მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პოლონური ზღაპრები

სულ რაღაც ცხრა ტური რჩება ლა ლიგის დასრულებამდე. "ბარსა" სამი ქულით წინ არის. ელ კლასიკო წინ გვაქვს, შესაძლოა, საჩემპიონო ელ კლასიკოც კი გამოდგეს, ასეთი რამ კი ძალიან დიდი ხანია აღარ ყოფილა. თასის ნახევარფინალის განმაორებითი მატჩია სათამაშო და იქაც თუ ივარგა "ბარსამ", კიდევ ერთი ელ კლასიკო შედგება, კოპას ფინალში, და ვინ იცის.. იქნებ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვნახოთ ეს ამბავი, რაც არასდროს მომხდარა ისტორიაში.
მაინც სადამდე ეყოფა "ბარსას" ძალა? ახალი წლიდან მოყოლებული გუნდი დაუმარცხებელია, როგორც წესი, ყველას ანადგურებს, ბევრი გოლი გააქვს და როტაციაც კარგად მიმდინარეობს. ფლიკი კმაყოფილია, გუნდში კარგი განწყობაა, ტიტული აუცილებლად იქნება, მაგრამ რამდენი?
მომდევნო მსხვერპლი "ჟირონა" გამოდგა. "ატლეტიკოსთან" მატჩამდე "ბარსამ" კარგად წაივარჯიშა.
ორი პენალტის ტაიმი
განაცხადს რაფინია დაუბრუნდა, ბოლომდე სკამზე დარჩა და სწორიც არის, სეზონის მიწურულს სულ გადამწყვეტი მატჩებია დარჩენილი და არგენტინული კოშმარის მერე კარგი დასვენება სჭირდებოდა. წინ "ატლეტიკოსთან" მატჩია, სადაც მისი იმედი ყველას ექნება. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა რობერტ ლევანდოვსკი, თან, დაუბრუნდა დიდებულად. თუმცა, მისი დიდებულება მეორე ტაიმის ამბავია, პირველში კი იყო ბევრი გაფუჭებული მომენტი, არ უმართლებდათ თითქოს "ბარსას" ფეხბურთელებს, მათ შორის, ერიკ გარსიასაც კი, რომელმაც შორიდან დავიდ ლუიშივით დაარტყა, ბურთმა სწრაფად დაყვინთა კუთხისკენ და ძელს მოხვდა. ასეთი კარგი დარტყმა ერიკისგან არასდროს მინახავს.
რაც გაოცებას იწვევს ლამინე იამალის სტაბილურობაა. ბევრი ვერ გააქვს, მაგრამ სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, მაღალიც აღარ ქვია იმას, რასაც იამალი თამაშობს, ალბათ უფრო უმაღლესია სწორი სიტყვა. მისი პირველი შეხება ისევ გაუცხოების შეგრძნებას იწვევს, ასეთი რბილი შეხება 90-იანელებს ჰქონდათ, თანამედროვე ფეხბურთიდან გაქრა ეს სირბილე, ლამინემ კი დააბრუნა, მცველები ამისთვის არასდროს მზად არ არიან, მისი დრიბლინგი ისევ შეუჩერებელია, კარში დარტყმა კი ამ შეხვედრაში მაინცდამაინც არ გამოსდიოდა.
იყო ორი საკამათო ეპიზოდი. ჯერ ფერმინი წააქციეს ზედ ხაზზე, მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, VAR-მა გადაამოწმა და პენალტი იყო, ხაზზე დაჯარიმება პენალტია, მაგრამ იქცე მთავარ მსაჯსაც უხმეს, მე მგონი, პირიქით, ფერმინმა წამოსდო ფეხიო და ეგრეც იყო, რაღაც რაკურსით ეგრე ჩანდა. გაიგე ახლა, რომელ რაკურსს უნდა ენდო.
მეორე ეპიზოდი კი აშკარა პენალტი იყო, ლამინე იამალს ზურგში უბიძგეს ხელი, უბიძგეს კი არა, მთელი ძალით შეასკდნენ და დააგდეს. ეს არ ყოფილა მხარი-მხარზე, იამალმა შეტრიალება მოასწრო, შესაბამისად, ზურგში მოხვდა და ძირსაც დაეხეთქა. პენალტი იყო, მაგრამ არ დანიშნულა. ტაიმი კი მაინც "ბარსამ" მოიგო, იამალის ჩაწოდებული "ჟირონას" მცველმა თავის კარში ჩაჭრა - 1:0.
კაპიტნის შეცდომა
"ჟირონამ" მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრა. მთავარი დამნაშავე კაპიტანია, არაუხო. ჯერ პირველი პასის დროს შეცდა, მერე ამოსვლა დააგვიანა, ბოლოს კი პოზიციური შეცდომაც დაამატა და "ბარსამ" გოლი მიიღო თავის კარში. იმდენი შეცდომა დაუშვა ერთ ეპიზოდში, რომ არ გამიკვირდება "ატლეტიკოსთან" თუ არ ათამაშებენ. არაუხოს დაბალი პასის პრობლემა სულ ჰქონდა, გადაწყვეტილების მიღებასაც აგვიანებს ხოლმე, აი, დიაგონალები ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამ შეხვედრაში ეგეც არ ყოფილა. არადა, გოლის შეგდება შეეძლო პირველ ტაიმში, საბოლოოდ კი ცუდად დაამთავრა.
ამის მერე კი პოლონური ზღაპრები დაიწყო. რობერტ ლევანდოვსკიმ ისეთი გოლი გაიტანა, ამ ასაკის კაცს რომ ვერ უნდა გაჰქონდეს, ან, მინიმუმ წელი მაინც უნდა გაუკავდეს ასეთი ნახტომის მერე, მაგრამ რობერტს მეუღლემ ისეთი ვარჯიშები დაუნიშნა ისევ 20 წლის ბიჭივით დახტის. ყველაფერი გვაჩვენა ამ გოლის დროს - გონიერებაც, მოხერხებულობაც, ფიზიკური მომზადებაც, მოქნილობაც, გამბედაობაც (იმიტომ, რომ ტრავმის მიღების მაღალი რისკი იყო) უმაღლესი კლასის ფორვარდია. ფლიკის ხელში, კიდევ უფრო გამოჩნდა მისი სათამაშო კლასი. ამ გოლმა კიდევ რონალდინიოს გოლი გამახსენა "ვილიარეალის" კარში, თითქოს არაფრით ჰგავდა, ის ბევრად მაგარი გოლია, მაგრამ საყრდენ ფეხს რაც უქნა, იმის შემხედვარე გამახსენდა.
ამის მერე ფრენკი დე იონგი გამოვიდა მოედანზე და გვაჩვენა რომ შეუცვლელი ფეხბურთელია. "ატლეტიკოსთანაც" იქნება და ყველა მომდევნო შეხვედრაშიც, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ჯანზე ყოფნამ და სათამაშო პრაქტიკამ ეს მოიტანა, "ბარსელონური" კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდშია. კასადოს ტრავმის მერე დე იონგს კიდევ უფრო დიდი მოფრთხილება სჭირდება. მის გარღვევას მოჰყვა "ბარსას" მესამე გოლი, ერთი კაცი ცენტრში მოტეხა, ზუსტად ისე როგორც წინა შეხვედრაში, (და იმასაც გოლი მოჰყვა), მერე პასი იყო ლევანდოვსკიზე და.. ამაზე კარგად არაფერი იცის, ერთი და მეორე. როგორც ვარჯიშზე. რამდენჯერ აქვს ეს მოძრაობა შესრულებული კაცმა არ იცის.
კარგი ამბავია ფერან ტორესის ფორმაში შესვლა, ამჯერადაც გოლი შეაგდო. იმას აკეთებს რასაც სეზონის წინ ანსუ ფატისგან ველოდით, საჭირო დროს გამოდის და გოლი გააქვს. თან, კარგი გოლი. ეჭვი მაქვს ეს მისი ბოლო გასროლა არ არის მიმდინარე სეზონში. ყველაზე საჭირო დროს შევიდა ფორმაში. ამჯერად ვერც სანაკრებო პაუზა გაგვაჩერებს, აწი სულ საკლუბო ამბები იქნება.
აი ბოლოს კი დაიწყო გიჟივით სირბილი, მარჯვნიდან და მარცხნიდან, ბალდე და იამალი, დატანჯეს ლევანდოვსკი, იმიტომ, რომ პასს უკვე არცერთი აღარ აკეთებდა, ლამინეს მცირე დააკლდა ულამაზეს გოლამდე, ბალდესაც კარგი შანსი ჰქონდა მაგარი დრიბლინგის მერე, მაგრამ გოლი აღარ გასულა.
კარგი იყო.
"ბარსელონური" იყო.
აბა, წავედით მადრიდში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]