workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი სიტყვებით: ხოსე ედმილსონი

ჩემი სიტყვებით: ხოსე ედმილსონი

“ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა, ედმილსონის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის არაერთ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს, მათ შორის მესიზე, რაიკაარდზე, გვარდიოლასა და ბრაზილიის ნაკრებზე. 

“დღეს განსაკუთრებული დღეა, 17 მაისი, (წერილი გამოქვეყნდა გუშინ) პარიზის დიდებული საღამოდან, 14 წელი გავიდა. ეს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე იყო, ისევე როგორც განსაკუთრებული იყო კლუბის ისტორიაში. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “არსენალი” დავამარცხეთ და “ბარსას” ფანებს სიხარული დავუბრუნეთ.

2002 წლის მუნდიალის მოგებასთან ერთად, ეს ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

მოგების აღნიშვნა ძალიან ჰგავდა ბრაზილიურ ზეიმს, დღემდე მახოვს ხალხით გატენილი “კამპ ნოუ” და ბედნიერი ადამიანებით სავსე ბარსელონას ქუჩები. მახსოვს გაღიმებული ჩემა და ანტონიო (სამწვრთნელო გუნდის წევრები), ჩვენ ხომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა.

დიდებული მომენტი იყო!

უნიკალური იყო ის, თუ როგორ მოვახერხეთ ტურნირის მოგება. ჩვენ ფინალში ძალიან ძლიერი “არსენალი” დავამარცხეთ. ევროპულ ფეხბურთში 10 წელი გავატარე, აქიდან 9 წლის განმავლობაში ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ტურნირის მოგება, ისეთ სტილში, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ, ნამდვილად უნიკალური მოვლენა იყო.

მაშინ, პირველ გუნში შემოიჭრა პატარა არგენტინელი და ბედნიერებაა, რომ 14 წლის შემდეგ, კვლავ “ბარსას” მაისური აცვია. ყოველთვის ვიცოდი, რომ მესი განსაკუთრებული იყო. მას ჰქონდა ისეთი ძლიერი მენტალობა და უნარები, რომელიც მანამდე არასდროს მენახა. ვუყურებდი 17 წლის ბიჭს, რომელიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და საოცრად ახერხებდა ბურთის კონტროლს. შეიძლება გქონდეს ნიჭი, უნარი, სისწრაფე, გოლის გატანის ალღო, მაგრამ როდესაც ამას ემატება ისეთი მენტალობა, როგორიც მესის აქვს, ყველაფერი რადიკალურად იცვლება. ადრეულ ასაკშივე გიწევს გაუმკლავდე დიდებას, ფულს, პრესტიჟს.. ლეო ამას ყოველთვის ახერხებდა.

მესის ადარებენ სხვა დიად ფეხბურთელებს, მაგრამ ისინი თავინთ ეპოქას მიეკუთვნებიან. ლეო მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს ყველაფრის კონტროლს, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ, ეს კი მას სხვებისგან გამოარჩევს. ლეო მწვერვალზეა, უკვე ათი წელია, ისევე როგორც პელე იყო, მარადონამ კი მხოლოდ 3-4 წლის განმავლობაში შეძლო პიკის შენარჩუნება. ამიტომ არის მესი განსაკუთრებული. ის საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული იყო და ერთი წამით არ შეპარვია ეჭვი, რომ კონკურენტებს აჯობებდა, თავდასხმის ხაზში კი რონალდინიო, ანრი და ეტო’ო იყვნენ, მაგრამ მესი სათამაშო დროს ყოველთვის იღებდა.

იგივეს თქმა შემიძლია ჩავისა და ინიესტაზე, ისინი დროს ყოველთვის ვერ იღებდნენ, რადგან კლუბში ჩემთან ერთად იყვნენ დეკუ, ვან ბომელი და მოტა, მაგრამ ჩავიმ და ინიმ თავისას მაინც მიაღწიეს.

მახსოვს დიდებული გოლი, რომელიც მესიმ გაიტანა, როცა “სარაგოსაში” ვთამაშობდი. მე პირველი ტაიმი ვითამაშე, მან მეორე. მადლობა ღმერთს ამისთვის! კიდევ კარგი, რომ მეორე ტაიმში მოედანზე არ ვყოფილვარ, თორემ მეც ისე ჩამივლიდა დრიბლინგით, როგორც მთელ გუნდს ჩაუარა. ამ ყველაფერს სათადარიგოთა სკამიდან ვუყურებდი და ეს ნამდვილად გამორჩეული გოლი იყო. სკამიდანაც კი ვერ მივხვდი შეტევას რომელ მხარეს განაგრძობდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად გააკეთა, ფეხზე ბოლომდე იდგა და მომენტი შესანიშნავად დააგვირგვინა.

იმ დღეს გასახდელში ყველა ერთ რამეს ამბობდა – ეს ბიჭი შეუჩერებელია.

[media=https://www.youtube.com/watch?v=63d_Zu-vVco]

“ბარსელონაში” 28 წლის ასაკში გადმოვედი, უკვე გამოცდილი ფეხბურთელი ვიყავი და სიამოვნებით შევუერთდი ახალ პროექტს, დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად. ოცნება ამიხდა, ამ მაისურის მორგება ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლიო ფეხბურთში. მათ იდეალურ გუნდი შეკრიბეს, იმისათვის, რომ ტიტულები მოგვეგო და ისტორია შეგვეცვალა. 2004/05 წლების სეზონში, “ბარსასთვის” ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი სადებიუტო შეხვედრა სამი თამაშით გადაიდო, გვიანდელი კონტრაქტის გამო, ხუთი თამაშის შემდეგ კი მუხლის ტრავმა მივიღე და ძალიან მძიმე პერიოდი დამიდგა. კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა და მსურდა ეს დრო მაქსიმალურად გამომეყენებინა.

აღდგენით პროცესებს დიდი დრო დავუთმე და ამხელა შრომის შედეგად, მომდევნო სეზონს მომზადებული შევხვდი, შესაბამისად მეტი სათამაშო დროც მივიღე. ჩვენ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, სეზონის ბოლოს კი ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მოვხვდი. ტრავმის და ფორმის აღდგენის შემდეგ, ეს განსაკუთრებით სასიამოვნო მოვლენა გამოდგა, რადგან 2006 წელს ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყო ნაკრებში. სამწუხაროდ, მუხლი ისევ მაწუხებდა და ერთი შეხვედრაც არ ჩამიტარებია.

“ბარსელონა” 2008 წელს დავტოვე. იმ შემადგენლობას ნამდვილად შეეძლო უკეთ დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფნალში გავედით, ეს არ იყო საკმარისი. ჩვენ იმ რანგის გუნდი ვიყავით, რომ ტიტული ყოველ წელს მოგვეპოვებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ცვლილებების მესმოდა, ალბათ ყოველ ხუთ წელიწადშია საჭირო, რომ კლუბმა დიდი ცვლილებები განახორციელოს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სკანდალი გამოიწვია ჩემმა კომენტარმა, სადაც “შავი ცხვარი” ვახსენე, ხახლმა არასწორად გაიგო, კომენტარს არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. შესაძლოა, ეს ჩემი ბრალი იყო, კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, სანამ ამ სიტყვას გამოვიყენებდი. ამის შესახებ რაიკაარდსa და კაპიტნებს ვესაუბრე, ავუხსენი, რომ ზურგსუკან არ ვსაუბრობდი, ისინი არ ყოფილან გაბრაზებულები, ყველაფერი კარგად ესმოდათ.

ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ გვარდიოლას ეპოქის ნაწილი ვერ გავხდი. მე კლუბი დავტოვე, ის მოვიდა და ყველაფერი შეცვალა, როგორც “ბარსაში”, ისე ზოგადად ფეხბურთში. ვიცოდი, რომ კლუბისთვის მეტის მიცემა შემეძლო, მაგრამ ტრავმები ყოველთვის ხელს მიშლიდა, “ბარსაში” ოთხი წელი გავატარე და რომ არა მუხლის პრობლემა, ალბათ დიდი ეპოქის ნაწილი, მეც ვიქნებოდი.

გვარდიოლამ ზუსტად ის ფეხბურთი დანერგა, რომელიც მომწონდა, რა ფორმაციაშიც თავს იდეალურად ვგრძნობდი, ვუყურებდი მის გუნდს და ვოცნებობდი იქ თამაშზე, სულ მცირე ხნის წინ ამავე კლუბში ვიყავი და ეს ოცნება ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ამავე დროს უკვე ჩავლილი ეტაპი გამოდგა.

მან შეცვალა მცველების თამაში, მეკარის თამაშიც კი. მე ვთამაშობდი ვიქტორ ვალდესთან ერთად, მაგრამ გვარდიოლას ხელში, ის სულ სხვა ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მეკარე იწყებდა შეტევებს და თავდამხმელები იწყებდნენ დაცვას. თითოეულ მათგანს სურდა ბურთი მოეპოვებინა.

დარწმუნებული ვარ, რომ პეპის ფორმაციაში, ცენტრალური მცველის როლი მექნებოდა, ისევე როგორც “ლიონში” თამაშის დროს. რაიკაარდი კი როგორც საყრდენს ისე მიყენებდა. ერთხელ მან ნახა როგორ ვითამაშე არგენტინის წინააღმდეგ, როდესაც მეტოქე 3-1 დავამარცხეთ, რონალდოს ჰეთ-თრიქით, ასევე მნახა “კამპ ნოუზე”, სადაც კატალონიის ნაკრებს ვეთამაშეთ და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მისი გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი. 2002 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ცენტრალური მცველი ვიყავი, სულ ოდნავი თავისუფლებით, ვერ ვიტყვი, რომ ეს ნახევარმცველის პოზიცია იყო.

ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიის საოცარ ნაკრებში მომიწია თამაში. ჩვენ 1994 წლიდან, 2002 წლამდე, სამი ფინალი ვითამაშეთ და ორში გავიმარჯვეთ. ეს საოცარი თაობა იყო და ბედნიერი ვარ, რომ მათი ნაწილი ვიყავი, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, სანაკრებო ფეხბურთს აღარ ახლავს ის ენთუზიაზმი, რაც ადრე ახლდა. რონალდო, რივალდო, რონალდინიო, კაფუ, კარლოსი, მათთვის მთავარი ყოველთვის ნაკრები იყო, ისინი გიჟდებოდნენ ყვითელი მაისურის მორგებაზე, ახლა ვხედავ, რომ დღევანდელი ფეხბურთელები ასე არ არიან და ეს ძალიან არ მომწონს. მაშინ, ყველა ფეხბურთელის უპირველესი ოცნება, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო.

საოცარი კოლექტივი ვიყავით 2002 წელს, ერთი ოჯახივით ვგრძნობდით თავს, მაგრამ იყო პატარა ინციდენტებიც. ჩემი ფავორიტი ისტორია მეოთხედფინალს უკავშირდება, სადაც ინგლისი დავამარცხეთ, რონალდინიომ დაგვაწინაურა და მეორე ტაიმის დაწყებიდან 20 წუთში, მოედნიდან გააძევეს, სკოლარიმ გადანაცვლებები დაიწყო, მოედნიდან რონალდო გაიყვანა და ედილსონი გამოიყვანა, ლუიზაო კი ბრაზობდა, რადგან თავად სურდა მოედანზე შესვლა. თამაშის შემდეგ, ყველანი ვზეიმობდით, მაგრამ ლუიზაო ისევ ბრაზობდა.

მომდევნო დღეს სკოლარი ახსნა-განმარტებებს ითხოვდა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, ჯაკუზიში 40 წუთის განმავლობაში დაგვტოვა, ძლივს ვსუნთქავდით, ფიზმომზადების მწვრთნელი მასთან მივარდა და უთხრა, რომ უკვე 40 წუთი იყო გასული, მან კი უპასუხა – “იქამდე დატოვე, სანამ ჭკუას არ ისწავლიან.”

საბოლოოდ ლუიზაომ შეცდომა აღიარა, მან ბოდიში მოუხადა როგორც მწვრთნელს, ისე ფეხბურთელებს, ასე აცხრობდა სკოლარი, ბრაზილიის ნაკრებში ჩაბუდებულ ეგოებს.

იმ წლებში “ლიონის” წევრი ვიყავი. ბრაზილიაში პირველი წინადადება “არსენალისგან” მივიღე, მაგრამ პასპორტის პრობლემები შეიქმნა და ტრანსფერი ჩაიშალა. მერე კი “ლიონს” მივაშურე. დრო იყო, რომ ევროპაში მეთამაშა, როცა კლუბში მივედი, “ლიონს” ჩემპიონატი არ ჰქონდა მოგებული, ჩვენ კი ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ.

ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა, მაგრამ “ლიონის” ლეგენდა და “ბარსას” ყოფლი ფორვარდი, სონი ანდერსონი დამეხმარა, მან უდიდესი როლი ითამაშა ჩემს დამკვიდრებაში.

კარგი მოგონებები მაკავშირებს ჟუნინიოსთან, ის ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. ამ კომპონენტში მესისაც კი სჯობდა. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საყვარელი პოზიცია აქვთ, ჟუნინიო კი ყველა პოზიციიდან იტანდა, მანძილსაც კი არ ჰქონდა მნიშვნელობა. გოლი, რომელიც “ბარსას” გაუტანა 2009 წელს, აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, საოცრება! მახსოვს მიუნხენში გატანილი გოლიც, ოლივერ კანის კარში, დაახლოებით 40 მეტრიდან, მაშინ ვუთხარი – ძალიან შორია, იქნებ სჯობდეს მე დავარტყა? ხომ იცი, კარში ძლიერად ვურტყამ?! მან კი მიპასუხა – “ყველაფერი რიგზეა.”

გამოექანა და პირდაპირ ცხრიანისკენ გაუშვა.

ახლა ჩემი ცხოვრება განსხვავებულია, საკუთარი ფონდი მაქვს, რომელიც “ბარსას” ფონდთან თანამშრომლობს და ერთად რამდენიმე პროექტში ვართ ჩართულები. ბრაზილიაში “ბარსას” აკადემიები იხსნება, მე კი ლეგენდების შეხვედრებში ვიღებ მონაწილეობას.

მწვრთნელის ლიცენზია ბრაზილიაში ავიღე და ამჟამად სიამოვნებას ვიღებ ბავშვებთან მუშაობით.

იმედი მაქვს, ყველაფერი ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

მოკითხვა “ბარსას” ფანებს!”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 18 მაი 2020, 15:23
    #3

    მაგარი სიახლეა, აი, ძველ მოგონებებში რო "გამოგზაურებს", თან სასიამოვნო მოგონებებში.

  • ROUCH
    schedule 18 მაი 2020, 14:08
    #2

    რა კარგად ისაუბრა, წარმატებები სამწვრთნელო კარიერაში

  • Andres_Iniesta
    schedule 18 მაი 2020, 14:00
    #1

    სპორტი წერს რო დეშილიოს და პიანიჩს ცვლიან სემედუში და პარალელურად

    მდ წერს რო შკრინიარს შეთავახებას უკეთებს ბარსა
    იწყება ზაფხული და წამოვიდა ჭორები