მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მარათონი გრძელდება!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მარათონი გრძელდება!

დიდი ანგარიშით მოვიგეთ, თუმცა, ხარისხი მაღალი არ ყოფილა, ისიც უნდა ითქვას, რომ მეტოქის მცველმა ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია, ასეთი ავტოგოლების მერე, როგორც წესი, დაცვა ორგანიზებას ვეღარ ახერხებს, ფსიქოლოგიურად უმძიმესი ასატანია, მეკარეს ერთი სული აქვს მცველი მიახრჩოს, მაგრამ ბევრი რამე უშლის ხელს: პროტოკოლი, ზრდილობა, ხალხი რას იტყვის, ბავშვები მიყურებენ, ცოდვაში არ ჩავვარდე და ა.შ, ჰოდა, სანამ კარის დარაჯი მძიმე ფიქრებს ებრძოდა, მანამდე მესიმ ისე გაუტანა და იმდენი, რამდენიც სურდა. 

ერთი მატჩით ნაკლები გვაქვს, ყველას მოვიგებთ და ჩემპიონები ვხდებით, მარტივი არ არის, მარტივი კი არა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით ზედიზედ ორი თამაში “ვალენსიასთან” გასვლაზე და “ატლეტიკოსთან” სახლში, მაგრამ შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ, საჩემპიონო თამაშს იშვიათად ვაჩვენებთ, სამაგიეროდ, ამ სეზონში სტაბილური არცერთი გუნდი არ არის, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი გაჩემპიონებით მსოფლიო სამართალი შეილახება. 

ისე ჩანს, რომ ძველი ჭრილობის მოშუშების შანსი მოგვეცემა, ტატა მარტინოს “ბარსა” “ატლეტიკოს” სახლში დაუპირისპირდა, მოგების შემთხვევაში ჩემპიონები ვხდებოდით, გადაჭედილ “კამპ ნოუზე”, მაგრამ ვერ მოვიგეთ, გასაგებია, რომ 100%-იანი გოლი არ ჩაგვითვალეს, მაგრამ ვისაც თამაში ახსოვს, დამეთანხმება, რომ ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, ვერც იმ თამაშში და ვერც იმ სეზონში. 

აი, ასეთი დრამატული ფინალი გველის, ამჯერად სცენარი უნდა შევცვალოთ, თან წიხლით გაგდებულ კაცს რონალდ კუმანისთვის დანის ჩარტყმის საშუალება მიეცემა, ლუის სუარესი უკეთეს შანსს ვერც ინატრებდა, პირველი მატჩი გამოტოვა და ამჯერად ვნახავთ რას იზამს, თუმცა, იქამდე სხვა მატჩებია მოსაგები. 

დაცვა 

დაცვა იყო კატასტროფა, ასეთი დაცვით “ატლეტიკოსთან” შანსი არ გვექნება, მოხუცი პიკე, რომ ჯერ კიდევ საუკეთესო იქნება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, გოლის დროს გასაგებია, ლანგლემ კიდევ ერთხელ გამოავლინა გოლეადორის თვისებები და ამჯერად მარადონას სტილში გაგვიტანა, მაგრამ, მანამდე ისეთი ამბავი დატრიალდა მარცხენა ფლანგზე, რომ ნამდვილად ვიყავით გოლის ღირსი, სერჟი რობერტომ და ფრენკი დე იონგმა ერთმანეთის იმედად დატოვეს სივრცე და საგოლე პასიც გაკეთდა, მინგესაც მოცილებით იყო, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ბრალი ნაკლებია. 

ლანგლეს კიდევ ჰქონდა შეცდომები, შეგვახსენა, რომ მისი ნდობა არცერთი წამით არ შეიძლება, კუმანმა რამდენჯერმე მისცა შანსი უმტიტის, მაგრამ ისეთები აკეთა, რომ ისევ ლანგლეზე შეჩერდა, ვაი ჩვენი ბრალი, რომ მეტი მარცხენა ცენტრალური მცველი არ გვყავს, რამდენჯერმე არაუხო მოსინჯეს, მაგრამ ეს მისი პოზიცია არ არის, მით უმეტეს, ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლა უჭირს და ამ პოზიციაზე ისიც ცდება ხოლმე. 

არც მომდევნო სეზონისთვის გვყავს ვინმე დაბევებული, ალაბაზე იყო საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, დავმარცხდით, აუცილებლად მოსაძებნია კარგი მცველი, თორემ სანამ ფრანგები ჩვენთან იქნებიან, პრობლემები არ მოგვაკლდება. 

არაუხოზე აღვნიშნე ფორმაში შესვლა უჭირს-მეთქი, ასეა, დასწრებაზე ამჯერადაც დააგვიანა, “რეალთან” ისე დააგვიანა, რომ გოლი გაგვიტანეს, ახლა პენალტი აიკიდა, ცოტა დამძიმებული ჩანს, ბევრი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ფორმაში შევიდეს, მაგრამ ის და პიკე ყველაზე იდენტური მცველები არიან, ვინც გუნდში გვყავს, ამიტომ, მათი ერთად თამაში ცალკე თავის ტკივილია. 

მინგესას რაც შეემთხვა გაიგებდით, “გრძელ დისტანციაზე გაბლატავდა”, თვით რონალდ კუმანს აუქნია ხელი, თავი დამანებე, შენზე უკეთ ვიცი შეტევაში როდის უნდა ჩავერთოო, ეს არ უთქვამს, მაგრამ ხომ იგულისხმა? მისი ხელის აქნევა, სწორედ ამას ნიშნავდა. ჰოდა, გაბრაზდა “ბულდოგი”, ძააალიან შორიდან დაკრუგა მინგესამ, დრო მოიგო, რომ კუმანს ბრაზი განელებოდა, გზაში ძლიერად ილოცა, რიკი პუჩს თხოვა დახმარება, მაგრამ ის თავად დასახმარებელია, როგორც იქნა მიაღწია კუმანამდე, რომელიც საერთოდ არ აპირებდა მის შემჩნევას, მაგრამ მინგესა კვერცხებიანი ბიჭი აღმოჩნდა და პირდაპირ სახეზე აეფარა, ხელიც გაუწოდა, ალბათ მოუბოდიშა კიდეც, თუ შეამჩნიეთ კუმანმა ორივე ხელი ჩამოართა და “ახლა არაო” მიაძახა. 

საინტერესო მომენტი იყო. 

ახალგაზრდა ფეხბურთელია, ჯერ ახლა სწავლობს, შეცდომები გარდაუვალია, მთავარია, რომ ამ შეცდომებზე ისწავლოს, რასაც ვხედავთ, სწავლობს კიდეც, ფაქტია, რომ ვითარდება, შემდეგ თამაშს, ალბათ სკამზე დაიწყებს, კარგი ჭკუის სასწავლებელი იქნება. 

ასეა ჩვენი მცველების საქმე, სტაბილურად კარგი არავინ გვყავს, ალბას გარდა, სეზონის წინ ბევრ გულშემატკივარს მასში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ უკვე სეზონის მიწურულია და მასზე სტაბილურად არავის უთამაშია, ვაცადოთ მაინც, დარჩენილი შვიდი თამაში და მერე დიდი მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის. 

ნახევარდაცვა

ამჯერადაც სერხიო ბუსკეტსია ყველაზე მეტად გამოსარჩევი, კითხვები მისი მისამართითაც იყო, ისიც აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია სარგებლის მოტანა, კიბატონო, აღარ არის ისეთი, როგორიც ერთ დროს იყო, მაგრამ ეგ ვის უკვირს?! უბრალოდ, სეზონის წინ ბევრმა პიანიჩი ამჯობინა, დღევანდელი გადმოსახედიდან კი სასაცილოა ეგ ამბავი, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მათ შორის, ტაქტიკური განსწავლულობის თვალსაზრისით იმხელა სხვაობა აღმოჩნდა, რომ შესადარებლადაც არ ღირს. 

ბუსკეტსის შეცვლა ძალიან რთული ამოცანა იქნება, ოდესმე მოგვიწევს და ვის ვუპირებთ ამ საპასუხისმგებლო საქმის მხრებზე აკიდებას, ჯერ არ ვიცი, რამდენჯერმე ფრენკის უთამაშია, კარგი შეხვედრებიც ჩაუტარებია, მაგრამ იმას რასაც სერხიო აკეთებს, მის გარდა ჯერ ვერავინ შეძლო. 

“ხეტაფესთან” მატჩში, გარდა იმისა, რომ გამართული საათის შეუმჩნეველი წევრი იყო, შესამჩნევიც ბევრი გააკეთა, პირველ რიგში საგოლე პასზე მაქვს საუბარი, ჩავის სტილში გააყოლა მესის და იმანაც ისე შეაგდო, როგორც ყმაწვილობაში იცოდა, ნოსტალგიური გოლი იყო! 

პედრის საყვედურობენ ნელი ფეხბურთელიაო, დიახ, რაკეტა არ არის, სამაგიეროდ ძალიან სწრაფად აზროვნებს, უსმან დემბელეს, რომ მის მსგავსად აზროვნება შეეძლოს პელე იქნებოდა!

მეტი არაა ჩემი მტერი.. 

გახსოვთ ჩავის აჩქარება? მე არ მახსოვს, მთელი კარიერა ერთ ტემპში ითამაშა, თავქუდმოგლეჯილს არასდროს ურბენია, ალბათ იმიტომ, რომ არსად ეჩქარებოდა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. 

გახსოვთ პირლოს აჩქარება? მე არა. 

არიან ასეთი ფეხბურთელები, მათ გონებაში გამოცდილი მოჭადრაკისავით, რამდენიმე მოძრაობა წინასწარ იხატება, ამიტომ, გიჟივით სირბილი აღარ სჭირდებათ, ნელ-ნელა გადაადგილდებიან იქ, სადაც რამდენიმე წამში ბურთი გაჩნდება. 

პედრიც ასეა, ყოველ შემთხვევაში, ამ გზაზე იწყებს სიარულს და რა გამოვა ვნახავთ, დიდად ნუ განვსჯით იმის გამო, რომ სპრინტებით ვერ გვანებივრებს. 

თავდასხმა

მოსწონებიათ ვიღაცებს გრიზმანის თამაში, არ არის პრობლემა. 

მე არ მომეწონა. 

“ბარსას” თავდამსხმელს მეტი მოეთხოვება, გაცილებით მეტი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რა სტატუსით მოიყვანეს გუნდში. 

გრიზმანი უნდა წავიდეს, ეს მისი კლუბი არ არის, მადლობის თქმაც არ დამეზარება, თასის ფინალშიც კარგი იყო და სუპერ თასზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, უბრალოდ, არ არის ეს საკმარისი, მისგან გაცილებით მეტს ველოდით, აი მთავრდება სეზონი და ისევ მეტს ველით, ვერ არის ეს კარგი ამბავი. 

მესიმ თერთმეტმეტრიანი დაუთმო.. დიდსულოვანი კაცია, გახსოვთ ალბათ “სარაგოსასთან” მისი მატჩი, პოკერის შესრულება შეეძლო, ალბათ ყველაზე ლამაზი პოკერი იქნებოდა ლა ლიგის ისტორიაში, მაგრამ იბრას მშრალი სერია ჰქონდა და დაუთმო. წარმოუდგენელი ამბავია. 

გვახსოვს მესის მატჩი “სიტისთან”, ჰეთთრიქი ჰქონდა შესრულებული, პოკერი შეეძლო ჩემპიონთა ლიგაზე, ვინ ამბობს პოკერზე უარს? თან ჩემპიონთა ლიგაზე, თან გვარდიოლას “სიტის” წინააღმდეგ.. ვინ და მესი, მაშინ ნეიმარს დაუთმო, იმან კიდე გააფუჭა. 

უცნაურია, მაგრამ რაც უფრო კარგ შეხვედრას ატარებს ლეო, მით უფრო მარტივად თმობს თერთმეტმეტრიანს, კიდევ რამდენიმე დათმობა ყოფილა, მაგრამ პირველ რიგში ეს თამაშები გამახსენდა, რადგან “ხეტაფესთანაც” ძალიან მაგარი იყო! პირველივე წუთებიდან დაგლიჯა! 

ხმები გავრცელდა, კონტრაქტი გვერდზე გადადო, კონცენტრაცია სჭირდებაო, ჰოდა ვნახეთ კონცენტრირებული მესი. იმედია სეზონის ბოლომდე ასე იქნება. 

როგორც იქნა მიხვდნენ, რომ კუთხურის ჩაწოდების დროს, მეკარესთან ახლოს უნდა იდგნენ, მესის გათვლა, სწორედ ამაზეა, მიხვდა არაუხო და გოლიც შევაგდეთ. 

თვის ბოლომდე ორი მატჩი დაგვრჩა, მერე კი მთავარი ეტაპი დაიწყება. 

ამ სეზონში აღებული ორი ტიტული, ყველაზე უცნაური და ყველაზე გემრიელი რამ იქნება. 

Vamos! 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • BEQA BARCA
    23 აპრ 2021, 16:48

    დემბელეს რომ მართლა პედრივით ტვინი ქონდეს მართლა პელე იქნებოდა მაგრამ არაქ ეს ტვინი დი არის დემბელე…😁

  • პავლოვიჩი56
    23 აპრ 2021, 15:05

    კარგია.
    1. უმტიტი კლასით-გონებით ლანგლეს ბევრად სჯობს.
    2. სანამ მოძრავ ნახევარდაცვას არ დააყენებს,პრობლემები დაცვა-თავდასხმაში სულ იქნება.
    3. ჩავი-პირლოს მაგალითი…სუპერ.

  • Zaali
    23 აპრ 2021, 13:29

    nika 54,
    რა სა მწვრთნელის გეგმას არმიყვაა და შეტევაზენიყოონკონტენტრირებულიი სა რომ ქაეგოყ არავინ დაადანაშაულებდაანმინგესას იყმტყოდნენ რომ მწვრთნელმაანვერ მოაბილიზირაო მეორე ტაიმისთვისო აი რამ მწვრთნელის დავალებების შესრულება აუცილებელია და არა მარტო იმაზე ფიქრი რომ თავი გამოეჩინა ამშემთხვევააში მინგესას მხარე ჩავარდა აი რამ

  • ნოე
    23 აპრ 2021, 12:59

    მიუხედავად იმისა რომ კუმანმა თითქმის ყველა მნიშვნელვოანი თამაში წააგო ლალიგის მოგების შემთვევაში უნდა დარჩეს, აშკარად პროგრესის გზაზე დააყენა გუნდი, მარა მაინც არაა ბარსას დონის მწვრთნელი, თუ გაუშვებენ იმედია ახლა მეცხვარეს არ მოიყვანენ, ლაპორტა არ იკადრებს ამას

  • me da barca
    23 აპრ 2021, 12:47

    ვილიარეალი, ვალენსია და ატლეტიკო, აქ თუ ავიღეთ 9 ქულა მერე არ გაგვიჭირდება.
    ფეოლა საღოლ. 👍

  • nika 54
    23 აპრ 2021, 12:22

    მეორე ტაიმის ყურება საშინელება იყო, რა ეცათ დასვენებამ აწყინათ? სად წავიდა ის მუხტი თავიდანვე რო ქონდათ, თუ იწამეს მორჩა მოვიგეთო და ზედმეტად ჩათვალეს მეტი აქტიურობა. მე კი არა ლამის კუმანს გაუსკდა გული, როგორ გაცოფდა, მაინც ვერ მივხვდი რა დააშავა ისეთი მინგესამ რო კინაღამ მიახრჩო ბულდოგმა.

  • riva
    23 აპრ 2021, 12:08

    მესის რა პასი ჩაუყარა წყალში… პენალს დავუთმობდი კი არა მაგრად ვცემდი მის ადგილას. კიდევ იტყვიან კარგად ითამაშაო

  • Iniesta_8
    23 აპრ 2021, 11:57

    პედრის მოკლავს კუმანი ამდენი თამაშით და მერე მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო 🙂

  • Nikabedinadze
    23 აპრ 2021, 11:40

    ძალიან რთული ამოცანა ელის ბარსას,იმედია 2014 წელი არ განმეორდება

  • basa7
    23 აპრ 2021, 11:35

    მშვენიერი. პედრისთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რაც წინათაც დავწერე. მიუხედავად იმისა რომ ახალ ინიესტად მონათლეს აქ დავწერე წინათაც რომ თანდათან ხავის უფრო ემსგავსება ვიდრე ინის თქო და მიხარია რომ ეს ფეოლამაც შეამჩნია. კონკრეტულად ნახევარდაცვის ხაზზე მინდა აქცენტი გავაკეთო. მიუხედავად იმისა რომ დე იონგი ძალიან კარგია ის მაინც არ არის ეგრეთწოდებული შემტევი ნახევარმცველი. ბუსკეტსი უკვე დღითი დღე ბერდება, რომ არა ის უდიდესი კლასი და გამოცდილება ვეღარ ითამაშებდა და დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ისე ხშირადაც ვერ ვნახავთ ძირითადში. თუმცა დე იონგი გვყავს და დღემდე მიმაჩნია რომ ყველაზე კარგი ზუსტად ამ პოზიციაზეა ფრენკი. ასე რომ საყრდენის პრობლემა არ გვაქვს. თან მორიბასაც ნუ დაივიწყებთ რომელიც ერთნაირად კარგია საყრდენზეც და ცენტრალურზეც. პრობლემა არის შემტევი ნახევარმცველი. სწრაფი, კრეატიული , მაღალი კლასის და მაგარი პასის. შორიდანაც უნდა შეეძლოს დარტყმა. შეიძლება ვცდები მაგრამ მომკალით და ასე მგონია ის რაც ბარსას აკლია ნახევარდაცვაში აუარია. რატომ არ ფიქრობენ ამ ბიჭზე ვერ ხვდები. პლიუს ოცნებობს ბარსაზე. იქნებ გაეხსნას ლაპორტას მაინც ტვინი.