პეპი, ჩელსი, გოლი მსოფლიოს ფინალში და Croquetas - იხსენებს ანდრეს ინიესტა
ინიესტას პირველი ღამე ლა მასიაში ალბათ ყველაზე რთული გამოდგა მის ცხოვრებაში. სულ რაღაც 12 წლის ასაკში გადავიდა ბაზაზე, ალბასეტელია, ოჯახს მცირე ასაკში მოწყდა და მარტო ყოფნა ძალიან გაუჭირდა. ფუენტეალბილიაში სულ რაღაც 2'500 კაცი ცხოვრობს. ბარსელონაში ჩავიდა ოცნებებით, მაგრამ მძიმე გამოცდილების მიღება მოუწია. ინიესტა ამ გამოცდილებას "ტრავმულს" უწოდებს და დეპრესიასაც სწორედ ამ ტრავმას აბრალებს. ინიესტა ახლა 41 წლის არის. საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა. თუმცა, ისევ აწმყოში საუბრობს, ალბათ იმიტომ, რომ ფეხბურთელი ყოველთვის ფეხბურთელად თვლის თავს.
"ეს ნოსტალგია ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება. რა თქმა უნდა, მენატრება მოედანი. ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე გატარებული 90 წუთი არ არის", - ამბობს ანდრესი.
"ბარსამ" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა ბელგიაში, "ბრიუგეს" წინააღმდეგ, ეს ის ქალაქი და ის კლუბია, რომლის წინააღმდეგაც 2002 წელს ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. ახლა კი "სტემფორდ ბრიჯზე" ჩადიან, სადაც ანდრესმა კარიერის ერთ-ერთი (იმიტომ ერთ-ერთი რომ მუნდიალის ფინალშიც აქვს შეგდებული) საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო. ინიესტაზე "ბარსელონელებს" პირველი სწორედ ეს გოლი ახსენდებათ, ახსენდებათ ჩავი და ბუსკეტსი, ახსენდებათ ლა ლიგის 9, კოპა დელ რეის 6 და ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული. ნაკრებშიც არ აკლდა ტიტულები - ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატი და მათ შორის მოგებული მუნდიალი.
იმ წელს ოქროს ბურთის პოდიუმზეც ავიდა - ჩავისთან და მესისთან ერთად. ანდრესს მესამე ადგილი ერგო. ახლა კი მას მოვუსმინოთ, როგორ გაიხსენებს თავის კარიერას.
ჯერ იმ ფინტზე გვითხარი, (Croquetas) ბურთი ერთი ფეხიდან მეორეზე გადაგაქვს, ძალიან მოკლე მონაკვეთში, ძალიან სწრაფად, ისე რომ მცველს არც კი იმჩნევ და თითქოს შეუძლებელია ასეთ მოკლე მონაკვეთში ვინმე მოატყუო, მაგრამ შენ ამას ყოველთვის ახერხებდი. ეს მოძრაობა შენს სავიზიტო ბარათად იქცა. გვინახავს მსგავსი ლაუდრუპისგან, მესისგან, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც შენთან ასოცირდება, საიდან მოვიდა ეს მოძრაობა? როდის დაიწყე ამაზე ვარჯიში?
ჩემი კერპები გვარდიოლა და ლაუდრუპი იყვნენ. ამ მოძრაობას ლაუდრუპი ხშირად იყენებდა და მეც ვცადე გაკეთება, ჯერ ვარჯიშებზე, მერე თამაშებზე, მერე ისე ვაკეთებდი, რომ არც კი მქონდა ჩაფიქრებული, უბრალოდ სხეული მკარნახობდა, რომ ამის დრო იყო, მე მგონი ცუდად არ გამომდის.
ინიესტა "ალბასეტეში" საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, იგივე პოზიცია ჰქონდა ლა მასიაშიც, თამაშს კარგად კითხულობდა და ბურთიც კარგად ამოჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად სუსტი იყო და თანამედროვე ფეხბურთში ძალიან გაუჭირდებოდა ამ პოზიციაზე თამაში. თუ "ბრიუგესთან" მატჩს ნახავთ, გეგონებათ, რომ ვეტერანის გამოცდილება აქვს, მაგრამ 14-15 წლის ბიჭის ფეხებზე დგას. პირველი ფრანკ რაიკაარდი იყო ვინც მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა.
ბევრ პოზიციაზე მითამაშია, მაგრამ ყველაზე კარგად თავს შემტევ ნახევარმცველად ვგრძნობდი. მთავარია როგორ გესმის თამაში, როგორ გესმის თანაგუნდელების, რომლებიც შენს გარშემო არიან. პოზიციის ხშირად ცვლილებამ მეტი ცოდნა და გამოცდილება შემძინა, ასე უკეთ მესმოდა როგორ თამაშობდნენ სხვა პოზიციის ფეხბურთელები, ეს უკვე მეც გამოცდილი მქონდა. მერე როგორც იქნა ჩემი პოზიცია ვიპოვე, მაგრამ ეს მაინც ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული - რა თამაშია, ვის ვხვდებით, რას ითხოვენ ჩემგან?
როცა დიდ დროს ატარებ ადამიანთან, ახლოს იცნობ, ხვდები რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს, ხვდები როდის გრძნობს თავ კომფორტულად, როდის ელის შენგან დახმარებას. ამ შემთხვევაში, ბალანსის თვალსაზრისით ინტელექტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩავიც და ბუსკეტსიც ძალიან ინტელექტუალი ფეხბურთელები იყვნენ, ამიტომ, ჩვენ ერთმანეთი იდეალურად შევავსეთ.
ჩავი გვარდიოლას გვერდზე იზრდებოდა და სწავლობდა. მე კი მას ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ჯერ კიდევ აკადემიიდან. როგორ მოძრაობდა, როგორ გადაადგილდებოდა ზონებში. ამან უკეთესი გამხადა, და როცა მის გვერდით აღმოვჩნდი მთავარ გუნდში ერთმანეთის უკვე ძალიან კარგად გვესმოდა.
ნახევარმცველს კარგი ხედვა და აზროვნების უნარი უნდა ჰქონდეს, გინდა თუ არა, ყველა მხარე უნდა აკონტროლო, წინ რა ხდება, დაცვაში რა ხდება, ფლანგებზე რა ხდება. ყველგან თვალი ვერ ხედავს, ამიტომ, გონების თვალით იწყებ სიტუაციის შეფასებას, ამას კი მხოლოდ მაშინ შეძლებ, როცა საკუთარ თამაშსა და თანაგუნდელებს კარგად იცნობ. ისედაც ასეთი ადამიანი ვარ, სადაც არ უნდა ვიყო, ყველაფრის შეფასებას ვიწყებ, თუნდაც ვსეირნობდე, უნდა ვიცოდე ირგვლივ რა ხდება, ყველაფერი კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, ფეხბურთშიც ასე იყო საქმე.
ფეხბურთი ეს მოძრაობაა, იქამდეც კი სანამ ნაბოჯს გადადგამ, აქ უკვე ინტუიცია ერთვება საქმეში, ეს გონების ჯახია, მოწინააღმდეგესთან, ვინ უფრო სწორად შეაფასებს მომენტს. კონტროლის სურვილი კი ყოველთვის პიროვნულ მახასიათებლებამდე დადის.
ბევრი ხუმრობდა სამეულის სიმაღლეზე, "მოკლე ბარსელონელებიც" კი გიწოდეს - ჩავის, მესის და თქვენ.
მთავარი ბალანსია, ბარსაშიც, ნაკრებშიც, ეს არ იყო მხოლოდ დაბალი ფეხბურთელების გუნდი, ჩვენ გაცილებით მეტი რამ გვქონდა, ვიცოდით ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ მეტოქე მაღალია და დიდი შანსია მასთან ბრძოლა მეორე სართულზე წააგო, ამ შემთხვევაში არც შედიხარ ბრძოლაში, უბრალოდ უკეთეს პოზიციას არჩევ, უმოკლესი პასის შესაძლებლობას ართმევ, ამ შემთხვევაში მაღალი ბურთის დამორჩილებას ცდილობს თავით, რაც მოძრაობაში ურთულესია და შეცდომას უშვებს, ან მოკლე პასს ჩაუჭრი, ან ბურთს შედარებით შორს გადააგდებს, სადაც ისევ ჩვენ ვქმნიდით უპირატესობას, რადგან მაღალ ბურთზე თითოეული ჩვენთაგანი უკვე იკავებდა სწორ პოზიციას.
სულ საუბრობდნენ ამაზე, - მათ ხომ ფიზიკურად დაჩაგრავენ! - მაგრამ ჩვენ გვჯეროდა იმ ფეხბურთის, რომელსაც ვთამაშობდით და ამან შედეგიც მოგვიტანა.
ინიესტას ბევრი გოლი არ გაუტანია. სულ რაღაც 57 ბარსას შემადგენლობაში და 13 ესპანეთის შემადგენლობაში, მაგრამ ამ მცირეთაგან უმნიშვნელოვანესი გოლების შეგდება შეძლო.
შორეული დარტყმებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი გოლები ძლიერი დარტყმით მაქვს შეგდებული, ბევრი არ გამიტანია, მაგრამ რაც გავიტანე იმითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
ბელგიის ნაკრების კარში გატანილ გოლზე რას იტყვი? შენი საფირმო ფინტით დააწვინე მეკარე და ისე შეაგდე. გახსოვს ეს გოლი?
რა თქმა უნდა, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია. ამ გოლს ყველაფერი ჰქონდა, სირთულე, სილამაზე, დინამიკა, საბოლოო შესრულება. იდეალური გამოვიდა.
ამ გოლიდან ექვსი თვის თავზე "სტემფორდ ბრიჯზე" ჩახვედი.
თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, დანის რომ ბურთი მოჰქონდა მივხვდი, რომ ეს ბოლო შანსი იყო, მაინც წავედი შეტევაში, ვნახოთ რა მოხდება-მეთქი, ვიფიქრე. ორგანიზებულად ვეღარ ვუტებდით, უფრო ქაოტურად ვმოქმედებდით, მეც საჯარიმოს მისადგომებთან მივიწიე, იმ შემთხვევისთვის თუ ბურთს მოიგერიებდნენ. მერე კი მესიმ ისევ გონივრულად თამაში არჩია, არა უბრალოდ ჩაწოდება, არამედ გამოზომილი პასი, კარში კი ჩეხი იდგა, თითქმის ორმეტრიანი, როგორ უნდა გამეტანა? რა ვიცი... სიგიჟე იყო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზეც გვითხარით ორი სიტყვა.
ეს სულ სხვა ამბავია, დამატებით დროში გადავედით, გატანის შესაძლებლობები გვქონდა, თავს კარგად იცავდნენ, მცირე დრო იყო პენალტებამდე, სწორედ ამ დროს ვიფიქრე, რომ მატჩი პენალტებამდე არაფრით არ უნდა მისულიყო, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა გასატანად, ტორესი... ფარეგასი... და მე, კარგად გამოვიდა, არა?
მაისურზე წარწერა - "დანი ხარკე, ყოველთვის ჩვენთან ერთად". (დანი ხარკე ინიესტას მეგობარი იყო, ერთად თამაშობდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში, ხარკე "ესპანიოლის" წევრი იყო, 26 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ძალიან მძიმე იყო ამ ამბის გადატანა. დეპრესიას ისედაც ვებრძოდი, სპეციალისტების დახმარებით, ხარკეს ამბავმა კი გამანადგურა. ძალიან მიჭირდა ვარჯიშზე მისვლა და კონცენტრაცია. თუმცა, ვცდილობდი, რომ რაღაც კარგი დამენახა, კარგზე მეფიქრა, ძალა მეპოვნა საკუთარ თავში. ეს ურთულესი დრო იყო.
1999 წელს ინიესტა ბარსას ახალგაზრდულ გუნდს კაპიტნობდა, ერთ-ერთი ტურნირის ფინალში გადამწყვეტი გოლი შეაგდო, საუკეთესო ფეხბურთელისა და ჩემპიონატის ტიტული პეპ გვარდიოლამ გადასცა, - "რამდენიმე წლის მერე, ყველაფერს რაც დღეს გააკეთე მოედანზე, უკვე პირველი გუნდის შემადგენლობაში გააკეთებ, მე კი სათადარიგოთა სკამზე ვიქნები", - უთხრა პეპმა ინიესტას.
კიბატონო, არა მხოლოდ ყურში ჩამჩურჩულა, მაისურზეც იგივე დამიწერა. მერე წლები გავიდა, ჩემი კერპი ჩემივე მწვრთნელი გახდა და ყველამ იცით რაც მოხდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ფერგიუსონმა თქვა - მესითი შეპყრობილი არ ვარ, ნამდვილი საფრთხე ინიესტაა, ის არის გუნდის მამოძრავებელი, ფანტასტიკური, ვერავინ ქმნის სივრცეს ისე, როგორც ის. რას იტყვი ამაზე?
რა უნდა ვთქვა? მიყვარს ფეხბურთი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 5 ]