“ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ენტონი გორდონმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ინგლისის ნაკრების მაისურით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
კატალონიურმა კლუბმა 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მუნდიალის დაწყებამდე, ჩუმად დაასრულა, რათა მისი სატრანსფერო ფასი ხელოვნურად არ გაზრდილიყო.
კოსტა რიკასთან გამართულ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში (3-0), გორდონმა მოედანზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.
გოლი, ასისტი და სრული დომინირება მოედანზე
ტომას ტუხელის გუნდში, სადაც გორდონი შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება, მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ინგლისელთა სამი გოლიდან ორში პირდაპირი მონაწილეობა მიიღო.
შეხვედრის მე-10 წუთზე “ბარსელონას” გარემარბმა ნიკო ო’რაილისგან მიიღო ბურთი, მეტოქე შონ ჯონსონი ეფექტური დრიბლინგით ჩამოიტოვა, მოედნის კიდემდე იარა და პასი უკან, “არსენალის” ნახევარმცველ დეკლან რაისს გაუკეთა, რომელმაც მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე, ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე რეიდისა და ებერეჩი ეზეს დარტყმის შემდეგ, კოსტა-რიკელთა მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ვარსკვლავებით გაძეძგილ გუნდში პენალტის შესრულება სწორედ გორდონმა ითავა და ბურთი ცივსისხლიანად, პირდაპირ ცხრიანში გაგზავნა. ამის შემდეგ ის მარკუს რაშფორდმა შეცვალა. მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, ოლი უოტკინსმა მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის MVP და ბრწყინვალე სტატისტიკა
გორდონმა ამ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის (MVP) პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. გოლისა და საგოლე გადაცემის გარდა, მისი თამაში შემდეგი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა:
- ეფექტურად გამოიყენა თავისი უნარები ფლანგზე და 4-დან 2 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა.
- გამოავლინა მაღალი ინტენსივობა დაცვაში, ბურთი ორჯერ დაიბრუნა და 5 ორთაბრძოლა მოიგო.
- მეტოქეებს მისი შეჩერება უჭირდათ, რის გამოც გორდონზე წესების დარღვევის 3 ფაქტი დაფიქსირდა.
მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ინგლისის ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 17 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გორდონი მარკუს რაშფორდის რეზერვისტან მოიაზრებოდა, მისმა ასეთმა შთამბეჭდავმა თამაშმა შესაძლოა ტომას ტუხელს საფიქრალი გაუჩინოს და სასტარტო შემადგენლობის გეგმები შეაცვლევინოს.
კომენტარები (0)