workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ზარი კუმანთან

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ზარი კუმანთან

 რონალდ სკრიპკა! – ამოსძახა სუარესმა.

გუშინ ლუის სუარესი იანგული იყო, რონალდ კუმანი კი ჯემალოს კარიკატურა. ლუისმა როგორც იქნა შური იძია და ტრიბუნაზეც გადარეკა, ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ჩასძახა და რაღაც დიდი ტვირთი მოიცილა. კუმანი ალბათ ზარს არ უპასუხებდა, იტყოდა არავარ სახლშიო, მაგრამ დავინახეთ ტელეფონზე ჩამოკიდებული ცოფებს როგორ ყრიდა. ალბათ კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა იმაზე რა მოხდებოდა ლუის სუარესი რომ გუნდიდან არ გაეშვა, მის ნაცვლად ანტუან გრიზმანზე რომ ეთქვა უარი, რამდენ პრობლემას აირიდებდა თავიდან, რამდენ განსაცდელს აცდებოდა, საბოლოო ჯამში, კონტრაქტის დასრულებისთანავე მაინც გაუშვებდნენ, მაგრამ არა ასე სამარცხვინოდ, როგორც ახლა მოუწევს.

ლუის სუარესმა კი გოლი არ აღნიშნა, გახსოვთ ალბათ „ლივერპულს“, რომ შეუგდო მუხლები გადაიტყავა გაზონზე სრიალით, არადა, „ლივერპულიდან“ გულთბილად გამოაცილეს, დიდი სიყვარულით, „ბარსადან“ კიდე პანღურით გააგდეს, დამამცირებლად, მაგრამ გოლი არ აღნიშნა, აი, ასე უყვარს ლუისს „ბარსელონა“ კლუბი არაფერ შუაშია, ბართომეუსთან და კუმანთან გაასწორა ანგარიში, მატჩამდე მათზე ისაუბრა და მატჩის მერე მათზე გაცილებით მაღლა დადგა, თუმცა, ისედაც უფრო მაღლა იდგა.

ასეთი საზიზღარი თამაში გამაოცებდა, წინამორბედი მატჩებიც მსგავსი რომ არ ყოფილიყო, როგორც წესი, „ატლეტიკოა“ ის გუნდი, რომელიც ამგვარად თამაშობს, დანახვაც რომ აღარ გინდა, ახლა კი „ბარსამ“ მოირგო ეს როლი. მადრიდელები ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც გასაკვირი საერთოდ არ ყოფილა. ძალიან მარტივი „მესამეზე პასით“ გადიოდნენ ფონს და გოლებიც მსგავსი კომბინაციის შედეგად გაგვიტანეს. ლამაზი იყო, ეფექტური, სავსე სტადიონიც ტაშით შეხვდა და სიმეონეც კმაყოფილი ჩანდა.

„ბარსას“ სკამზე კი საპირისპირო ხდებოდა, ჰენრიკ ლარსონი ტელეფონზე ეკიდა, შეწუხებული სახით კუმანისგან იღებდა დავალებებს, ამ დროს სათადარიგოთა შორის შრიოდერი ხელებს იქნევდა უკმაყოფილოდ, ჩანდა, რომ კუმანს არ ეთანხმებოდა, მაგრამ აბა რა უნდა შეეცვალა?! გუნდის თავი ის პუტკუნა და ბრაზიანი კაცია. რაღაცების შეცვლა კი სცადეს, მაგრამ სასიკეთო ვერაფერი გაახერხეს. ეს ალბათ პირველი მატჩი იყო სეზონში, როცა ვერცერთ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, ნათელი წერტილი მოედანზე საერთოდ არ ყოფილა. ტრაგიკული ამბავია, კოშმარია, მაგრამ ფაქტია და ვერ გავექცევით.

მატჩის წინ ლაპორტამ თქვა, რაც არ უნდა მოხდეს კუმანი დარჩებაო, მაინც რას ნიშნავს ეს სიტყვა, – ნიშნავს იმას, რომ შემცვლელი ჯერ არ გვიპოვია და რა ვქნათ რა წყალში გადავვარდეთო. რისკი ძალიან დიდია, ჟოანს არ უნდა, რომ შუა სეზონში მოიყვანოს კაცი, რომელიც სეზონის ბოლოს აღარ ენდომება, მას სურს, რომ დიდი პროექტი დაიწყოს, შესაბამისად კანდიდატიც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოს, მაგრამ კუმანი თუ არ გაუშვა კარგი მწვრთნელის დათანხმება ძალიან გაჭირდება, რადგან „ბარსა“, შესაძლოა ლიგის მიღმა აღმოჩნდეს.

არის ვარიანტი, რომ დროებითი მწვრთნელი დანიშნოს და სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიოს გვარდიოლასთან, ან კლოპთან, სეზონის ბოლოს კლუბის ჩაბარებაზე, მაგრამ, ალბათ თავადაც ხვდებით ეს რა რთული ამოცანაა. დრო კი გადის, სანაკრებო პაუზამ სულზე მოგვისწრო, ორი კვირა დიდი დროა იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, არ აქვს მნიშვნელობა დროებით მწვრთნელს იპოვიან თუ ხანგრძლივ პროექტს ჩაეყრება საფუძველი, კუმანი ახლავეა გასაშვები, რადგან კლუბი დემორალიზებულია, არანაერი ზრდის პროცესი არ ეტყობა და ჭაობისკენ მიქრის, – ეს დასასრულია!

ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ასეთ კატასტროფასაც არ ველოდი. კარგია, რომ გრიზმანმაც არ გაიტანა, ეს ალბათ დღის პოზიტივია, ერთ მომენტში შეეძლო გატანა, მაგრამ ისეთი პასი გააკეთა, რომ მის გაშვებაზე არ დაწყდებოდა გული ადამიანს. თუმცა, თავს მშვენივრად გრძნობდა, კარგ ხასიათზე იყო, „კამპ ნოუზე“ სულ დაღვრემილი დარბოდა. ისე ჩანს, რომ „ატლეტიკო“ მეორე ჩემპიონობისკენ გაიწევს, ვივარაუდეთ კიდეც სეზონის დაწყების წინ, „ბარსას“ კი ოთხეულისთვის მოუწევს ბრძოლა. აქვე აღვნიშნავ, რომ წინა სეზონშიც იყო ჩავარდნა, მერე კი სწრაფად დავიწყეთ წინსვლა, მიზეზი მარტივი იყო, მესიმ სუარესის წასვლისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური დარტყმა გადალახა, ზამთარში პირობა დადო ფორმაში აუცილებლად შევალო და დაიწყო სისტემატურად გატანა. ახლა აღარ გვყავს კაცი, რომელიც მარტო გაათრევს ამხელა სიმძიმეს, ახლა საერთოდ კაცები აღარ გვყავს, „ბარსა“ ბავშვების კლუბად იქცა.

პაუზამ სულზე მოუსწრო არა მხოლოდ კლუბს, არამედ მის ქომაგსაც. ჩვენც გვჭირდება პაუზა. ამის ყურება კვირაში ორჯერ ისეთი სასჯელია, რომელსაც არ ვიმსახურებთ.

უნდა დაველოდოთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც წესით ძალიან მალე მიიღებენ, კანდიდატების განხილვისას კი დავიწუნე ლიოვი, რეგრესი აქვს და სანაკრებო მწვრთნელი უფროა-მეთქი, მაგრამ.. ამ „ბარსას“ გერმანელის ხელი დახატავდა, თუნდაც სეზონის ბოლომდე, სხვა არავინ მეგულება ისეთი ხასიათის ხალხი, რომ ასეთ პრობლემებს შეებას და გამარჯვებული გამოვიდეს.

აბა, ამოვისუნთქოთ და გავიდეთ პაუზაზე, ცხელი ამბები არ მოგვაკლდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 03 ოქტ 2021, 17:20
    #8

    ცენზურის დარღვევა რომ შეიძლებოდეს კარგად უნდა აგინო კუმანს ამის გაშვებისთვის ადამიანმა.

    ციტატა: Prometheus
    ამდენი წელია ამ გუნდის თამაშებს ვუყურებ , მაგრამ ესეთი სამარცხვინო თამაშები არასდროს მინახავს , როგორიც წელს . ვერ ვეგუები იმ ბარსელონას , რომლის მოგებასაც არცერთ ძლიერ გუნდთან არ ველოდები , არ ვიცი რისი ბრალია , მწვრთნელის , ფეხბურთელების , პრეზიდენტის თუ ყველასი ერთად , ფაქტი ერთია რომ რაღაც შესაცვლელია , თან სწრაფად . მართლა აღარ შემიძლია ესეთი დემორალიზებული და უსუსური ბარსელონას ყურება . ვიცოდი რო მესის წასვლა და თაობათა ცვლა დიდ დარტყმას მოგვაყენებდა , მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი , ლიგაზე თითქმის ჯგუფში ვართ ჩარჩენილები და ლა ლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლაც კი გაგვიჭირდება , შედეგებს რო თავი დავანებოთ ესეთ უმუღამო და უმოტივაციო გუნდს არ ველოდი . საერთოდაც ვფიქრობ რო დიდი ხანია რაც ბარსელონა გადაგვარდა , უბრალოდ ერთი კაცი იყო , რომელიც ამ ყველაფერს ფარავდა , მაგრამ ეგ კაცი ახლა უკვე პარიზშია


    ყველასი ერთად

  • riva
    schedule 03 ოქტ 2021, 14:09
    #7

    20წელზე მეტია ბარსას ფანი ვარ. მიგინებია ვან გაალისთვის, რექსაჩისთვის, ნუნიესისნაირი წარმონაქმნებისთვის, რუშთუსთვის, დუტრუელისთვის, ჯიოსთვის, ოვერმარსისთვის და ა.შ.

    ესეთი უსუსური ბარსა არ მახსოვს. გუნდს დარტყმა არ შეუძლია. ისევ მესიზე თამაშობს გუნდი და პრობლემა ზუსტად ეგაა რომ მესი აღარაა.

    ტრენერი ვერ ხვდება რომ გუნდი უნდა გადააწყოს.

    გუშინ ატლეტიკომ ჩვენზე 6 კილომეტრით მეტი ირბინა. ვიღაც 8ტყვის მერე რაო, სულ ეგრე იყოო. მერე ის რომ მაშინ ტიკი ტაკა გვქონდა. და ტიკი ტაკას მუღამ8 ზუსტად ეგაა რომ მოწინააღმდეგე არბენინო და შენ ბურთი ატარო. მარა აბა ბურთის ტარება

  • ფეოლა
    schedule 03 ოქტ 2021, 13:55
    #6

    rivaldo80,
    არავინ აღარ ოცნებობს ისეთ დღეშია. ვინმე რო ოცნებობდეს უკვე დაკავებული იქნებოდა.

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2021, 11:55
    #5

    ყველაფერში ვეთანხმები და განსაკუთრებით ბოლო წინადადებაში. ამ „ბარსას“ გერმანელის ხელი დახატავდა,
    ნამდვილად ახლა ტიკი ტაკაზე და ლამაზ ფეხბურთზე ლაპარაკის დრო აღარ არის. გუნდი უნდა მოძლიერდეს ფიზიკურად. არ შეიძლება ასე ყველა გვჯობდეს უბრალო სირბილშიც კი. ადრე პრესინგი მაინც გვქონდა ისეთი ელვისებური რომ ბურთს იმავე წუთში ვიბრუნებდით სანამ მეტოქე აზრზე მოვიდოდა. ახლა რაიას პრესინგი და აჩქარება, ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს ეზოს გუნდი თამაშობს პროფესიონალებთან.
    მოკლედ გერმანელი მწვრთნელი ვახსენეთ და ისეთი უნდა გააკეთოს რო ამათ ამოსუნთქვის თავი აღარ ქონდეთ. ვარჯიში დღეში ორჯერ მინიმუმ. ვერ გაქაჩავენ? კი ბატონო გავუშვათ. ვარჯიში და ვარჯიში არავითარი დასვენებები. ჩვენ რო ბაიერნისათვის 3-0 მოგვეგო მეორე დღეს ვივარჯიშებდით? ალბათ ორ-სამ დღეს დაასვენებდნენ "გადაღლილ" ბიჭებს. მე ასე ვფიქრობ ნებისმიერი გერმანელი მწვრთნელი თავისი გერმანული პროფესიონალიზმით, ანუ ვარჯიში, ვარჯიში-თამაში-ვარჯიში, ვარჯიში. ვინც ვერ გაუძლებს წავა იქნება პიკე თუ გავი. აი ესაა ჩემი რეცეპტი მეტი საშველი ამათზე არ არის. ამ ბალერინებზე.

  • Prometheus
    schedule 03 ოქტ 2021, 06:21
    #4

    ამდენი წელია ამ გუნდის თამაშებს ვუყურებ , მაგრამ ესეთი სამარცხვინო თამაშები არასდროს მინახავს , როგორიც წელს . ვერ ვეგუები იმ ბარსელონას , რომლის მოგებასაც არცერთ ძლიერ გუნდთან არ ველოდები , არ ვიცი რისი ბრალია , მწვრთნელის , ფეხბურთელების , პრეზიდენტის თუ ყველასი ერთად , ფაქტი ერთია რომ რაღაც შესაცვლელია , თან სწრაფად . მართლა აღარ შემიძლია ესეთი დემორალიზებული და უსუსური ბარსელონას ყურება . ვიცოდი რო მესის წასვლა და თაობათა ცვლა დიდ დარტყმას მოგვაყენებდა , მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი , ლიგაზე თითქმის ჯგუფში ვართ ჩარჩენილები და ლა ლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლაც კი გაგვიჭირდება , შედეგებს რო თავი დავანებოთ ესეთ უმუღამო და უმოტივაციო გუნდს არ ველოდი . საერთოდაც ვფიქრობ რო დიდი ხანია რაც ბარსელონა გადაგვარდა , უბრალოდ ერთი კაცი იყო , რომელიც ამ ყველაფერს ფარავდა , მაგრამ ეგ კაცი ახლა უკვე პარიზშია

  • rivaldo80
    schedule 03 ოქტ 2021, 05:29
    #3

    ლიოვი დავიწუნეო 😂😂😂😂 გუნდები ოცნებობენ მაგის მოყვანას

  • M10 S9 D11
    schedule 03 ოქტ 2021, 04:49
    #2

    სრული კატასტროფა

  • kendricklamar
    schedule 03 ოქტ 2021, 02:23
    #1

    და ვის ველოდენით ესე რო გვამადლიან იმას რომ ტრავმებია კლუბში ? დემბელეს რომელიც ისევ დაიმტვრევა ?

    თუ აგუეორს რომელსაც წამით არ უთამაშია ბარსელონაში და რომელიც შემქნელი ფეხბურთელი არცაა ?

    თუ კოუტინიოს ფორმაში შესვლას რომელშიც ვეღარასდროს შევა ?!

    ნუთუ ამხელა კლუბში იმას ვერ ხვდებიან რომ მომენტის შექმნა ნახევარდაცვიდან იწყება არსებულ რესურსზე აწყობილი სწორი ტაკტიკით და კარგი გუნდი რომ ერთი ორგანიზმია რომელიც მწვრთნელმა უნდა ააწყოს და არა კონკრეტულმა ფეხბურთელმა ?! რახდება კი მაგრამ 50 წლუანი გამოცდილებით არიან კლუბში ხალხი და ვერ აცნობიერებენ ამ ყველაფერს ? რაჯანდაბა ხდება მართლა