გაბრიელ ჟეზუსმა გოლების გატანისგან დროებით მოიცალა და გულშემატკივრებთან გულწრფელად სასაუბროდ დაჯდა. “ბარსელონას” ფორვარდი კლუბის ოფიციალური YouTube არხის კითხვა-პასუხის რუბრიკის მორიგი სტუმარი გახდა, სადაც “ბლაუგრანას” რიგებში გატარებული პირველი თვის შთაბეჭდილებები გააზიარა, თავის საფეხბურთო კერპებზე (როგორიცაა რონალდინიო) ისაუბრა და გასახდელში არსებულ შესანიშნავ ატმოსფეროს გაუსვა ხაზი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც მისი თანამემამულე რაფინიაა.
ბავშვობის ოცნება
ბრაზილიელი შემტევის უდიდესი სურვილი, ეტარებინა “ბარსელონას” მაისური, მის თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა:
“ძალიან მადლიერი ვარ, რომ აქ, ისეთ დიდ კლუბში ვარ, როგორიც ‘ბარსელონაა’. ბავშვობაში ხანდახან გაკვეთილებსაც კი ვაცდენდი ხოლმე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ‘ბარსელონას’ თამაშებისთვის მეყურებინა. ასე რომ, ‘ბარსაში’ ყოფნა ჩემი ახდენილი ოცნებაა. იმედი მაქვს, ერთად დიდ ისტორიას დავწერთ”.
“პირველი თვე ადაპტაციის პერიოდი იყო”, – აღიარა გაბრიელ ჟეზუსმა, რომელმაც კატალონიელთა შემადგენლობაში თავისი საგოლე მონაგარი უკვე გახსნა. ბრაზილიელმა გასახდელში დახვედრილი უმაღლესი კლასი და ჰანსი ფლიკის მუშაობა გამოარჩია:
“გასაოცარი ფეხბურთელები გვყავს. მწვრთნელიც უმაღლესი დონისაა. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ”.
რონალდინიო – მთავარი ორიენტირი
კულეების კითხვებს შორის ბრაზილიელი ფორვარდისთვის ერთი განსაკუთრებული სახელიც ამოტივტივდა – რონალდინიო. გაბრიელ ჟეზუსმა აღნიშნა, რომ სწორედ “ბარსას” ყოფილმა ვარსკვლავმა შეაყვარა ფეხბურთი და ეს კლუბი:
“ის ლეგენდა იყო. რონალდინიოს მოედანზე ნამდვილი სიხარული მოჰქონდა”.
უფრო მეტიც, ჟეზუსმა განაცხადა, რომ რონალდინიო და რონალდო (ფენომენი) “ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელია”.
გაბრიელ ჟეზუსმა გუნდში საკუთარ როლზეც ისაუბრა. ბრაზილიელი თვლის, რომ მისი უნივერსალიზმი და გამარჯვებულის მენტალიტეტი ორი მთავარი თვისებაა, რაც ჰანსი ფლიკის გუნდს შეუძლია შესძინოს. მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია, მან ზუსტად იცის, სად ურჩევნია ყოფნა:
“ამ მომენტში მსურს ვიყო ნამდვილი ‘ცხრიანი’. მე ‘ბარსაში’ ვარ, ლეგენდარული მე-9 ნომერი მაცვია და მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ”.
გუნდის ერთიანობა და გულშემატკივრების მხარდაჭერა
თავდამსხმელმა გუნდის ერთიანობაც შეაქო და განაცხადა, რომ გასახდელში არსებული შესანიშნავი ატმოსფერო “ბარსელონას” ერთ-ერთი უმთავრესი სიძლიერეა. თუ ფლიკის გუნდის საფუძველი კოლექტიური შრომაა, მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფანების მხარდაჭერაა:
“კულეების თანადგომას ყველგან ვგრძნობთ, სადაც არ უნდა წავიდეთ. იქნება ეს ‘სპოტიფაი კამპ ნოუზე’ თუ გასვლით მატჩებზე, სადაც სასტუმროსთან შეიძლება ასობით ადამიანი დაგვხვდეს; სხვა გუნდში მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია”.
“ბარსელონას” YouTube არხზე გამართულმა ამ ინტერვიუმ აჩვენა ბედნიერი და უაღრესად ამბიციური გაბრიელ ჟეზუსი, რომელსაც “ბლაუგრანასთან” ერთად გოლებითა და ტიტულებით მდიდარი ისტორიის დაწერა სურს.
forum კომენტარები (0)