მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ქულა დერბიში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ქულა დერბიში

ერთკვირიანი აღტაცების შემდეგ ისევ ჩემპიონთა ლიგის ზონის ზღვარზე აღმოვჩნდით. “ბარსა” კვლავ კარგავს ოქროს ქულებს, ამასობაში, სულ უფრო ცოტა მატჩი რჩება ჩასატარებელი და ნერვიული ფონიც მატულობს. სასწორზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური არ დევს, მთელი პროექტია ამაზე დამოკიდებული, გავალთ თუ არა ლიგაზე, ეკონომიკურიდან დაწყებული, ჰოლანდის გადმოყვანით დამთავრებული. ხანდახან მგონია, რომ ყველა ფეხბურთელს არ აქვს გააზრებული, თუ რამდენს ნიშნავს თითოეული ქულა, ამას ვწერ იმიტომ, რომ ჯერ ვერ მივხვდი როგორ ვერ მოიგო “ბარსამ” ეს თამაში. წესით და რიგით, პირველივე ტაიმში უნდა მოემთავრებინა ყველაფერი, მაგრამ, ჯერ კიდევ რჩება დაუდევრობის პრობლემა. 

სულ არაფრის გამო, ალვესმა წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო. სულ არაფრის გამო ჟერარ პიკე “ესპანიოლთან” გააგდეს. მომდევნო ტურში ძირითადი შემადგენლობის სამი კაცი (სავარაუდოდ არაუხოც) დაგვაკლდება დაცვის ხაზში. დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს და ახლა ამათი დუბლების ყურება მოგვიწევს. ერიკ გარსია და ლანგლე დუეტში, – “როგორ უნდა ათრიონ ჩვენი მცველები“, – ავტორი ჩავი ერნანდესი. მაქსიმუმი რაც ჩავის შეუძლია, დესტის მაგივრად მინგესას დაყენებაა, კომბინაცია – ვაის გავეყარე, უის შევეყარე! 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დესტის სახით ასეთი საფრთხობელა შეგვრჩებოდა ხელში. ვაღიარებ, რომ მისი გადმოსვლა ძალიან გამიხარდა. ბავარიისკენ ყველაზე მაღალი თითიც გავიშვირე გამარჯვების ნიშნად, მოგეხსენებათ, რომ გერმანელები ცდილობდნენ დესტის შეძენას, სავარაუდოდ პერსპექტიული “აუტჩიკი” დაინახეს მასში, ჩვენ კი დავსტაცეთ ხელი და წამოვიღეთ, ცუდი მატჩების მერეც კი არ ვკარგავდი იმედს, მეგონა ნელ-ნელა გაიხსნებოდა, ახლა კი ვხედავთ ფეხბურთელს, რომელიც არანაერი სარგებლის მომტანი არ არის, არც დაცვაში და არც შეტევაში. 

მართალია ჩავი. მოსვლის დღიდან თქვა გასაყიდიაო. მოსვლის დღიდან თქვა, ბებერი ალვესი ათი თავით მირჩევნიაო. 

მარცხენა ფლანგზე კი ალბა გვეყოლება, ბებერი ალბა, რომელიც სისწრაფესაც კარგავს, გამძლეობასაც, მაგრამ რასაც შეუძლია აკეთებს. აგერ, საგოლე პასიც ჩაიწერა პირველივე წითებზე, დაატრიალა დევიდ ბექემივით! აღსანიშნავი და დასაფასებელი ამბავია, რომ მესის წასვლის მერე, მაინც მოახერხა გარდაქმნა და პასიც ისეთი აქვს, როგორიც ამ ფორმაციის გუნდს სჭირდება. კარგი მატჩი ჰქონდა, არ იყო ცუდი. 

ვერ ავცდებით ერიკ გარსიას. თუმცა, იქამდე არაუხოს ტრავმას ვერ ავცდით. ორი უბედურება დაგვატყდა თავს, ჯერ არაუხოს ტრავმა და მერე გარსია. მცველის ასეთი თამაში, გრძელი პასის დროს არასდროს მინახავს, შეამჩნევდით რომ ხაზი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ, ეგ ყველაზე ნაკლები დანაშაულია, ფორვარდზე წინ იყო და გაჩერდა. სადღაც შუა გზაში, როცა ბურთი ჯერ კიდევ დაფრინავდა, იფიქრა თავით ვითამაშებო, მერე მიხვდა, რომ შანსი არ ჰქონდა, თან იმდენად არ ჰქონდა, რომ არც კი ამხტარა, ამ პაუზის დროს მანძილი დაკარგა და იმ ფორვარდის ზურგსუკან აღმოჩნდა, რომელთანაც ერთმეტრიან დისტანციაზე იდგა. ეს მონაკვეთი ამოსაჭრელი და გასავრცელებელია, მთელ “ლა მასიაში”, თაობები უნდა გაიზარდონ ამის შემხედვარე, რომ არასდროს ასეთი სიგიჟე არ გააკეთონ. 

სამართალი რომ არსებობდეს ამ ქვეყნად, ერიკ გარსიას ბუცების ჩაცმა საერთოდ უნდა აუკრძალონ. ვუყურებ და ვერ გამიგია რა პროფესიის შეიძლება რომ იყოს. ალბათ, ალმოდოვარის ფილმებში, რომ დაბნეული ტიპები არიან, იმათ როლს მოირგებდა. ან, მოარგებდნენ. 

უბრალოდ წარმოიდგინეთ, – დესტი, გარსია, ლანგლე. უჰ! ნამდვილი ბასტიონია! 

ბუსკეტსს ბევრი შეცდომა ჰქონდა, ისევე როგორც დე იონგს, ფრენკიმ თავის კვალობაზე ბევრი ბურთი დაკარგა. რაც ყველაზე უჩვეულო და ცუდია, უმრავლესობა პასის დროს დაიკარგა, არადა, სიზუსტით არის ეს კაცი ცნობილი. 

აქვე, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული. ალვესის ევროპა ლიგის განაცხადში არ შეყვანა ძალიან ძალიან დიდი შეცდომაა, ამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია. დანის ყოფნით სამი მიმართულებით ვიღებთ უპირატესობას: 

1. საიმედო მარჯვენა მცველი გვყავს. 

2. ტაქტიკური მანევრირების საშუალებას იძლევა, (რაც “ატლეტიკოსთან” ვნახეთ)

3. ლიდერია. ეს “ბარსას” ძალიან აკლია. 

თუ ჩავი გავის უპირებდა გარემარბად თამაშს და დემბელესაც აბრუნებდნენ განაცხადში, მაშინ, სამი შემტევის შეყვანას, ნამდვილად სჯობდა ალვესი შეეყვანათ. “ნაპოლისთან” მასზე მეტად არავინ გამოგვადგებოდა. ახლა კიდე გვიანია. არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება ვინ მიიღო, მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მაგრად შეცდა. 

ფერან ტორესი ჯერ კიდევ არაფერს არ ჰგავს. გავი ბევრად შესამჩნევი იყო ფლანგზე, ვიდრე ფერანი მთელი თამაში. ობამეიანგი ისევ ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას, გასაგებია, რომ ჯერ მცირე დრო ჰქონდა, მაგრამ აქამდე რაღაც მაინც უნდა გვენახა. მხოლოდ მაღალი ნახტომი ვნახეთ. 

სამაგიეროდ, ადამამ ისევ დაგლიჯა! გადაწყვეტილი აქვს, რომ “ბარსაში” დარჩეს. შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს, ცოტა მეტი კლასი არ აწყენდა, პირველ ტაიმში ჰქონდა მომენტი, დიეგო ლოპესი დაჭრა მხარში! ნეტავ, აეწია თავი, მანდ დამთავრდებოდა ყველაფერი. 

დაიმსახურა გამორჩევა, საგოლე პასიც დაიმსახურა, დაუფასდა მთელი თამაში აქტიურობა, მშვენივრად ჩააწოდა და ჩვენმა ლეგენდამ, ლუკ დე იონგმა ქულა მოგვიტანა! ოქროს ცვლილებად ყალიბდება ლუკი, “ბარსელონას” ოლე გუნარ სულშერი! აქ ჩვენ ვღრიალებდით, სადღაც შორს ალბათ რონალდ კუმანი, ვინღა გააჩუმებს, ალბათ მთელ სამეზობლოს გააგებინა, რომ ლუკი მისი მოყვანილია. გავიგეთ ბატონო, გავიგეთ. 

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! 

სხვა თუ არაფერი, სახალისო მატჩებს მაინც ვუყურებთ. 

შემდეგი მატჩი შუა კვირაში, “ნაპოლისთან”. დაცვაში ლოცვა გააძლიერეთ. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (21)

  • Albicelecte
    15 თებ 2022, 15:51

    ეჰ გარსია… არადა თითქოსდა ნაკრებში არა უშავს და აქ რამ დაარეალმადრიდა?!