workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას საუკეთესო აფრიკელები და გზა ხაშურისკენ

ბარსას საუკეთესო აფრიკელები და გზა ხაშურისკენ

“ბარსას” პირველი ტრანსფერი ფრენკ კესიე გახდა. კიდევ ერთი მშრომელი აფრიკელი ნახევარდაცვის ცენტრში. ეს ძველი ამბავია, პეპის დროინდელი “ბარსას” ამბავია, ჰოდა, ჩავიმ რაღაცების დაბრუნება გადაწყვიტა. კესიემ უნდა შეგვმატოს სიმძლავრე და ინტენსივობა. არც მას ექნება გარანტირებული ადგილი ძირითადში, ისე როგორც სხვა აფრიკელ ნახევარმცველებს, მაგრამ გარკვეულ დროს აუცილებლად მიიღებს. 

მანამდე კი აფრიკელები გავიხსენოთ. ყველაზე გამორჩეული აფრიკელები. 

იაია

დიდი კაცით დავიწყოთ. იაია ტურე ჩვენი ტკივილია! ნუ, გაუსაძლის ტკივილს ვერ დავარქმევ, მაგრამ გული დაწყდებოდა ადამიანს. “ბარსამ” სოლიდური თანხა აიღო მასში, თუმცა, დრომ აჩვენა, რომ მისი დატოვება სჯობდა. საუკეთესო წლები ჰქონდა წინ. თითქოს ბუსკეტსი ამჯობინეს, ესეც ვერ გამოდგება კარგ არგუმენტად, რადგან, იაიას რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაცვის ცენტრში ითამაშა, გოლი არ გაგვიშვია, განსაკუთრებული მომენტებიც არ შექმნილა, მშვენივრად ითამაშა. 

საყრდენზე გადასარევი იყო და მოგვიანებით გამოჩნდა, რომ შემტევ ნახევარმცველადაც ძალიან მაღალ დონეზე შეეძლო თამაში. პრემიერ ლიგის ლეგენდა გახდა! ულამაზესი გოლები გაიტანა, ჯარიმებს ბექემივით ურტყამდა და პელეგრინი გამთამაშებლად ათამაშებდა. მიუხედავად ამისა, თავად ყოველთვის ამბობდა, რომ “ბარსაში” დარჩენა სურდა. 

რეალურად, პეპმა იმიტომ გაუშვა, რომ ზანტი იყო. სისწრაფეს რო აკრიფავდა მერე ვერავინ გააჩერებდა თავის ძალისა და გრძელი ნაბიჯის გამო, მაგრამ მაინც, ზანტი იყო. იაია ტემპს აგდებდა. პეპი შეტევაში საერთოდ ვერ ხედავდა. არადა, ვინმე ნაკლებად ახირებული აუცილებლად გამოიყენებდა, მაგალითად ტიტო. 

ტრავმირებული მცველის, ან ინიესტას ნაცვლად. მოკლედ, დიდი კაცი გავუშვით, მაგრამ, ისეთები გაგვიშვია, იაიას სირცხვილს გადავიტანთ როგორმე. 

“მეტალურგში” დემეტრაძისა და ჯამარაულის თანაგუნდელი იყო, ჩვენები რომ კარგავდნენ ბურთს იაია დარბოდა ენაგადმოგდებული. “ოლიმპიაკოსში” ფოფხაძისა და რივალდოს თანაგუნდელი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველმა თქვა ჩვენთან ნამდვილი დათვი ვარჯიშობსო. 

მერე “მონაკო” იყო და როგორ ვერ უნდა შეგემჩნია ამხელა კაცი. 

სეიდუ 

კეიტა იყო საჭირო კაცი. გვარდიოლას მნიშვნელოვანი ჭანჭიკი, დიდი ხომალდის სამართავად. სეიდუს განსაკუთრებული დავალება ჰქონდა და იდეალურად ასრულებდა, მნიშვნელოვანი გოლებიც აქვს გატანილი. მისი გაშვება ცოტა არ იყოს, იჩქარეს. თუ გავიხსენებთ, რომ მის ნაცვლად სონგი მოიყვანეს, კიდევ ერთხელ მოგვიწევს სამარცხვინო ტრანსფერის ხსენება. ერთი პროფესიონალი, მშრომელი და გუნდური მოთამაშე იყო, მეორე კი პარაზიტი. 

პარაზიტს ცალკე აბზაცს არ მივუძღვნით. ახლანდელებიც გვეყოფიან.

სეიდუ კი იმსახურებს გახსენებას. რა თქმა უნდა, თავადაც ესმოდა, რომ ძირითადზე ვერ ექნებოდა პრეტენზია, ვინ უნდა ამოეგდო? ჩავი თუ ინიესტა? რამდენჯერმე საყრდენზეც ითამაშა, მაგრამ ვერც ბუსკეტსს მოუხერხებდა რამეს. ალბათ არ უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო. 

როცა გუნდიდან წავიდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეიტამ გვარდიოლა დაადანაშაულა, საკმარის დროს არ მითმობდაო, თუმცა, მალევე თავადვე უარჰყო ყველაფერი. რაც მივიღე იმითაც ბედნიერი ვარო. 

ამუნიკე

გახსოვთ ამუნიკე? ნიგერიის ოქროს თაობის წარმომადგენელი, კაცი, რომელმაც ტრავმა მიიღო და დამთავრდა! ოჰ, არ დაიჯეროთ ეს ამბავი. ემანუელს რომ რამის თავი ჰქონოდა როგორმე ითამაშებდა. მე მგონი რომ გადამეტებულია, ცოტათი ქართულ ამბავს წააგავს, მომავალ ლეგენდას რომ მენისკი შეაწუხებს და ხელიდან მარადონა გამოგვეცლება. 

ნიგერიაში ალბათ სჯერათ რომ ბევრი შეეძლო. აბა, ქართველი წარმოიდგინეთ “ბარსას” პირველ გუნდში, რომელიც მოგებულ კლასიკოში მიიღებს მონაწილეობას, ძირითადში დაიწყებს და 71 წუთს დაჰყოფს მოედანზე!

რაღა გაგვაჩერებდა?!

ამიტომ, ნიგერიის რომელიღაც სოფელში ალბათ ჩამქრალი ვარსკვლავია, ჩვენი პერსპექტივიდან არც კი ანთებულა. 

ეტო’ო 

უდავოდ საუკეთესო აფრიკელი ვისაც “ბარსაში” უთამაშია. მარტივია ამის თქმა, რადგან, ეტო’ო, შესაძლოა საერთოდ საუკეთესო აფრიკელი იყოს, ვისაც საერთოდ ფეხბურთი უთამაშია. კიბატონო, ვერ მოიგო ოქროს ბურთი, ვეამ მოიგო, მიუხედავად ამისა, სამუმ უფრო დიდი სახელი დატოვა. 

კონკურენციას ის კაცი უწევს ვინც აქტიური კარიერის დროსაც მთავარი მეტოქე იყო, – დიდიე დროგბა. კარიერის დასაწყისი ეტო’ოს უკეთესო ჰქონდა, მიწურული დროგბას. ეტო’ო თავიდანვე ვარსკვლავი იყო, უნიჭიერესი, “მალიორკას” მზე და მთვარე! ყველაფერი მალევე მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ და მერე წავიდა ფულის საშოვნელად, რადგან თავისივე აგენტმა გაძარცვა. 

დროგბა პირიქით, თავიდან მძიმედ იწყებდა, არავის სჯეროდა მისი, საშემსრულებლო ოსტატობას უწუნებდნენ. ნელ-ნელა მონსტრი გახდა. რაც მეტი დრო გავიდა, მით უფრო მაგრად დაიწყო თამაში. დროგბა დიდი მატჩების ფეხბურთელი იყო. ეტო’ოც, რასაკვირველია. 

მე ჩვენიანი მირჩევნია. უფრო ლამაზად თამაშობდა. 

სხვა აფრიკელებზე რა ვთქვათ, ობამეიანგს წინ აქვს “ბარსელონური” კარიერა, ხერარდო მირანდა ნამდვილად კარგი მარჯვენა მცველი იყო, რომელიც იმ ფეხბურთელებს მიაყოლეს ნუნიესმა რომ ერთიანად დაიფრინა კლუბიდან. იყვნენ კიდევ მენდონკა, რამოსი და ოკუნოვო! კიდევ ერთი ზღაპრული ნიგერიელი. ამ ბიჭზეც ლეგენდები დადიოდა, საბოლოოდ კი ალბანურ “ტირანაში” ამოჰყო თავი, აი, ქართული კლუბები რომ ხშირად ეთამაშებიან, იქ. 

დაახლოებით იგივე გზა გაიარა, რაც ჩვენმა ლეგენდარულმა “ბარსელონელმა”, “რეალის” სპორტულებში გამოწყობილი რომ გვამცნობს ხაშურში ჩამოსვლას. 

სამი წელი ვიყავი “ბარსელონას” აკადემიაში და.. რაჰ.. ჩამოვედი აქ, ბიჭებს აქ.. ვარ ხაშურის “ივერიაში”. 

ასეთი ამბავია. 

აღმოჩნდა, რომ “ბარსელონელი” აფრიკელებისთვის სამი ბილიკი იკვეთება, ერთი ლეგენდობამდე თუ არა, კარგად გახსენებამდე მაინც მიდის, მეორე ცუდად გახსენებამდე, მესამე კი ხაშურში. 

რომელ ბილიკს გაუყვება კესიე, ამას ერთად ვიხილავთ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:12
    #7

    წარმატებები კესიეს!

  • nika 54
    schedule 08 ივლ 2022, 18:21
    #6

    ამას დრო გვიჩვენებს, მაინც მგონია ჩავი აათამაშებს სწორედ ისე როგორც ბარსელონას უხდება.

  • xavi-iniesta-messi
    schedule 08 ივლ 2022, 15:19
    #5

    საღოლ ფეოლა აი იმენა საღოლ. მაგარი ხარ. მეტი ასეთი სტატიები შემოგვთავაზე <3 საინტერესო და სახალისო იყო

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 08 ივლ 2022, 13:51
    #4

    C.PC5,
    და შენ რა იცი რა ქომაგი ყავს ივერიას ან რა მებრძოლი გუნდია

  • Bakero
    schedule 08 ივლ 2022, 13:37
    #3

    ტურეს ნახევარი სათამაშო ინტელექტი და ტალანტი მისცა კესიეს და მადლობელი ვიქნები

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 ივლ 2022, 11:39
    #2

    კარგი საყრდენია კესი და იმედია გაამართლებს, მართლა ტურეს წააგავს რაღაც მხრივ

  • C.PC5
    schedule 08 ივლ 2022, 05:50
    #1

    კარგი სტატიაა მომეწონა😂 იმედია ხაშური არც იცის და პირდაპირ ლეგენდობისკენ წავა🤗