სუარესიდან ლეო მესიმდე

სუარესიდან ლეო მესიმდე

ბარსელონას საამაყო ისტორია აქვს, და ის საამაყო ლეგენდების კლუბია, რომელთაც ქართველი გულშემატკივრები აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ. კლუბის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთ ფეხბურთელს მიუღწევია პირადი თუ საკლუბო მწვერვალებისათვის, ამ სტატიაში კი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს “ფრენს ფუტბოლის” ოქროს ბურთის მფლობელებზე გიამბობთ.

ლუის სუარეს მირამონტესი

პირველი “ფრენს” ფუტბოლის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” შემადგენლობაში თამაშობდა იყო ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ლუის სუარესი, რომლის ბიოგრაფიის დახასიათებაც ნებისმიერ ფეხბურთის გულშემატკივარს აღტაცებაში მოიყვანს და გააოცებს.

სუარესიდან ლეო მესიმდე1954 წელს ლა კორუნიის “დეპორტივოდან” კატალონიურ “ბარსელონაში” 19 წლის ყმაწვილი ლუის სუარეს მირამონტესი გადავიდა, რომელმაც თავდაპირველად გრანდში თამაშს ვერ აუღო ალღო და 1 წელი სარეზერვო გუნდ “ს.დ. ესპანა ინდუსტრიალში” გაატარა. ამის შემდეგ მან დაიმსახურა ადგილი ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში და კლუბის უცვლელი წევრი გახდა. კატალონიური კლუბის მაისურით ლუის სუარესმა ჩაატარა 122 მატჩი და გაიტანა 61 გოლი. “ბარსელონაში” თამაშისას მან მოიგო ესპანეთის ლა ლიგა ორჯერ, 1958-59 და 1959-60 წლების სეზონში. ასევე გახდა ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებული. 1960 წელს მან მოიგო “ფრენს ფუტბოლის” ოქროს ბურთი და “ბენფიკასთან” ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალის შემდეგ მილანის “ინტერს” მიაშურა, სადაც მან აგრეთვე შექმნა ისტორია და კლუბს ორჯერ 1964 და 1965 წლების სეზონებში ევროპის თასის (ჩემპიონთა ლიგის) მოგებაში დაეხმარა, ფეხბურთელმა აგრეთვე სამჯერ მოიგო სერია ა-ს ოქროს მედალი. ლუის სუარესმა კარიერა გენუის “სამპდორიაში” დაასრულა 1973 წელს და სამწვრთნელო კარიერა. ის წვრთნიდა ისეთ კლუბებს, როგორებიცაა: მილანის “ინტერნაციონალე”, გენუის “სამპდორია”, ლა კორუნიის “დეპორტივო” და ესპანეთის ეროვნული ნაკრები.

იოჰან კრუიფი

“მფრინავი ჰოლანდიელი” – ევროპის უდავოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, მან შექმნა საკუთარი ლეგენდა, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს პელესა და მარადონას გვერდით. იოჰან კრუიფი არის ერთ-ერთი მათგანი ვინც საკუთარი ფეხბურთის სტილი ანუ ე.წ. “ტოტალური ფეხბურთი” ჩამოაყალიბა და ის დღესაც ულამაზესი ფეხბურთად ითვლება მსოფლიოში. ჰოლანდიელმა კარიერა ამსტერდამის “აიაქსში” დაიწყო 1964 წელს და ამ კუბში მან 9 წელი ითამაშა, ჩაატარა 240 მატჩი და გაიტანა 190 გოლი. “აიაქსის” მაისურით კრუიფმა რვაჯერ მოიგო ჰოლანდიის ერედივიზიონი და ხუთჯერ ჰოლანდიის თასი. რაც მთავარია მან სამჯერ, 1971, 1972 და 1973 წლის სეზონებში ზედიზედ შეძლო და მოიგო ევროპის თასი (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა) და ორჯერ ევროპის სუპერთასი 1972, 1973 წლებში.

1973 წელს მისი ტრანსფერი “ბარსელონაში” განხორციელდა, “ლამაზი ფეხბურთის მანქანად” წოდებულ გუნდში მან 5 სეზონი გაატარა როგორც ფეხბურთელმა. “ბარსელონას” მაისურით მან მოიგო ერთი ლა ლიგისა და ერთი ესპანეთის სუპერთასის ტიტული, 1973 და 1974 წელს ის გახდა “ფრენს ფუტბოლის” ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. იოჰან კრუიფს, მხოლოდ როგორც ფეხბურთელს არ შეუტანია წვლილი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” განვითარებაში, ის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია კლუბის არსებობის ისტორიაში და მოგებული აქვს 11 ტიტული, როგორც მწვრთნელს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული კლუბის ისტორიაში 1992 წელს.

ხრისტო სტოიჩკოვი

ის არის ბულგარული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც ბარსელონას “დრიმ თიმის” წევრი იყო XX საუკუნის 90-იან წლებში, მას დღესაც დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ “ბარსელონას” ერთგული ქომაგები, მისი კარიერა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაიწყო, სადაც ის დაიბადა და გაზარდა. სტოიჩკოვის პირველი კლუბი “მარიცა” იყო. საფეხბურთო კარიერის მანძილზე მან ითამაშა: ბულგარეთის “ჰარბროსში” და სოფიის “ცეესკაში”, კატლონიურ ბარსელონაში გამოდიოდა ორჯერ (1990-95 და 1996-1998 წლებში).

“ბარსელონაში” ყოფნისას ხრისტო სტოიჩკოვმა მოიგო ხუთი ლა ლიგა, სამი ესპანეთის სუპერთასი, ერთი ესპანეთის სამეფო თასი, ერთი ევროპის თასი (ჩემპიონთა ლიგა), ორი ევროპის სუპერთასი და ერთი ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1994 წელს მან მოიგო “ფრენს ფუტბოლის” ოქროს ბურთი და თავის 1989 წელს მოგებულ ოქროს ბუცს კიდფევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინდივიდუალური ტიტული მიამატა.

მან ერთი სეზონი ჩაატარა იტალიურ “პარმაში”. 1998 წელს “ბარსელონას” დატოვების შემდეგ, მან საკუთარ მშობლიურ სოფიის “ცეესკას” მიაშურა, თუმცა აქ მისი “მოგზაურობა” არ დასრულებულა. ამის შემდეგ მან საუდის არაბეთის კლუბ “ალ ნასრში” განაგრძო კარიერა, თუმცა აქ მხოლოდ ორი მატჩის ჩაატარება მოახერხა და იაპონიის საფეხბურთო ლიგის კლუბ “კაშივა რეისოლში” გადავიდა, იაპონიაში ფეხბურთელმა 1 სეზონი დაჰყო და ამერიკის კონტინენტს მიაშურა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის თამაშობდა ორ კლუბში, “ჩიკაგო ფაიერსში” და “დი. სი. იუნაიტედში”. მან თავისი უდავოდ საინტერესო და გამორჩეული კარიერა ამ უკანასკნელ კლუბში 2003 წელს დაასრულა სა სამწვრთნელო კარიერას მოჰკიდა ხელი.

2004-2007 წლებში ის წვრთნიდა ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს, 2007 წელს ესპანური ვიგოს “სელტას” მწვრთნელად დაინიშნა და კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. 2009-2010 წლების სეზონში კი იმ კონტინენტს მიაშურა სადაც არასოდეს უთამაშია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საფეხბურთო კლუბ “მამელოდი სანდაუნსის” მწვრთნელი იყო.

ვიტორ ბორბა ფერეირა, იგივე “რივალდო”

“ბარსელონას” ფეხბურთელთა შორის მეხუთე ოქროს ბურთის მფლობელი ბრაზილიელი რივალდო გახდა 1999 წელს, მან თავი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს საუკეთესო თავდამსხმელის თვიებებეით დაამახსოვრა.
ფეხბურთელის კარიერა ბრაზილიის ჩემპიონატში დაიწყო სადაც ის ოთხი კლუბის შემადგენლობაში თამაშობდა (სანტა კრუზი, მოგი მირიმი, კორინთიანსი და პალმეირასი). 1997 წელს პალმეირასიდან რივალდო ლა კორუნიის “დეპორტივომ” შეიძინა, ხოლო ერთ სეზონში ის უკვე “ბარსელონას” ძირითადი თავდამსხმელი იყო. ბარსელონაში ფეხბურთელმა 5 წელი ითამაშა და 2002 წელს “მილანში” გადავიდა, სადაც ერთი მხოლოდ სეზონი გაატარა. ამის შემდეგ იყო ორი ბერძნული კლუბი “ოლიმპიაკოსი” და “აეკი”. დღეისათვის კი რივალდო უზბეკეთის საფეხბურთო კლუბ “ბუნიოდკორში” თამაშობს.
რივალდოს კარიერის მანძილზე უამრავი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ბრაზილიის, ესპანეთის, საბერძნეთის და უზბეკეთის ჩემპიონატები. აგრეთვე ევროპის სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა. ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 74 თამაში, გატანილი აქვს 34 გოლი და მოგებული აქვს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა და კონფედერაციის თასი.

რონალდო დე ასის მორეირა, იგივე “რონალდინიო”

რონალდინიო, იგივე “გაუჩო” “ბარსელონას” უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. კლუბში მისი გადმოსვლა “ბარსელონას” აღმასვლას დაემთხვა რაშიც მან უდიდესი წვლილი შეიტანა და მისი დაწყებული საქმის ღირსეული გამგრძელებელი დღეს ლიონელ მესია. რონალდინიო ვაჭარი დედისა და მებაღის ოჯახში დაიბადა, მამა ამავდროულად ადგილობრივ კლუბში ფეხბურთს თამაშობდა და ოჯახში ძალიან უჭირდათ. საბოლოოდ მამა გალოთდა და სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. გაუჩო პრესის ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც მისმა ახალგაზრდულმა კლუბმა ანგარიშით 23:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე და მან 23-ვე გოლი თვითონ გაიტანა. ამის შემდეგ იყო “გრემიოში” პროფესიონალური კარიერის პირველი ნაბიჯები, სადაც მან 1998 წლიდან 2001 წლამდე ითამაშა, თუმცა ვერცერთი ტიტულის მოგება მან და “გრემიომ” ვერ შეძლეს.

ასევე ტიტულების გარეშე ჩაიარა მისმა ფრანგულმა კარიერამ, სადაც ის “პსჟში” თამაშობდა და 55 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად ამ წარუმატებელად დაწყებული საკლუბო კარიერისა, 2003 წელს “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ მან ფურორი მოახდინა და 5 წლიანი ეპოქა შექმნა რომელიც არავის დაავიწყდება, მან განსაკუთრებული სათამაშო მანერითა და არაორდინალური გამომეტყველებით ყველას დაამახსოვრა თავი და დღესაც “მილანში” თამაშის მიუხედავად ის კვლავ “ბარსელონასთან” ასოცირდება. ის არის ერთადერთი ფეხბურთელი “ელ კლასიკოების” ისტორიაში რომელსაც მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებმა აბლოდისმენტები მიუძღვნეს გასაოცარი მატჩის შემდეგ. რონალდინიომ ოქროს ბურთი 2005-06 წლების ჩატარებული გასაოცარი სეზონის შემდეგ მიიღო, რომელშიც ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონის “არსენალს” დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ხოლო რონალდინიომ უდედესი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. რონალდინიო ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის ორგზის გამარჯვებულიც არის. ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 87 თამაში და გატანილი აქვს 32 გოლი, ეროვნული მაისურით მან მოიგო მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატი, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი და კოპა ამერიკა.

აღსანიშნავია, რომ საკლუბო კარიერის მანძილზე ტიტულები რონალდინიოს მხოლოდ “ბარსელონაში” აქვს მოგებული, რადგან “მილანში” გადასვლის შემდეგაც არცერთი ტიტული მას არ მოუგია.

ლიონელ მესი

ოქროს ბურთის უკანასკნელი მფლობელი და ნამდვილი “ვუნდერ კინდი” არგენტინელი ლიონელ მესია, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის ყველას აოცებს, ფეხბურთის თამაში ლეო მესიმ არგენტინულ “ნიუელს ოლდ ბოიზში” 1995 წელს დაიწყო და 13 წლის ასაკში ჯანმრთელობის პრობლენმების გამო სამკურნალოდ კატალონიაში გადავიდა, კერძოდ მას ზრდის პრობლემა აწუხებდა და თანატოლებში ყველაზე დაბალი იყო. ბარსელონაში დასახლების შემდეგ ის საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” მივიდა და აქედან დაიწყო მისი ევროპულო კარიერა, მასში უდიდესი ტალანტის დანახვის შემდეგ “ბარსელონას” მესვეურებმა მკურნალობის ხარჯები თავად დააფინანსეს და ნამდვილად არ შემცდარან, დღეს მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხნურთელია და აღნიშნული ტიტულის ჩათვლით 35-ზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო აქვს მიღებული რისი ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს.

მათ შექმნეს საკუთარი ეპოქები, დღესაც ბარსელონას ისტორია იყოფა სხვადასხვა ეტაპებად და მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც “კრუიფის ბარსელონა”, სტოიჩკოვის ბარსელონა”, “რივალდოს ბარსელონა” და “რონალდინიოს ბარსელონა”. ისინი იყვნენ საუკეთესოები საუკეთესოთა შორის და “კულეები” არასოდეს დავივიწყებთ მათ უდიდეს ამაგს კლუბის წინაშე.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • ChillO
    16 აგვ 2017, 12:17

    Leo ganiosia