კვირის შეხვედრა მხოლოდ “ბარსელონასთვის” როდი იყო გამოწვევა, ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო მოახერხებდა თუ არა კლუბის ერთ–ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი კიდევ ერთი თასის მოპოვებას. კატალონიელებმა “სანტოსი” 4:0 გაანადგურეს და მსოფლიოს ჩემპიონებიც გახდნენ. ეს ტიტული ესპანელი ნახევარმცველისთვის მე–19 იყო ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით. იგი აგრძელებს შესანიშნავად გამოსვლას და მის ანგარიშზე უკვე არის ექვსჯერ მოგებული ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ერთხელ მოგებული ესპანეთის სამეფო თასი, სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ მოგებული ევროპის სუპერ თასი, ხუთჯერ მოგებული ესპანეთის სუპერ თასი და ორჯერ მოგებული კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი.
ასევე, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ჩავის ბრწყინვალე თამაში “სანტოსის” წინააღმდეგ. მან პირველი გოლისას, ძალიან კარგად გაიჩერა ბურთი და შესანიშნავი პასით მესი ერთი–ერთზე დატოვა მეკარესთან, რომელმაც რა თქმა უნდა გაიტანა. რაც შეეხება მეორე გოლს, ერნანდესმა თავად დაიდო ლომის წილი და გაუტანა ბრაზილიელებს. ამის გარდა, იგი მთელი მატჩის მანძილზე ჩინებულად გამოდიოდა ნახევარდაცვაში და იწყებდა “ბარსას” შეტევებს.
ერნანდესის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობა ბევრად უფრო იზრდება, თუ დავუმატებთ ესპანეთის ნაკრებთან ერთად აღმართულ თასებსაც. იგი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს და ევროპის ჩემპიონი 2008 წელს. ასევე ამას აუცილებლად უნდა მივათვალოთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონობა 20 წლამდელთა ნაკრებში.
ჩავი აგრძელებს ისტორიის შექმნას. მადრიდის “რეალთან” შეხვედრა მისთვის მე–600 გახლდათ “ბლაუგრანას” რიგებში. მოპოვებული ტიტულებით, მას დიდად არ ჩამოუვარდებიან მესი, პუიოლი და ინიესტა, რომლებსაც 18–18–ჯერ აქვთ აღმართული თასები. გვარდიოლას მწვრთნელობისას, პინტოს, პიკეს, ალვეშს, კეიტას, ბუსკეტსს, პედროს და აბიდალს 13 ტიტული აქვთ მოპოვებული.