მადრიდიდან ბარსელონაში - როგორ გახდა "ლუჩო" ბარსას გმირი
დღეს ლუის ენრიკეს სენ ჟერმენი მადრიდის "რეალს" შეხვდება, პრესკონფერენციაზე თავისი წარსულისგან თავი შორს არ დაუჭერია, როგორც სხვა მწვრთნელებს სჩვევიათ, პირიქით, თქვა "მე კულე ვარ და "მადრიდთან" შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულიაო", ლუის ენრიკეს კიდევ რთული გზა აქვს გავლილი "მადრიდიდან" "ბარსელონამდე", ჰოდა, გადავავლოთ აბა თვალი.
როგორ გახდა კულე
'96 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე ლუის ენრიკე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "რეალიდან" "ბარსელონაში", მადრიდში 5 წელი გაატარა, "ბარსას" კარში გოლიც გაუტანია, რომელიც ძალიან ემოციურად აღნიშნა თავის დროზე, მერე კიდევ რობსონის გუნდში აღმოჩნდა. იმ წელს გადავიდა, როცა ბრაზილიელი რონალდო, ლორან ბლანი და სხვა გამორჩეული ფეხბურთელები ჩაირიცხნენ "ბარსაში".
ვისაც ენრიკეს თამაში ახსოვს ისიც ემახსოვრება, რომ არ ყოფილა რივალდოს, ფიგუს და თუნდაც კლუივერტის მსგავსი ტალანტი, არც ვარსკვლავური სტატუსი ჰქონია, მაგრამ ყოველთვის დიდი შემართებით გამოირჩეოდა და ეს შემართება "მადრიდთან" შეხვედრაში გაასმაგებული იყო. შეუგდია არაერთი გოლი მათ კარში, შეუგდია "ბერნაბეუზეც", ტრიბუნებისკენაც გაქცეულა და პროვოკაციულადაც აღუნიშნავს.
"ხანდახან ტელევიზორში ან პლაკატებზე თვალს მოვკრავ ჩემს თავს თეთრ ფორმაში და ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენება, ლურჯი და ბროწეულისფერი უფრო მიხდება", - თქვა ენრიკემ მარკასთან ინტერვიუში.
ელ კლასიკოს მრავალწლიან ისტორიაში სულ 33 ფეხბურთელი ყოფილა ვინც ორივე კლუბს წარმოადგენდა (პროფესიონალურ დონეზე, არ ითვლება აკადემიები) აქედან 20 ფეხბურთელი პირდაპირ გადავიდა ერთი კლუბიდან მეორეში. სამოქალაქო ომამდე ეს უმტკივნეულოდ ხდებოდა, ფრანკოს მმართველობის პერიოდში ორ კლუბს შორის სიძულვილი გაიზარდა და ტრანსფერებმაც სხვა დატვირთვა შეიძინეს. 1975 წლის შემდეგ, ესე იგი, ფრანკოს რეჟიმის გაუქმებისა და მისი გარდაცვალების შემდეგ, ასეთი ფეხბურთელი მხოლოდ 17 იყო, აქედან შვიდი პირდაპირ გადავიდა ერთი კლუბიდან მეორეში. უმეტესად "ბარსადან" გადადიოდნენ "მადრიდში", არცერთი არ ყოფილა მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი, პირიქით, ვარსკვლავებზეა საუბარი - შუსტერი, ლაუდრუპი, ფიგუ, სავიოლა.. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გადმოვიდა "მადრიდიდან" "ბარსელონაში" და მისი სახელია ლუის ენრიკე.
"რთული გადასაწყვეტი არ ყოფილა, "მადრიდთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მათ ბოლომდე ვემსახურე, მე კონტრაქტი არ დამირღვევია, გადაწყვეტილებაც მარტივად მივიღე", - უთხრა ენრიკემ ForForTwo-ს.
საიდან დაიწყო
ასტურიელია, 1970 წლის მაისში დაიბადა, ხიხონში, იქვე დაიწყო კარიერაც. მამა ფეხბურთის მოყვარული არ ყოფილა, აი უფროსი ძმა კი დიდი მოყვარული იყო და გახდნენ ძმები "ხიხონის" ფანები, პირველად სტადიონზე მათ საქომაგოდ წავიდა, "კადისთან" შეხვედრაში. ჯერ მინი-ფეხბურთის თამაში დაიწყო, მერე "ხიხონის" აკადემიაში ჩაირიცხა და ზედმეტსახელი "ლუჩოც" აქ აიკიდა, თურმე, მექსიკელ ლუჩო ფლორესს მიამსგავსეს თამაშის სტილით. პირველად 1990/91 წლების სეზონში გაიბრწყინა, 20 წლის ასაკში, 15 გოლი შეაგდო "ხიხონის" შემადგენლობაში და მისმა გუნდმა ლა ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც დიდ წარმატებად ჩაითვალა. გრანდებმა თვალი დაადგეს და "მადრიდმა" შეიძინა, "ხიხონს" კი მას მერე უფრო მაღალი საფეხური აღარც დაუკავებია.
"არ მიფიქრია, რომ ვინმეს ყურადღებას მივიქცევდი, არც მიოცნებია "მადრიდზე", მაგრამ ასე მოხდა, "ხიხონს" ფული სჭირდებოდა და გამყიდეს. არადა, კიდევ ერთი წლით დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, მგონია, რომ გაცილებით კარგი წელი გვექნებოდა".
პირველი ნაბიჯები მარტივი არ ყოფილა, მივიდა როგორც თავდამსხმელი, ანტიჩმა ნახევარმცველად აქცია, ამ დროს "მადრიდში" ლაუდრუპი, ჰაჯი და პროსინეჩკი ირიცხებოდნენ, მათთან კონკურენცია წარმოუდგენლად რთული იყო. (ყველა ამ ფეხბურთელს "ბარსაშიც" აქვს ნათამაშები) მეგობრობდა ბუტრაგენიოსთან, იეროსთან და ლაუდრუპთან. მწვრთნელებს ხშირად ცვლიდნენ, გაუშვეს ანტიჩი და მოვიდა ბენჰაკერი, მერე იყო ბენიტო ფლორო, რომელსაც შედარებით მეტი დრო დაუთმეს.
გუნდში უამრავი შემტევი ირიცხებოდა, ენრიკეს ყველგან მოუწია თამაში მეკარისა და ცენტრალური მცველის პოზიციის გარდა - "ადვილი იყო თანაგუნდელებთან ერთად თამაში, იმიტომ, რომ ვარსვლავები იყვნენ, დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ მე იქ მივედი როგორც ფორვარდი და ნახევარმცველად მაქციეს, მანამდე არასდროს ამ პოზიციაზე არ მითამაშია, რა უნდა მექნა? რთული იყო. როგორც წესი, ასეთ დროს გუნდს ტოვებენ, "მადრიდს" ჩემი განათხოვრება სურდა "სევილიაში", მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი და დავრჩი ხუთი წლით, შევეჩვიე პოზიციას, ვაკეთებდი იმას, რაც მწვრთნელებს სურდათ".
თანდათანობით ძირითადშიც დაიმკვიდრა თავი და ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი წევრიც იყო, ყველაზე ცნობილი ეპიზოდი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც ესპანეთი იტალიამ გამოთიშა, ტასოტიმ საჯარიმოში ენრიკეს სახეში ხია მეტი საბუთი რად გინდა? სულ სისხლიანი იყო, მაგრამ მსაჯს რეაგირება არ ჰქონია და შემდეგ ეტაპზე იტალია გავიდა. არადა, ამ მომენტს ყველაფერი ესპანეთის სასიკეთოდ უნდა გადაეწყვიტა.
მისთვის ყველაზე ცნობილი ელ კლასიკო 1995 წელს შედგა, "მადრიდს" შური უნდა ეძია "კამპ ნოუზე" განცდილი მარცხის გამო, 0:5 დამარცხდნენ, "ბერნაბეუზე" კი 5:0 მოიგეს, ლაუდრუპი ორივე შემთხვევაში გამარჯვებული იყო, რამდენიმე თვის წინ "ბარსას" ფორმა ეცვა და "რეალი" გაანადგურა, ახლა კი თეთრი მაისურა ეცვა და "ბარსა" გაანადგურა. მეოთხე გოლი ლუის ენრიკემ შეაგდო და ემოციურად აღნიშნა, კინაღამ შემოიხია "მადრიდის" ფორმა, გავიდა 12 თვე და "ბარსას" ფორმა მოირგო. მისით ჯერ კიდევ კრუიფი ინტერესდებოდა, და როცა ენრიკე "ბარსაში" ჩაირიცხა კლუბს ჯერ მწვრთნელი არ ჰყავდა შერჩეული, მერე გადაწყდა რობსონის მოყვანა და ენრიკე ისევ საფრთხეში აღმოჩნდა - სჭირდება თუ არა ენრიკე ბობის?
ბარსელონაში
"ყველას გვიხარია, ეს ახალი ერის დასაწყისია ჩემთვის და "ბარსასთვის". რობსონს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი როგორ თამაშობს "ბარსა", - თქვა ელ პაისთან ტრანსფერის დახურვის შემდეგ. პირველი შთაბეჭდილება კი ვერ გამოდგა კარგი - "რობსონი გასახდელში რომ შემოვიდა მე და პიცის შემოგვხედა, მერე ჟოზე მოურინიუს მიუბრუნდა და ჰკთხა - ესენი ვინღა არიან?" - იხსენებს ენრიკე.
ენრიკემ შანსი მიიღო და გამოიყენა, მას რონალდოს ირგვლივ უნდა ემოძრავა, უნდა აეთვისებინა ის სივრცე, რომელსაც ბრაზილიელი ქმნიდა მოედანზე, მთელი ყურადღება ხომ რონალდოზე იყო, არა მხოლოდ მეტოქის, არამედ, მთელი მსოფლიოსი. ენრიკემ 1996/97 წლების სეზონში 17 გოლი შეაგდო ლა ლიგის ეგიდით, რაც მშვენიერი მაჩვენებელია, ბომბარდირი რონალდო გახდა 34 გოლით და ოქროს ბუციც დაიმსახურა, მერე ბურთიც მიაყოლა, მაგრამ უკვე სხვა გუნდის ფორმა ეცვა. ერთი წლის მერე რობსონიც წავიდა და რონალდოც, მოვიდნენ სონი ანდერსონი და რივალდო, ენრიკეს როლი შეიცვალა, ლა ლიგის მეცხრე ტურში "ბარსა" "რეალს" ესტუმრა, შეაგდო ჯოვანიმ, რივალდომ და ენრიკემ, ლუისმა თითქმის მთელი "ბერნაბეუ" შემოირბინა და სავარაუდოდ ყვიროდა - გამოიღეთ!
არ დაუსჯიათ, სხვათა შორის.
აი, რას წერდა ელ პაისი ამ ზეიმზე:
"ბურთი კარში შევარდა და "მადრიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა შეშლილივით დაიწყო აღნიშვნა, იმ ულტრასების თვალწინ, რომლებიც საშიშად მიიჩნევიან. ქომაგთა ჯგუფიც ჯებირებს მიაწყდა მუშტების ქნევით, იქნებ გადმოცვენილიყვნენ კიდეც, მაგრამ ენრიკე "ბარსას" ფეხბურთელებმა ალყაში მოაქციეს, ის ალბათ ვერც გრძნობდა რა ხდებოდა მის ირგვლივ, რამდენი საგანი დაფრინავდა აქეთ-იქეთ, ან ხედავდა ამ ყველაფერს, მაგრამ ფეხზე ეკიდა. ის არასდროს ყვარებია "მადრიდის" ქომაგს, ახლა კი შურისძიებით ტკბება".
"არ მანაღვლებს ეს ხალხი რას ფიქრობს, ამაყი ვარ რომ "ბარსას" ფორმა მაცვია და დღეს გოლი შევაგდე "ბერნაბეუზე", - თქვა მატჩის შემდეგ ენრიკემ.
ასე იქცა ენრიკე "ბარსას" გმირად, მართალია ტრავმებმა დააბრკოლეს, მაგრამ "მადრიდთან" ყოველთვის ისე თამაშობდა თითქოს 20 წლის ყოფილიყო. ამაზე დიდი მოტივაცია მისთვის არ არსებობდა. საბოლოოდ, კაპიტნის სამლავურიც არაერთხელ მოურგია და მაშინ დაასრულა კარიერა, როცა რონალდინიო მოვიდა "ბარსაში", მოასწრეს ერთად თამაში, ანდრეს ინიესტასაც გზა გაუხსნა, ჩავისთან ერთად კი უკვე მრავალი მატჩი ჰქონდა ჩატარებული.
ხშირად ადარებდნენ ენრიკესა და ფიგუს, გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია. "ბარსას" ქომაგებს ყველაზე მეტად სძულდათ ფიგუ იმიტომ, რომ ერთ დროს ყველაზე მეტად უყვარდათ. "მადრიდის" ქომაგებს კი სძულდათ ენრიკე, იმიტომ, რომ არ აღიარებდნენ როგორც კარგ ფეხბურთელს, "ბარსელონაში" კი აღიარეს. სხვათა შორის, ფიგუ "ბარსას" წინააღმდეგ არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორიც ენრიკე იყო "მადრიდის" წინააღმდეგ.
და რას ამბობდა ენრიკე ფიგუზე? იმ ცნობილ დახვედრაზე?
"უცნაურია, რომ მხოლოდ ღორის თავი ისროლეს, მეგონა მთელ ღორს გადმოაგდებდნენ. ვხუმორბ, ჰაჰა, აბა რა ეგონათ? ფიგუ ჩემი მეგობარია, მათ კარიერის პიკში მყოფი ფიგი წაიყვანეს. ეს იგივეა "სიტის" პიკში მყოფი რაიან გიგზი წაეყვანა".
მერე კი მწვრთნელი გახდა და ყველგან დიდი სახელი დატოვა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა "ბარსასთან" და პსჟ-სთან ერთად. წინ კიდევ რა ელის კაცმა არ იცის. დღეს კიდევ "მადრიდთან" ითამაშებს და მოგების შემთხვევაში კიდევ ერთ ტიტულს მიუახლოვდება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.



კომენტარები [ 5 ]