პროფესიული კარიერის დასაწყისში ფლორიან ვირტცი ხშირად აღნიშნავდა, რომ ბავშვობაში “ბარსელონა” მისი საოცნებო კლუბი იყო. მიუხედავად ამისა, გერმანიის ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევი ნახევარმცველი 2025 წელს “ბაიერ ლევერკუზენიდან” “ლივერპულში” 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ახლა კი გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩეხეთის წინააღმდეგ “ოქროს გოლის” ავტორმა ოლივერ ბირჰოფმა, ვირტცისთვის ოპტიმალურ მიმართულებად სწორედ კატალონიური გრანდი დაასახელა.
“ვირტცი, მაგალითად, ჰანსი ფლიკის ‘ბარსელონას’ ძალიან კარგად მოერგებოდა, სადაც მას სივრცე ექნებოდა და ფანტასტიკური თანაგუნდელები ეყოლებოდა”, – აღნიშნა 58 წლის ბირჰოფმა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ყოფილმა დირექტორმა Bild-ის გადაცემაში Die Lage der Liga საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ვირტცი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც ახლა სტაბილური თამაშით საკუთარი კლასის ხელახლა დამტკიცება სჭირდება. ამავდროულად, მან გაიხსენა თავისი ძველი პროგნოზიც, როდესაც მოთამაშემ “ენფილდზე” გადასვლა გადაწყვიტა და კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა:
“სინამდვილეში, მიმაჩნია, რომ მას რამდენიმე კლუბში შეუძლია თამაში. როდესაც ის ინგლისში წავიდა, მაშინაც ვთქვი, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლა მასზე უარყოფითად არ იმოქმედებდა, რადგან წარმატების მიღწევა სხვაგანაც თავისუფლად შეუძლია”.
ვირტცის ადაპტაცია პრემიერ ლიგაში მნიშვნელოვან სირთულეებს, პირველ რიგში კი მძიმე ტრავმას დაუკავშირდა. ამან შეაფერხა მისი პროგრესი, რომელიც ბუნდესლიგაში, “ბაიერთან” ერთად საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისას ჰქონდა. “ლივერპულის” შემადგენლობაში მის ანგარიშზე 55 ოფიციალურ მატჩში 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა – ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება “ლევერკუზენის” სტატისტიკას, სადაც მან 197 შეხვედრაში 57 ბურთი შეაგდო და 65 ასისტი გააკეთა.
ამჟამად ვირტცი საუკეთესო ფორმის დაბრუნებას ცდილობს. ერთ-ერთი მთავარი იმპულსი გერმანიის ნაკრებში იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით თამაში გახდა: სერბეთთან შეხვედრაში შემტევმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც გუნდს “კლოპის ერის” სადებიუტო გამარჯვება მოუტანა.
ნაკრებში რეები აკეთეს ლამინმა, ოლისემ, კეინმა და ამ ჩვენმა ბედოვლათმა უსუსტეს ჯგუფში ასისტიც კი ვერ დადო გოლზე რო არაფერი ვთქვათ, იმედია ათეულშიც არავინ შეიყვანს.