდევ ერთი ფლეშბექი, პედრიმ ისეთი პასი გააკეთა რაფინიაზე, როგორიც ჩავიმ მესიზე, “მანჩესტერთან” ფინალში, ზუსტად იგივე პოზიციიდან, ზუსტად იგივე ტრაექტორიით, რაფინიამ მესის მსგავსად ვერ შეაგდო, მაგრამ ძალიან მაგარი პასი გააკეთა და ფერანს გაატანინა. ესეც მორიგი შედევრი. პირველ ტაიმში ოთხი გოლი გავიდა, ოთხივე ულამაზესი. ეს ფეხბურთია. 

იღბალი თუ უიღბლობა 

მეორე ტაიმში მხოლოდ ორი გოლი გავიდა, ინტენსივობაც აღარ იყო ისეთი, როგორიც პირველ ტაიმში, მაგრამ კლასი მაინც იგრძნობოდა. “ბარსამ” კუნდე დაკარგა, “ინტერმა” ლაუტარო. არ დაგვავიწყდეს რომ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელმაც “მადრიდთან” ფინალში ორი ტაიმი, პლუს დამატებითი ტაიმები ითამაშა. გაიმარჯვა და ზეიმშიც გვარიანი ენერგია დახარჯა. ასე რომ, ინძაგიმ იცოდა, რომ “ბარსა” გადაიღლებოდა, იცოდა რომ იამალს ვერ ექნებოდა ისეთი მეორე ტაიმი, როგორიც პირველი, მაგრამ ალბათ არ იცოდა, რომ ეს ბავშვი აბსოლუტურად არანორმალურია. 

ოთხჯერ მოხვდა ბურთი კარის ჩარჩოს – ორი გოლით დასრულდა, ორი მეტოქის სასარგებლოდ. აბა, იღბალი დავარქვათ თუ უიღბლობა? გავაბათილოთ, და დავუმატოთ “ინტერის” მეოთხე გოლი, რომელიც არ ჩაითვალა, ჰენრიკ მხითარიანის ფრჩხილი მოხვდა თამაშგარეში, ეს იღბალია. ასე რომ, “ბარსას” უფრო მეტად გაუმართლა ამ შეხვედრაში, ვიდრე არ გაუმართლა. გასვლაზეც გვაწყობს ეს მოცემულობა. 

“ინტერის” მეოთხე არჩათვლილ გოლამდე კი მესამე იყო, ისევ დუმფრისმა შეაგდო, ისევ სტანდარტიდან, ოლმომ ვერაფერი გააწყო მასთან, მსაჯმა გააფრთხილა ნუ ექაჩები, ეგ დარღვევააო და ამანაც მშვიდად სცადა თავის დაცვა, დუმფრისთან კიდევ ეგრე არ გამოვა, მაგას ან უნდა ჩამოახიო ყველაფერი, ან დაღუპული ხარ. “ინტერი” ისევ წინ გავიდა, “ბარსა” ისევ ცოცხალი დარჩა და ძალიან მალე ისევ გაათანაბრა – კუთხური გაითამაშეს, იამალმა გაატარა, რაფინიამ კი ულამაზესი გოლი შეაგდო, მართლა რივალდო გამახსენა, დაილოცოს შენი მარცხენა! რაფინიას გოლია, ავტოგოლი ჩაუთვალეს მეკარეს, მაგრამ მე ძველი კაცი ვარ, ძველი წესებით, როგორც რივალდოს ეკუთვნის 2000 წელს “სან სიროზე” გატანილი და არა აბიატის, ისე რაფინიას ვუთვლი ამ გოლს. 

ეგეც 3:3. მხითარიანის არჩათვლილს კიდევ იამალის ის თავზარდამცემი მომენტი მოჰყვა, მეკარე ისევ თვალის ბრიალს დასჯერდა, ბურთმა იფრინა, იტრიალა, ისიც კი ვიფიქრე სადღაც ტრიბუნაზე გადავარდება-მეთქი და კინაღამ კარში ჩაეშვა. ვის გაუგია? სად გაგონილა? გასულა კი ასეთი? ფიგუს გაუვარდა “მანჩესტერთან”, იყო რაღაც მსგავსი ეტო’ოს გოლი “პანათინაიკოსთან” და სუარესის “სოსიედადთან”, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, სულ სხვა ეფექტი ჰქონდა, ჰგავდა მესის დარტყმასაც “სტემფორდ ბრიჯზე”, 2006 წელს, ძელისა და ხარიხის გადაკვეთას რომ მოარტყა ბურთი, ჰგავდა მისივე დარტყმას “რეალთან”, მაგრამ.. ეს რაღაც სხვა იყო. ჩააწოდა? დაარტყა? რა მნიშვნელობა აქვს, ერთს აჭრის და მეტოქე პანიკაშია. “ბარსელონა” სამუდამოდ დალოცვილია, “ბარსას”  მისჯილი აქვს გენიოსები ამ კლუბში თამაშობდნენ. 

ამის მერე შეთანხმდნენ რომ ყველაფერი მილანში გადაწყდება. გასვლაზე, რა თქმა უნდა, რთულია თამაში, მაგრამ “ბარსას” ნამდვილად შეუძლია ფინალში გასვლა. ეს გუნდი ამისთვის მზად არის და იმსახურებს კიდეც. უკეთესი ფეხბურთი კი ნამდვილად “ბარსამ” ითამაშა. 

მორჩა მატჩი და პირველი ვინც გამახსენდა ლიონელ მესი იყო, ახალშობილ ბავშვთან ერთად, სარეკლამოდ მონათლა, მაგრამ ღმერთის ხელი, ღმერთის ხელია, მანდ ხუმრობა არ მოსულა. 

მალე შევხვდებით 

კარგია, რომ უიქენდზე “ვალიადოლიდთან” არის მატჩი და არა “რეალთან”, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცემა. რას ველით ამ შეხვედრაში? არაუხოს ველით მარცხენა ფლანგზე, ერიკ გარსიას მარჯვენა ფლანგზე. ვნახოთ ერთი რა გამოვა. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • nika 54
    03 მაი 2025, 16:35

    იამალის მამამ განაცხადა, ჯერჯერობით ლამინს თავისი შესაძლებლობების 10% კი არ უჩვენებია-ო. ნამეტანი ხო არ მოსდის არ დათარსოს ბავშვი.

  • Rick Sanchez
    02 მაი 2025, 23:53

    მოგვაქვს ლიგა

  • ZeeDoo
    02 მაი 2025, 10:27

    როგორ ლამაზად წერ და საინტერესოდ, ყოჩაღ ძმაო, ერთი სიამოვნებაა ასეთი ზუსტი ანალიზის კითხვა და მთლიანი მატჩის აზრიანად განხილვა ♥️♥️ მომწონს მომწონს ♥️♥️

  • me da barca
    01 მაი 2025, 21:24

    ლამინეს გოლის ეპიზოდზე არაფერს ვიტყვი, ეს შედევრი იყო. მე ის მომენტი მახსენდება ორ ფეხურთელი ერთად როგორ მოატყუა, როგორ გაძვრა და კინაღამ ერთმანეთს დაატაკა. არ ვიცი ეს როგორ გააკეთა, ეს არა მგონია მარტო ვარჯიშით მოდიოდეს, ეს ნიჭია, რომელსაც ღმერთი ან დაგაბერტყავს ან არა. ლამინეს დააბერტყა, მერე მიწიერ ფეხბურთის ღმერთს უთხრა ჩაბანეო და იმანაც ჩაბანა. რა მივიღეთ? ლამინ იამალი მივიღეთ, ტალანტი, რომელიც ჯერ 17 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. ტურამს დარწმუნებული ვარ იმ სიტყვებს გადააყლაპებს და წყალსაც არ მისცემს, რომ დააყოლოს და არ დაიხრჩოს. დემბელე დაუყენა წინ, განუვითარებელი, გონებაჩლუნგი მორბენალი ცხენი, რომელმაც ისიც არ იცის რომელი ფეხით უკეთ ურტყამს. ეს ბავშვი ახლა იწყებს, ეს ჟურნალია, კინო ჯერ არ დაწყებულა.

  • mari
    01 მაი 2025, 13:22

    ფეოლა, თქვენს მიმოხილვებს რომ ვკითხულობ, მაგის შემდეგ მეორედ ვუყურებ ხოლმე ჩანაწერს!
    სასწაულად წერთ! მაგარი ხართ!
    =================================
    == "მორჩა მატჩი და პირველი ვინც გამახსენდა ლიონელ მესი იყო, ახალშობილ ბავშვთან ერთად, სარეკლამოდ მონათლა, მაგრამ ღმერთის ხელი, ღმერთის ხელია, მანდ ხუმრობა არ მოსულა!!!!"==
    ======================
    ..მაგ "ღმერთის ხელის" პატრონი დარწმუნებული ვარ რომ წუხელ თამაშს უყურებდა და იქნება გულში კიდევ ერთხელ დალოცა?!!! იამალი ძალიან ეცდება ინტერს "ვალი" დაუბრუნოს, თანაც ბონუსით!!!

  • C.PC5
    01 მაი 2025, 10:27

    ფეოლა კარგა ხანია შესაქები სიტყვები არ დამიხარჯავს შენს ნაშრომზე, კარგი იყო, წიგნსაც რომ დაწერ სიამოვნებით წავიკითხავთ აქაური მკითხველები. იამალი რა მოვლედნაა? რო ვუფიქრდები ის მოვლენაა რომელიც გგონია რომ არასდროს მოხდება მაგრამ მოხდება მერე, გგონია რომ რაღაცას ვერ აკეთებს მარა ზუსტად მაგას აკეთებს, აი ზუსტად ის აჭრილი დარტყმა და ხარიხა, რაღაც მასეთს სულ ცდილობს რაც გამოჩნდა, ასე ახლოს არ ყოფილა ჯერ და როგორც ჩანს მალე შეაგდებს მაგ გოლს, იმასაც ხშირად აკეთებს მახვილი კუთხიდან რომ უნდა ბურთის მეკარის თავზე გადაგდება და მაგასაც იზამს, ერთი ერთზე რო სისულელეებს აკეთებს მაგასაც მოიყვანს სისრულეში საბოლოოდ. მილანში თამაში უმძიმესი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ინტერს იოლად არაფერი გამოუვა ის რაც აქ გამოუვიდათ, ან თუ კიდე გამოუვათ ფლიკი ისე მოაწყობს რომ ჩვენ რაც არ გამოგვდიოდა შეტევაში ისიც კი გამოგვივიდეს, ნუ მაინც 50/50 ზე ვაფასებ შანსებს, დიდი დარტყმა მივიღეთ კუნდეს დანაკლისით, ბალდე კი დაბრუნდება მარა კუნდეს შეცვლა არავის არ შეუძლია ამ ეტაპზე, უბრალოდ ბალდე დუმფრისს მეტ წინააღმდეგობას მაინც გაუწევს და ორივე ფლანგიდანაც შევუტევთ.

    ციტატა: P.G-8


    უბრალოდ აღმაფრთოვანებელია პედრის მენტალიტეტიც და ის ფაქტი რომ ამ კადრის გადაღებაც მოესწრო.

  • Chokha28
    01 მაი 2025, 10:00

    Messi 10, დემბელემ რომ ოქროს ბურთი მოიგოს ფეხბურთის ყურებას თავს ვანებებ იმდღესვე🤦‍♀️🤦‍♀️ სერიოზულ დეპრესიაში ჩავვარდები😔

  • Andrinhooo
    01 მაი 2025, 09:58

    გამოიტანს ძია ჰანსი ამ თამაშიდან გაკვეთილებს და ჩავუტარებთ მილანში + ღმერთმა ქნას ბალდე და ლევანაც დაბრუნდნენ

  • La Pulga10
    01 მაი 2025, 08:57

    "იამალი საუკეთესო ფეხბურთელია? საუკეთესო ფეხბურთელები ფრანგები არიან — მბაპე და დემბელე. იამალი მათ შემდეგ მოდის"

    🎙️მარკუს ტურამი მატჩის შემდეგ

    ვინც ესენი მეაცაზე არ დაადუღოს და ფანების წინ პატრონი არ მოუტ*ნას ის იყოს ბო*ზი.

    ხო ვთქვი რო მცველებს უკნა გადაკიდებდნენ ბურთს და ფაფუ თამაშგარია ხაზითქო. მეორე მატჩისთვის კარგად უნდა მოემზადოს ფლიკი. კუნდეს არყოფნა ძალიან ცუდია. იმედია ბალდე მაინც იქნება და რაფინიაც უკეთესი იქნება. ვალიდაოლიდთან უნდა დაასვენოს ძიეითადის ფეხბურთელები აუცილებლად,თორე მოგვიწევს ბარსა ბ თი გასვლა ინტერთან.

  • rivaldo80
    01 მაი 2025, 03:40

    რა ჩაბანა ასეთიი😂😂😂 17 წლის 100 თამაში დაუჯერებელია უბრალოდ.კი გოლეადორი არა მაგრამ მანიაკი ბავშვია იმხელა გავლენას ახდენს თამაშზე.მესამე გოლზე არაუხოს როგორ გადააჯვა თავზე დუმფრიზმა გაუგებარია.გუშინაც დავწერე სტანდარტულებია მათი იარაღი და განაპირა მცველები ფლიკი ცოტა შეცდა.მაინც მაგარ იღბალზე იყო ინტერი სულ ეგრე არიან ეგენი ჯერ კუნდემ ტრავმა არ იცის რა არის და ეხლა დაიმტვრა.რაც არ უნდა ბებერი ეძახოთ ლევანას მაინც დიდი ძალაა.

  • Messi 10
    01 მაი 2025, 03:24

    იამალი გენიოსია ამას სხვა ახსნა არ აქვს, ვიღაცას შეიძლება უკეთესი სტატისტიკა და ფიზიკური მონაცემი აქვს, მაგრამ ამ ბავშვის ტვინში საერთოდ სხვა საფეხბურთო ინტელექტია რასაც ვერ ჩაანაცვლებ ვერაფრით.

    კუნდეს და ლევანდოვსკის გარეშე თითქმის შეუსრულებელი მისია დაგვეკისრა, მაგრამ უნდა შევძლოთ და თანაც აუცილებლად ახლა მხოლოდ ლიგის მოგება კი არ დევს სასწორზე ახლა ფეხბურთის გადარჩწნა დევს სასწორზე ან ინტერი მოიგებს ლიგას რომელიც ანტი ფეხბურთია და ან დემბელე ოქროს ბურთს რომელიც ასევე ანტი ფეხბურთელია. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და რაც მთავარია იგრძნობა, რომ გუნდშიც ეს განწყობაა. ეს რომ ხავის ბარსელონა იყოს ან ვალვერდესი ანდაც კუმანის იმედი არ მექნებოდა, მაგრამ ახლა პირველ რიგში ამ პატარა გენიოსის მერე იმ პატარა ჯადოქარის იმედი მაქვს და მერე მთლიანი გუნდის. ტურამმაც უკვე აუწეწა ნერვები ლამინს თავისი განცხადებით და ეგ როგორც მთავრდება ხოლმე თავად თუ არ იცის რაბიოს კითხოს.

    წინ ბარსა ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე ♥️💙

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    01 მაი 2025, 03:15

    ყველაფერი უნდა დადონ და გავიდეთ ფინალში