კარლეს რექსაჩი: “ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს პეპმა კარგად იცის”

კარლეს რექსაჩი: “ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს პეპმა კარგად იცის”

კარიერის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ლეგენდამ კლუბისთვის თავის დანებება მაინც ვერ შესძლო. მას თავისი საავტორო სვეტი აქვს გაზეთ El Mundo Deportivo-ში და “ბარსელონას” ირგვლივ თავის მოსაზრებებს წერს ყოველ სამშაბათს. გთავაზობთ რექსაჩის უახლეს საავტორო სტატიას, რომელიც “ბარსას” ჩემპიონობის შანსებს და მის ანალიზს ეძღვნება.

 

“კალდერონეზე” გამართული მატჩის დასრულების შემდეგ ჩემმა ძვირფასმა პეპმა თავისი თავი და სხვა დანარჩენი გააკვირვა, განაცხადა რა, რომ “ჩვენ ვერ მოვიგებთ ლა ლიგას”. მე მაინც შევეცდები განვმარტო მისი სიტყვები, თუმცა შესაძლოა, რომ ვცდებოდე, თუმცა ამ საკითხზე გვერდის ავლა არ შეიძლება. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ პეპმა ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ მადრიდელები “ბარსელონას” კვლავ უსწრებენ 10 ქულით, რაც საკმაოდ ბევრია. უფრო კონკრეტულად კი ამ სიტყვებით გუარდიოლა ცდილობს, იყოს რეალისტი. ვის მოსწონს ლიდერთან 10 ქულიანი ჩამორჩენა, როცა ჩემპიონატში მხოლოდ 14 ტურია დარჩენილი? აი ასე…

 

გარდა ამისა, პეპის სიტყვებში მე სტრატეგიულ აზრსაც ვხედავ. ეს სიტყვები მადრიდელების მისამართით მაშინ ითქვა, როცა მათ ჰორიზონტზე ელანდებათ გამარჯვებულის დერეფანი “კამპ ნოუზე”, თუმცა ასეთ განცხადებას ასეთ მომენტში ისინი ნამდვილად არ ელოდნენ… და შესაძლოა, ახლა უნებურად მოდუნდნენ და დაკარგონ 3 ქულა.

 

ვერაფრით ვიჯერებ, რომ გუარდიოლამ ასე ადრე დაჰყარა ფარ-ხმალი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ეს მოხდა ალბათ იმიტომ, რომ ადრე თავად პეპმა განაცხადა, რომ ლა ლიგა ეს არის სარკე, რომელიც ასახავს გუნდში არსებულ მდგომარეობას. დღითი დღე, ტურიდან ტურამდე არც ისე ცოტა მატჩი გაიმართება. წინ ჯერ კიდევ 14 ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რთული იქნება? რა თქმა უნდა. შესაძლებელია, რომ მადრიდმა ჩემპიონობა გაუშვას ხელიდან? რატომაც არა. გუარდიოლამ განაცხადა, რომ “ბარსას” უკვე არ ძალუძს ჩემპიონატში გამარჯვება, თუმცა თავად მადრიდს შეუძლია ჩემპიონობის გაშვება ხელიდან.

 

“ბარსამ” გაიარა ურთულესი კალენდარი, დამარცხდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა: პამპლონაში. ახლა კი დადგა მადრიდის ჯერი, რომ მიიღოს ძლიერი მეტოქეები და მათ შორის პირველი იქნება “ესპანიოლი”. შემდეგ მოურინიოს შეგირდები შეერკინებიან “ვალენსიას”, “ატლეტიკს”, “ატლეტიკოს”, “სევილიას” და… “ბარსას”. ეს ნამდვილი გამოცდაა, რადგან გუნდებმა აკრიფეს ფორმა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსა” ყველა დარჩენილ ტურში მოგებაზე ითამაშებს, შეეცდება, რომ დაკარგოს რაც შეიძლება ცოტა ქულა. თუ ეს ასე მოხდება და თუ მსაჯები იმუშავებენ ისე, როგორც საჭიროა, ჩემპიონობის შანსები კვლავ იქნება. ცალკე დგას ფაქტორი, რომელზეც მადრიდელები იძულებულები იქნებიან, რომ გაამახვილონ ყურადღება: გასულ თამაშებში მათ იმდენი მტერი გაიჩინეს, რომ მათ უნდა ილოცონ საპასუხო მატჩების წინ.

 

შიში რამოსისა და პეპეს მიმართ

ის, რომ “ბარსა” არ არის ლიდერი, დამსახურებაა ისეთი გუნდებისა, როგორებიცაა “რეალ სოსიედადი”, “ხეტაფე” და “ოსასუნა”, მაგრამ ამავდროულად არ ღირს მსაჯების მუშაობის დავიწყება მადრიდელებთან მატჩებში. რამოსის ჯარიმა კოსტეზე იყო ცხადი, იგივენაირად, როგორც პეპეს ქმედება. სწორედ ამიტომ გუშინ “რაიოს” ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა ღიად ისაუბრა მსაჯების მუშაობის ორმაგ სტანდარტებზე “რეალთან” და დარჩენილ გუნდებთან მიმართებაში.

 

საშიშროება 40 ქულით ჩამორჩენისა

“ბარსასა” და “რეალის” დუელის განხილვისას არ უნდა დავივიწყოთ ერთი ფაქტი: ჩემპიონატის მეოთხე გუნდი, “ლევანტე”, პირველ ადგილოსანს ჩამორჩება 29 ქულით. უფრო კონკრეტულად კი ჩემპიონატის დასრულებისას ეს სხვაობა შესაძლოა, გაიზარდოს 40 ქულამდე. ვფიქრობ, ჩემპიონატის სხვა გუნდებმა უნდა იფიქრონ ამაზე. ახლა არ მაქვს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები, მაგრამ ამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ფეხბურთის მომავალი.

 

ჩემი დაკვირვება

ამ ჩემპიონატში იყო უამრავი მატჩი, სადაც “რეალი” უდავოდ იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ იყო ისეთებიც, სადაც უამრავი შეკითხვა ჩნდებოდა. მაგალითად თამაში “ვალიეკასზე”. რამოსი არ იქნა გაძევებული მოედნიდან 20-ე წუთზე და ეს ფაქტი მადრიდელებს დაეხმარა. ამიტომ ისმის შეკითხვა: რამდენად ხშირად შეიძლებოდა მადრიდელებს მატჩები დაესრულებიათ რიცხობრივ უმცირესობაში და ამის შემდეგ ისინი შესძლებდნენ გამარჯვებას? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერასდროს გავიგებთ, თუმცა მე ჩემი ეჭვები კვლავ მაქვს. დარჩენილი 70 წუთის განმავლობაში “ვალეკასზე” თანაბარი ძალების მქონე გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალზედ რთულია, თუმცა საერთო ჯამში სწორედ სანდოვალი აღმოჩნდა ის, ვინც დაასრულა შეხვედრა 10 კაცით.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია