ფოკუსი: კოუტინიო

ფოკუსი: კოუტინიო

სანამ პაუზა გრძელდება, ისევ ანალიზს მივყოთ ხელი. რაც უფრო მეტად ვაკვირდები “ბარსას” თამაშს, მით უფრო მეტი ამოუხსნელი ამბავი ამოვარდება ხოლმე. “სევილიასთან” დეტალური ანალიზი უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად კი კოუტინიო მოვაქციე ფოკუსში, რადგან იმ ტრაგიკულ სტატისტიკას, რომელიც მეორმოცე წუთისთვის შემოგვთავაზეს, ვერაფრით ახსნა ვერ მოვუძებნე, კოუტინიოს დევნისას კი პასუხები მარტივად ამოვიდა ზედაპირზე.

0 შეტევა მარჯვენა ფლანგიდან. 

სანამ კოუტინიოს მოძრაობას განვსაზღვრავთ, მანამდე რიცხვებიც დავიხმაროთ. ასეთი იყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის მონაგარი:

  • 38 პასი
  • 13 პასი წინ – 5 არაზუსტი.
  • 13 პასი უკან – 1 არაზუსტი.
  • 9 პასი გვერდზე – ერთი არაზუსტი.
  • მოაწოდა 2 კუთხური და 1 აუტი.
  • მარცხენა ფლანგზე გააკეთა 15 პასი – 6 პასი ალბას, 9 პასი ფატის.
  • მარჯვენა ფლანგზე გააკეთა 3 პასი – სამიდან ერთი არაზუსტი გამოდგა. სამიდან ორჯერ პასი გაუკეთა სერჟი რობერტოს. ამ ორი პასიდან მხოლოდ ერთი იყო მეტოქის ნახევარზე.

ერთი სიტყვით, კოუტინიომ მარჯვენა ფლანგი საერთოდ არ შეიმჩნია.

  • გრიზმანს სულ ორი პასი გაუკეთა. ერთი ფლანგზე, რომელიც არაზუსტი გამოდგა, ხოლო მეორე ცენტრში. ფატისთან შედარებით, საერთოდ არ დაუტვირთავს.

რაში გვჭირდება მარჯვენა ფლანგი, თუ მაინც არ ვუტევთ?! ამიტომ, საინტერესო გამოდგა იმის ნახვა თუ რა პოზიციას იკავებს ანტუან გრიზმანი მაშინ, როცა ბურთი ფილიპე კოუტინიოს აქვს. აღმოჩნდა, რომ გრიზმანი ძალიან იშვიათად არის მარჯვენა ფლანგზე, დაახლოებით იმდენჯერვე გადაისეირნებს, რამდენჯერაც ლიონელ მესი.

ფლანგს წესით და რიგით სერჟი რობერტო უნდა ავსებდეს, მაგრამ როგორც წესი მომენტს ვერ გრძნობს, ანუ არ იცის ზუსტად რა მომენტში უნდა ჩაერთოს, რა მომენტში უნდა გაუსწორდეს მცველების ხაზს, იმისათვის, რომ ბურთი დამამთავრებელ ზონაში მიიღოს. ვერ გრძნობს იმას, რასაც გრძნობდა ალვესი და რასაც გრძნობს ჟორდი ალბა. მარტივად რომ ვთქვათ, სათამაშო რითმიდან ამოვარდნილია.

ასე დაგვრჩა მარჯვენა ფლანგი უსაქმოდ.

როცა გუნდში გყვავს ცაცია მესი, რომელიც ძირითადად ალბას ჩარბენებზეა კონცენტრირებული, აუცილებელია, რომ ვინმემ მარჯვენა ფლანგიც დატვირთოს, მაგრამ კოუტინიომ ეს ვერ გააკეთა.

ხოლო, ამ დროს გრიზმანი სად დარბოდა, ეს ვიდეოში კარგად ჩანს.

რეალურად, კოუტინიოს დაახლოებით იგივე პოზიცია უჭირავს, რაც ინიესტას ჰქონდა. ათიანის ფუნქციებს ძირითადად მესი ასრულებს, ხოლო გრიზმანი უმეტესად ცხრიანის პოზიციაზე იყო, თუმცა სარგებელი არ მოუტანია.

აი დაცვის დროს, ანტუანს ევალება, რომ სერჟი რობერტოს დაეხმაროს, შესაბამისად ძალიან დიდი მანძილის დაფარვა უწევს.

კოუტინიო უმეტესად მარცხნივ იღებს ბურთს და შეტევასაც მარცხნივ აგრძელებს. ასე იყო “ვილიარეალთანაც”, სადაც ანრი-ინიესტას “როქი” გაგვახსენდა, თუ ფატის მცველი ამოყვა, ცარიელ სივრცეში კოუტინიო იხსენბა, თუ არ ამოყვა, მაშინ თავისუფლად შეეძლება ბურთის მიღება.

ამიტომ, მასზე ფოკუსირებისას, გამოვიდა, რომ არც ბრაზილიელი არის ათიანი და არც გრიზმანია გარემარბი. ასეთ პირობებში, მარჯვენა ფლანგი ყოველთვის ძალიან ინერტული იქნება, ამას ალბათ დესტის აქტიურობაც კი ვერ უშველის.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი