workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მალიორკა vs ბარსა – ერთი მატჩის ისტორია

მალიორკა vs ბარსა – ერთი მატჩის ისტორია

      მომდევნო ტურში ბარსა “მალიორკას” უმასპინძლებს. საინტერესო მატჩები გამოდის ხოლმე, “კამპ ნოუზეც” და გასვლაზეც. მათ სტადიონს ხომ საერთოდ სხვა მუღამი აქვს, მუქი ფერით, ცუდი განათებით, (ან ცუდი კამერით) ეს ტრიბუნებიც უცნაურია და ბევრი გოლი როგორც წესი, გასვლაზე არ გადის ხოლმე, სახლში კი ბატონო. მოლოდინიც ასეთია. ბევრი გოლი გვინდა. თუმცა, ყოფილა გამონაკლისებიც. მაგალითად 2002/03 წლების სეზონში, “ბარსელონასთვის” ძალიან ცუდ სეზონში გასვლაზეც მშვენიერი თამაში გამოვიდა და პატრიკ კლუივერტმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჰეთთრიქია მის ანგარიშზე. ოთხიც გაუტანია “ტენერიფესთან”, მაგრამ ამ შეხვედრაში მასტერკლასი ჰქონდა. 

როგორ მოახერხა ვან გაალის საშინელმა ბარსამ ამ რთულ მეტოქესთან (მაშინ ძალიან რთულთან) ასე იოლად გამარჯვება? საქმე ის არის, რომ 22-ე წუთზე ალვარო ნოვომ ტიაგო მოტას სახეში მუშტი ხია და გააძევეს, ზუსტად ათ წუთში კი “მალიორკას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც მიაყოლეს – სამუელ ეტო’ო. რა დააშავა კამერუნელმა და ტიაგო მოტას ისე უთავაზა ფეხებში როგორც გამწარებულმა ფრანჩესკო ტოტიმ მარიო ბალოტელის. როგორც ჩანს, მოტა პროვოცირებდა, სხვაგვარად შეუძლებელია ამის ახსნა, ჯერ სახეში ხიეს, მერე ეტო’ომ ხან თავში წამოარტყა, ხან ზურგზე შეახტა, ბოლოს კიდეც წიხლი მიაყოლა. 

მოტა კმაყოფილი ჩანდა. ესე იგი, ჰქონდა პროვოცირების უნარი. გავა წლები და მოტა სულ სხვა გუნდში აღმოჩნდება, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში დაბრუნდება “კამპ ნოუზე” და პროვოცირება აღარ გამოუვა, მასზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელი აქეთ წამოაგებს, აქეთ გააბამს ხაფანგში და მსაჯს გააგდებინებს. 

დავუბრუნდეთ კუნძულს. “მალიორკა” ცხრა კაცით დარჩა. ვან გაალის “ბარსელონაც” კი მარტივად შეძლებდა გამარჯვებას. 

ამ მოგებით ბარსა მეათე ადგილზე აღზევდა! სასაცილოა. არ გეგონოთ რომ სეზონის დასაწყისია, არა, ეს უკვე მეთხუთმეტე ტურია და ვან გაალი მაინც რაღაცას წვალობს. თუ იგებს, ეგეც მხოლოდ ცხრა კაცთან. “მალიორკა” კი წაგების მერე მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა. ჩემპიონატს “სოსიედადი” ლიდერობს სადაც კოვაჩევიჩი, ნიჰატი და ჩაბი ალონსო ბრწყინავენ, მაგრამ ბოლო ტურებში მაინც დათმობენ “მადრიდთან” ჩემპიონის ტიტულს. 

აი, ეგეთი უცნაური სეზონი იყო. 

რაო ნიდერლანდელებმა… 

სეზონის წინ ხომ ლუიმ რივალდო გააგდო? ჰოდა, ბრაზილიელმაც მოაძახა, მე მუნდიალი მოვიგე, ნიდერლანდები ჩემპიონატზე საერთოდ არ მინახავს, იმიტომ, რომ მათ ვან გაალი წვრთნიდა და ფინალურ ეტაპზე საერთოდ ვერ მოხვდნენო. ასე იყო ნამდვილად. ლუის ნიდერლანდების ნაკრები არაფრად ვარგოდა, ჯგუფში პორტუგალიამაც აჯობა და ირლანდიამაც. და რა ქნა ჟოან გასპარმა? ეს დეპრესიაში ჩავარდნილი კაცი მთავარ მწვრთნელად მოიყვანა და მიიღო ის რაც მიიღო. ნახევარი სეზონის მერე კარისკენ მიუთითა. ეგეც ქომაგების ობსტრუქციის გამო, თორემ, მზად იყო ამ კატასტროფისთვის ბოლომდე ეყურებინა. 

პატრიკი ვან გაალის საყვარელი ფეხბურთელი იყო და ლუის ამაზეც საყვედურობდნენ ნაკრებში, კლუივერტზე როგორ აკეთებ აქცენტს, როცა ვან ნისტელროი დაფრინავს “მანჩესტერშიო”?! ვერ დალაგდა ეს ორი კაცი, პატრიკი და რუდი. არაფერი გამოსდიოდათ ერთად ყოფნის დროს მოედანზე, მთელი ციკლი პატრიკმა გაატარა ძირითადში, აი იმ გადამწყვეტ მატჩში ირლანდიასთან ლუიმ ორივე ერთად დააყენა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საერთოდ, არ უყვარდათ ერთმანეთი. ამ დროს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდათ როი მაკაის, ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკსა და პიერ ვან ჰოიდონკს. ახლა ნატრობს ნიდერლანდები ასეთ შემტევებს, მაშინ კიდევ კლუივერტისა და რუდის გადამკიდე მხოლოდ სკამზე უწევდათ ყოფნა. ჩავარდა ლუის პროექტი და შეირყა პატრიკის პოზიციებიც. 

სამაგიეროდ, აგერ, კუნძულზე დაგლიჯა. პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, ტიაგო მოტას ჩაწოდების შემდეგ თავით შეაგდო ნახტომში, ვიტყოდი ჰენრიკ ლარსონის სტილში-მეთქი, მაგრამ პატრიკსაც ხშირად გაჰქონდა ასეთები. ლამაზი გოლი გამოვიდა. ტაიმის ბოლოს იყო ერთი საინტერესო მომენტიც, კლუივერტმა საჯარიმოსკეც ჩააგდო ბურთი სადაც 34 ნომრიანმა ფეხბურთელმა რბილი შეხებით, იდეალურად დაუგდო ბურთი ჩავის, უნდა ინატრო ასეთი პასი, ჩავიმ კარში დაარტყა და მეკარემ აუღო. ის პასი კიდევ მართლა განსაკუთრებული იყო, პასის ავტორი კი ანდრეს ინიესტა გახლდათ. 

44-ე წუთზე ოვერმარსმა ანგარიში ორამდე გაზარდა. რიკოშეტი წაეხმარა. მახინჯი გოლი იყო. არც აღუნიშნავს. ოვერმარსიც უკვე ჩამოწერილ ფეხბურთელს ჰგავდა. 

ეს რა მოიგონა 

მეორე ტაიმის დასაწყისში კლუივერტმა დუბლი შეასრულა, ძალიან მარტივად ჩამოიცილა მცველი, იშვიათად მიდიოდა ასე პირდაპირ კაცზე მოსატყუებლად, სხვა უპირატესობებს უფრო ავლენდა, მაგრამ თავისი გრძელი ფეხებისა და ტექნიკის ხარჯზე უმოკლეს მონაკვეთში შეეძლო მეტოქის მოტყუება. ასე ჩამოიცილა ეს საწყალი მცველი და მარცხენა ფეხით მეკარისგან ახლო კუთხეში შეაგდო. ხარობდა ლუი, არ ვიცი რა ეგონა, კუნძულზე ჩასულმა “ბარსელონელებმა” ბანერიც თან წაიღეს, გასპარისა და ვან გაალის გადადგომას ითხოვდნენ. საბოლოოდ, ორივე მიზანს მიაღწიეს. ჯერ ლუი გაათავისუფლეს, სეზონის ბოლოს კი გასპარი გადადგა. 

ბოლო მესამე გოლი იყო ამ მატჩის მშვენება, პატრიკის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო. მენდიეტას პასის შემდეგ ცოტა გაასწრო მოვლენებს, ბურთი უკან დარჩა, არადა, ერთი-ერთზეა მეკარესთან, შემობრუნდა და ქუსლით დაარტყა, ისე რომ მეკარეს ტანზე გადაავლო და ასეთი ლამაზი გოლი შეაგდო. მოგვიანებით კიდევ უფრო უკეთესს შეაგდებს ლუის სუარესი და იმ დროს პირველი სწორედ პატრიკ კლუივერტი გამახსენდა. 

პატრიკმა სეზონი 21 გოლით დაასრულა. აქედან 16 ლა ლიგაში შეაგდო. მისი სტილის ფორვარდისთვის ცოტა არ იყო. ბევრი არასდროს გაჰქონდა. ამ სეზონის მერე კიდევ დიდი ფეხბურთი საერთოდ აღარ უთამაშია. არადა, რა მაგრად იწყებდა “აიაქსში”… 

 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 06 თებ 2026, 03:03
    #2

    კარგია მალიორკას ასეთი ვარსკვლავები რო აღარ ყავს. ეხლა ძალიან არ გვაწყობს ქულების კარგვა.

  • Rick Sanchez
    schedule 06 თებ 2026, 00:24
    #1

    ჰყვარებიათ მალიორკას კარში ლამაზი გოლები