ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის ბიძამ, ტონი ნადალმა, “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა და მისი კარიერა რაფაელ ნადალის კარიერას შეადარა.
“ჩვენ შეგვიძლია ისინი ერთმანეთს შევადაროთ, რადგან ისინი ისტორიაში საუკეთესოების სიაში შედიან. ლიონელ მესის – ყველა დროის საუკეთესოდაც ვთვლი, ის ყველას აღემატება.
პელეს მატჩები ბევრჯერ არ მინახავს, თუმცა მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატი მახსოვს, როდესაც მხოლოდ 10 წლის ვიყავი, ამ დროს კი ჯერ კიდევ არ შემეძლო შესაფერისად განმესაჯა თუ რა ხდებოდა მოედანზე.
დი სტეფანოც დიდებული მოთამაშე გახლდათ, მაგრამ ლიონელ მესი უკვე 15 წელია მსოფლიოში საუკეთესოა. ის საოცრებებს ახდენს.
რაფაელიც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაფამ და ლეომ თავიანთ დონეებს სხვადასხვა გზებით მიაღწიეს, მესი ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც ფედერერი სტილიდან გამომდინარე აკეთებს. ყველაფრის მიუხედავად, რაფაელის და მესის გზები მაინც ერთმანეთს ჰგავს.”,
– ტონი ნადალის სიტყვებს DAZN-ზე დაყრდნობით Mundo Deportivo ციტირებს.