ისტორია არ განმეორდება

ისტორია არ განმეორდება

ანსუ ფატი "ბარსელონას" ვარსკვლავად ყალიბდება. "როგორც წესი, პირველ შეხვედრებს დებიუტანტების უმრავლესობა მაღალ დონეზე ატარებს, მთავარი შემდგომი ეტაპია, რამდენად სტაბილურად განაგრძობენ ზრდას." -  ეს სიტყვები ფრანც ბეკენბაუერს ეკუთვნის. გერმანელმა კომენტარი დავიდ ალაბას შესახებ გააკეთა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. მას შემდეგ წლები გავიდა, ალაბა კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა.

წინა სეზონში, დებიუტი ანსუ ფატისაც კარგი გამოუვიდა, პირველივე შეხვედრებში გაიბრწყინა და პოპულარობა ძალიან სწრაფად მოიპოვა, ამ სეზონში კი აშკარად ეტყობა, რომ პროგრესირებს. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით გააქვს თავი, ფატის ნამდვილად აქვს ის უნარები, რომელიც ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

მარტივია თამაში, როცა არავინ არ იცის შენი შესაძლებლობების შესახებ, არ იციან შენი სტილი, არ იციან როგორ გადაადგილდები მოედანზე, არ იციან შენი უპირატესობები და ნაკლოვანებები, არავის აქვს შენი თამაში გაანალიზებული, უცბად გამოჩნდები მოედანზე და ყველაფერს თავდაყირა დააყენებ.

აი როცა ყველა გაგიცნობს, მერე საქმეც რთულდება. ბარიერს ბარიერი ემატება და თუ ყველაფერი გადალახე, მწვერვალამდე გზა ხსნილია.

როცა იოჰან კრუიფმა პირველი "ოქროს ბურთი" მოიპოვა, მომდევნო სეზონის ყველა შეხვედრაში დაყვებოდა ერთი პერსონალური მეურვე, როცა მეორე "ოქროს ბურთი" აიღო, ერთ პერსონალურს ორი დამზღვევი დაემატა, რომლებიც ე.წ "დაცვით სამკუთხედს" უქმნიდნენ, მაგრამ იოჰანი დაფრინავდა და ვერ აჩერებდნენ, ყოველ მომდევნო სეზონში მატულობდა მის შესაჩერებლად გამოგონილი ტაქტიკური სქემები, მაგრამ იოჰანი პროგრესს განაგრძობდა. მისი სახელი და გავლენა იზრდებოდა, იქამდე სანამ ცოცხალ ლეგენდად არ იქცა.

ასე იყო ლიონელ მესიც, ყოველ მომდევნო სეზონში მის მიმართ მეურვეების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია, რადგან მესი ზრდას განაგრძობდა. ჯერ კიდევ ვხედავთ მის წინააღმდეგ გამოგონილ ახალ ხრიკებს, როცა მესი ჯარიმას ურტყამს ხან ძელთან აყენებენ მცელს, ხან ცოცხალ კედელს ქვემოთ გაწვება ვინმე, მაგრამ ის მაინც შეუჩერებელია. რაც უფრო საინტერესოა ბარიერი, მით უფრო საინტერესო გამოსავალს პოულობს. მარტო "სელტასთან" ჯადოქრობა რად ღირს?! გაწვა და ჩაწვა ყველა კარში, მესიმ კი სუარესს გაატანინა. ამ დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბარიერების გადასალახად მთავარი იარაღი გონებაა. აზროვნება. რაც არ უნდა ტექნიკური იყო, ან რაც არ უნდა კარგად იყო ფიზიკურად მომზადებული, ადრე თუ გვიან გასაღებს მოგიძებნიან და გაგაჩერებენ, მაგრამ როცა გონება მუშაობს, ერთი საფეხურით ყოველთვის წინ ხარ.

რაღაც მოიგონა ჟოზე მოურინიომაც, როცა მესი საუკეთესო სეზონებს ატარებდა. ერთ-ერთ "კლასიკოში" ჩაბი ალონსო პერსონალურად მეურვეობდა, იქამდე ამ საქმეს პეპეს მიაბარებდნენ ხოლმე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო, როცა მესი ბურთს გასცემდა, ალონსო სახით მისკენ ერთ მეტრიან დისტანციას ინარჩუნებდა, თან ისე, რომ მხოლოდ მესის უყურებდა, საერთოდ არ აინტერესებდა ბურთი სად იყო. ასეთი რამ მანამდე ნანახი არ მქონდა. გამოვიდა აქედან რამე? რა თქმა უნდა, არა. დარჩა ალონსო გაღიმებული.

ფატისაც სწორედ ეს გზა აქვს გასავლელი. ყოველი მომდევნო შეხვედრა მისთვის წინაზე რთული იქნება, რადგან მეტოქეები უკვე იცნობენ და რაც უფრო მეტს თამაშობს, მით უფრო უკეთ ჰყავთ შესწავლილი. ამიტომ ფატიმ ყველა თამაშში რაღაც ახალი უნდა გვანახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გაჩერება პრობლემა არ იქნება.

წინამორბედებს კი აშკარად სჯობნის, თუმცა, მაინც გადავავლოთ თვალი:

ბოიან კრკიჩი და ჯოვანი დოს სანტოსი

"ლა მასიას" მთავარ იმედად ჯოვანი დოს სანტოსი მიიჩნეოდა. ბოიანზე მრავალფეროვან ფეხბურთელად ახასიათებდნენ, უფრო ტექნიკური იყო და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რონალდინიოს კარიკატურად დარჩა. ყველაფრით ბაძავდა, მოძრაობით, ფინტებით, ვარცხნილობითაც კი, ალბათ ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა, არ შეიძლება "ბუნების საჩუქარს" მიბაძო, ვერავინ გახდებოდა მისი მსგავსი, ჯოვანის თავის პლუსები უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ამის გასააზრებლად ტვინი არ ეყო. ხანდახან რონი დასეირნობდა მოედანზე, ფანები ამას პატიობდნენ, რადგან ორწუთიანი აფეთქებით ყველაფერს გადაფარავდა ხოლმე. დოს სანტოსმა კი სეირნობაშიც მიბაძა, მაგრამ მას ასეთ ქცევას არავინ აპატიებდა.

განსხვავებული შემთხვევა იყო ბოიანი. დოს სანტოსზე კარგად რომ ითამაშა, ეს უკვე იყო ერთი გამარჯვება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც იმედგაცრუებად დარჩა. მესის რეკორდს რომ გააუმჯობესებ, ეს უკვე ხდება დიდი მოლოდინის საბაბი, მაგრამ მას მერე არაფერი განსაკუთრებული არ უჩვენებია. მხოლოდ მცირე მონაკვეთი ჰქონდა ვარსკვლავური, როცა პეპმა იბრა სკამზე დასვა და ლა ლიგის უკანასკნელი ტურები ბოიანმა ჩაატარა. ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და ჩემპიონობაში თავის წვლილიც შეიტანა, მაგრამ მომდევნო სეზონიდან ისევ სკამზე გადაჯდა.

რატომ იყო მათი გამოჩენა ასეთი ხმაურიანი? იმიტომ, რომ "ბარსაში" კრიზისი იყო. ტრავმების ეპიდემია. კონფლიქტი რონალდინიოსა და ეტო’ოს შორის, კონფლიქტი ლიდერებსა და რაიკაარდს შორის. ამ დროს კი "ლა მასიელები" გამოჩნდნენ.

ტრავმის გამო, ეტო’ომ ლა ლიგაში მხოლოდ 18 შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად ამისა 16 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რონალდინიომ ანალოგიური პრობლემების გამო, მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა 8 გოლი და შეასრულა 2 საგოლე გადაცემა.

ლიონელ მესიმ 10 შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის "კლასიკო" "კამპ ნოუზე", არადა სეზონის წინ ფანების ოცნება იყო, რომ შეტევაში ვარსკვლავური ოთხეული ეხილათ - რონალდინიო, ეტო’ო, ანრი, მესი. რაიკაარდმა თქვა, რომ ასეთი თამაშები იქნებოდა, მაგრამ ვერ ახდა ეს ოცნება, არც ერთი შემტევი ჯანმრთელი არ ყოფილა. ამ დროს კი ბავშვები გამოვარდნენ.

ბოიანმა ლა ლიგაში 31 შეხვედრა ჩაატარა! (10 გოლი, 3 საგოლე გადაცემა)

სეზონის წინ ვარაუდობდნენ, რომ ანრის მოუწევდა სკამზე დაჯდომა, ეტო’ო თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ სასტარტოში ადგილი არ დაეკარგა, მესი გარანტიებს ითხოვდა, რომ თამაში მოუწევდა, ამ დროს კიდე ბოიანმა 31 შეხვედრა ჩაატარა!

ამან გაზარდა მოლოდინი. ყველამ ჩათვალა, რომ ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, უნდა ითქვას, რომ კარგად გამოჩნდა, მაგრამ ჩაიკარგა.

იგივე სიტუაცია იყო ფატის ირგვლივ. ტრავმა მიიღო დემბელემ, სუარესმა ოპერაცია გაიკეთა, პერესი უკვე გასხვისებული იყო და ვალვერდე იძულებული გახდა ფატი გამოეყვანა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ფატი ზრდას განაგრძობს, ბოიანი კი ერთი სეზონის მერე გაჩერდა. ეს სტატისტიკაზეც აისახა, ბოიანის მომდევნო სეზონის მაჩვენებელი ასე გამოიყურება - 23 თამაში, 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა. ბოიანს სადებიუტო სეზონის მსგავსი მაჩვენებელი არასდროს აღარ ჰქონია.

ტელიო და კუენკა

ისე ხმაურიანად არ გამოჩენილან, როგორც ბოიანი და დოს სანტოსი, მაგრამ გარკვეული იმედები ჰქონდათ. კრისტიან ტელიო, უხეშად და გულმოსაკლავად რომ ვთქვა, ორუჯრედიანი ფეხბურთელი აღმოჩნდა. ასეთი პროგნოზირებადი ფეხბურთელი არათუ "ბარსას", არამედ ლა ლიგასაც კი არასდროს ჰყოლია. ყოველთვის ატყუებდა ფლანგისკენ და ყოველთვის ურტყამდა შორეულ კუთხეში, თვლიდა, რომ კარგად გამოსდიოდა და უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად კარგი იყო ამ კომპონენტში. როცა მთელი ცხოვრება ერთი და იმავე ილეთზე ვარჯიშობ, ადრე თუ გვიან გამოგივა კიდეც.

მის სისწრაფეს ძალიან კარგად იყენებდა ლიონელ მესი, ზუსტად ისე გადაუკიდებდა ხოლმე ბურთს, როგორც ახლა ალბას ამარაგებს. ალბა ყოველთვის აბრუნებს პასს, ტელიოც აბრუნებდა, მაგრამ ერთხელ მახვილი კუთხიდან დარტყმა გადაწყვიტა, ეს მაშინ როცა მესი თავქუდმოგლეჯილი შერბოდა საჯარიმოში.

მეფის უბურთოდ დატოვება არ შეიძლება.

ლეომ დაიღრიალა და ტელიო გუნდიდან გაქრა. საშუალო დონეზეც კი გაუჭირდა თამაში. ამჟამად "ბეტისში" ირიცხება, წინა სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია.

აი კუენკას რაც შეეხება, განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. აქებდნენ ხოლმე, ტელიოზე მეტად, მაგრამ მაინც ვერ ივარგა, მიზეზი იყო ძალზედ საინტერესო, კუენკა არ ყოფილა არც გარემარბი და არც ცენტრალური ნახევარმცველი, კუენკა კლასიკური ფლანგის ნახევარმცველი იყო, თამაშობდა ისეთ სტილში, როგორც დევიდ ბექჰემი "იუნაიტედში", ბურთი მუდმივად ფლანგზე მიჰქონდა და კარგად აწვდიდა, მაგრამ ვის რად უნდოდა "ბარსელონაში" ეს ჩაწოდება?! რამდენჯერმე პეპმა 3-4-3 ში მოსინჯა ფლანგზე, მაგრამ იქაც გამოჩნდა, რომ დანი ალვესზე დიდ სარგებელს ვერ მოიტანდა. ერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ კუენკა თანამედროვე ფეხბურთს ჩამორჩა. სადღაც 90-ანების ფეხბურთში იყო ჩარჩენილი, ეს კი სერიოზული კრიტიკის საფუძველია, მისი აღმზრდელი მწვრთნელების მიმართ.

ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ვერსად ფეხი ვერ მოიკიდა. ბოლო სეზონები იაპონიაში გაატარა. ახალი სეზონი კი არ დაუწყია.

ანსუ ფატის ამ ორ წარუმატებელ ფეხბურთელთან შედარება არ შეიძლება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გაცლებით მრავალფეროვანი და მოაზროვნე ფეხბურთელია, მეორე იმიტომ, რომ თანამედროვე ფეხბურთთან აბსოლუტურად ადაპტირებულია და არც პოზიციის ცვლილება უჭირს.

გაგრძელება კიდევ შეიძლება, დეულოფეუთი, ადამა ტრაორეთი, ხეფრენით და ა.შ. მაგრამ მემგონი არ არის საჭირო. დიდი ანალიზისა და წიაღსვლების გარეშეც ჩანს, რომ ფატი განსხვავებული მოვლენაა. ავა თუ არა საფეხბურთო მწვერვალზე, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 12 ოქტომბერი 2020 23:57
    1
    ბოიანმა რაც გააკეთა წარმოუდგენელი იყო, კონკურენცია თუ გახსოვთ მაგ დროს. ფატის გაუმართლა, არ მიყვარს ''გამართლებაზე'' საუბარი როცა ვხედავ რომ ადამიანი შრომობს, მაგრამ როარ ჩაესვარა დემბუზას ფატის ვერ ვნახავდით კაი ხანი. გულით ვგულშემატკივრობმ გაუმართლა თუ რა მინდა ბარსას მოვაალი იყოს ლამასიელი 🖤 🖤