შურისმაძიებელი აფრიკიდან

შურისმაძიებელი აფრიკიდან

 დიდი ღვაწლის მქონე კაცი 40 წლისა ჩამრგვალებულა, პსჟ-თან თამაშის გამო სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ და ახლა ორი სიტყვით გავიხსენოთ. ისეთი მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა და იმდენი რამ მოასწრო, რომ ყველაფერს ნამდვილად ვერ შევწვდები, მაგრამ რაც თავში მომივა ყველაფერს ამოვყრი და ვნახოთ რა გამოვა. 

შავი ყვავი თეთრების ბანაკში 

16 წლის კამერუნელი, რომელსაც როჟე მილას ადარებდნენ მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა, საბოლოოდ, ეტო'ომ ბევრად დიდი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე მილამ, მუნდიალზე მის მსგავსად კუთხურის ალამთან არ უცეკვია, მაგრამ ოთხჯერ გახდა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ამ მაჩვენებლით კი არა მხოლოდ როჟე მილა, არამედ აფრიკული ფეხბურთის ყველა ლეგენდა ჩამოიტოვა. 

"რეალი" არ იყო კლუბი, სადაც 17 წლის შავკანიანი გზას გაიკვლევდა, მადრიდში ყოველთვის იყო ეს პრობლემა, განსაკუთრებით გასულ საუკუნეში. მადრიდულ პერიოდს, იმდროინდელი სუპერვარსკვლავი, ნიკოლა ანელკა იხსენებს, რომელმაც სულ რაღაც 18 წლის ასაკში, ლონდონის "არსენალს" პრემიერლიგა მოაგებინა, გამომდინარე იქიდან, რომ დენის ბერგკამპმა ტრავმის გამო ბოლო ტურები გამოტოვა, მთავარი სიტყვა, ახალგაზრდა ფრანგმა თქვა და გაჩემპიონების შემდეგ, დიდი ზარზეიმით ჩააფრინეს მადრიდში.

"გასახდელში არავინ წარმადგინა, ისიც არ ვიცოდი ჩემი ადგილი სად იყო, ლოდინი მიწევდა და როცა ვინმე წამოდგებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ ვიკავებდი ადგილს, სამუელ ეტო'ომ პირველივე დღეს მითხრა, რომ ყურადღებით ვყოფილიყავი, კაპიტნებს პრეზიდენტისთვის საყვედური უთქვამთ, რად გვინდოდა ანელკა, როცა მორიენტესი გვყავს გუნდშიო?!"

ანელკას ეტო'ოსგან განსხვავებით ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ზემოდან ყურება ვერ აიტანა და რაულ გონსალესს ერთი-ორი წაუთაქა, ეს იგივე დონის "ცოდვაა" ახალგაზრდა ლიონელ მესისთვის, რომ ვინმე გადმოსულს შემოერტყა. რა თქმა უნდა, არავინ აპატია და გუნდის დატოვება მოუწია.

ფრანგისგან განსხვავებით, სამუელს არც ვარსკვლავის სტატუსი ჰქონია და არც შანსი მიუციათ მისთვის, ამ გარემომ და დამოკიდებულებამ კი მასში ორი პერსონის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი - პირველი იყო სუპერპროფესიონალი, რომელიც მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობდა, მეორე კი იყო მძიმე ხასიათის, მუდმივად უკმაყოფილო, უსაზღვროდ ამბიციური და რაც მთავარია, შურისმაძიებელი.

"რეალმა" ჯერ "ესპანიოლში" გაანათხოვრა, სადაც თავი ვერაფრით გამოიჩინა, შემდეგ კი "მალიორკაში" გაყიდა. აქიდან იწყება დიდი შურისძიების ისტორია, თუმცა, მანამდე თავი უნდა დაემკვიდრებინა.

შეხვედრა არაგონესთან 

თამაში, რომლის შემდეგაც ყველამ აღიარა მისი ნიჭიერება, "კამპ ნოუზე" შედგა, ჯერ კიდევ 19 წლის ეტო'ოს თამაშის დასაწყისში რივალდომ დამცინავად გადაუგდო თავზე ბურთი, "კამპ ნოუმაც" შეჰყვირა და წესით და რიგით ამას უნდა დაეთრგუნა ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაგრამ საპირისპირო მოხდა, ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა ფეხბურთელმა ფრანკ დე ბურს და აბელარდოს თავ-ბედი აწყევლინა, კამერუნელმა აიწყვიტა და მარტომ მოიგო ეს თამაში - 0:3 "მალიორკას" სასარგებლოდ, ეტო'ომ დუბლი შეასრულა. 

ესპანური გამოცემების "მყვირალა" სათაურებმა მადრიდამდეც ჩააღწიეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს ნანობდნენ, "რეალს" არასდროს აკლდა სუპერვარსკვლავები და ერთი თამაშის გამო ხასიათს არ გაიფუჭებდნენ.

ასე მოვიდა "რეალის" ჯერი. მათ წინააღმდეგ ყველა მატჩს განსაკუთრებით ძლიერად ატარებდა, თუ ეტო'ო მოედანზე იყო, "რეალის" წინააღმდეგ ისე თამაშობდა, როგორც ფინალს, ერთმანეთზე უკეთეს გოლებს უტანდა და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა.

"მალიორკული" კარიერის პერიოდში, ეტო'ოს პირადი შედეგები მადრიდის "რეალთან" ასე გამოიყურება:

4 მოგება

2 ფრე

3 წაგება

გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

"ბარსელონასთან" კი თანაბარი შედეგი აქვს:

3 მოგება

3 მარცხი

1 ფრე

"მალიორკას" მაისურით, "ბარსას" კარშიც ოთხი გოლი შეაგდო.

ეტო'ო "მალიორკას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელია, კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და კოპა დელ რეიც მოაგებინა.

აფრიკელის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ლუის არაგონესმა, ერთ-ერთი მატჩის დროს, ნაადრევად შეცვლის გამო ეტო'ო უღირსად მოიქცა და მოხუცი გალანძღა, არაგონესი კი კისერში წვდა და კინაღამ მიახრჩო, ეტო'ო ამას არ ელოდა, მადრიდში ასე არ იქცეოდნენ, ეს სხვა კაცი იყო, განსხვავებული მეთოდებით.

"ჩემთან ასე საუბარი არ შეიძლება, გასაგებია?!" - დაემუქრა არაგონესი და ეტო'ოც მიხვდა, რომ ამ კაცთან ასე არ მოსულა. ყველა ინტერვიუში, როგორც მამას ისე იხსენებს, მის ცხოვრებაში მთავარი მწვრთნელი, სწორედ არაგონესი იყო.

 2003/04 წლების სეზონში მოვიდა იმ მატჩის დრო, რომელმაც სამუელ ეტო'ო გრანდების გზაზე დააყენა, მადრიდში ჩავიდა და "გალაქტიკოს" გადაურბინა, ეს აქამდეც უქნია, მაგრამ იმ მატჩში ეტყობოდა, რომ უკვე ვარსკვლავი იყო, ლიდერად ჩამოყალიბდა, მთელი გუნდის თამაშს გენერალივით განკარგავდა.

სამუმ "რეალთან" ანგარიში გაასწორა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა.

სეზონის ბოლოს რამდენიმე შეთავაზება მიიღო, მთავარი არჩევანი ორ კლუბს შორის უნდა გაეკეთებინა - მიმზიდველი იყო წინადადება "რეალისგან", არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდა, ვიდრე "ბარსა", "რეალში" დაბრუნება, რონალდო-რაულის დუეტთან კონკურენცია და რაულის დაჩაგვრა მისთვის დიქტატურის დამარცხების ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ ეს ალბათ შეუსრულებელ მისიათა კატეგორიას განეკუთვნებოდა და აღარც დიდი სურვილი ჰქონდა იქ გადასვლის, სადაც ვერასდროს დააფასებდნენ ისე, როგორც იმსახურებდა.

ასე გადმოვიდა ეტო'ო "ბარსაში".  

კარიერის საუკეთესო ეტაპი

სახლი დიდი სიყვარულით დატოვა - "მალიორკა ჩემი ოჯახი იყო, დანარჩენ კლუბებში მხოლოდ ვმუშაობდი" - ცოტა საწყენია, მაგრამ "ბარსას" დატოვების შემდეგ სწორედ ეს სიტყვები თქვა. (ალბათ განაწყენებულმა).

ძალიან კარგი პირველი სეზონი ჰქონდა, ბომბარდირთა დავაში მხოლოდ დიეგო ფორლანს ჩამორჩა, ერთი გოლით.

"რეალთან" "კამპ ნოუზე" საუკეთესო იყო, პირველი გოლი შეაგდო და ბოლო დრიბლინგიც ერთ რამედ ღირდა, აფორთხიალა მადრიდელები. რომ არ წაექციათ ალბათ კარიერის საუკეთესო გოლს შეაგდებდა, მაგრამ წააქციეს და რონიმ შეაგდო.

მადრიდულ "კლასიკოში" დავმარცხდით, ჩვენი მხრიდან ეტო'ო მადრიდშიც საუკეთესო იყო, რაც გასაკვირი, რა თქმა უნდა, არ არის. თავის სტილში გაიტანა, მოკლე მონაკვეთში ბადალი არ ჰყავდა, რობერტო კარლოსის პერსონალური უბედურება იყო, აფრიკული მალარია! ჩოუარა ქორივით! წვერი მიარტყა და შეაგდო, რომარიოს მერე, ე.წ ჭვინტს, ყველაზე კარგად ეტო'ო იყენებდა, ოღონდ რომარიო ბრაზილიურად ეფერებოდა, ეტო'ოს მოქნეულ ფეხში კი იყო რაღაც აფრიკული.

სხვათა შორის, გასვლაზე "ლევანტესთან" საჩემპიონო გოლი, სწორედ ეტო'ომ გაიტანა.  ჩემპიონობის აღნიშვნისას კი ბოღმა კიდევ ერთხელ ამოანთხია - Madrid Cabron, Saluda Campeon! - მღეროდა გაუჩერებლად, თან ისეთ ხმაზე, რომ მადრიდშიც გაიგონეს.

პრესამ ყველაფერი ისე გააბუქა, თითქოს ეტო'ომდე ეს არავის უმღერია, ალბათ, თავადაც გრძობდნენ, რომ ეტო'ო განსაკუთრებული "სიყვარულით" მღეროდა, ამიტომ მომდევნო სეზონის "კლასიკოსთვის" სერიოზულ მზადებას შეუდგნენ.  მადრიდელებმა "გულთბილი" დახვედრა მოუწყვეს, ავტობუსს დახვდნენ, ჩვენი ლიდერები გვარიანად გამოლანძღეს და ფანჯრებიც მილეწეს.

მერე რაც მოხდა, სასწაულია!

ის ხალხი ვინც მატჩის წინ ობსტრუქციას აწყობდა, თამაშის ბოლოსკენ ფეხზე იდგა და რონის ტაშს უკარვდა, თუმცა იქამდე ეტო'ომ თავის გოლი მაინც შეაგდო, ისევ ბუცის წვერით, ისევ უმოკლეს მონაკვეთში დაიბრიყვა მცველები.

საერთო ჯამში, იდეალური სეზონი გამოვიდა, ლა ლიგა მარტივად მოვიგეთ, ეტო'ომ პიჩიჩი დაისაკუთრა და გადამწყვეტ შეხვედრაში ამჯერადაც გაიტანა, ფინალში, "არსენალთან". პირველ ტაიმში ლემანი მისი წაქცევისთვის გააძევეს მოედნიდან, მეორე ტაიმში კი ის კომბინაციაც გათამაშდა, რომელიც ადრეც გაგვიხსენებია და გაგვიშიფრავს კიდეც - ცენტრში მიიღო ბურთი და გოლს უკვე ხედავდა.

არ მავიწყდება "მილანთან" ნახევარფინალი, განმეორებით შეხვედრაში, მარცხენა მცველის ფუნქციებსაც ითავსებდა, დაცვაში იმდენი ირბინა, მაგდენი კარლეს პუიოლსაც არ ურბენია, არც ითაკილა და არც თავი დაზოგა. გაგვათრია ფინალაში და დიდყურებიანი თასიც მოიგდო ხელებში.

კრიზისი და აღზევება

მომდევნო ორი სეზონი ცუდად მახსენდება, რადგან ბევრი ტრავმა და კონფლიქტი იყო. მიუხედავად ამისა, თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებდა. რონალდინიოსთან კონფლიქტის და საჯარო შერიგების მერე, მაინც ვერ იყო საქმე კარგად, საქმე აირია რაიკაარდთანაც, მოედანზე შესვლა იუარა, აზრი აღარ აქვსო და დარჩა სკამზე. ამ პრობლემების გამო, ეტო'ო გასაშვებთა სიაში დაწინაურდა, თავად კი ყველაფერს ასე იხსენებს:

"რონის, როცა სურდა მაშინ მოდიოდა ვარჯიშზე, ხანდახან მთვრალი იყო, ერთი-ორს მიარტყამდა ბურთს და მიდიოდა, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო, მე გამარჯვება მსურდა, ასე კი გამარჯვებისკენ ვერ ვივლიდით."

მისი გაყიდვა ელემენტალურად ვერ მოასწრეს, მაგრამ ხასიათი აქაც გამოავლინა და გვარდიოლას ხელში, საუკეთესო სეზონი ჩაატარა, "რეალთან" თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მაგრამ მალევე მაინც შეაგდო და დაგვაწინაურა, მადრიდში კი ერთი სიტყვაც არ დასცდენია ისე ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, სხვებთან შედარებით ჩრდილში იყო, მაგრამ გვარდიოლას დავალება პირნათლად შეასრულა.

მერე კი, ტრადიციულად, ყველაზე საჭირო დროს, ისევ გაიტანა, ფინალში, "მანჩესტერთან" ანგარიში გახსნა, ისევ ბუცის წვერით! ჩვეული მოძრაობით შეძვრა საჯარიმოში და ვიდიჩი გაუშვა სერბეთში!

"პეპ, დროა მადლობა გადამიხადო" - ასე მიმართა ტრიუმფალური სეზონის ბოლოს, გვარდიოლამ კი ტკბილად გაუღიმა და ტრანსფერზე დააყენა. პრობლემა მის ხასიათში იყო და არა თამაშის ხარისხში.

ეტო'ოს ამით არ დაუსრულებია, ამ კაცთან ასე მარტივად არასდროს მთავრდება ამბავი. შურისმაძიებელია. 

"ინტერი" არასდროს ყვარებია, არანაირი გრძნობები ამ კლუბის მიმართ არ ჰქონია, როგორც კი ჩამოიშალა, კლუბი მაშინვე დატოვა, მაგრამ მანამდე, სადებიუტო სეზონში ყველაფერი მოიგო. ნახევარფინალში "ბარსა" დაამარცხა, სეზონის უდიდესი ნაწილი მარცხენა გარემარბად ითამაშა, ჩვეული პროფესიონალიზმით მიუდგა საქმეს და ყველაფერი გამარჯვებამდე მიიყვანა.

შესაძლოა, პეპს შეცდომა არ ეღიარებინა, იმიტომ, რომ ძალიან ჯიუტი ვინმეა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეტო'ოსთან მაგრად შეეშალათ.

ამ დროს თავისივე აგენტმაც გაძარცვა, აფრიკული გულუბრყვილობით ენდო და შეცდა, ერთი გროშიც აღარ დარჩა, ამიტომ მარტივად დათანხმდა შეთავაზებებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ბევრს გადაუხდიდნენ, კარიერის ბოლო, არ გამოუვიდა ისეთი, როგორსაც იმსახურებდა.

"ვშრომობ შავკანიანივით, რომ ვიცხოვრო თეთრკანიანივით." - იშრომა და ცხოვრობს ისე, როგორც სურს.

ხანდახან რაღაც ხმაურიანს ისევ გაისვრის ხოლმე, მესიზე მნიშვნელოვანი ვიყავიო, გვარდიოლა არაფრის აზრზე არ არისო, ბოღმას კვლავ ატარებს, მაგრამ კლუბის ისტორიაში უდიდესი ფიგურაა.

ბოლოს და ბოლოს, მესისთან ერთად, მხოლოდ მას აქვს ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გოლი გატანილი. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს, კლუბის ისტორია, სწორედ ასეთი ამბებით იწერება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 14 მარტი 2021 12:43
    0
    ლეგენდაეული სამუელ ეტო’ოოოოო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 მარტი 2021 16:25
    0
    ანელკას ეტო'ოსგან განსხვავებით ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ზემოდან ყურება ვერ აიტანა და რაულ გონსალესს ერთი-ორი წაუთაქა, ეს იგივე დონის "ცოდვაა" ახალგაზრდა ლიონელ მესისთვის, რომ ვინმე გადმოსულს შემოერტყა. რა თქმა უნდა, არავინ აპატია და გუნდის დატოვება მოუწია.
    აი ეგ მომენტი კარგად მახსოვს, ერთხელ ვარჯიშზე ანელკას რო წაეუხეშნენ გამწარებულს უთქვავს მე ყველაზე ძვირი ფეხბურთელი ვარ ჩემში ყველაზე მეტია გადახდილიო, რაზეც რაულს უპასუხია რომ ეს რეალია და აქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც საერთოდ შეუფასებლები არიანო. აი აქედან მახსოვს ნელ-ნელა მაგის კარიერის დაღმასვლა. თუმცა იმ დროის პრესაში ამას ასე აღწერდნენ, რომ მოვიდა "სამეფო" გუნდში ვიღაც ლაწირაკი და თავში აუვარდაო, ამიტომაც გაუშვა რეალმაო. ნუ ამას რა თქმა უნდა ესპანური "სამეფო" პრესა მარკას თამადობით წერდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 მარტი 2021 14:09
    1
    რა გითხრა ფეოლა, საღოლ შენ
    ფანი [?]
    #10 13 მარტი 2021 10:40
    1
    👏👏ბრავო ავტორს, ძალიან მაგარი და საინტერესო სტატიაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 13 მარტი 2021 09:47
    1
    დიდი მადლობა ფეოლას.მორიგი ბრწყინვალე სტატია heart_eyes
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #8 13 მარტი 2021 00:01
    2
    ძალიან ბევრჯერ მინატრია ადრე დავბადებულიყავი , ჩემდა სამწუხაროდ არ მქონდა იმის ბედნიერება ეს ყველაფერი მენახა "ლაივში" ძაან პატარა ვიყავი 😪😂😂
    ფანი [?]
    #7 12 მარტი 2021 23:52
    2
    ანუუუ ფეოლამ თავისი სტატიებით წიგნს გამოუშვებს ისეთი კარგი გადმოცემის უნარი აქვს 💙❤💙❤💙❤
    Culé [?]
    #6 12 მარტი 2021 23:29
    1
    როგორც ყოველთვის, მორიგი საოცარი სტატია ❤️❤️
    Culé [?]
    #5 12 მარტი 2021 23:14
    2
    ციტატა: რივალდო-მესი
    გავკარი ჰოლანდ სა მბაბეს 24 წლის ეტოო მოგვცა ახლა 9 ნომერზე იფ იფ იფ

    ორივეს ბევრი უკლიაა ეტოომდე აი ბევრი ჯერ დასამტკცებელი აქვთ...
    Culé [?]
    #4 12 მარტი 2021 22:26
    2
    ჩემი ფავორიტი იყო სონის თამაშის დროს უყურებდი ნამდვილ ფეხბურთში როგორ გადაჰქონდათ მესი რონალდინიო ეტოს ფლანგიდან ფლანგზე ისე რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს თავბრუ ეხვეოდათ.. მე კი ამას სონში ვიმეორებდი და ალბად იგივეს ვგრძნობდი რასაც ისინი მოედანზე.. ნუ ეს ხუმრობით მაგრამ სიამოვნებას ვიღებდი ... ასეა თუ ისე ბევრჯერ დაუშვით შეცდომა როგორც რონალდოს მიმართებაში ასევე ეტოსთან იგივე ალვეშთან დღესდღეობით სუარესიც დაემატა.. ნუ კიდევ არიან ისეთი ფეხბურთელებიც რომლების შენარჩუნებაც შეიძლებოდა მაგრამ პოლიტიკა ყველგან პოლიტიკაა ასე რომ ესენი ვინც ჩამოვთვალე პირველ რიგში არიან როგორც ვარსკვლავები ასევე დამსჯელები ..
    ფანი [?]
    #3 12 მარტი 2021 22:22
    5
    გავკარი ჰოლანდ სა მბაბეს 24 წლის ეტოო მოგვცა ახლა 9 ნომერზე იფ იფ იფ
    ფანი [?]
    #2 12 მარტი 2021 22:19
    3
    ძალიან საინტერესო სტატია იყო.
    მადლობა ფეოლა
    ფანი [?]
    #1 12 მარტი 2021 22:14
    5
    ფეოლას მადლობა ამ საიტის გაბრენდვისთვის პირველ რიგში. ბევრ გულშემატკივრის აზრს გამოხატავ. სტატია ზუსტად ასახავს ბარსელონას და ზოგადად ,ესპანური გუნდების დამოკიდებულებას ლეგიონერების მიმართ.