10 წლის წინ დანი ოლმომ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო – დატოვა “ბარსელონა”, კლუბი, რომელმაც აღზარდა და ზაგრების “დინამოს” მიაშურა.
ეს უცნაურ გადაწყვეტილებად ჩანდა, თუმცა ფეხბურთელმა ჯერ ხორვატიაში, შემდეგ კი გერმანიაში წარმატებით იასპარეზა, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ტურნირის ბომბარდირი გახდა და “ბარსელონაშიც” დაბრუნდა.
ოლმოს კატალონიური კარიერა შესანიშნავად დაიწყო. პირველივე მატჩში, “რაიო ვალიეკანოსთან”, შეცვლაზე შემოსულმა გამარჯვების გოლი გაიტანა. დანიმ თავი მომდევნო ორ შეხვედრაშიც გამოიჩინა, თუმცა ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ “ბაიერნთან”, კარგად ნაცნობ მეტოქესთან, მოგებულ მატჩში დაბრუნდა. ოლმო “რეალ მადრიდთანაც” შემოვიდა ცვლილებაზე. ფლიკი მას სასტარტო შემადგენლობას ნელ-ნელა ისევ მიაჩვევს, თუმცა უდავოა, რომ მას სერიოზული კონკურენტებიც ჰყავს.
დღეს ესპანელი ყოფილ გუნდს, “ესპანიოლს” ეთამაშება, სადაც “ბარსელონაში” გადასვლამდე ერთი წელი გაატარა. ოლმო ძველ მეგობარს ხავი პუადოს დაუპირისპირდება, რომელთან ერთადაც “ბარსას” აკადემიაში და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.
– ამბობდა პუადო ზაფხულში ოლმოს შესახებ.
“ესპანიოლთან” თამაშამდე The Athletic-ის გუნდი “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის, ზაგრების “დინამოსა” და “ლაიპციგის” წევრებს გაესაუბრა, რომლებიც ოლმოს განვითარებას აკვირდებოდნენ და ფეხბურთელის “ბარსაში” დაბრუნებამდე განვლილი გზა აღწერა.
ლა მასიას წლები (2007-2014)
ჩავის თანაქალაქელი, კატალონიის ქალაქ ტერასაში დაბადებული ოლმო “ბარსელონას” აკადემიას 10 წლის ასაკში “ესპანიოლიდან” შეუერთდა.
დანი ოლმო “ლა მასიას” იმ თაობის ნაწილი იყო, რომელსაც მარკ კუკურელია და კარლეს ალენია წარმოადგენდნენ. ესპანელმა თამაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო და ფრანკ არტიგას გაწვრთნილ კადეტ B-ში (15-წლამდელთა გუნდში) 26 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
“ის ვარჯიშებზე ძალიან კონკურენტუნარიანი იყო”, – იხსენებს არტიგა. “ოლმო თავდაუზოგავად შრომობდა და ნებისმიერ პოზიციას ერგებოდა, თან ამით სიამოვნებას იღებდა. ის საფეხბურთო ოჯახიდანაა და ფეხბურთი სისხლში აქვს.”
როდესაც არტიგა საფეხბურთო ოჯახს ახსენებს, ის დანის მამას, მიგელს გულისხმობს, რომელიც ახალგაზრდული გუნდების კარგად ცნობილი მწვრთნელია. მას სხვადასხვა დროს მეორე დივიზიონში “ჟირონა” და “საბადელი” გაუწვრთნია. “მიგელი ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის სარკეს წარმოადგენს”, – ამბობს არტიგა.
ოლმოს მრავალმხრივობა იძულებითი იყო. მაშინ “ბარსამ” ორი ნიჭიერი სამხრეთ კორეელი ლი სინ-ვუ და ჩან გიოლ-ჰი დაიმატა. ლი თავდამსხმელი იყო და ოლმოს მის გამო პოზიციის შეცვლამ მოუწია.
“ლი განსაკუთრებული იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც გამიწვრთნია, თუ არა საუკეთესო”, – ამბობს არტიგა. “ოლმოსა და სხვა მოთამაშეებისთვის მარტივი პერიოდი არ იყო. დანიმ თამაში ცხრიანზე დაიწყო, ლის მოსვლის შემდეგ კი მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე თამაში უწევდა. ის ბოლო სეზონში ძალიან კარგი იყო. ფიფას სანქციის გამო ლი და ჰი “ბარსაში” ვეღარ დარჩნენ, რამაც ოლმოს სასარგებლოდ იმუშავა.“
ფიფას სანქცია ორი სატრანფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელების დამატების აკრძალვას შეეხებოდა, რაც 2009-13 წლებში არასრულწლოვანი მოთამაშეების შეძენის წესების დარღვევამ გამოიწვია.
“ოლმო თავის ბუნებრივ პოზიციას დაუბრუნდა და ბრწყინვალე წელი ჩაატარა”, – აგრძელებს არტიგა. “თუმცა ლის გუნდში ყოფნისას ბევრ პოზიციაზე თამაშმა დანი ძალიან მრავალმხრივ მოთამაშედ აქცია. სადაც არ უნდა დამეყენებინა, ის ბევრ გოლს იტანდა.“
არტიგას ეთანხმება კიკე ალვარესი, ესპანელის ბოლო მწვრთნელი “ბარსას” 16-წლამდელთა გუნდში, Cadet A-ში: “ოლმოს გოლების გატანის უნარი არ დაუკარგავს. შესაძლოა, ის ვინგერის პოზიციაზე არ ბრწყინავდა, თუმცა თამაში მაინც შეეძლო, რადგან ფეხბურთი კარგად ესმოდა.”
არტიგას აზრით, სწორედ გუნდში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლამ განაპირობა 2014 წელს ოლმოს “ბარსელონადან” წასვლა. თუმცა ფრანკმა მისი მომავალი გუნდი ვერ გამოიცნო:
“როდესაც მითხრეს, რომ ოლმო “ბარსასთან” პროფესიონალურ კონტრაქტს არ აფორმებდა და კლუბს ტოვებდა, ზუსტად ის ვიფიქრე, რაც მწვრთნელების 90%-მა, რომლებიც მას იცნობდნენ: რომ ის ინგლისში მიდიოდა, როგორც სხვა მისი თანატოლები.“
“როდესაც გვითხრეს, რომ ხორვატიაში მიდიოდა, მისი გადაწყვეტილება არავის გვესმოდა”, – ამბობს არტიგა.
ზაგრების დინამო (2014-2020)
ოლმოს მწვრთნელების გაკვირვება გასაგები იყო. როგორც ფრანკ არტიგა ამბობს: “ის იქ წავიდა, სადაც ფულის გამო არ მიდიან, გუნდში, რომელიც “ბარსელონაზე” უკეთესი არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ დრომ აჩვენა, რომ ის მართალი იყო“.
დანი ოლმოს პროფესიონალური ფეხბურთის თამაში სურდა, თუმცა “ბარსას” პირველ გუნდში გარანტირებულ ადგილს ვერ ხედავდა, სწორედ ამიტომ, როდესაც ზაგრების “დინამო” დაუკავშირდა, მამასთან ერთად ხორვატიაში გადასვლა გადაწყვიტა.
მათ ესპანელს პროფესიონალურ თამაშამდე მისასვლელი გზა აჩვენეს და დაანახეს სხვა წარმატებული ფეხბურთელების მაგალითები, რომლებიც ელიტაში გადასვლამდე სწორედ აქ ჩამოყალიბდნენ. ასეთს მაგალითებს ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი და მარსელო ბროზოვიჩი წარმოადგენდნენ. ოლმო გრძნობდა, რომ ეს განვითარებისთვის კარგი ადგილი იყო.
თავიდან ადაპტაციის პროცესი რთული აღმოჩნდა. ოლმო ზაგრებში დედასთან ერთად ცხოვრობდა. მან ხორვატული არ იცოდა და თანაგუნდელებთან კომუნიკაციაში ლუის იბანიესი, არგენტინელი მარცხენა მცველი ეხმარებოდა, რომელიც “დინამოში” 2008 წლიდან თამაშობდა და ოლმოს პატარა ძმასავით ეპყრობოდა.
“როდესაც გუნდში გადმოვიდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო“, – უყვება იბანესი The Athletic-ს. “მგონი, სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული. ის ბევრს არ საუბრობდა. ვცდილობდით, გუნდთან მალე მიგვეჩვია და ადაპტაციაში დავხმარებოდით, რადგან 16 წლის ასაკში ხორვატიაში გადასვლა მარტივი არაა, ეს მეც გამომიცდია. ენა ძალიან რთულია.”
მიგელ ოლმო თავის შვილს ხორვატულის სწავლისკენ მოუწოდებდა. დანი გაკვეთილებზე კვირაში 2-3-ჯერ დადიოდა და გასახდელში მიღებული გამოცდილებაც ძალიან ადგებოდა.
“ხორვატიაში ინგლისურად კარგად საუბრობენ, თუმცა ოლმო ძალიან ჭკვიანი იყო და ახალი ენის სწავლა სურდა“, – იხსენებს იბანიესი. “ეს მისთვის პლუსი იყო, ენის სწავლა ადაპტაციაში ეხმარებოდა. მისი ხასიათიც გამოსარჩევია – ოლმო ყველას უყვარდა და პრობლემები არავისთან ჰქონია, ამიტომ მთელმა გუნდმა სიხარულით მიიღო.”
ოლმო ხორვატული კულტურითაც დაინტერესდა. მისი გადასვლის შემდეგ “დინამომ” პირველი მატჩი ვუკოვარში გამართა, ქალაქში, სადაც 1991 წელს, იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბრძოლა გაიმართა, რომელიც ხორვატიამ წააგო.
დანიმ თამაში ვერ შეძლო, თუმცა ქალაქის დათვალიერებისას ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ნახა, რომელზეც მათ შორის “დინამოს” ფეხბურთელებიც იყვნენ, კონფლიქტით დაინტერესდა და ქვეყნის ისტორიას გაეცნო. ოლმოს ხელფასის ერთი პროცენტი საქველმოქმედო ორგანიზაცია “საერთო მიზანში” მიდის, რომელიც ხორვატაიში ომით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარება.
ესპანელი ზაგრების “დინამოს” 2014 წელს შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში 2015 წელს დარეგისტრირდა, რადგან კლუბი “ბარსელონასგან” დოკუმენტებს ელოდა. ამიტომ მან თამაში სარეზერვო გუნდში დაიწყო.
“პირველი მომენტიდანვე ყველამ დაინახა, რომ ის გამორჩეული იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა“, – უყვება The Athletic-ს “დინამოს” ყოფილი ტექნიკური დირექტორი დავორ ბუკოვინა. “საკითხავი ის იყო, როდის დაიწყებდა პირველ გუნდთან ერთად თამაშს.”
“დანიმ თამაში მეორე გუნდში დაიწყო და გამოკვეთილი ლიდერი გახდა. ვიცოდით, რომ მისი სახით ნამდვილი ვარსკვლავი გვყავდა. როდესაც პირველ გუნდში თამაშის შანსი მიეცა, ის გამოიყენა და გახდა ფეხბურთელი, რომლის გარეშეც “დინამო” აღარ წარმოგვედგინა.“

ოლმოს დებიუტი 2015 წლის თებერვალში შედგა და გუნდში გატარებულ 8 სეზონში 9 ტიტული მოიგო, მათ შორის 5 ხორვატიის ჩემპიონატი. ესპანელმა 128 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და 28 საგოლე პასი შეასრულა. ის ძირითადად გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ხშირად მარჯვენა და მარცხენა გარემარბის პოზიციასაც ირგებდა.
“ის თამაშს კითხულობს“, – ამბობს იბანიესი. “ის ერთი ნაბიჯით წინაა – სანამ ბურთს მიიღებს, უკვე იცის, რას გააკეთებს. ზოგჯერ მისი ასაკის მოთამაშეები ბურთის მიღებისას 2-3 მოთამაშის მოტყუებას ცდილობენ, ის კი თამაშს არ ართულებს და ცდილობს, ბურთი არ დაკარგოს.“
ენის სწავლისა და ქვეყანასთან ადაპტაციის გამო ხორვატებს ოლმო ძალიან შეუყვარდათ. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავორ სუკერმა დანის ნატურალიზებაც ცადა, რათა ეროვნულ ნაკრებში თამაში შეძლებოდა, თუმცა ოლმომ ესპანეთში დარჩენა არჩია და “ფურია როხას” ახალგაზრდულ დონეზე წარმოადგენდა.
“ის ყველა ქომაგს უყვარდა. არა მხოლოდ “დინამოს” ფანებს – ოლმოს ყველა ხორვატი პატივს სცემდა“, – ამბობს ბუკოვინა. “ის ქვეყნის მიმართ სიყვარულს ყველა ინტერვიუში გამოხატავს და ამბობს, რომ ხორვატიას და ზაგრების “დინამოს” არასდროს დაივიწყებს. დანის კავშირი კლუბთან განსაკუთრებულია.”
“ევროპის ჩემპიონატის ფინალზე მიგელს ვესაუბრე და ვუთხარი: “მინდა, ოლმომ “ბარსელონაში” ითამაშოს”. მან მითხრა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი და “ბარსაში” ან სხვა დიდ გუნდში თამაშის დრო აუცილებლად მოვიდოდა, მე კი ვუპასუხე: “არა, დანი “ბარსაში” ითამაშებს, რადგან ის “ბარსას” ფეხბურთელია”.
“როდესაც ოლმომ “ბარსელონაში” პირველი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა, ვიტირე. ამ მომენტმა ძალიან ამაღელვა, რადგან ის ჩემთვის გამორჩეული ფეხბურთელია – შვილის მსგავსი.”
“ბარსა” ჯერ კიდევ წინ იყო, “დინამოს” შემდეგ “ლაიპციგის” ჯერი მოდიოდა.
ლაიპციგი (2020-2024)
დანი ოლმო “ლაიპციგის” რადარზე ჯერ კიდევ “ბარსელონას” დატოვებამდე გამოჩნდა. გერმანული კლუბი ესპანელს 2014 წლამდე აკვირდებოდა, მათი სკაუტები “ბარსას” ახალგაზრდული გუნდის თამაშებს თვალს ხშირად ადევნებდნენ.
როდესაც ოლმომ პროფესიონალურ დონეზე თამაში დაიწყო, მისი “ლაიპციგის” სტილთან თავსებადობა აშკარა გახდა და “რედ ბულის” გუნდმა მისი ხელში ჩაგდება განიზრახა. ოლმო გამორჩეულად სწრაფი არ იყო, თუმცა თამაშის სწრაფად კითხვა შეეძლო. ის მარტივად ერკვეოდა სიტუაციაში და შეტევის სწორად განვითარების უნარი ჰქონდა.
“დინამო” ფეხბურთელის სანაცვლოდ €30 მილიონზე მეტს ითხოვდა. “ლაიპციგის” მოდელი მოთამაშეების გაყიდვას ემყარება და ოლმოს შეძენითაც მოგების მიღება სურდათ. ეჭვგარეშე იყო, რომ ოლმოს ფასი სწრაფად გაიზრდებოდა, ამიტომ გერმანელებმაც უპრობლემოდ გადაიხადეს €34 მილიონი.
აშკარა იყო, რომ დანის გერმანიაში ადაპტაცია არ გაუჭირდებოდა. მას ზურგს 16 წლის ასაკში სამშობლოს დატოვებისა და კულტურული ცვლილების გამოცდილება უმაგრებდა.
ოლმოს ახალი გამოწვევა შეხვდა – კულტურულთან ერთად ფიზიკურმა ადაპტაციამაც მოუწია. ბუნდესლიგაში თამაში დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს, ამიტომ საწყის თვეებში ბურთის გარეშე ვარჯიშს დიდ დროს უთმობდა. დანი ხშირად ვარჯიშებზე პირველი ჩნდებოდა და ბაზას უკანასკნელი ტოვებდა. კლუბის მესვეურები მისი პროფესიონალიზმით მალევე მოიხიბლნენ.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოლმო პირველი გუნდის წევრად სწრაფადვე ჩამოყალიბდა. მისი დებიუტი 1 თებერვალს მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” შედგა, შემდეგ კი “ბაიერნთან” ითამაშა. დანიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატლეტიკოსთან” გოლიც გაიტანა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც პსჟ-სთან დამარცხდნენ.
ოლმოს სასარგებლოდ ბევრი ფაქტორი მუშაობდა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა იყო, რომლებიც გასახდელში კარგ ატმოსფეროს ქმნიდნენ და მწვრთნელებიც მათთან ჰარმონიულად, სწორედ ახალგაზრდებზე მორგებულად მუშაობდნენ.
კლუბის თანამშრომლები ოლმოს თავაზიან და ხალისიან პიროვნებად ახასიათებენ, რომელიც მათთან მუდმივად პატივისცემით იქცეოდა. მოედანზე კი დაუნდობელი იყო – გამარჯვებული, რომელსაც წაგება სძულდა, თუნდაც ვარჯიშისას. ის ყველგან ამბიციურობას ავლენდა.
ოლმო ლაიპციგში ცხოვრებას მშვენივრად მოერგო, პატარა ქალაქის ატმოსფერო და თავაზიანი საზოგადოება ძალიან ხიბლავდა, ქალაქის ტბებსა და პარკებში სიარული სიამოვნებას ანიჭებდა და კარიერას მშვიდ გარემოში ავითარებდა, თუმცა ეს მანამდე, სანამ კატალონიაში დაბრუნებისთვის მზად არ გახდებოდა, იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო.
მადლობა სესეს საინტერესო ნაშრომისთვის.
უძლიერესი ბიჭია ოლმო, ბევრს გაიტანს წელს.
ის კორეელი დამაინტერესა, დავგუგლე და ბელგიურ სეტ ტრუიდენშიო წერს გუგლი, მაგრამ მეტი არაფერი… კაცმა არადა ყველაზე მაგარი იგროკი იყო, ვინც ოდესმე გამიწვრთნიაო. ალბათ იღბალმა უმტყუნა პატარა😁
ეს ფეოლას ნაშრომი არ არის.
გაიხარე! ფეოლა კარგად იყოს, მიგვაჩვია და მექანიკურად დავწერე…
სესე, რა თქმა უნდა შენ მადლიბა სტატიისათვიის!
შესნი/პენია
კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
კასადო-პედრი
რაფინია-ოლმო-ფერმინი
ლევანდოვსკი
უძლიერესი ბიჭია ოლმო, ბევრს გაიტანს წელს.
ის კორეელი დამაინტერესა, დავგუგლე და ბელგიურ სეტ ტრუიდენშიო წერს გუგლი, მაგრამ მეტი არაფერი… კაცმა არადა ყველაზე მაგარი იგროკი იყო, ვინც ოდესმე გამიწვრთნიაო. ალბათ იღბალმა უმტყუნა პატარა😁
ეს ფეოლას ნაშრომი არ არის.
სხვათაშორის ლაიფცინგს ძალიან კარგი სკაუტები ყავს, ბოლო პერიოდში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო,
ოლმო, გვარდიოლი, სობოსლაი, ნკუკუ, ხავი სიმონსი,ლუკება,საბიცერი,ლუქმენი რავი რომელი ერთი გავიხსენო,
გაუმარჯოს შენს ნაშრომს, ფეოლა! მადლობა!
უძლიერესი ბიჭია ოლმო, ბევრს გაიტანს წელს.
ის კორეელი დამაინტერესა, დავგუგლე და ბელგიურ სეტ ტრუიდენშიო წერს გუგლი, მაგრამ მეტი არაფერი… კაცმა არადა ყველაზე მაგარი იგროკი იყო, ვინც ოდესმე გამიწვრთნიაო. ალბათ იღბალმა უმტყუნა პატარა😁
ყოჩაღ ავტორს,
ოლმო ნათელი მაგალითია რომ როცა არ ეძლევა ფეხბურთელს საკმარისი დრო წავიდეს განვითარდეს იმ
დონეზე რაც კლუბს შეეფერაბა და დაბრუნდეს ღირსეულად ✌️✌️
ისეთ დროსაა სტატია გამოქვეყნებული ალბათ ღამეც გაათია ავტორმა მის წერაში, მაგრამ ღირდა აშკარად, მშვენიერი მცირე ექსკურსი გამოვიდა ოლმოს უკეთ გასაცნობად, ფაქტია სადაც მივიდა ყველგან დატოვა კვალი და ბარსაშიც დაიწყო ისტორიის წერა, ტრავმები თუარ შეუშლის ხელს დიდ ფეხბურთელებს შორის დატოვებს თავის სახელს, ასაკი საკმაოდ აქვს უკვე, თუმცა 10 წელი შეუძლია ულაპარაკოდ ითამაშოს მაღალ დონეზე თავისი სტილიდან გამომდინარე, სწორ დროს სწორ ადგილასააა, ახლა იწყებს ეს ბიჭი თავისი მაქსიმუმის ჩვენებას და ზუსტად ასეთ გრანდში ადგილია საჭირო მაგ დროს რომ არ დაიკარგოს ფეხბურთელი. პ.ს მადლობა ავტორს!
მშვენიერი სტატიაა