დანი ალვესი ყოველთვის მასხარა იყო, ერთხელ ზედმეტიც მოუვიდა და კარლეს პუიოლმა თავშიც წამოარტყა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დღემდე ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია, 40-ზე მეტი ტიტულია მის ფერხთით გადებული და ჯერჯერობით ყველაზე წინ არის, თვით ლიონელ მესიზე წინ, ადრე თუ გვიან, ალბათ ვინმე შეწვდება ამ მიღწევას, მაგრამ ტიტულების ხარისხსაც ხომ გააჩნია?! ყოველ ჯერზე იმ ტიტულებს მოყუარა თავი, რომელიც ფეხბურთში ყველაზე მეტად ფასობს, მხოლოდ ერთი ოცნება ვერ აიხდინა, მუნდიალის ოქრო არ ღირსებია, ბრაზილიელთათვის ეს უმთავრესი ოცნება და მისწრაფებაა, მაგრამ დანის არ ერგო და სწორედ ამიტომ, არის ხალხი, ვინც კაფუს უფრო მაღლა აყენებს.
სანაკრებო კარიერა კაფუს უკეთესი ჰქონდა, საკლუბო ალვესს, ამათზე მაგარ მარჯვენა მცველებს კი ფეხბურთი არასდროს უთამაშიათ.
„მუნდიალი ჩემი მთავარი ოცნებაა“ – ამბობს ალვესი და იმედი აქვს, რომ კატარის 2022 წლის მუნდიალზე მოხვდება, დანი 39 წლის იქნება, მაგრამ მისთვის შეუძლებელი არაფერია.
„ჩემი იდეალი მამაჩემი იყო, შემდეგ კი კაფუ, მიზიდავდა არა მხოლოდ მისი სათამაშო სტილი, არამედ მისი ისტორია, როგორ მოაგებინა „სან პაულოს“ ლიბერტადორესის თასი და როგორ მიაღწია ყველაფერს თავის მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით, მან გაანათა გზა, რომელზეც მთელი კარიერის განმავლობაში ვიარე“.
დანი სიღარიბეში გაიზარდა, ისევე როგორც ბრაზილიელ ფეხბურთელთა უმრავლესობა. დილით ექვს საათზე იღვიძებდა, რომ სკოლაში წასვლამდე, მამას ფერმაში მიხმარებოდა. წელი საშინლად სტკიოდა, უვარგისი მატრასის გამო, რომელსაც ყველა ბედნიერებასთან ერთად, მარილის სუნი ასდიოდა. მიწის მოედნამდე 12 მილის გავლა უწევდა, რივალდოს მსგავსად ისიც ფეხით ფარავდა მანძილს, ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერეც. ამიტომ, ბავშვობიდან ძლიერი ფეხები ჰქონდა, მისი შორეული დარტყმებიც ამის დასტურია.
დამღლელი და მომქანცველი თამაშის შემდეგ, ფერმის ბავშვები მტრედებზე ნადირობას იწყებდნენ.
ბავშვობის დროინდელ მოედანს ხშირად უბრუნდება, ისეთი მოედანია, თბილისში, რომ იყო, 2000-იანების დასაწყისში, მერე ზოგან კორპუსები ჩადგეს, ზოგან ხელოვნური საფარი დააგეს, დანის მოედანი კი უცვლელია, ადრეც მიწა ეყარა თურმე და ახლაც ისეთივეა, ოღრო-ჩოღრო – “იუვენტუსის სტადიონი”, კამპ ნოუ”, “ბერნაბეუ”, “ემირატები”.. ჩემი ბავშვობის მოედანზე თუ ბურთის კონტროლი მოახერხე, ესე იგი, ამას ყველგან შეძლებ, სიამოვნებით ვნახავდი ასეთ მოედანზე მესის, ან ნეიმარს“. – ამბობს ალვესი.
პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაში „ბაიაში“ დაიწყო, ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, 2002 წელს ბრაზილიამ მუნდიალი მოიგო, კაფუმ კაპიტნის რანგში თასი აღმართა, ამავე წელს, დანი ალვესს ბაზასთან ყაჩაღები დახვდნენ და ფული მოთხოვეს, ალვესი ისეთ სისწრაფით მოწყდა ადგილიდან, რომ სევილიაში ჩაფრინდა, ბრაზილიაში გაჩერება აღარ შეიძლებოდა, მისი კუმირი ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობდა, თავად კი გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა
„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, „ბაიაში“ ერთნახევარი სეზონი დავყავი, ეს ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, შემდეგ „სევილიაში“ გადავედი და თანაგუნდელებთან ერთად ამ კლუბის ისტორია შევცვალე, როცა იქ მივედი, გუნდი ლა ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, ნელ-ნელა განვითარება დავიწყეთ და საოცარ გუნდად ჩამოვყალიბდით, უეფას თასი მოვიგეთ, „ბარსელონა“ კი სუპერ თასის ფინალში გავანადგურეთ, მთელი ქალაქი ზეიმობდა, ქუჩებში ხალხი სიხარულისგან ტიროდა, ეს დაუვიწყარი იყო“.
დანის ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, მის ხელში ჩასაგდებად მსოფლიო გრანდები იბრძოდნენ, საბოლოოდ იმ კლუბზე შეაჩერა არჩევანი, სადაც ბრაზილიელებს ყოველთვის გულთბილად ხვდებოდნენ.
„მსგავსი რამ არასდროს მინახავს, „ბარსელონა“ სულ სხვა სიმაღლეა, ეს იყო, არის და იქნება სკოლა, რომელიც ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, მათი სტილი, ხარისხი, იდენტობა, განუმეორებელია, შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ მსურდა რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ვყოფილიყავი“.
ასე გახდა დანი ალვესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის უმნიშვნელოვანესი წევრი, სხვადასხვა ეპოქების კლუბებს შორის დავა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ პეპის „ბარსაზე“ ლამაზი ფეხბურთი არავის უთამაშია, ეს უდავოა.
მარჯვენა ფლანგზე ცალკე ტიკი-ტაკა ხდებოდა, ჩავი-ინიესტასგან დამოუკიდებლად, მესის და ალვესს ცალკე ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ქსოვდნენ ლაბირინთებს მეტოქის კარამდე, მარადონა-კარეკას დუეტის შემდეგ, ასეთი კარგი არგენტინულ-ბრაზილიური წყვილი არ მოიძებნება, ალვესის წასვლის შემდეგ, „ბარსას“ მარჯვენა ფლანგმა უბარლოდ დაიძინა, მესიმ მის გარეშე მოიწყინა, სულ უფრო ხშირად იხედება საპირისპირო ფლანგზე, სულ უფრო იშვიათად ათამაშებს ბურთს მარჯვნივ, არადა, თბილისშიც გაუგორებია ალვესთან ერთად.
რამდენიმე წლის წინ ბერლინის ფინალი გაიხსენა და “ბარსა” მუჰამედ ალის შეადარა. დანიმ, ყველა დროის საუკეთესო მოკრივის ციტატაც მოიყვანა – “ვფარფატებ, როგორც პეპელა, ვინესტრები, როგორც ფუტკარი!“. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ “ბარსაც” ზუსტად ასე თამაშობდა, ლაღად და ლამაზად, შხამიანი დარტყმებით.
კარგი მეტაფორაა, რომელიც არა მხოლოდ ლუის ენრიკეს “ბარსას”, არამედ თავად, დანი ალვესის მთელ კარიერას შეეფერება.
არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, არსებობს სტერეოტიპები, რომ მცველი, რომელიც შეტევაში ძლიერია, ის დაცვაში სუსტია, ალვესიც არა ერთხელ გამხდარა ამ მოსაზრების მსხვერპლი, როგორ შეიძლება სერჟი რობერტოს, სემედუსა და დესტს სუსტი მცველი უწოდო და სადმე იქვე, დანი ალვესიც ახსენო?!
დანი დაცვაშიც ძალიან ძლიერი იყო, „სევილიაში“ ყოფნის დროს მთელ ლა ლიგაში არ მოიძებნა მცველი, რომელმაც კარიერის პიკში მყოფ რონალდინიოსთან მასზე უკეთ ითამაშა, მომდევნო სეზონში კი ლიონელ მესის წინააღმდეგაც წარსდგა, ლეოს იმ მატჩში მარცხენა ფლანგზე მოუწია თამაში და ალვესმა დაჩაგრა! საერთოდ, კონკრეტულად ის მატჩი მარტომ მოგვიგო, გოლი გაგვიტანა, საგოლე პასი გააკეთა და ბოლოს ლუდოვიკ ჟიულიც გააგდებინა მოედნიდან.
შეუჩერებელი იყო „რეალთანაც“, ისე მოხდა, რომ კაპელომ „ფენომენო“ და ნისტელროი ერთად დააყენა, ხან ერთი იწევდა ფლანგისკენ, ხან მეორე, დანიმ ორივე შეჭამა!
ასევე, არ არსებობს მცველი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუსთან იმაზე კარგად ეთამაშოს, ვიდრე დანი ალვესს, ამას ადრე ვიდეოც მივუძღვენით და კარგი იქნება თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.
ამის მერე, რომ იტყვი დანი ალვესი დაცვაში სუსტი იყოო, ესე იგი, მაგრად ხარ რეალობას მოწყვეტილი და ფეხბურთი კრიკეტისგან ვერ განგისხვავებია.
კიდევ თამაშობს, რა გააჩერებს?! „სან პაულოს“ ღირსებას იცავს, რომელსაც მთელი ცხოვრება ქომაგობდა – „ფეხბურთი „სან პაულოს“ გამო შევიყვარე, ბავშვობიდან ამ გუნდის ქომაგი ვარ, მიყვარს, როცა ჩემპიონი ვხდები, როცა გამარჯვებული ვარ, ბავშვობიდან ამისკენ ვისწრაფვოდი და „სან პაულო“ სულ ჩემპიონი ხდებოდა, კაფუც აქ თამაშობდა და მამაჩემსაც ჰყავდა სამოყვარულო გუნდი, რომელსაც ასევე „სან პაულო“ ერქვა, მთელი ფერმა იკრიბებოდა ფეხბურთის სათამაშოთ“.
„გამოწვევები ყოველთვის მიზიდავდა, მიყვარს, როცა ხალხს შენში ეჭვი ეპარება და საპირისპიროს ამტკიცებ, ეს მეხმარება და უფრო მოტივირებულს მხდის“.
„სან პაულოში“ ჩემი ისტორიის მოსაყოლად მოვედი, მე ამ კლუბის ფანი ვარ და როგორც გულშემატკივარს შემიძლია იმაზე ბევრად მეტი გავაკეთო, ვიდრე სხვა რომელიმე ქომაგს შეუძლია, რადგან ამავე დროს მოთამაშეც ვარ, აქ თამაში ჩემი ოცნება იყო, თუნდაც მეორე დივიზიონში გავვარდეთ, უსასყიდლოთ ვითამაშებ, ეს ოცნება და სიყვარულია, ამ დროს ფული პრიორიტეტული არ არის“.
ბრაზილიაში დაბრუნებული დანი ალვესი უნივერსალიზმის პიკშია, ხადანახან გამთამაშებლადაც უწევს თამაში და თავად კაკამ გადასცა მისი ათნომრიანი მაისური. ეს ის შემთხვევა არ არის, უილიამ გალასმა, რომ დენის ბერგკამპის ათი ნომერი იკადრა, ის მართლა სასაცილო იყო, ვიღაცისთვის ალბათ სატირალიც, ალვესი კი ათი ნომრის ღირსეული მტვირთველია, ვის თუ არა „ბარსას“ ფანებს შეუმჩნევიათ, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის სურდა შემტევად თამაში, თამაშობდა კიდეც! ჭკუა დაუშლიდა თუ რა.. არც ჭკუა უშლიდა და არც გვარდიოლა, პირიქით, პეპის ხელში, ფრთები გამოისხა და გაფრინდა!
“ცენტრში თამაში როგორ გამიჭირდებოდა, მე ხომ ჩავისთან ერთად ვთამაშობდი?! მისგან უამრავი რამ ვისწავლე, თამაშს მუდმივად აკონტროლებდა, როცა წინ მივდიოდი, ვიცოდი, რომ საიმედოდ მაზღვევდა, „ბარსელონაში“ ბურთის გარეშე თამაშიც ვისწავლე, როცა პეპის „ბარსაზე“ საუბრობენ, ყველა ტიკი-ტაკას ახსენებს, მაგრამ უბურთოდ არანაკლებ მაღალი ხარიხი გვქონდა, პეპმა მასწავლა როგორ მეთამაშა ბურთის გარეშე და იმ სეზონში მგონი 18 საგოლე გადაცემა გავაკეთე“.
ერთი წელიც და მორიგ პასუხს მიიღებს კიდევ ერთ გამოწვევაზე, ისევ ბავშვივით დაელოდება, ისევ ისე შეხვდება თითქოს პირველად იცვამდეს ბრაზილიის ნაკრების ფორმას.
ან კიდევ ერთ მუნდიალზე წაიყვანენ, ან უკანასკნელ ოცნებას წაართმევენ, ალბათ მაინც გაიცინებს, იმიტომ, რომ მასხარაა, იმიტომ, რომ ბავშვობაში ასე ისწავლა, სიცილი ჭრილობებს კარგად მალავს, დარჩება მარტო აუხდენელ ოცნებასთან, მაინც ვერავინ გაიგებს, რას ნიშნავს ღარიბ უბანში გაზრდილი ბრაზილიელისთვის მუნდიალის მოგება, კაფუ კი სადღაც მიუწვდენელ სიმაღლემდე დარჩება, მთელი ცხოვრება ზდია და ვერ მიწვდა.
ბრაზილიელისთვის, დედამიწის მსგავსად მომრგვალებული ოქროს თასი, ყველაფერია.
დანი ალვესი 38 წლის გახდა! და კიდევ თამაშობს, არ ჩერდება..

ზამენაზე რო იჯდა ხოლმე, არ ისვენებდა ხან მეორე მწვრთნელს ხან ფეხბურთელებს ესროდა რაღაც რაღაცეებს, უფრო ხშირად ქაღალდის ბურთებს მუჭაში გაკეთებულს. ერთხელ შტეგენს ესროლა, მაშინ ბრავო იდგა კარში. ამის შემდეგ ოპერატორები სულ სათადარიგოების სკამს აჩვენებდნენ ალვესი ისევ მაიმუნობდა შტეგენი კი მოზიდული, სერიოზული, ისე უყურებდა მომეჩვენა ერთიც რო ესროლა ნამდვილად წააყრიდა.
რაღაცნაირად უხდებოდა გუნდს, მის ფილოსოფიას და სულს ეს პლაჟის ქვიშებზე მობურთავე ტინგიცა გენიოსი;
არ ვიცი, ვინ უნდა შეცვალოს და ვინ უნდა ითამაშოს მის პოზიციაზე, ისე, რომ დანის ჩრდილში არ დარჩეს?!?!?!
ბრავო ფეოლა ბრავო!!!
მსგავსი რამ არასდროს მინახავს, „ბარსელონა“ სულ სხვა სიმაღლეა, ეს იყო, არის და იქნება სკოლა, რომელიც ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, მათი სტილი, ხარისხი, იდენტობა, განუმეორებელია, შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ მსურდა რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ვყოფილიყავი“.
2012ში როცა ბარსელონა საფეხბურთო პიკად, ფეხბურთელთა მიუწვდომელ ოცნების გუნდად და ტიტულების საბადოდ იწოდებოდა, ტიაგო სილვას პუიოლის შემცვლელად იწვევდნენ და მან თქვა, რატომ უნდა ვითამაშო შედარებით დაბალ ხელფასზე ბლაუგრანაში სულელი კიარ ვარო და პარიზში გადავიდა, რომელიც იმ დროს გრანდად ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზე ყალიბდებოდა :))
👏🏻❤️🔥
ფეოლა
good job, ძალიან საინტერესო იყო, აბა ჭორების წერამ გაცვითა საიტი, უფრო ხშირად თუ დაწერ კარგი იქნება..
cruyff9,
მაკელელე და ვიეირა კი არა კრუიფი არ იყო მთავარ გუნდში
კაფუ არ არის გაპიარებულ-გაფეტიშებული, მართლა მაგარი იყო, მაშინდელ სერია ა-ში ეგეთ დონეზე თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს.
მე ალვესი უფრო მევასება, მაინც ჩვენიანია, მაგრამ ალვესის ქება კაფუს არ აკნინებს, არანაირად.
ფეოლა საღოლ მერამდენედ.
ანუ.. ალვესს ევასებოდა : )) ზედმეტი მიწერია რა.. თვითონ რაც თქვვა ის წერია, თუ გინდა წერილი გაუგზავნე, შენი ბავშვობის კუმირი შენთან შედარებით ჭიჭვეიშვილიათქო.
მერე ბრაზილიაში გაგზავნე, მერე ფრანც ფუტბოლში, საერთოდ ათ საუკეთესო მარჯვენა მცველშიც არ შეიყვანეს, (რაც დიდი უსამართლობაა) და ვინმე მოგისმენს, რავი..
ძალიან მაგარ სტატიებს წერ ძმაო,ცუდად არ მითქვია,,ფრანს ფუტბოლის გადაწყვეტილებას ვერავინ ახსნის,,არვიცი რატო მოხდა მასე,,მაგრ ტიპებმა მაკელელე და ვიერაც არ შეიყვანეს,რაღაც ხარვეზები ჰქონდათ
cruyff9,
ანუ.. ალვესს ევასებოდა : )) ზედმეტი მიწერია რა.. თვითონ რაც თქვვა ის წერია, თუ გინდა წერილი გაუგზავნე, შენი ბავშვობის კუმირი შენთან შედარებით ჭიჭვეიშვილიათქო.
მერე ბრაზილიაში გაგზავნე, მერე ფრანც ფუტბოლში, საერთოდ ათ საუკეთესო მარჯვენა მცველშიც არ შეიყვანეს, (რაც დიდი უსამართლობაა) და ვინმე მოგისმენს, რავი..
Respect 💙
ძალაინ კარგი სტატიაა,ერთი ნაკლით)))კაფუზე ზედმეტად ბევრი გიწერია,რაის კაფუ ავტორ რაის მსოფლიო ჩემპიონობა,მასე მესიმაც ვერ მოიგო!დანი ალვეში ყველა დროის საუკეთესო რაით ბექია
ყოჩაღ,უნაკლო სტატიაა,ალვეში კიდე გენიაა👌👌