მაშ ასე, მეტოქეები ცნობილია, ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია სადაც უცხო ძალიან იშვიათად თუ შეგხვდება, ამ ტურნირზე ყველა და ყველაფერი ნაცნობია, იყო შანსი “შერიფი” შეგვხვედროდა და ახლოს გაგვეცნო, მაგრამ არ მოხდა ასე და კარგად ნაცნობი მეტოქეები გვერგო.
ბაიერნი
“ბარსა” “ბაიერნზე” ბევრი დაგვიწერია, მათ შორის, კრუიფისა და ბეკენბაუერის კუთხით, აგერ, თუ გსურთ თვალის გადავლება, გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, თუმცა, ეგ სტატია მაშინ დავწერე, სანამ იმ საბედისწერო მატჩს ჩავატარებდით, სანამ ერთი სამარცხვინო დღე ჩაემატებოდა კლუბის ისტორიაში, მას შემდეგ კი აღარაფერს გაიხსენებენ ისე ხშირად, როგორც 8:2-ს. იმ სწრაფადდასავიწყებელი მატჩიდან მოყოლებული “ბარსა” უფრო შეიცვალა, ვიდრე “ბაიერნი”, ნაგელსმანი სულ სხვა მწვრთნელია, სულ სხვა ხედვით, მაგრამ დონით თუ ვიმსჯელებთ ფლიკს არაფრით ჩამოუვარდება, ბატონი ლევანდოვსკი ადგილზეა და ისევ მშიერია, ჯოშუა კიმიხი კი განაგძობს გერმანული სულის ტრადიციას. აი, ჩვენთან მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან კარგი და ძალიან ცუდი ამბები დატრიალდა, ძალიან კარგი ის არის, რომ ბართომეუ და ფერმერი სახლში გავუშვით, 8:2-ის მთავარი ავტორები, ძალიან ცუდი კი ის არის, რომ მესიც გავუშვით. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ ჯგუფში “ბაიერნი” გვერგო, ზუსტად ის გუნდია, რომელთანაც ყველაზე უკეთ გამოჩნდება რეალურად რამხელა პროგრესი ექნება კუმანს მესის გარეშე. ფლეიოპში კი ვინც არ უნდა შეგვხვდეს მომზადებულნი ვიქნებით, რადგან “ბაიერნზე” საშიში და უხერხული ვერავინ შეგხვდება. წაგების შიში კი არ ღირს, არც განადგურების, ამ ეტაპზე ყველაფერი სხვაგვარად არის, ახლა “ბარსა” ყველაფერს ნულიდან იწყებს და ფეხის დაცდენები, რა თქმა უნდა, იქნება, მთავარია, რომ ზრდაში წაადგეს გუნდს, თანაც, არ მგონია, რომ “კამპ ნოუზე” უშანსოდ ვიყოთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელებისა მაინც მაგრად მეიმედება, თან, ნელ-ნელა გუნდი შევსებას განაგრძობს, აი, მცირე ხნის წინ ფატიც დაუბრუნდა ვარჯიშს.
კოუტინიო vs ბაიერნი
იმ კოშმარულ მატჩში კოუმ ორი გოლი გაგვიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ბაიერნში” კარგი პერიოდი ჰქონდა, პირიქით, გერმანელებმაც უარი თქვეს მასზე, არც კი უფიქრიათ მისი გამოსყიდვა, ბოლოს სკამზე გადასვეს და მხოლოდ მცირე დროს უთმობდნენ. იქნებ ახლა პირიქით, “ბაიერნს” გაუტანოს “ბარსას” მაისურით?! კუმანმა ნდობა გამოუცხადა, გუნდს კი საშინლად სჭირდება ახალი ათიანი, საინტერესო იქნება გერმანელებთან მისი ხილვა.
შტეგენი vs ნოიერი
ვაღიარებ! მაშინ ფსონი შტეგენზე გავაკეთე, არა იმიტომ, რომ ჩვენიანია, უბრალოდ მართლა მეგონა, რომ უფრო კარგ ფორმაში იყო, ვიდრე ტრავმიდან მობრუნებული ნოიერი, ვიფიქრე, რომ გარდამტეხი მომენტი იქნებოდა და ნაკრებშიც შეძლებდა მის დაჯაბვნას, მაგრამ რაც მოხდა ვიცით. კონკრეტულად იმ მატჩში ნოიერი ტიტანი იყო, შტეგენი კი გალახული ბავშვი, თავი დავანებოთ ანგარიშს, ეგ მთელი გუნდის ბრალი იყო, ნოიერი თავდაჯერებული და მშვიდი იყო, რკინის ნერვებით, წარბიც არ შეხრია, მენტალური მონსტრია, შტეგენმა კი ინერვიულა და ბევრი შეცდომა დაუშვა. აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რაც მატჩის ანალიზში ვახსენე კიდეც, “ბაიერნმა” ინოვაცია შემოიტანა, “ბარსას” პრესინგი გამოიხატებოდა იმაში, რომ ნოიერს ყველა შესაძლო ვარიანტს უკეტავდნენ, ის კი წინ ურტყამდა, რაც ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის, როცა ლევანდოვსკი გყავს მოედანზე, ხოლო, ფლიკმა თავის ფეხბურთელებს დაავალა, რომ გარდა ყველა ზონის გადაკეტვისა, მინიმუმ ერთი კაცი პირდაპირ შტეგენზე წასულიყო, ხანდახან ორიც, ჩვენი მეკარე ამისთვის მზად არ აღმოჩნდა, მისი წინ დარტყმული ბურთი კი შედეგს ვერ მოიტანდა, რადგან არც სუარესია ლევანდოვსკი და არც მესი, მეორე სართულზე დავიჩაგრეთ. ასე იყო საქმე, ფლიკმა ფერმერი კაცი გაანადგურა, მაგრამ ვერც იმას გავექცევით, რომ შტეგენმა ფსიქო ტერორი მიიღო იმ მატჩში, ძალიან საინეტერსოა მოიკრებს თუ ვერა ძალებს, პირველ მატჩში თუ არა, იქნებ მეორეში მაინც გამოვიყენოთ.
ბენფიკა
ამ გუნდთან ჩემპიონთა თასის ფინალი გვაქვს წაგებული, 3:2, პირველად მაშინ უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ ვიმარჯვეთ, ლისაბონელებს ბელა გუტმანი წვრთნიდათ, ყველას გაგიგიათ ალბათ ეს კაცი, წყევლა იცოდა საშინელი! ხოდა, პირველად მოგებული ფინალიდან ერთ წელში გაუშვეს, მეორედ კი 1966 წელს, ჩაო ბელა! აი, სწორედ მაშინ გადატენა და ისეთი წყევლა თავის საყვარელი კლუბი, რომ მას მერე “ბენფიკას” ევროპული ტიტული არ მოუგია. ფანები მიდიან მის საფლავზე და პატიებას თხოვენ, ბელა კი სადღაც მაღლა, (ან დაბლა) ბოროტად იცინის. მე ამ წყევლის არ მჯერა, მაგრამ მთავარია, რომ თავად სჯერათ. ყველა ფინალის წინ, გარდა იმისა, რომ ფინალში გასულ ძლიერ მეტოქესთან უწევთ შებმა, ნახევარი ქალაქი თავის ფეხბურთელებს თავზე დასძახის, რომ დაწყევლილები არიან, მთელ გუნდს აჯერებენ, რომ მეტოქის გარდა, რაღაც ირაციონალურ ძალებსაც უნდა ებრძოლონ, ანუ, თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათ, ბელამ თუ არ გვაპატია მაინც ვერ მოვიგებთო! ასეთები არიან “ბენფიკას” ფანები, ფინალის წინ თავადვე ანადგურებენ თავიანთ ფეხბურთელებს და როცა აგებენ, მერე ყველაფერს ისევ წყევლას აბრალებენ.
მეორე მწვრთნელი, რომელიც უნდა გავიხსენოთ, რონალდ კუმანია, რომელმაც მშვენივრად იმუშავა “ბენფიკაში”, ალბათ ყველაზე უკეთ, სწორედ ამ გუნდში გაართვა თავი მოვალეობას. რაიკაარდის “ბარსას” გადაეყარა მეოთხედფინალში, დღემდე ვერ ამიხსნია ლისაბონში ის მატჩი როგორ ვერ მოვიგეთ, 0:0 მორჩა, ძველი მეგობრების დაპირისპირება იყო, ჰოლანდიის ოქროს თაობის ფეხბურთელების, რომლებიც მწვრთნელებად იქცნენ. ის მატჩი ვისაც გახსოვთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ 7-8 ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, აი, მაშინ მართლა ვიფიქრე, რომ “ბენფიკას” რაღაც ჯადო და მაგია დაყვებოდა. განმეორებითი მატჩიც ეგრე დაიწყო, რონალდინიომ პენალტი ვერ გაიტანა, მერე კი ყველაფერი დალაგდა, უმეტესად ეტო’ოს ხარჯზე, ჯერ რონის გაატანინა, მერე კი თავად შეაგდო.
კარგი მატჩი იქნება, გარანტირებული არაფერი გვაქვს, ფავორიტები ვართ, მაგრამ არავის ეშინია, რადგან, მესი აღარ არის ჩვენთან. ამიტომ, სხვა ბიჭებმა უნდა შეაშინონ პორტუგალიელები, ფატიმ, დეპაიმ და ა.შ.
კიეველები
ეს გუნდი ბევრჯერ შეგვხვედრია, თავად ყველაზე ხშირად ლობანოვსკის პერიოდს იხსენებენ, როცა სახლშიც და გასვლაზეც გადაგვიარეს, შევჩენკომ “კამპ ნოუზე” სამი გოლი გაგვიტანა და არავის თავში არ მოსვლია, რომ იქვე კონტრაქტი გაეფორმებინათ. აი, მერე მარტივად ვიგებდით ხოლმე, წინა წელსაც ერთ ჯგუფში ვიყავით და არაფერი განსაკუთრებული, უკრაინელები დიდი შემოქმედებითობით არასდროს გამოირჩეოდნენ, ახლა კი ფიზიკურადაც ვეღარ არიან ისე მომზადებულნი, როგორც ადრე.
ასეთი ჯგუფია, საინტერესო, მოსაწყენად არ გვექნება საქმე.
მაგის გარდა იკარდი და დრაქსლერი
ჰოლანდი სადღაც არ გადავიდა ამ ზაფხულს?